საქართველოს მოქალაქე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/2/439 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, |
თარიღი | 15 სექტემბერი 2009 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
ჯონი ხეცურიანი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის, საქართველოს მოქალაქე ომარ ალაფიშვილის წარმომადგენელი ლევან ალაფიშვილი; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ბათარ ჩანქსელიანი და ლევან კასრაძე.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №439) მომართა საქართველოს მოქალაქე ომარ ალაფიშვილმა. მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ 2007 წლის 30 ოქტომბერს №439 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის განხილვა-გადაწყვეტისათვის გადმოსცა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ №439 კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ მიიღო არსებითად განსახილველად 2008 წლის 25 ივნისის №2/1/439 საოქმო ჩანაწერით.
2. სადავო ნორმებია “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი და მე-19 მუხლის პირველი პუნქტი. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, “ამ [“ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ”] კანონის ამოქმედებით დაფუძნებულად ითვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც განთავსებულია ერთ მიწის ნაკვეთზე და რომელშიც მდებარეობს ორზე მეტი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა.” მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი არის ბინის მესაკუთრე მრავალბინიან სახლში.”
3. მოსარჩელემ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების საფუძველზე, პრივატიზების წესით შეიძინა საკუთრების უფლება საცხოვრებელ ბინაზე, რომელიც მდებარეობს მრავალბინიან სახლში. სადავო ნორმების ამოქმედებიდან მოსარჩელე, როგორც ინდივიდუალური მესაკუთრე, გამოცხადდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრად. თუმცა, მას არ გამოუვლენია ნება ამხანაგობაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ №439 კონსტიტუციური სარჩელი ზეპირი მოსმენით არსებითად განიხილა 2009 წლის 5 და 6 მაისის ღია სასამართლო სხდომებზე.
5. მოსარჩელე მხარე თვლის, რომ სადავო ნორმები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლითაც დაცულია გაერთიანების თავისუფლება. ამ ნორმის შინაარსი შემდეგია: “ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება.”
6. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, საზოგადოებრივი გაერთიანების შექმნა ან მასში გაწევრიანება წარმოადგენს პირის კონსტიტუციურ უფლებას და ხორციელდება ნებაყოფლობის საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი არ უშვებს გამონაკლისს, რომლითაც გათვალისწინებული იქნება საზოგადოებრივი გაერთიანების შექმნის ან გაერთიანებაში შესვლის ვალდებულება.
7. მოსარჩელე მხარე მიუთითებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-20 მუხლზე და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე. ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლითაც დაუშვებელია პირის იძულება, შევიდეს რომელიმე გაერთიანებაში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ გაერთიანების თავისუფლება გულისხმობს სხვა პირებთან არგაერთიანების თავისუფლებასაც. საერთაშორისო სამართლის ზემოაღნიშნული ნორმებს მოსარჩელე მხარე იმის საჩვენებლადაც იშველიებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს, ზოგადად, “გაერთიანების” და არა მოხლოდ “საზოგადოებრივი გაერთიანებების” თავისუფლებას.
8. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არის პირთა ორაგნიზებული გაერთიანება, რომელსაც აქვს მიზნები და ქონება. ამ მახასიათებლებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ასკვნის, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა განეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მოაზრებულ გაერთიანებათა კატეგორიას. მოსარჩელე მხარემ განსაკუთრებით აღნიშნა ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას, ასევე, მიაკუთვნებს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ გაერთიანებებს და აღიარებს სადავო ნორმებით გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევას.
9. გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე, ბინის ყველა ინდივიდუალური მესაკუთრე მრავალბინიან სახლში, მათი ნების გამოვლენის გარეშე, გამოცხადდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრად. გაერთიანების თავისუფლებიდან გამომდინარე, ნებისმიერი გაერთიანების დაფუძნებისათვის სავალებულოა დამფუძნებელთა ნება და მათი შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობა. ამდენად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კანონით დაფუძნება და მასში პირთა ავტომატური გაერთიანება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ გაერთიანების ნეგატიურ თავისუფლებას.
10. მოსარჩელე მხარე თვლის, რომ იმ ამოცანების შესრულება, რაც აქვს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას, შესაძლებელი იყო გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევის გარეშე, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. “ცუდი მეზობლისაგან” პირის ქონებრივი უფლებების დაცვა და შესაძლო ინდივიდუალური ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე. საერთო ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეფერხების შემთხვევაში, თუკი მნიშვნელოვანია ქონების დაზიანების საფრთხე, ერთ ბინათმესაკუთრესაც კი შეუძლია სხვების დაუკითხავად მიიღოს გადაწყვეტილებები და გასწიოს ხარჯები. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საერთო ქონებასთან მიმართებით გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს “ცუდ მეზობელსაც”.
