საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/4/434 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 29 ოქტომბერი 2007 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვახტანგ გვარამია - სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ბესარიონ ზოიძე - წევრი.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: და ,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენლები - გიორგი მშვენიერაძე და თამარ ჭარბაძე.
აღწერილობითი ნაწილი:
1) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 3 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის ¹434) მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით გადაეცა მიმდინარე წლის 18 სექტემბერს. განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2007 წლის 22 ოქტომბერს.
2)კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი, ,,სახალხო დამცველის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის ,,ი” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3)სარჩელის მიხედვით, დავის საგანს წარმოადგენს ,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
სადავო ნორმის თანახმად, “სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია, აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი დონე და ფულადი სოციალური დახმარების ოდენობა არ საჩივრდება”.
4) მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც გულისხმობს ყოველი პირის შესაძლებლობას, დარღვეული უფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს ყოველგვარი ბარიერების გარეშე.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია და მოსარჩელის წარმომადგენლებმაც განმწესრიგებელ სხდომაზე აღნიშნეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მიხედვით, სოციალური დაცვის უფლება, თავისთავად, გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპებიდან და, განსაკუთრებით, სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპიდან. მათი აზრით, ზუსტად სოციალური სახელმწიფოს პრინციპი წარმოშობს ხელისუფლების არაერთ ვალდებულებას მოსახლეობის სოციალური პრობლემების გადაჭრის, ცალკეული კატეგორიის ადამიანების (მაგალითად, ომის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაზარალებული პირების, ინვალიდების, პენსიონერების და სხვა) ადეკვატური სოციალური უზრუნველყოფის და, ზოგადად, სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რაც მოითხოვს შესაბამისი ღონისძიებების დროულად გატარებას. ამ მოსაზრების გასამყარებლად, მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენლებმა მიუთითეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 18 აპრილის ¹1/1/126,129,158 გადაწყვეტილებაზე საქმეზე “ბაჭუა გაჩეჩილაძე, სიმონ თურვანდაშვილი, შოთა ბუაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”.
5)მოსარჩელე მიუთითებს მთელი რიგი საერთაშორისო აქტების შესაბამის დებულებებზე, რომლებითაც აღიარებულია სოციალური უზრუნველყოფის უფლება და სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულებები ამ სფეროში, კერძოდ, ესენია: ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტი, ევროპის სოციალური ქარტია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და სხვა.
6)მოსარჩელის აზრით, მოქალაქეთა სოციალური დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა და არა სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნების გამოვლინება. ნებისმიერი სამართლებრივი აქტი, რომელიც სოციალური დაცვის საკითხის დარეგულირებას შეეხება, მიჩნეულ უნდა იქნეს უფლების მარეგულირებელ აქტად, რადგან ადგენს მისი გამოთვლისა და განსაზღვრის წესს, მის ოდენობას და ა. შ. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ, როდესაც უფლების მარეგულირებელი აქტი თავად არღვევს ამ უფლებას, მისი გასაჩივრების აკრძალვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
7)სახალხო დამცველს ასევე მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სოციალური დაცვის უფლების პრაქტიკული რეალიზებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიას, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ დონეს და ფულადი სოციალური დახმარების ოდენობას. ამ საკითხების გასაჩივრება კი სადავო ნორმის მიხედვით აკრძალულია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
სამოტივაციო ნაწილი:
1) ¹434-ე კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის არც ერთი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 271 მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლით და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს სახალხო დამცველის 434-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2.საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
3.საქმის არსებითი განხილვა დაიწყება ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
4.საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ვ. გვარამია
ქ. ერემაძე
ბ. ზოიძე