„შპს სიტი ემ“ და „შპს ჯი ემ თი უძრავი ქონება“ საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/1324 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 29 იანვარი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 3 თებერვალი 2020 14:11 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: „შპს სიტი ემ“ და „შპს ჯი ემ თი უძრავი ქონება“ საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის (2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით და ამავე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების (2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი რედაქციის) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; ბ) „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-98 დადგენილების პირველი მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან, 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელეთა წარმომადგენლები – ზაზა ზანგურაშვილი და რაულ აგიკიანი; მოპასუხის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი ქრისტინე კუპრავა; მოპასუხის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები – ქეთევან ბექაური, შალვა ლომსაძე და ოთარ თევდორაძე; მოწმეები – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი გიორგი კიკვიძე და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გიორგი ამირაჯები.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1324) მიმართეს იურიდიულმა პირებმა – „შპს სიტი ემ“-მა და „შპს ჯი ემ თი უძრავი ქონება“-მ. №1324 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცა 2018 წლის 11 ივნისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 27 სექტემბერს.
2. №1324 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. განსახილველ საქმეზე მოსარჩელეები სადავოდ ხდიან, მათ შორის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 46-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების კონსტიტუციურობას. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, აღნიშნული სადავო რეგულაცია ამოღებულ იქნა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსიდან, რაც ამავე კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, ამოქმედდა 2019 წლის 3 ივნისიდან. შესაბამისად, ზემოხსენებული რეგულაცია ძალადაკარგულია.
4. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 46-ე მუხლის 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი რედაქცია განსაზღვრავდა პასუხისმგებლობას თვითმმართველი ერთეულის მიერ განსაზღვრულ ზონაში (ზონებში) სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვითმმართველ ერთეულში საკრებულოს დადგენილებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარებისა და დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით განსაზღვრულ ზონაში (ზონებში), ხოლო ქალაქ თბილისში – ქალაქ თბილისის საკრებულოს დადგენილებით განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში განსაზღვრულ ზონებში სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო დამრღვევის მიმართ გასცემს მითითებას, რომლითაც მას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსასწორებლად. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ადგენს შემოწმების აქტს. თუ დარღვევა არ გამოსწორდა, შემოწმების აქტის შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე პირს დაეკისრება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი (სადემონტაჟო) შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 0,1 ლარიდან 0,5 ლარის ფარგლებში შესაბამისი ზონის (ზონების) მიხედვით, რაც განისაზღვრება თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით. აღნიშნული ჯარიმა პირს დაერიცხება მშენებარე ობიექტის კონსერვაციის ვადაშიც. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, გათვალისწინებულია პირის ვალდებულება, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს წერილობით შეატყობინოს დარღვევის გამოსწორების შესახებ. შედეგად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დარიცხვა წყდება აღნიშნული შეტყობინების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოსთვის ჩაბარების დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარღვევის გამოსწორება ამ ორგანომ შემოწმების აქტით დაადასტურა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ დარღვევის გამოსწორების დადასტურების შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას დარიცხული ჯარიმის ოდენობის შესახებ.
5. „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-98 დადგენილების (შემდგომში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №20-98 დადგენილება) პირველი მუხლით, წინამდებარე დადგენილების №1 დანართით განსაზღვრულ ზონაში სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის, პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვრება ჯარიმა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის, არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი (სადემონტაჟო) შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე – 0,5 ლარის ოდენობით.
6. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით განმტკიცებული იყო ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის და სასჯელის გამოყენების დაუშვებლობის გარანტია, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი იყო, რომ „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრებოდა საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის საფუძვლები და წესი, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადებით დგინდებოდა სახელმწიფოს მიერ თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობის ვალდებულება.
