მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N4/482,483,487,502 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ჯონი ხეცურიანი, გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, |
თარიღი | 10 ნოემბერი 2010 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
კონსტანტინე ვარძელაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
ზაზა თავაძე - წევრი;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
ჯონი ხეცუარიანი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) №482 კონსტიტუციურ სარჩელზე - „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „მათი შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 111 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 პუნქტების და მე-5 პუნქტის მე-2 წინადადების და მე-13 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „აგრეთვე 111 მუხლის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, ამავე კანონის 111 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125 მუხლის 61 ნაწილის და ამ მუხლის შენიშვნის 21 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ და მე-2 პუქტებთან მიმართებით, 150-ე მუხლის 21 და 22 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და 1741 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებისა და მე-3 ნაწილის სიტყვების „მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას... ანდა მისგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით;
ბ) №483 კონსტიტუციურ სარჩელზე - „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „მათი შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე“ და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით“ და მე-2 ნაწილის სიტყვების „დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის 21 და 22 ნაწილების კონსტიტუციურობა მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, აგრეთვე მოსარჩელეების – ზვიად ძიძიგურისა და კახაბერ კუკავას ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 61 ნაწილის სიტყვების „ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში“, 1741 მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „პატიმრობას 90 დღემდე ვადით“ და მე-4 ნაწილის სიტყვების „პატიმრობას 90 დღემდე ვადით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
გ) №487 კონსტიტუციურ სარჩელზე „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „და მათი შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში მიმდებარე ტერიტორიაზე“ კონსტიტუციურობა კონსტიტუციის 25 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, ამავე კანონის 111 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის, მე-3 პუნქტის პირველი წინადადების და მე-5 პუნქტის სიტყვების „მასში მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე სათანადო მდგომარეობის აღდგენისთანავე.“ კონსტიტუციურობა კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, აგრეთვე მოსარჩელეების დაჩი ცაგურიასა და ჯაბა ჯიშკარიანის ნაწილში - „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „მოწოდება საქართვლოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლისაკენ“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან, 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და მოსარჩელის დაჩი ცაგურიას ნაწილში - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის სიტყვების „სხვა ამგვარი მოქმედება“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან, 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
დ) №502 კონსტიტუციურ სარჩელზე - „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების - „აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სპეციალური უფლებამოსილების მქონე მოსამსახურეებზე“, ამავე კანონის მე-3 მუხლის „გ“ პუნქტის და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „პოლიტიკური პარტია, გაერთიანება, საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი“, ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების- „აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები“, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „და მათი შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე“, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 111 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-3 პუნქტის პირველი წინადადების, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე“, მე-5 პუნქტის სიტყვის „აუცილებლობის“ და ამავე პუნქტის ბოლო ნაწილის სიტყვების „მასში მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე“, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „აგრეთვე 111 მუხლის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში“, რომელიც გრძელდება სიტყვით „დაუყონებლივ“, საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1741 მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან“ და ასევე ამავე პუნქტის სიტყვების „ანდა მისგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლთან მიმართებით. საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 150-ე მუხლის 21 ნაწილის სიტყვების „აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 25-ე მუხლებთან მიმართებით. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №482) მიმართა მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2009 წლის 25 სექტემბერს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №483) მიმართა საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ, საქართველოს მოქალაქეებმა ზვიად ძიძიგურმა და კახა კუკავამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2009 წლის 7 ოქტომბერს.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №487) მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საქართველოს მოქალაქეებმა დაჩი ცაგურიამ და ჯაბა ჯიშკარიანმა. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2009 წლის 16 დეკემბერს.
4. №482, №483 და №487 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2009 წლის 22 დეკემბერს.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 7 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №502) მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2010 წლის 13 სექტემბერს.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, №502 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გამართა 2010 წლის 5 ნოემბერს.
7. №482 კონსტიტუციურ სარჩელში შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
8. №483 კონსტიტუციურ სარჩელში, შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები. №487 კონსტიტუციურ სარჩელში შემოტანის საფუძვლად დამატებით მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი.
