საქართველოს მოქალაქე კახაბერ ხუნდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/437 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 10 ივნისი 2009 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი -სხდომის თავმჯდომარე
ვახტანგ გვარამია - წევრი (მომხსენებელი მოსამართლე)
ქეთევან ერემაძე - წევრი
ბესარიონ ზოიძე - წევრი
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე კახაბერ ხუნდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 499-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 3 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №437) მიმართა მოქალაქე კახაბერ ხუნდაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით გადაეცა 2007 წლის 12 ოქტომბერს. განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2007 წლის 24 დეკემბერს.
კონსტიტუციური სარჩელი 2008 წლის 4 აპრილის №1/1/437 საოქმო ჩანაწერით მიღებული იქნა არსებითად განხილვისათვის.
2. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
3. სარჩელის მიხედვით დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 499-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
4. სარჩელის არსებითი განხილვის დაწყებამდე, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელე კახაბერ ხუნდაძე გარდაიცვალა, რაც დასტურდება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2009 წლის 25 მაისის №10/6/10-6743 წერილით.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არ არსებობს კონკრეტული სუბიექტის გარეშე, მოსარჩელე კახაბერ ხუნდაძის გარდაცვალებით საფუძველი გამოეცალა სარჩელის არსებითად განხილვას, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოება უნდა შეწყდეს.
II
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე და “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტების, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი და მესამე პუნქტების, 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პირველი კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება მოქალაქე კახაბერ ხუნდაძის კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 499-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)
2. ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე)
3. ქეთევან ერემაძე
4. ბესარიონ ზოიძე