7. №1324 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, სადავო რეგულაციები თვითმმართველი ერთეულის მიერ განსაზღვრულ ზონაში/ზონებში სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის კონკრეტული ეტაპის შესაბამისი ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, ითვალისწინებს ჯარიმის დაკისრების შესაძლებლობას, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1 ლარიდან 0,5 ლარის ოდენობით, ასაშენებელი შენობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე. განსახილველ საქმეზე მოსარჩელეებს წარმოადგენენ იურიდიული პირები – „შპს სიტი ემ“ და „შპს ჯი ემ თი უძრავი ქონება“, რომლებმაც რამდენჯერმე ვერ შეძლეს მშენებლობის დასრულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, რის გამოც მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე, შესაძლოა, დაეკისროთ ჯარიმის გადახდის ვალდებულება.
8. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, გასაჩივრებული ნორმებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი მიჩნეულ უნდა იქნეს სასჯელად, რამდენადაც ჯარიმის ოდენობამ, სამშენებლო სამუშაოების ფართობის გათვალისწინებით, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, შესაძლოა, მიაღწიოს საკმაოდ დიდ თანხას, რაც მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვება მოსარჩელე კომპანიებს, გააუარესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას და შეაფერხებს მშენებლობის დამთავრებას. მაგალითად, მოსარჩელეთა მითითებით, მოსარჩელე „შპს სითი ემ“-ს კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის მომენტში ერიცხება ჯარიმა 14,784 ლარის ოდენობით და ჯამურად შეადგენს, დაახლოებით, 13 მილიონ ლარს. ამასთანავე, მოსარჩელე „შპს ჯი ემ თი უძრავი ქონება“-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გათვალისწინებული სავარაუდო ჯარიმა წარმოადგენს, დაახლოებით, 43211,63 ლარს. მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №20-98 დადგენილების პირველი პუნქტი არ იძლევა სასამართლოს მიერ ჯარიმის ოდენობის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას ჩადენილი სამართალდარღვევის პროპორციულად, ვინაიდან მკაფიოდ განსაზღვრავს სანქციის ოდენობას – საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 0,5 ლარის ოდენობით. მოსარჩელეთა პოზიციით, სადავო რეგულაციებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა წარმოადგენს არაჰუმანურ სასჯელს, არაპროპორციულ რეაგირებას პირის მიერ განხორციელებულ სამართალდარღვევაზე, გაუმართლებლად ზღუდავს საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის კონსტიტუციურ უფლებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს, 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებსა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებას.
9. მოსარჩელეთა პოზიციით, სადავო რეგულაციების არაკონსტიტუციურობას განაპირობებს, მათ შორის, მათი ბლანკეტური და ბუნდოვანი შინაარსი, რამდენადაც გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე, პასუხისმგებლობის დადგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქონება გასხვისდა და, შესაბამისად, პირის მიმართ გაცემული მშენებლობის ნებართვა გაუქმდა ან მშენებლობის ნებართვის მქონე პირის მიერ დაჯარიმების აქტის გამოცემამდე დადგენილი სამართალდარღვევა სრულად აღმოიფხვრა. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, ქონების გასხვისების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომა უნდა მიჰყვებოდეს ქონებას.
10. მოსარჩელეები დამატებით მიუთითებენ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლების ზეპირსიტყვიერი განმარტების საპირისპიროდ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რომელიც წარმოადგენს მასტიმულირებელ რეგულაციას, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მითითების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაშიც, ითვალისწინებს სამართალდამრღვევი პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისა და სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესაძლებლობას, როდესაც შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა ფაქტობრივად გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე.
11. №1324 კონსტიტუციურ სარჩელში „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, მოსარჩელეები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე შუამდგომლობენ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მათ მიმართ სადავო ნორმების გამოყენების შემთხვევაში, ისინი განიცდიან გამოუსწორებელ და შეუქცევად ზიანს, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი, შეუძლებელი იქნება საერთო სასამართლოების სისტემაში მოქმედი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა და, ამ მხრივ, მოსარჩელეთა დარღვეული უფლების აღდგენა.
