საქართველოს მოქალაქე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/1/439 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, |
თარიღი | 25 ივნისი 2008 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე - სხდომის თავმჯდომარე
ოთარ სიჭინავა - წევრი
ლალი ფაფიაშვილი - წევრი
ჯონი ხეცურიანი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის და მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ომარ ალაფიშვილის წარმომადგენელი ლევან ალაფიშვილი
I
1. №439 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2007 წლის 25 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2007 წლის 30 ოქტომბერს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის მიჩნეული “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” 2007 წლის 11 ივლისის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის და მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ამ კანონის ამოქმედებით დაფუძნებულად ჩაითვალა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა მრავალბინიან სახლებში. მოსარჩელე, როგორც ბინის მესაკუთრე მრავალბინიან სახლში, მისი ნების გამოვლენის გარეშე, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გამოცხადდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრად.
5. მოსარჩელის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი გაერთიანების შექმნა ან მასში გაწევრიანება წარმოადგენს პირის უფლებას და არა ვალდებულებას და ხორციელდება ნებაყოფლობის საფუძველზე. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა არ უშვებს გამონაკლისს, რომლითაც გათვალისწინებული იქნება საზოგადოებრივი გაერთიანების შექმნის ან ამ გაერთიანებაში გაწევრიანების ვალდებულება. ის ფაქტი, რომ “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის და მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრე ავტომატურად და სავალდებულო წესით, მისი ნების გამოვლენის გარეშე ცხადდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტს.
6. ამავდროულად, მოსარჩელე თვლის, რომ “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი და მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომელიც ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს. სადავო ნორმების საფუძველზე, გაერთიანების თავისუფლება ეზღუდებათ მხოლოდ ბინის მესაკუთრეებს მრავალბინიან სახლებში და ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვისაც ამგვარი საკუთრება არ აქვს. მოსარჩელის აზრით, განსხვავებული რეგულირება ქონებრივი მდგომარეობის საფუძველზე ხორციელდება.
7. “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრება ვერ გასხვისდება ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში ცალკეულ მესაკუთრეთა წილის გარეშე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი იდენტურ წესს შეიცავს ინდივიდუალური საკუთრების იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთვისთვის. მოსარჩელის აზრით, მრავალბინიან სახლში ინდივიდუალურ საკუთრებაში პირს შეიძლება ჰქონდეს ბინა და აგრეთვე, სხვა სამეურნეო სათავსები, და მათგან რომელიმეს გასხვისება ან დატვირთვა გამოიწვევს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ქონებაში მესაკუთრის მთელი წილის გასხვისებას ან დატვირთვას. ეს ზღუდავს მოსარჩელის საკუთრების უფლებას და არ არის გამოწვეული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით. ამდენად, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
8. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს ეწინააღმდეგება “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი. ამ პუნქტის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს “ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები”. მოსარჩელის აზრით, ნორმის კონსტრუქცია გულისხმობს, რომ მესაკუთრეს უწესდება შეზღუდვა მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული მთელი ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებით. მესაკუთრეს მხოლოდ იმის უფლება რჩება, რომ საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს ქონების ნაწილი და არა მთლიანად ქონება.
9. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მოსარჩელის აზრით, გასაჩივრებული ნორმების მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი, იმდენად რამდენადაც “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრედიტორების მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ქონებიდან.”. “ამხანაგობის წევრთა ქონება” მოიცავს როგორც ამხანაგობის საერთო ქონებას, ასევე მისი წევრების ინდივიდუალურ საკუთრებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამხანაგობის კრედიტორებმა, მაგალითად, საგადასახადო ორგანომ შესაძლებელია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონებიდან დაიკმაყოფილონ მოთხოვნა.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2008 წლის 8 მაისს. მოსარჩელის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები.
11. მოსარჩელის წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების სახით საჯარო რეესტრიდან ამონაწერის დართვის შესახებ. ამონაწერი ადასტურებს, რომ მოსარჩელე არის ბინის მესაკუთრე მრავალბინიან სახლში. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა და საქმეს დაურთო მის მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულება.
12. მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებით, ქონებრივი მდგომარეობის ნიშნით არის დიფერენციაცია იმ პირს, რომელსაც აქვს საკუთრება მრავალბინიან სახლებში და იმ პირს შორის, რომელსაც ასეთი საკუთრება არ აქვს. პირი, რომელსაც საკუთრება აქვს მრავალბინიან სახლში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ხდება ავტომატურად, ნების გამოვლენის გარეშე, მაშინ როდესაც პირზე, რომელსაც საკუთრება არ აქვს, ასეთი წესი არ ვრცელდება და ის სარგებლობს გაერთიანების ნეგატიური თავისუფლებით. რაც შეეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს, მათ მიმართ განსხვავებული მოპყრობა არ არსებობს.
13. მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციური სარჩელის წარმოდგენის შემდეგ “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც წილის არსმა უძრავ ნივთებთან მიმართებით აზრი დაკარგა. აქედან გამომდინარე, აზრს არის მოკლებული “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების არსებობა. მიუხედავად ამისა, მოსარჩელის წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა ამ სადავო ნორმებთან დაკავშირებით ძალაში დატოვა.
14. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსარჩელის წარმომადგენელმა კვლავ მიუთითა შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობაზე და აქედან გამომდინარე, მოსარჩელის საკუთრებისათვის შესაძლო საფრთხეზე. მან აღნიშნა, რომ არსებობდა პრობლემები მრავალბინიან სახლებში მაცხოვრებელ პირებთან მიმართებით ქონების გადასახადის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანით, დროებითი ღონისძიებებით გამოსწორდა. მართალია, მოსარჩელეს რაიმე საგადასახადო ვალდებულება, რაც გამომდინარეობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობიდან ამჟამად არ აქვს, მაგრამ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის ხანგრძლივობისა და იმის გათვალისწინებით, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა გადასახადის გადამხდელია, არსებობს ასეთი ვალდებულების წარმოშობის საფრთხე.
15. იქედან გამომდინარე, რომ კონსტიტუციური სარჩელის დასკვნით ნაწილში ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა ზოგადი ხასიათის იყო, მოსარჩელის წარმომადგენელმა, კონსტიტუციური სარჩელის ტექსტის გათვალისწინებით, მოთხოვნა დააკონკრეტა. კერძოდ, მოსარჩელის წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა ასე ჩამოაყალიბა: “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, ასევე მე-7 მუხლის პირველი პუნქტი იქნეს ცნობილი არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, ხოლო ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი და მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები კი - საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
II
1. საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს ამოწმებს არა მხოლოდ ფორმალური, არამედ მატერიალური თვალსაზრისით. იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შეძლოს ამ მტკიცებულებათა შეფასება და საგნობრივად იმსჯელოს მათზე, აუცილებელია, ისინი აკმაყოფილებდნენ გარკვეულ კრიტერიუმებს. ამ კრიტერიუმების დიდი ნაწილი უკვე დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკამ. მოსარჩელეს სწორად უნდა ჰქონდეს გაგებული საქართველოს კონსტიტუციის იმ ნორმების შინაარსი, რომლებთან მიმართებითაც ის სვამს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს (განჩინება №2/4/420. II,7). გარდა ამისა, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად ჩათვლისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული არგუმენტაცია შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას, მოსარჩელეს ჰქონდეს სწორი წარმოდგენა გასაჩივრებული ნორმის არსზე (განჩინება №2/3/412. II,9).
2. მოსარჩელე სვამს “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისობის საკითხს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან. იგი ყურადღებას ამახვილებს კანონის წინაშე უთანასწორობაზე ქონებრივი მდგომარეობის ნიშნით. მოსარჩელის აზრით, უნდა შედარდეს ორი სუბიექტი. პირველი სუბიექტი არის პირი, რომელსაც აქვს საკუთრება მრავალბინიან სახლში და მეორე სუბიექტი კი - პირი, რომელსაც ასეთი საკუთრება არ აქვს. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, ქონებრივი მდგომარეობა ფართო და მრავალი კომპონენტის მომცველი ცნებაა და მისი გაიგივება პირის საკუთრებაში ცალკეული ობიექტების არსებობასთან ან არარსებობასთან, არასწორია (გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405. II,36). აქედან გამომდინარე, მოსარჩელის არგუმენტაცია ქონებრივი მდგომარეობის საფუძველზე არათანასწორ მოპყრობასთან დაკავშირებით ემყარება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის შინაარსის არასწორ გაგებას და ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულებებისათვის დადგენილ კრიტერიუმებს.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის “მიზანია უზრუნველყოს თანასწორობა კანონის წინაშე, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ ან პირიქით.” (გადაწყვეტილება №2/1-392. II,2). აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ სადავო ნორმებით თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის დარღვევაზე, საჭიროა დადგინდეს, რომ სადავო ნორმები განსხვავებულად არეგულირებს არსებითად თანასწორ შემთხვევებს. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ განიხილავს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევის საკითხს, თუ არ არსებობს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შემთხვევების შედარების ობიექტური შესაძლებლობა. თუ შესადარებელი შემთხვევები განსხვავებული სამართლებრივი რეგულირების სფეროებს განეკუთვნება და განსხვავებულ კონტექსტში მოიაზრება, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ შესძლებს მათზე საგნობრივ მსჯელობას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია სწორედ ისეთ შემთხვევებს შეეხება, რომლებიც არც კონტექსტუალურად და არც სამართლებრივი თვალსაზრისით არ უკავშირდება ერთმანეთს. პირი, რომელსაც არ აქვს ინდივიდუალური საკუთრება მრავალბინიან სახლში, არ არის მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების მქონე სუბიექტთან პოტენციურად შედარებადი სუბიექტი, სანამ არ მოექცევა შესაბამისი სამართლებრივი რეგულირების სფეროში, ანუ არ შეიძენს ინდივიდუალურ საკუთრებას მრავალბინიან სახლში. მოსარჩელის მიერ მოყვანილ შემთხვევებს მხოლოდ ის საერთო აქვთ, რომ ორივე ფიზიკურ პირებს შეეხება, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის საფუძველზე შედარების განხორციელებისათვის აშკარად არასაკმარისია. ამდენად, მოსარჩელის მიერ ამ კუთხით წარმოდგენილი მტკიცებულებებიც არ შეესაბამება მათთვის დადგენილ კრიტერიუმებს.