11. მოსარჩელე მხარე არ ეთანხმება მოპასუხე მხარის არგუმენტს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობასთან დაკავშირებული ძველი რეგულირება არაეფექტური იყო. “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება ამხანაგობაში გაცილებით გართულებულია და ხმათა უფრო დიდ უმრავლესობას მოითხოვს, ვიდრე ეს ძველი რეგულაციებით იყო დადგენილი.
12. მოსარჩელე მხარის აზრით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად გამოცხადება არ წარმოშობს რაიმე პრაქტიკულ თუ სამართლებრივ პრობლემას. ასეთ შემთხვევაში, მრავალბინიანი სახლების მცხოვრებლებს ექნებათ თავისუფალი არჩევანი - შექმნან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ან გადაწყვიტონ საერთო ქონების მართვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე.
13. მოპასუხე მხარემ შუამდგომლობით მომართა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის დართვის თაობაზე. მისი აზრით, განმარტებით ბარათში ჩამოყალიბებულია კანონპროექტის მიღების ლეგიტიმური მიზანი და მიზეზი. კოლეგიამ დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა.
14. მოპასუხე მხარე, მოსარჩელე მხარის მსგავსად, აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ყველას აქვს როგორც გაერთიანების შექმნისა და მასში გაერთიანების პოზიტიური უფლება, ისე - გაერთიანების შექმნისა და მასში გაერთიანებისაგან თავის შეკავების ნეგატიური უფლება. სადავო ნორმებით განხორციელდა ჩარევა მრავალბინიან სახლებში ბინათმესაკუთრეთა გაერთიანების შექმნისა და გაერთიანებაში გაწევრიანების ნეგატიურ უფლებაში.
15. მოპასუხე მხარის აზრით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა წარმოადგენს გაერთიანებას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თვალსაზრისით. მასზე ვრცელდება იმ ნორმების მოქმედებაც, რაც აწესრიგებს საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებასა და აკრძალვას. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აკრძალვას შესაძლებელია მოჰყვეს სხვა შედეგიც, კერძოდ, ამხანაგობის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე მისი ლიკვიდაცია.
16. მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა ჩარევა გაერთიანების თავისუფლებაში, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები კონსტიტუციურია. ის მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტზე (“ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები”), ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე, კონვენციიდან გამომდინარე პრეცედენტულ სამართალზე და სხვა საერთაშორისოსამართლებრივ ნორმებზე. მოპასუხე მხარის პოზიციით, ჩარევა გაერთიანების თავისუფლებაში კონსტიტუციურია, რადგანაც: გათვალისწინებულია კანონით; ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს; გადაუდებლად აუცილებელია; გადაუდებელი აუცილებლობა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვით; ლეგიტიმური მიზნის პროპორციულია; დაცულია სამართლიანი ბალანსი მიღწეულ სამართლებრივ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის.
17. სადავო ნორმები “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის ნაწილია, ანუ ისინი “გათვალისწინებულია კანონით”. მოპასუხე მხარის მოსაზრებით, გასაჩივრებული ნორმები სამართლიანია, რადგანაც ისინი სახელმწიფო ორგანოებს არანაირი გადამეტებული თავისუფალი მოქმედების უფლებით არ უზრუნველყოფს. სადავო ნორმები არაორაზროვანია, მკაფიოდ გადმოსცემს კანონმდებლის ნებას და არ აძლევს სახელმწიფო ორგანოებს თვითნებური მოქმედების ასპარეზს. გარდა ამისა, სადავო ნორმები აკმაყოფილებს კანონის ხელმისაწვდომობის მოთხოვნებს - ისინი გამოქვეყნებულია ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში, დაინტერესებული პირისათვის შესაძლებელია კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიღება, ასევე, თავისუფლად ხელმისაწვდომია სასამართლოების მიერ ამ ნორმებთან დაკავშირებით გაკეთებული განმარტებები.
18. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული ჩარევა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის ეფექტური სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა. ეს მრავალბინიანი სახლის თითოეული ბინათმესაკუთრის ინტერესებში შედის და პირდაპირ კავშირშია მათ უფლებებსა და თავისუფლებებთან. გასაჩივრებული ნორმების ლეგიტიმური მიზანი მდგომარეობს “სხვათა” - მრავალბინიან სახლებში ბინათმესაკუთრეთა - საერთო უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაში, უფრო ზუსტად - ამ დაცვისკენ სხვა ნორმებისათვის გზის გაკაფვაში, ეფექტური და მოქნილი სამართლებრივი გარემოს შექნაში.
19. გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევის გადაუდებელი აუცილებლობის დასასაბუთებლად მოპასუხე მხარე ყურადღებას ამახვილებს რამოდენიმე ფაქტორის ერთობლიობაზე: პირველი, სადავო ნორმების მიღების მომენტისათვის, მნიშვნელოვანი ხარვეზები არსებობდა შესაბამის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში; მეორე, საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების სივრცეში რეალურად არსებობდა ბინათმესაკუთრეთა საერთო ინტერესები, რომელთა დასაკმაყოფილებლად მიღებულ იქნა გასაჩივრებული ნორმები; მესამე, სადავო ნორმების საშუალებით, ერთდროულად განხორციელდა ყველა მრავალბინიან სახლში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფუძნება, ხოლო წევრებად ავტომატურად განისზღვრა მრავალბინიანი სახლების ბინათმესაკუთრეები. ბინათმესაკუთრეთა ურთიერთობებისა და ინტერესების დაკმაყოფილების რეგულირების პროცესის დაწყება, ამ ნაბიჯის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა. მრავალბინიან სახლში საერთო ქონების თუნდაც ერთი თანაზიარი მესაკუთრის დესტრუქციული მოქმედების შემთხვევაში, საერთო ქონების მოვლა-პატრონობასთან და გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ქმედება შეყოვნდებოდა. ბინათმესაკუთრეთა სრული ერთსულოვნების დროსაც კი ორგანიზაციული კუთხით გართულდებოდა საკითხების გადაწყვეტა.
20. მოპასუხე მხარე დარწმუნებულია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ვერ უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ინტერესების სათანადო დაცვას. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონით შეიძლება დაწესდეს სარგებლობის ან მოვლისა და შენახვის ვალდებულება, თუკი ნივთის გამოუყენებლობა ან მოუვლელობა ხელყოფს საზოგადო ინტერესს, მაგრამ ჯერ ერთი, ამ ნორმაში მოცემული ვალდებულება უკავშირდება ნივთის მხოლოდ მოვლასა და არსებულ მდგომარეობაში შენარჩუნებას და არა მის გაუმჯობესებასა და განვითარებას და მეორეც, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის არსებობის გარეშე, ასეთი ვალდებულების შესრულებაზე ნებისმიერი ბინათმესაკუთრის მიერ გამოთქმული პრინციპული უარის შემთხვევაში, რისი პრაქტიკული მაგალითებიც მრავლადაა, დანარჩენი ბინათმესაკუთრეები იძულებული გახდებოდნენ სასამართლოს მეშვეობით მოეხდინათ გავლენა მასზე. ყოველივე ეს არაეფექტური და გაჭიანურებული იქნებოდა.
21. მოპასუხე მხარის განცხადებით, გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევის გადაუდებელი აუცილებლობა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში “სხვათა” უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ინტერესით. ის “სხვა”, ვისი უფლებების დაცვასაც ემსახურება სადავო ნორმები და მთლიანად საქართველოს კანონი “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ”, არიან ბინათმესაკუთრეები და მათ შორის, მოსარჩელე და ის პირები, ვინც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაში გაერთიანების წინააღმდეგია.
22. მოპასუხე მხარე თვლის, რომ სადავო ნორმებით ჩარევა გაერთიანების თავისუფლებაში, გადაუდებელი აუცილებლობის ფაქტორის გათვალისწინებით, არ არის იმაზე მკაცრი, რაც ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის საჭირო. ამდენად, სადავო ნორმები პროპორციულობის კრიტერიუმსაც სრულად აკმაყოფილებს.
23. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაში გაერთიანების ვალდებულება ემსახურება ბინათმესაკუთრეთა საერთო ქონების დაცვას, განვითარებას, ექსპლუატაციას, მოვლა-პატრონობასა და მართვას, ანუ ისევ ამ პირების უფლებების დაცვას. დაცული უფლებები, მოპასუხე მხარის აზრით, ხარისხის თვალსაზრისით, უპირატესია იმ ვალდებულებებთან შედარებით, რაც გათვალისწინებულია სადავო ნორმებითა და მთლიანად კანონით. აქედან გამომდინარე, დაცულია სამართლიანი ბალანსი გარეთიანების თავისუფლებაში ჩარევით მიღწეულ სამართლებრივ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის.
II
1. 2005 წლის 30 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო №1/5/323 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ვაჭარაძე, არტურ კაზაროვი, ლევან ჩხეიძე, გიორგი ბერიშვილი, შორენა ოსკოპელი და ნინო არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”. მოსარჩელეებს მიაჩნდათ, რომ “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებდნენ ადვოკატთა ასოციაციის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს და მასში ადვოკატთა გაწევრიანებას, არღვევდა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბდა საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია გაერთიანების თავისუფლებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხებისადმი. ამავდროულად, საკუთრივ №323 კონსტიტუციური სარჩელისა და საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, საჭირო არ გახდა რამოდენიმე მომენტზე ყურადღების გამახვილება, რაზედაც კოლეგია აუცილებლად თვლის აქცენტის გაკეთებას გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
2. ადამიანი, თავისი არსით, არა მხოლოდ თავისუფალი, არამედ სოციალური არსებაცაა, რომლის შინაგან მოთხოვნილებას წარმოადგენს ურთიერთობა სხვა ადამიანებთან. ადამიანის თავისუფლება არ არის თავისუფლება საზოგადოებისაგან, ეს არის თავისუფლება საზოგადოებაში, სადაც არსებობს და გადაიკვეთება მრავალი თანმხვედრი, თუ ურთიერთსაპირისპირო ინტერესი. გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფს ადამიანის თვითრეალიზაციას სხვა პირებთან, სოციალურ, საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად. დაცულია საზოგადოებრივი ჯგუფების თავისუფლად ჩამოყალიბების, თავისუფალი ასოციაციის პრინციპი, რაც ტოტალიტარული სახელმწიფოებისათვის დამახასიათებელი იძულებითი გაერთიანებების, თუნდაც მისი მონაწილეების დიდი ენთუზიაზმის ფონზე, საპირისპირო მოვლენას წარმოადგენს. გაერთიანების თავისუფლებას დიდი დატვირთვა ენიჭება არა მხოლოდ ადამიანის ძირითადი უფლების გარანტირების, არამედ დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბების კუთხით. გაერთიანების თავისუფლებას მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში პირის ინტეგრირებისა და მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შეგნების ჩამოყალიბებისათვის.
3. საქმის განხილვისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტში გამოყენებულ ტერმინზე “საზოგადოებრივი გაერთიანება”. უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო აქტები და სხვადასხვა სახელმწიფოთა კონსტიტუციები გაერთიანების თავისუფლების უზრუნველმყოფი ნორმების ტერმინოლოგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ხშირად მათი ტექსტები, ამ კუთხით, განსხვავდება ერთმანეთისაგან. თუმცა, გაერთიანების თავისუფლების არსი და მისი გაგება დემოკრატიულ სამყაროში, ძირითადად, ერთიან კონცეფციას ეფუძნება და ამ მხრივ, არც საქართველოს კონსტიტუცია უნდა იყოს გამონაკლისი. განსხვავებული ტერმინის გამოყენება არ ნიშნავს დიფერენცირებულ მიდგომას ძირითადი უფლებით დაცული სიკეთეებისა და კონსტიტუციური დაცვის მასშტაბების თვალსაზრისით.
4. ტერმინი “საზოგადოებრივი გაერთიანება” სრულად შეესაბამება მოსაზრებას, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პირთა მიერ თავისუფალი სოციალური ჯგუფების შექმნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა. საყურადღებოა თავად საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის სამართლებრივი კონსტრუქციაც. გაერთიანების თავისუფლების დამდგენი რეგულირება ორ ნაწილად არის გაყოფილი. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტში გარანტირებულია პოლიტიკურ პარტიათა, პოლიტიკურ გაერთიანებათა თავისუფლება. ამ ფონზე ტერმინი “საზოგადოებრივი გაერთიანება” სხვა, არაპოლიტიკური მიზნით შექმნილი გაერთიანებების აღსანიშნავად და ტერმინოლოგიური გამიჯვნისათვის საკმაოდ ზუსტად არის შერჩეული.
5. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები იცავს ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების ერთერთ გამოვლინებას, მისი ჯგუფური განხორციელების ფორმას. გაერთიანების თავისუფლების საშუალებით, პირი თავისი მიზნებისა და მისწრაფებების ხორცშესხმას ახდენს სხვებთან ერთად, მათთან კომუნიკაციისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის გარემოში.
6. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, კოლეგია არ გაამახვილებს ყურადღებას გაერთიანების თავისუფლების პოლიტიკურ ასპექტზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით.
7. თავისი არსით, გაერთიანების თავისუფლება მრავალწახნაგოვანი ძირითადი უფლებაა. გარდა იმ პოზიტიური უფლებისა, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, მას აქვს დაცვითი ფუნქცია, რომლის შინაარსი მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, არ ჩაერიოს გაერთიანების თავისუფლებაში (სტატუს ნეგატივუს). მეცნიერებასა და პრაქტიკაში გავრცელებული აზრით, რასაც კოლეგიაც იზიარებს გაერთიანების თავისუფლებაში მოიაზრება, ასევე, ე.წ. “ჯგუფური ძირითადი უფლება”, რაც იმას ნიშნავს, რომ გაერთიანების თავისუფლების რეალიზაციით შექმნილი კოლექტივიც სარგებლობს კონსტიტუციურსამართლებრივი დაცვით.
8. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით. გაერთიანების თავისუფლება არასაკმარისად იქნებოდა დაცული ამ თავისუფლებაში რომ მხოლოდ გაერთიანების შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება მოიაზრებოდეს. არა მხოლოდ გაერთიანების შექმნისა და გაერთიანებაში გაწევრიანების პროცესია დაცული, არამედ გაერთიანების არსებობასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მხარეები, როგორიცაა მიზნის შერჩევა, საქმიანობის ორგანიზება, გადაწყვეტილებების მიღება, გაერთიანების წევრად დარჩენა, გაერთიანების ლიკვიდაცია და ა.შ. გაერთიანების არსებობის რომელიმე ეტაპზე კონსტიტუციური დაცვის გაუვრცელებლობა, კოლეგიის პოზიციით, დაუშვებლად გაზრდიდა სახელმწიფოს მხრიდან მის საქმიანობაში თვითნებური ჩარევის რისკს და არაეფექტურს გახდიდა გაერთიანების თავისუფლების კონსტიტუციურსამართლებრივ დაცვას.
9. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი პირდაპირ არ ახსენებს უფლებას, არ დაექვემდებარო იძულებას გაერთიანებისას. თუმცა, გაერთიანების ნეგატიური თავისუფლება გამომდინარეობს თავად თავისუფლების არსიდან. თავისუფლება ნიშნავს აკეთო ის, რაც გსურს და არ აკეთო ის, რაც არ გსურს. ე.ი. თავისუფლებას ყოველთვის აქვს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური კომპონენტი. ეს არის ერთი და იგივე მონეტის ორი აუცილებელი მხარე. თავისთავად ის ფაქტი, რომ პირს ენიჭება უფლება შევიდეს საზოგადოებრივ გაერთიანებაში, ნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია თავად მას მიიჩნევს გაერთიანების წევრობის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტად. შესაბამისად, გქონდეს გაერთიანების უფლება, იმავდროულად, გულისხმობს თანმდევ უფლებას, თავი აარიდო რომელიმე გაერთიანებაში შესვლას ან თავისუფლად მიიღო გადაწყვეტილება გაერთიანების დატოვების თაობაზე.
10. გაერთიანების ნეგატიური თავისუფლება იცავს იმგვარი რეგულირებების შემოღებისაგან, რაც კერძოსამართლებრივ გაერთიანებებში იძულებით წევრობას დაადგენდა. საზოგადოებრივი ჯგუფების შექმნა არასაჯარო ამოცანების განსახორციელებლად თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი კონსტიტუციურსამართლებრივად გაუმართლებელი სახელმწიფო ჩარევისა და მანიპულაციისაგან. რაც შეეხება სავალდებულო წევრობას საჯარო სამართლის კორპორაციებში, ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, 2005 წლის 30 ნოემბრის №1/5/323 გადაწყვეტილებაში აღნიშნა: “იძულებითი წევრობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში კონსტიტუციურსამართლებრივად გამართლებულია იმით, რომ ეს გაერთიანება სახელმწიფომ ლეგიტიმური საჯარო ამოცანების შესასრულებლად დააარსა. მასში შერწყმულია კერძო და საჯარო ინტერესები, რომელთაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ვერ განახორციელებს ვერც სახელმწიფო და ვერც ცალკეული პიროვნება თავისი ინდივიდუალური ინიციატივით.”