9. №487 კონსტიტუციურ სარჩელში შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
10. №502 კონსტიტუციურ სარჩელში შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
11. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავოდ გამხდარი პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სადავო დებულებისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობა ეკრძალება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სპეციალური უფლებამოსილების მქონე მოსამსახურეს.
მე-3 მუხლის „გ“ პუნქტით, კანონის მიზნებისთვის განმარტებულია ტერმინი „მარწმუნებელი“. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომლებსაც შეუძლიათ შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების შესახებ თვითმმართველობის ორგანოში გაფრთხილების შეტანა.
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის სადავო დებულების თანახმად, აკრძალულია შეკრებებისა და მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისას მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლისაკენ.
მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის სადავოდ გამხდარი დებულების თანახმად შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირი არ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი.
მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარებისთვის აუცილებელია, მის გამართვამდე 5 დღით ადრე თვითმმართველობის ორგანოში გაფრთხილების შეტანა. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის სადავო წინადადების მიხედვით, იკრძალება შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება კანონით განსაზღვრულ დაწესებულებებსა და მათი შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში. ამავე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ადგენს იმ კონკრეტულ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომელთა შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსშიც იკრძალება შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვა.
მე-10 მუხლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, გაფრთხილების ჩაბარების შემდეგ, უფლებამოსილია, გასცეს რეკომენდაცია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის შესახებ, თუ აქციის ჩატარება დაგეგმილია კანონით აკრძალულ ადგილებში ან თუ აქციის ჩატარება საფრთხეს უქმნის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას.
მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, იკრძალება განზრახ დაბრკოლების შექმნა ტრანსპორტის გადაადგილებისთვის, მათ შორის ამავე კანონის 111 მუხლის მოთხოვნათა დარღვევა.
111 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრული გადაკეტვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეთა რაოდენობის გამო შეკრება ან მანიფესტაცია სხვაგვარად ვერ ჩატარდება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ გადაკეტვა შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, როდესაც ამას მოითხოვს შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება კრძალავს ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვას, თუ ამას არ მოითხოვს შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობა. მე-3 პუნქტის მე-2 წინადადება კი კრძალავს ხალხის ან ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვას ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით. მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი უფლებამოსილია მიმართოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს, გაათავისუფლონ სავალი ნაწილი, რასაც უნდა დაემორჩილონ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორები. მე-5 პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის 111 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით გადაკეტვის დროს სავალი ნაწილის გათავისუფლების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები უფლებამოსილნი არიან, აღადგინონ ტრანსპორტის მოძრაობა შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, სათანადო პირობების აღდგენისთანავე. ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის სადავო ნორმა ადგენს, რომ ამ კანონის 111 მუხლის მასობრივი დარღვევის შემთხვევაში, შეკრება და მანიფესტაცია უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მოთხოვნისთანავე.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის სადავო 61 ნაწილი ითვალისწინებს ორი წლის ვადით მართვის უფლების ჩამორთმევას ქალაქში ან დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვის ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის, რის შედეგადაც, სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი. იმავე მუხლის შენიშვნის 21 ნაწილი განსაკუთრებული გარემოებების გამოვლენისას აწესებს ჯარიმის დაკისრების შესაძლებლობას.
ამავე კანონის 150-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ შენობათა ფასადებზე, მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებათა სავალ ნაწილზე თვითნებურად წარწერების, ნახატების და სიმბოლოების შესრულება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის 22 ნაწილის თანახმად, იგივე ქმედების განმეორებითი ჩადენა გამოიწვევს ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით, ან თუ ეს ზომა არასაკმარისად ჩაითვლება - ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას წვრილმანი ხულიგნობისთვის. წვრილმანი ხულიგნობა აღნიშნული ნორმით განმარტებულია როგორც „საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრვ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.“ ამავე კანონის 1741 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზების და ჩატარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმებას 500 ლარით, მე-2 ნაწილი კი ადგენს ჯარიმას 5000 ლარის ოდენობით, როდესაც იგივე ქმედება ჩადენილია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორის მიერ. ამ მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს 90 დღემდე პატიმრობას სასამართლოს შესასვლელის ბლოკირებისთვის ან მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას, საერთო სასამართლოში და მათგან ოცი მეტრის რადიუსში შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისთვის. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი კი ითვალისწინებს 90 დღემდე ვადით პატიმრობას „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-11 და 111 მუხლების დარღვევისთვის.
