საქართველოს მოქალაქე კახაბერ ხუნდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/1/437 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 4 აპრილი 2008 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვახტანგ გვარამია _ სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე _ წევრი;
ბესარიონ ზოიძე _ წევრი;
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე კახაბერ ხუნდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 499-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილე: კახაბერ ხუნდაძის წარმომადგენელი ქეთევან აბაშიძე.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 3 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №437) მიმართა მოქალაქე კახაბერ ხუნდაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით გადაეცა 2007 წლის 12 ოქტომბერს. განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2007 წლის 24 დეკემბერს.
2. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და მე-16 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები.
3. სარჩელის მიხედვით, ხუნდაძე მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ა”, “ვ” და “თ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის.
2006 წლის 11 ივლისს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით, იგი იძულებითი მკურნალობის მიზნით სასამართლო_ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მოთავსებულ იქნა ფოთის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
დასახელებული განჩინების მიხედვით, დანაშაულის ჩადენის დროს მოსარჩელე იყო შერაცხად მდგომარეობაში, მაგრამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ დაავადდა მძიმე ფსიქიკური აშლილობით, არ შეუძლია სწორი ჩვენების მიცემა და საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება.
4. მოსარჩელე მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 499-ე მუხლის მე-2 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუქტთან მიმართებით.
სადავო ნორმის მიხედვით: “2.თუ დადგინდა, რომ განსასჯელი დანაშაულის ჩადენის დროს შერაცხად მდგომარეობაში იყო, მაგრამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამისი სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.”
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი _ “დაცვის უფლება გარანტირებულია”.
მოსარჩელის აზრით, მართალია, მას ჰყავს დამცველი, მაგრამ მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დამცველის მომსახურების ეფექტურობას, ამისათვის კი აუცილებელია ადვოკატის ურთიერთობა განსასჯელთან და დაცვის პოზიციის თითოეული დეტალის შეთანხმება. მოსარჩელის განცხადებით კი, იგი ამ შესაძლებლობას მოკლებულია თავისი მძიმე ფსიქიკური აშლილობის გამო.
II
1. №437 კონსტიტუციური სარჩელში დაცულია “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს მე-18 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც მისცემდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველს.
III
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 271-ე მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლით, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქე კახაბერ ხუნდაძის №437 ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 499-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
3. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. ვ. გვარამია
2. ქ. ერემაძე
3. ბ. ზოიძე