11. რამდენად არის შექმნილი ესათუის გაერთიანება, მათ შორის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, საჯარო ამოცანების განსახორციელებლად და თუ წარმოადგენს ის არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ თავისი არსით საჯარო სამართლის კორპორაციას, ყოველ კონკრეტულ კაზუსშია გადასაწყვეტი. ყოველ შემთხვევაში, ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო სამართლის კორპორაციებზე - ამ ნორმით დაცულია გაერთიანებისა და არა საჯარო კორპორაციების თავისუფლება.
12. როგორც აღინიშნა, პირთა ნებისმიერი გაერთიანება არ ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მოქმედების არეალში. სამეცნიერო ლიტერატურასა და პრაქტიკაში გავრცელებული მოსაზრებით, პირთა ერთობის, კონსტიტუციურსამართლებრივი თვასაზრისით, გაერთიანებად ჩასათვლელად აუცილებელია, რომ სახეზე იყოს რამოდენიმე ნიშანი. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი მოქმედებს, როდესაც სახეზეა: ა) პირთა ერთობა; ბ) პირთა ერთობა შექმნილია ნების თავისუფალი გამოვლინების შედეგად; გ) პირთა ერთობა ჩამოყალიბებულია ხანგრძლივი ვადით; დ) პირთა ერთობას აქვს საერთო მიზანი და ე) პირთა ერთობაში ნების ფორმირებას აქვს ორგანიზებული სახე. სწორედ ეს ნიშნები ერთობლივად ან რომელიმე მათგანი ცალკე აღებული განასახვავებს გაერთიანებას პირთა სხვა ერთობებისაგან, როგორიცაა შეკრებები, ობიექტურ თუ ბუნებრივ საფუძვლზე დამყარებული ერთობები და ა.შ.
13. “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის “ა” ქვეპუნქტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შემდეგნაირად განმარტავს: “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა - მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართების მესაკუთრეთა გაერთიანება”. მესაკუთრეებად, შესაძლოა, მოგვევლინონ როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები. ამდენად, კოლეგიის აზრით, ფორმალური თვალსაზრისით, გაერთიანების ნიშანი, რომ ის პირთა ერთობას წარმოადგენს, სახეზეა.
14. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არის ხანგრძლივი ვადით დაფუძნებული ერთობა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დროში სტაბილურობის კრიტერიუმი დიდი სიმკაცრით არ გამოირჩევა. გავრცელებული შეხედულების მიხედვით, გაერთიანების მოქმედების ვადა უნდა იძლეოდეს მისი გამიჯვნის საშუალებას ე.წ. “მომენტალური გაერთიანებებისაგან”, შეკრებებისაგან. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა სრულად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. მისი არსებობა, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, დაკავშირებულია სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების არსებობასთან. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არსებობს მანამ, სანამ ფიზიკურად სახეზეა ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მრავალბინიანი სახლი ან მასში განლაგებული ყველა ბინის მესაკუთრე არ გახდება ერთი პირი. ადვილი მისახვედრია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები საკმაოდ ხანგრძლივი ვადის განმავლობაში აგრძელებენ თავიანთ არსებობას და ახასიათებთ სტაბილურობა დროში.
15. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას აქვს წესდება და ორგანიზაციული სტრუქტურა. მას ჰყავს თავმჯდომარე და წევრთა კრება, რომელზედაც მიიღება გადაწყვეტილებები, ხდება ამხანაგობის წევრთა საერთო ნების ფორმირება. აქედან გამომდინარე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, ასევე, აკმაყოფილებს ორგანიზაციული სტაბილურობისა და ნების ორგანიზებული ფორმირების კრიტერიუმით წაყენებულ მოთხოვნებს.
16. გაერთიანებისათვის დამახასიათებელი უმთავრესი ნიშანი, კოლეგიის აზრით, არის ის, რომ გაერთიანება, მისი შექმნა და საქმიანობა ეფუძნება პირთა თავისუფალ ნებას, თავისუფალია ნებისმიერი იძულებისაგან. თავისუფალი ნების მომენტს აქვს არა მხოლოდ ფორმალური, არამედ, უპირატესად, შინაარსობრივი დატვირთვა. გაერთიანების შექმნაში წამყვანია სუბიექტური ფაქტორი, რომელიც თავს უყრის გაერთიანების წევრებს და გადამწყვეტია მათი გაერთიანებაში შესვლის, ყოფნის, საქმიანობისა და გაერთიანების დატოვებისათვის. გაერთიანება არ არის პირთა უბრალო ერთობა - ეს არის პირთა სუბიექტური მისწრაფებებით განპირობებული ერთობა საერთო იდეებისა და მიზნების გარშემო. როგორც უკვე აღინიშნა, დაცულია თავისუფალი საზოგადოებრივი ჯგუფების შექმნისა და საქმიანობის სფერო და არა ზოგადად, ნებისმიერი პირთა ჯგუფი, რომელიც აკმაყოფილებს გაერთიანების რამოდენიმე ფორმალურ ნიშანს, მაგრამ გაერთიანებულია სხვა საფუძვლით, ვიდრე ეს მისი წევრების სუბიექტური მისწრაფებები და თავისუფალი ნებაა.