12. №482 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კანონის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ მე-9 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები მანიფესტაციის გამართვის ადგილთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 24-ე და 25-ე მუხლებს იმდენად, რამდენადაც მსგავსი შეზღუდვის შესაძლებლობას კონსტიტუცია არ ითვალისწინებს. განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელის, „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ლევან ჩხეიძემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და დააზუსტა, რომ სადავოა მხოლოდ მე-9 მუხლის სიტყვები „მათი შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე“ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
13. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით, სარჩელში მითითებულია, რომ კონსტიტუციის 24-ე და 25-ე მუხლები არ ითვალისწინებენ ისეთ შეზღუდვას, როგორიცაა ტრასპორტისთვის დაბრკოლების შექმნის აკრძალვა, უფრო მეტიც, კონსტიტუცია პირდაპირ უშვებს ამის შესაძლებლობას. კოლეგიის განმწესრიგებელ სხდომაზე, №482 კონსტიტუციურ სარჩელზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა ლევან ჩხეიძემ დააზუსტა, რომ სადავოდ ხდის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მხოლოდ 25-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
14. №482 სარჩელში აღნიშნულია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 25-ე მუხლს, რადგან ეს უკანასკნელი ითვალისწინებს ერთადერთი შეზღუდვის შესაძლებლობას, კერძოდ, წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებას იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია იმართება ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას. ამასთან, აღნიშნული მუხლი წინააღმდეგობაში მოდის ასევე კონსტიტუციის 24-ე მუხლთან, რადგან მანიფესტაციის მიზანი არის გამოხატვის უფლების რეალიზაცია და სადავო ნორმაში მოცემული რეგულირებით იზღუდება გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის შესაძლებლობა.
კოლეგიის განმწესრიგებელ სხდომაზე ლ. ჩხეიძემ მოხსნა 111 მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა. აქვე მან დააზუსტა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 პუნქტების და მე-5 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას სადავოდ ხდის კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, 111 მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას კი - 25-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით. 111 მუხლის მე-3 პუნქტთან დაკავშირებით, ლ. ჩხეიძემ დამატებით აღნიშნა, რომ ამ ნორმაში ხსენებული საშუალებები შეიძლება ხვდებოდნენ გამოხატვის თავისუფლების დაცვის სფეროში, თუმცა არ დაუკონკრეტებია მოთხოვნა სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან შემოწმების თვალსაზრისით.
15. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან დაკავშირებით სარჩელში აღნიშნულია, რომ მსგავსი ფორმით მანიფესტაციის აკრძალვა არ არის უფლების ყველაზე ნაკლებად შემზღუდავი საშუალება და შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის ტესტს. სარჩელში მოყვანილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ოია ატამანი თურქეთის წინააღმდეგ“ სადაც მოსარჩელის მტკიცებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს შემწყნარებლობა იმ შეკრების მიმართ, რომელიც მშვიდობიანია, თუმცა აფერხებს ტრანსპორტის მოძრაობას. სარჩელის მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იდენტურ პოზიციაზე მიუთითებს საქმეები „ბალკიჩი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ“ და „ნურეტტენ ალდემირი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ“.
განმწესრიგებელ სხდომაზე ლ. ჩხეიძემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა მე-13 მუხლის პირველ პუნქთან დაკავშირებით და მოითხოვა მხოლოდ სიტყვების „აგრეთვე 111 მუხლის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში“ არაკონსტიტუციურად ცნობა კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
16. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 61 ნაწილთან და ამავე მუხლის შენიშვნის 21 ნაწილთან დაკავშირებით №482 სარჩელში აღნიშნულია, რომ ეს მუხლი აწესებს შეზღუდვას შეკრების თავისუფლებასთან მიმართებით და კონსტიტუცია არ უშვებს შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს სატრანსპორტო საშუალებათა გამოყენების შეზღუდვის შესაძლებლობას. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააკონკრეტა, რომ აღნიშნული ნორმების კონსტიტუციურობა უნდა შემოწმდეს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და 25-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
17. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის 21 და 22 ნაწილებთან დაკავშირებით, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ ირღვევა როგორც საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 25-ე მუხლები, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები, რადგან არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა მსგავს შეზღუდვას და გადაწონიდა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სიკეთეს. განმწესრიგებელ სხდომაზე, ლ. ჩხეიძემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა 150-ე მუხლის 21 და 22 ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობა კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
18. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სადავო 1741 მუხლთან დაკაშირებით, სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია იმდენად, რამდენადაც ეფუძნება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის გასაჩივრებულ არაკონსტიტუციურ ნორმებს. განმწესრიგებელ სხდომაზე ლ. ჩხეიძემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 1741 მუხლის მე-3 პუნქტთან დაკავშირებით და მოითხოვს აღნიშნული პუნქტის მხოლოდ შემდეგი სიტყვების „შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას... ანდა მისგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე“ არაკონსტიტუციურად ცნობას. ლ. ჩხეიძემ აგრეთვე დააზუსტა რომ 1741 მუხლის სადავო ნორმების კონსტიტუციურობა უნდა შემოწმდეს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
19. სარჩელის თანახმად, გარკვეულ შენობებში და მათგან 20 მეტრის რადიუსში აქციის ჩატარების აკრძალვა არაადეკვატურად და არალეგიტიმურად ზღუდავს შეკრების კონსტიტუციურ უფლებას. მოსარჩელეთა აზრით, თუ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის დანიშნულება ამ მუხლში ჩამოთვლილი დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა იყო, ამ მიზნის მიღწევა უფრო ნაკლები შეზღუდვის დაწესებით შეიძლებოდა. 20-მეტრიანი რადიუსის ფარგლებში მანიფესტაციებისა და შეკრებების ჩატარების აკრძალვით კი, პრაქტიკულად, გამოირიცხა სახელმწიფო დაწესებულებების წინ აქციების ჩატარების შესაძლებლობა. სარჩელის თანახმად, მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ უფლება, პროტესტი გამოხატონ იმ ადგილას და იმ დაწესებულების წინ, სადაც პროტესტის ადრესატები იმყოფებიან.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა კახა კუკავამ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მხოლოდ სიტყვების „და მათი შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე“ არაკონსტიტუციურად ცნობა.
20. მოსარჩელეთა აზრით, არალეგიტიმურია აგრეთვე ხალხის და ტრანსპორტის სამოძრაო ნაწილის ავტომანქანებით და სხვა კონსტრუქციებით გადაკეტვის აკრძალვა. სარჩელის თანახმად, თუ აქციის მონაწილეებს კანონის მოთხოვნათა დაცვით აქვთ ტერიტორია დაკავებული, შესაბამის ტერიტორიაზე ნებისმიერი საგნის განთავსების უფლება უნდა ჰქონდეთ. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ აქციის ტერიტორიაზე კარვის, საკნის და სხვა საგნების განთავსება პროტესტის გამოხატვის საყოველთაოდ მიღებული ფორმებია და მათი აკრძალვა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
21. მოსარჩელეთა აზრით, ქალაქში ან დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვის ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობის აკრძალვა ეწინააღმდეგება სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, რადგან მსგავსი ხერხებით გზის გადაკეტვა პროტესტის გამოხატვის გავრცელებული ფორმაა. ამასთან, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 61 ნაწილი ითვალისწინებს არაპროპორციულად მძიმე პასუხისმგებლობას - ორი წლის ვადით მართვის უფლების ჩამორთმევას მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც პოლიტიკური მოტივაციის გამო ჩადიან სადავო ნორმით გათვალისწინებულ ქმედებას. მოსარჩელე აპელირებს 125-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და ამტკიცებს, რომ ეს უკანასკნელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ავტომანქანების იმგვარი მოძრაობისთვის, რომელიც აფერხებს ან საფრთხეს უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, თუმცა პასუხისმგებლობის სახით, ამ შემთხვევაში, მხოლოდ 10 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრებაა გათვალისწინებული.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე კახა კუკავამ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და აღარ ხდის სადავოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 61 ნაწილის სიტყვების „ორგანიზებულად გზის გადაკეტვა“-ს კონსტიტუციურობას.