4. “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით, მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების გარკვეული ნაწილის გასხვისების ან დატვირთვის შემთხვევაში, გასხვისდება ან დაიტვირთება მისი მთელი წილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონებაში. როგორც ირკვევა, მოსარჩელის მსჯელობა ემყარება სადავო ნორმის არასწორ ინტერპრეტაციას. მისი მტკიცების საპირისპიროდ, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ “მესაკუთრის წილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში განისაზღვრება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის შეფარდებით მრავალბინიანი სახლის ბინათა საერთო ფართობთან.”. შესაბამისად, პირის მიერ მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების ნაწილის გასხვისებისას ამხანაგობის საერთო ქონებაში მას რჩება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში დარჩენილი ფართობის პროპორციული წილი. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია.
5. მოსარჩელის მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, ასევე, ეფუძნება სადავო ნორმის შინაარსის არასწორ ინტერპრეტაციას. სიტყვები “ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები”, მოსარჩელის აზრით ნიშნავს იმ შენობის, რომელიც პირის საკუთრებაშია, ნაწილებს. აღსანიშნავია, რომ “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური საკუთრება განიმარტება, როგორც, “ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, აგრეთვე ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ანდა დაემატოს.., ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა.შ);”. ეს განმარტება ნათელს ხდის, რომ ინდივიდუალური საკუთრება მრავალბინიან სახლში შეიძლება წარმოადგენდეს არა ერთიან კომპლექსს, არამედ ერთმანეთისგან განცალკევებულ ფართებს და სათავსებს, ანუ წარმოდგენილი იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული თუ დაუკავშირებული ნაწილებით. ამავე მუხლის “გ” ქვეპუნქტით მრავალბინიანი სახლი განმარტებულია, როგორც “სახლი, რომელიც შედგება ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან (ბინისაგან)”. ამდენად, თუ სახლი, შენობა ერთი პირის საკუთრებაშია, ის არ შედის “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის და შესაბამისად, მისი მე-7 მუხლის პირველი პუნქტის რეგულირების სფეროში. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი შეეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ მრავალბინიანი სახლის ნაწილებს. სხვაგვარად ამ ნორმის ადგილი “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” კანონში არ იქნებოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია.
6. “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წარმოიშობა მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე.”. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ის ვრცელდება პირებზე, რომლებიც შეიძენენ ინდივიდუალურ საკუთრებას მრავალბინიან სახლში. როგორც კონსტიტიციური სარჩელიდან და საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების დღისთვის მოსარჩელე უკვე იყო მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრე. მოსარჩელე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი გახდა არა მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენით, არამედ კანონის ამოქმედებისთანავე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფუძნებულად, ხოლო მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრეების - ამ ამხანაგობის წევრად ჩათვლის გზით. მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი სუბიექტი, მოითხოვოს “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა, რადგანაც ეს ნორმა არ შეეხება მას და ვერ მოახდენდა მისი უფლებების დარღვევას.
7. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, “თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისთვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება.”. მოსარჩელე მხარემ უნდა შეძლოს დასაბუთება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი დარღვეული უფლების აღდგენა შეუძლებელია და ამდენად, საფრთხე, რომ კონსტიტუციური უფლების დარღვევას შეუქცევადი და გამოუსწორებელი ხასიათი ექნება, რეალურია. გარდა ამისა, მოსარჩელის არგუმენტაცია უნდა შეეხებოდეს იმ კონსტიტუციურ უფლებას, რომლის დასაცავადაც მან მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს.
8. “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-7 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია. საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია, ასევე, ცნობილია მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. ფაქტიურად, სასარჩელო მოთხოვნა დავიდა “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობის შემოწმებამდე საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ამ კონსტიტუციური ნორმით დაცულია გაერთიანების თავისუფლება. მოსარჩელის არგუმენტაცია სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით საერთოდ არ შეეხება გაერთიანების თავისუფლებას. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე კოლეგიას დაუსაბუთებლად მიაჩნია.
9. საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს №439 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
III
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და 22-ე მუხლით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №439 (საქართველოს მოქალაქე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №439 (საქართველოს მოქალაქე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, ასევე, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
ჯონი ხეცურიანი