17. ზემოთმოყვანილი მსჯელობა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა გამორიცხავს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოქცევას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების სფეროში. 2005 წლის 30 ნოემბრის №1/5/323 გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “...საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი არ მოიცავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, ვინაიდან იგი წარმოადგენს საჯარო-სამართლებრივ გაერთიანებას და შესაბამისად ემყარება სავალდებულო წევრობის პრინციპს. კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტში კი მოიაზრება მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანია გაერთიანების ნებაყოფლობითობა... იმის გამო, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მასზე არ ვრცელდება კერძო გაერთიანებისათვის დამახასიათებელი ნებაყოფლობითობის პრინციპი.” ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა როგორც ფორმალურად, ისე არსობრივად არ განეკუთვნება საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიას, ის საჯარო ამოცანებს კი არ ახორციელებს, არამედ მისი დანიშნულებაა კერძო ინტერესების სამსახური. “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლი გარკვევით აცხადებს: “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ამოცანებია: საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობა, ექსპლუატაცია და განვითარება”. თუმცა, კერძო ინტერესების მსახურება ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა a priori გაერთიანებაა, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თვალსაზრისით.
18. წევრობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაში ეფუძნება არა პირის სუბიექტურ გადაწყვეტილებას, არამედ იმ ობიექტურ გარემოებას, რომ მას აქვს საკუთრება ბინაზე მრავალბინიან სახლში. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა, ამ შემთხვევაში, პირის თვითრეალიზაციის, თავისუფალი განვითარების უფლების ჯგუფური განხორციელების ფორმა კი არ არის, არამედ თავად საკუთრების ობიექტის ბუნებიდან გამომდინარე და ელემენტარული საყოფაცხოვრებო და საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ობიექტური გარემოებით განპირობებული რეალობა. ბინათმესაკუთრეთა გაერთიანება ხდება უძრავი ნივთისადმი სამართლებრივი დამოკიდებულების ობიექტური ფაქტორის გამო. გაერთიანების წევრობა წყდება ავტომატურად, ბინაზე საკუთრების უფლების დაკარგვისთანავე ანუ ამ ობიექტური ფაქტორის გაქრობისთანავე. პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას აქაც არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამხანაგობა, ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით, არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რომ ის არის მისი წევრების თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაში შესვლით პირი არ ახდენს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაერთიანების პოზიტიური თავისუფლების რეალიზაციას. ამ პირობებში, საუბარი ზედმეტია გაერთიანების ნეგატიურ თავისუფლებაზე.
20. კოლეგია, ამასთანავე, არ გამორიცხავს, რომ ვინმემ საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობა, ექსპლუატაცია და განვითარება აიყვანოს თვითრეალიზაციის რანგში, გამონახოს თანამოაზრეები, თუნდაც ის პირები, რომლებიც კონკრეტულ მრავალბინიან სახლში ბინათმესაკუთრეები არ არიან და მათთან ერთად მოახდინოს გაერთიანების შექმნა. ამგვარი გაერთიანება, მიუხედავად გარეგნული მსგავსებისა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისაგან იქნება განსხვავებული სწორედ იმით, რომ ის არის არა ობიექტურ გარემოებათა, არამედ სუბიექტური მისწრაფებებისა და თავისუფალი ნების რეალიზაციის პროდუქტი.
21. გაერთიანება გარკვეული მიზნის მისაღწევად შექმნილი ერთობაა. ამავე დროს, არასაკმარისია მიზნებისა და ამოცანების ფორმალური ჩამოთვლა, მათი განსაზღვრა უნდა იყოს გაერთიანების შემქმნელთა თავისუფალი ნების ნაყოფი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას აქვს მისი ბუნებიდან ობიქეტურად გამომდინარე ამოცანები და არა მიზნები, ზემოთმოყვანილი თვალსაზრისით. ბინთმესაკუთრეთა ამხანაგობის ამოცანები განპირობებულია საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობის აუცილებლობით. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები ვერ დასახავენ სხვა მიზნებს მათი სუბიექტური მისწრაფებების განსახორციელებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფარგლებში, ან ვერ შეამცირებენ ამხანაგობისათვის დასახულ ამოცანებს, რადგანაც ეს ეწინააღმდეგება თავად ამხანაგობის ბუნებას. ამისთვის მათ სხვა ტიპის გაერთიანების შექმნა მოუწევთ. აქედან გამომდინარე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ვერ აკმაყოფილებს გაერთიანებისათვის წარდგენილ ამ მოთხოვნასაც - ის არ არის დამოუკიდებელი თავისი მიზნების ფორმირებაში და მიზნების განსაზღვრა არ ხდება წევრთა თავისუფალი ნების საფუძველზე.
22. ვინაიდან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არ არის თავისუფალი ნების პროდუქტი, შეუძლებელია ვივარაუდოთ, რომ მან შეიძლება დაისახოს და განახორციელოს კონსტიტუციით აკრძალული რომელიმე მიზანი ან მიზნები. მით უმეტეს, წარმოუდგენელია, რომ მოხდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობის შეჩერება ან აკრძალვა. თუ მრავალბინიანი სახლის ბინათმესაკუთრეებს მართლაც აქვთ არაკონსტიტუციური მიზნები, ეს არ მოხდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფორმატში. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ შემთხვევაშიც, მიუხედავად ბინათმესაკუთრეთა მიზნებისა, მაინც აგრძელებს არსებობას ამხანაგობის მთავარი გამაერთიანებელი ფაქტორი - საერთო საკუთრება, მისი მოვლა-პატრონობის, ექსპლუატაციისა და განვითარების ობიექტური მოთხოვნილება. ბინათმესაკუთრეთა მოსაზრებების გამო ამ ამოცანების განხორციელების შეჩერება და აკრძალვა, რა თქმა უნდა, ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული იქნებოდა და აბსურდამდე მიგვიყვანდა. ნათელია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის არა მხოლოდ პირველი პუნქტის, არამედ იმ ნორმების მოქმედების ფარგლებშიც, რაც არეგულირებს გაერთიანებების მიზნებთან, საქმიანობასთან და მათი არაკონსტიტუციურობის შემთხვევაში, შესაბამის ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხებს.
23. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მსგავსი ინსტიტუტები მრავალ სახელმწიფოშია გავრცელებული. განსახილველი საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, საინტერესოა საფრანგეთის მაგალითი. გაერთიანების საკითხებს საფრანგეთში აწესრიგებს 1901 წელს მიღებული კანონი “ასოციაციების შესახებ”. მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონმა მრავალი სხვა კანონი გააუქმა და ასოციაციებთან დაკავშირებულ რეგულირებებს თავი მოუყარა, პირთა გარკვეული ერთობები მაინც სპეციალური კანონების მოქმედების სფეროში დარჩა. მათ შორის აღსანიშნავია მესაკუთრეთა ასოციაციები (Associations syndicales), რომელთაც შეეხება 1865 წლის კანონი. მესაკუთრეთა ასოციაციების შემთხვევაში, არ არის უზრუნველყოფილი გაერთიანების ნეგატიური თავისუფლება. ამის საფუძველი კი ის არის, რომ მიუხედავად სახელწოდებისა, მესაკუთრეთა ასოციაცია არ არის ასოციაცია 1901 წლის კანონისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის თვალსაზრისით. ის ითვლება მხოლოდ საერთო საკუთრების მართვის ფორმად. გადამწყვეტი განსხვავება, ზოგადად, ასოციაციებსა და მესაკუთრეთა ასოციაციებს შორის არის ის, რომ ურთიერთობები მესაკუთრეთა ასოციაციაში მიბმულია უძრავ ქონებაზე და არა პირზე და უძრავი ქონების მესაკუთრის შეცვლისას, საკუთრებასთან ერთად, გადადის მესაკუთრეთა ასოციაციის წევრობაც.
24. კოლეგიის აზრით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოტანილი არგუმენტები საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არ წარმოადგენს გაერთიანებას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმებით არ ხდება ჩარევა გაერთიანების თავისუფლებაში. რამდენადაც ძირითად უფლებაში ჩარევას ადგილი არ აქვს, კოლეგიას საჭიროდ არ მიაჩნია მსჯელობა ჩარევის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით და მხარეების შესაბამისი არგუმენტების შეფასება.
III
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტებით, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით, 45-ე მუხლის პირველი პუნქტით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლებით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №439 (საქართველოს მოქალაქე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მთავრობას.
5. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” 15 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
ჯონი ხეცურიანი