12. მოპასუხეთა არგუმენტაციით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები არ მოქმედებს ამავე კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ ზონებში (მაგალითად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარების და დასახლებული სივრცითი ტერიტორიების დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით განსაზღვრული ტერიტორიები) მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისთვის და მშენებლობის კონკრეტული ეტაპისთვის დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის დაკისრებულ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე და 46-ე მუხლებს გააჩნია განსხვავებული რეგულირების სფეროები და მოქმედების ფარგლები. დასახელებული კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული მასტიმულირებელი რეჟიმი მოქმედებს მხოლოდ იმ ტერიტორიულ ერთეულებში, რომელთაც პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 46-ე მუხლი არ შეეხება.
13. ამავდროულად, მოპასუხეთა პოზიციით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომის მშენებლობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში გამოუყენებლობა გამოიწვევდა იმგვარი მდგომარეობის დადგომას, რომ ფაქტობრივად გამოირიცხებოდა პირთა დაჯარიმება განხორციელებული სამართალდარღვევისას. მოპასუხის პოზიციით, დაუშვებელია კონკრეტული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის ქონებაზე გადატანა, რამდენადაც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვით, მშენებლობის ნებართვა გაიცემა არა ქონებაზე, არამედ პირზე და სწორედ ამ პირს უნდა ეკისრებოდეს კონკრეტული ვალდებულების შესრულება და აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობიდან მომდინარე პასუხისმგებლობა.
14. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით განმტკიცებულ არაჰუმანური სასჯელის/სანქციის გამოყენების აკრძალვას არ გააჩნია შემხებლობა იურიდიულ პირებთან მიმართებით. ამასთან, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ნორმებს აქვს მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლით განმტკიცებულ საკუთრების კონსტიტუციურ უფლებასთან, თუმცა ჯარიმის ოდენობის პროპორციულობა დამოუკიდებლად არ მიუთითებს მეწარმეობის თავისუფლებაში ჩარევის ფაქტზე. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული.
15. მოწმეთა – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო წარმომადგენლების განმარტებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 46-ე მუხლი ორიენტირებული არის არა კონკრეტული სამშენებლო დარღვევის გამოსწორებაზე ან აღმოფხვრაზე, არამედ ხასიათდება რეპრესიული ბუნებით და მიზნად ისახავს განსაკუთრებული მნიშვნელობის ტერიტორიულ ზონებში სამშენებლო სამართალდამრღვევი პირისათვის მძიმე პასუხისმგებლობის დაკისრებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს, აღნიშნულ ტერიტორიულ ერთეულებში მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული კონკრეტული სამშენებლო ღონისძიებების ამავე ნებართვით გათვალისწინებულ ვადაში დასრულება. დასახელებული კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა არის ზოგადი წესისგან გამონაკლისი. აღნიშნული დებულების მიზანია სამართალდამრღვევი პირისათვის მძიმე ფინანსური სანქციის დაკისრება, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანომ, ქალაქში სამშენებლო სამუშაოების მიზნიდან გამომდინარე, გამოყო ქალაქის მნიშვნელოვან უბნებში დაუსრულებელი მშენებლობიდან მომდინარე საფრთხეები და აღნიშნულ ტერიტორიულ ერთეულებში შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების დროულად დასრულება მიიჩნია განსაკუთრებულ სიკეთედ. ამასთან, მოწმეთა მითითებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული წამახალისებელი რეჟიმი არ ვრცელდება ამავე კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე, თავად დასაცავ სიკეთეთა ბუნებიდან გამომდინარე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1324 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეებად მითითებული არიან იურიდიული პირები – „შპს სიტი ემ“ და „შპს ჯი ემ თი უძრავი ქონება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა „შპს სიტი ემ“-ის დირექტორის გოჩა გვენეტაძისა და „შპს ჯი ემ თი უძრავი ქონება“-ს გენერალური დირექტორის გიორგი თავაძის ერთობლივი №346101 განცხადება, რომლითაც მათ სასარჩელო მოთხოვნაზე უარი განაცხადეს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტა მოითხოვეს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
3. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1324 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1324 კონსტიტუციურ სარჩელზე („„შპს სიტი ემ“ და „შპს ჯი ემ თი უძრავი ქონება“ საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე