მოსარჩელე – ჰუსეინ ალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/6/403 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 9 ნოემბერი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი (სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე);
2. ვახტანგ გვარამია - წევრი;
3. ქეთევან ერემაძე - წევრი;
4. ბესარიონ ზოიძე - წევრი.
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია.
საქმის დასახელება: მოსარჩელე - ჰუსეინ ალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 6796 მუხლის, 6797 მუხლის მე-2 ნაწილისა და 6798 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ჰუსეინ ალი და მისი წარმომადგენელი ალექსანდრე ბარამიძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 11 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №403) მიმართა საქართველოში მცხოვრებმა კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალიმ. სასამართლოს თავმჯდომარის რეზოლუციით საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას სარჩელი გადმოეცა ა. წ. 24 ოქტომბერს. სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა ა. წ. 3 ნოემბერს.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე განხილვის შედეგად, კონსტიტუციური სარჩელის, მასზე თანდართული დოკუმენტებისა და სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია შემდეგი გარემოებანი:
1. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის სადავო მუხლებით იზღუდება მისი, როგორც დაზარალებულის სასამართლოსადმი მიმართვის უფლება და ასეთი შეზღუდვა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6796 მუხლი აწესრიგებს მსჯავრდებულის, ბრალდებულისა და პროკურორის მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გასაჩივრების წესსა და პირობებს. მოსარჩელე თვლის, რომ აღნიშნულ მუხლში დაზარალებულის მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გასაჩივრების საფუძვლების არარსებობა თავისთავად წარმოადგენს დაზარალებულის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, საპროცესო შეთანხმების სუბიექტებს (მხარეებს) წარმოადგენენ პროკურორი და ბრალდებული ან განსასჯელი. ხოლო სადავო 6796 მუხლი სპეციალურად განსაზღვრავს სწორედ ამ სუბიექტების მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გასაჩივრების საფუძველს. შესაბამისად, მოსარჩელე, როგორც დაზარალებული, ვერ იქნება ამ მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობების სუბიექტი და გამომდინარე აქედან, კონსტიტუციური სარჩელის ამ ნაწილში იგი ვერ ჩაითვლება უფლებამოსილ პირად ისე, როგორც ეს არის განსაზღვრული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლის, პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
2. რაც შეეხება კონსტიტუციური სარჩელის იმ ნაწილს, რომელშიც მოსარჩელე მოითხოვს 6797 მუხლის მე-2 ნაწილისა და 6798 მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი შესაბამისობაშია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებთან, სარჩელში მოყვანილია მტკიცებულებები, რომლებიც გამორიცხავენ ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებს.
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლით და 39-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტებით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, მე-18 მუხლით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. მიღებული იქნეს არსებითად განსახილველად მოსარჩელე ჰუსეინ ალის 403-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 6797 მუხლის მე-2 ნაწილის და 6798 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად მოსარჩელე ჰუსეინ ალის 403 ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 6796 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი (სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე)
2. ვახტანგ გვარამია
3. ქეთევან ერემაძე
4. ბესარიონ ზოიძე
ასლი დედანთან სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი ქ. ერემაძე