22. №483 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ადმინისტრაციულ შენობათა ფასადების და მიმდებარე ტერიტორიის იერსახის შეცვლა წარწერების, ნახატების და სიმბლოების შესრულებით გარკვეულწილად არაეთიკურია, მაგრამ პროტესტის გამოხატვის დროს განსხვავებული აზრის დაფიქსირების საშუალებაა. შესაბამისად, ამის აკრძალვა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევას. სარჩელის თანახმად, ამ ქმედებისთვის ჯარიმის დაწესება 500 ლარის, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში - 1000 ლარის ოდენობით, არ შეესაბამება და არაადეკვატურია ქმედების სიმძიმის ხარისხისა. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის პასუხისმგებლობის სახით 30 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობის დაკისრებასთან დაკავშირებით, სარჩელში აღნიშნულია, რომ მისი ჩამდენი პირები არ არიან ისეთი კრიმინალური ნიშან-თვისებების მატარებლები, რომ მათი საზოგადოებისგან იზოლაცია იყოს საჭირო.
23. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლთან დაკავშირებით, რომელიც ადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სხვადასხვა ზომებს შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზება და ჩატარება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. თუ შეკრება კანონსაწინააღმდეგო ხასიათს მიიღებს, კონსტიტუციით გათვალისწინებულია მისი შეწყვეტის უფლებამოსილება. დამატებით 1000 და 5000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაწესება იმ პირობებში, როდესაც საშუალო შრომის ანაზღაურება საქართველოში 472.5 ლარია, მოსარჩელეთა აზრით, არაადეკვატურია. სარჩელის თანახმად, ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაშიც კი არაპროპორციულია 1741 მუხლის მე-4 ნაწილში გათვალისწინებული დარღვევისთვის 90 დღემდე ვადით პატიმრობის დაკისრება, ვინაიდან მსგავსი სახდელი ისეთ შემთხვევებში გამოიყენება, როგორიცაა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა ან წვრილმანი ხულიგნობა.
განმწესრიგებელ სხდომაზე კ. კუკავამ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 1741 მუხლის ოთხივე ნაწილთან დაკავშირებით და მოითხოვა ამ მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით“, მე-2 ნაწილის სიტყვების „დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით“, მე-3 ნაწილის სიტყვების „პატიმრობას 90 დღემდე ვადით“ და მე-4 ნაწილის სიტყვების „პატიმრობას 90 დღემდე ვადით“ არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით უფლების არაადეკვატური შეზღუდვის საფუძველზე.
24. №487 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი მიუთითებენ, რომ მათ 2009 წლის 23 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის წინ ჩაატარეს მანიფესტაცია, რის გამოც დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. სარჩელში აღნიშნულია, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა როდესაც დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი საქართველოს კონსტიტუციის მე-19, 24-ე და 25-ე მუხლებით გარანტირებული კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობენ. მათი აქტიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, ისინი მუდმივად აწყობენ ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს და სადავო ნორმების საფუძველზე მომავალშიც შეიძლება დაერღვეთ ზემოაღნიშნული კონსტიტუციური უფლებები.
მოსარჩელე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ წესდებიდან გამომდინარე მის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებების პოპულარიზაცია, რის მისაღწევადაც ხშირად ატარებს შეკრებებს უფლებების დაცვის კამპანიის ფარგლებში. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ როდესაც იურიდიული პირის წევრები ან ხელმძღვანელი პირები იურიდიული პირის სახელით და მისი მიზნების მისაღწევად ახორციელებენ სხვადასხვა სახის აქტივობებს, ამ დროს ძირითადი უფლებით შეიძლება სარგებლობდნენ როგორც წევრი ფიზიკური პირები, ისე თავად იურიდიული პირიც. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის მიხედვით, კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, იურიდიულ პირებზეც უნდა გავრცელდეს. როდესაც იურიდიულ პირს ეზღუდება იმ მიზნის მიღწევის საშუალება, რისთვისაც შეიქმნა, მასაც უნდა ჰქონდეს შემზღუდველი ნორმების კონსტიტუციურობის გასაჩივრების შესაძლებლობა. №487 სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმებმა მომავალში შესაძლოა დაარღვიონ უშუალოდ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მე-19, 24-ე და 25-ე მუხლებით გარანტირებული კონსტიტუციური უფლებები.
25. №487 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის სადავო ნორმა არეგულირებს შეკრების ან მანიფესტაციის დროს მონაწილეთა გამოხატვის უფლების შინაარსს. მოსარჩელეთა აზრით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი სპეციალური კონსტიტუციური ნორმაა, რომელიც არეგულირებს შეკრებებისა და მანიფესტაციების ფორმას და არ ეხება თავად ამ შეკრებაზე გამოხატვის ფარგლებს. ეს უკანასკნელი განსაზღვრულია კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლებით. შესაბამისად, სადავო ნორმა უნდა შეფასდეს კონსტიტუციის 25-ე მუხლის ჭრილში, თუმცა კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლებთან კავშირში.
მოსარჩელეები განმარტავენ, რომ კონსტიტუციის მე-19 და 25-ე მუხლები არ უშვებენ მათში განმტკიცებული უფლებების შეზღუდვას ისეთი ლეგიტიმური მიზნების საფუძველზე, როგორიცაა სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა ან ქვეყნის უშიშროება და რომელთა მიღწევასაც შეიძლება ემსახურებოდეს სადავო ნორმა. მხოლოდ კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი ითვალისწინებს აღნიშნული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და შესაბამისად, სადავო ნორმა უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმა არ შეიცავს „ძალადობრივი დამხობის“ ან მყისიერი საფრთხის სტანდარტს და შესაბამისად, იძლევა საშუალებას, უკანონოდ გამოცხადდეს შეკრება, სადაც კეთდება კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისკენ მოწოდებები, თუმცა შეკრება არ ქმნის ამგვარი მოწოდების რეალური განხორციელების მყისიერ საფრთხეს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეების აზრით, ნორმა არათანაზომიერია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
მოსარჩელეები თვლიან, რომ სადავო ნორმა ასევე არ აკმაყოფილებს განსაზღვრულობის მოთხოვნასაც. აღნიშნული პუნქტი აგრეთვე კრძალავს მოწოდებას ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლისკენ, რაც მოსარჩელეების აზრით, წარმოადგენს „სიძულვილის ენას“. ეს უკანასკნელი კი გამოხატვის მომენტიდანვე შეურაცხმყოფელი და საშიშროების მომტანია და შესაბამისად, არ იმსახურებს კონსტიტუციურ დაცვას, თუნდაც არ ქმნიდეს მყისიერი რეალიზების საფრთხეს. ორი განსხვავებული ხასიათის აკრძალვის არსებობა მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში, მოსარჩელეების აზრით, ქმნის პრობლემას. თუ მოხდება მე-2 პუნქტის იმგვარად განმარტება, რომ საჭიროდ ჩაითვლება მყისიერი საფრთხის არსებობა შეკრების ან მანიფესტაციის აკრძალვისთვის, ეს იქნებოდა „სიძულვილის ენის“ აბსოლუტურ აკრძალვასთან შეუთავსებელი, სხვაგვარი განმარტების შემთხვევაში კი მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის სადავო ნორმა იქნება შეუთავსებელი კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტთან.
კოლეგიის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა გიორგი გოცირიძემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა მე-4 მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით და სადავოდ დატოვა მხოლოდ სიტყვები „მოწოდება საქართვლოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლისაკენ“. ამასთან გ. გოცირიძემ მიუთითა, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არ წარმოადგენდა უფლებამოსილ სუბიექტს ამ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში და მოთხოვნის სუბიექტებად დაასახელა დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი.
26. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის სადავო სიტყვებთან დაკავშირებით სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს მხოლოდ უიარაღოდ შეკრების მოთხოვნას და არ ითვალისწინებს ცალკეულ სახელმწიფო დაწესებულებებთან შეკრების შეზღუდვას. სარჩელში აღწერილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სერგეი კუზნეცოვი რუსეთის წინააღმდეგ“ და მასზე დაყრდნობით მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ აუცილებელი და მიღწევადია ბალანსის დადგენა სახელმწიფო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფასა და შეკრების იმგვარად ჩატარების შესაძლებლობას შორის, რომ დემონსტრაციის მონაწილეთა პროტესტი მაქსიმალურად აღქმადი იყოს ადრესატი დაწესებულების თუ თანამდებობის პირისთვის.
სარჩელში მოყვანილია ციტირება ვენეციის კომისიის წევრების ბოგდან აურეშკუს და ფინოლა ფლენეგანის მოსაზრებებიდან იმის ხაზგასმისთვის, რომ სადავო ნორმაში მოცემულია ბლანკეტური და ზოგადი აკრძალვა კონკრეტულ ადგილებში შეკრებებისა და მანიფესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც არ ითვალისწინებს მათი ჩატარების ინდივიდუალურ გარემოებებს და იმას, თუ რამდენად უშლის ხელს მანიფესტაცია თუ შეკრება შესაბამისი დაწესებულებების ნორმალურ ფუნქციონირებას.
27. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას მშვიდობიანი შეკრების ჩატარებისთვის ითვალისწინებს მხოლოდ წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობას. 111 მუხლის სადავო ნორმები კი, მოსარჩელეთა აზრით, გაფრთხილების არსებობის შემთხვევაშიც არ იძლევა ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას შეკრების გამართვის შესაძლებლობას, თუ დემონსტრაციის მონაწილეთა რაოდენობა საშუალებას იძლევა, განთავსდნენ ფეხით მოსიარულეთა სამოძრაო ადგილას. 111 მუხლის სადავო ნორმების მიხედვით, შეკრების თავისუფლების ფარგლები განისაზღვრა მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით, რაც არაკონსტიტუციურია. სარჩელში აღნიშნულია, რომ ადამიანთა ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების ბლოკირება კონკრეტული საკითხისადმი საზოგადოების და ხელისუფლების ყურადღების მიპყრობის საშუალებაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც აქციის მონაწილეთა რაოდენობა შთამბეჭდავი არ არის.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, გაფრთხილების ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დამყარდეს ბალანსი შეკრების თავისუფლებასა და თავისუფალი გადაადგილების ინტერესებს შორის და ხელისუფლების შესაბამისმა ორგანომ უზრუნველყოს ალტერნატიული გზები მოძრაობის მოწესრიგებისთვის. სარჩელში აღნიშნულია, რომ იმგვარი შეკრებების ჩატარების შესაძლებლობა, რომელიც არღვევს ცხოვრების ჩვეულ რიტმს, უსაზღვრო არ არის და დროის ხანგრძლივობით განსაზღვრულ შეზღუდვებს უნდა დაექვემდებაროს, მაგრამ დაუშვებელია უფლების შეზღუდვა აქციის მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით.
კონსტიტუციის მე-7 მუხლზე დაყრდნობით, მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ ძირითადი უფლებები ერთნაირი მოცულობით ხორციელდება როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობისა და ცალკე აღებული ინდივიდების მიერ. შესაბამისად, ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას წინასწარი გაფრთხილებით აქციის ჩატარება შეკრების თავისუფლების ქვეშ დაცული უფლებაა და დაუშვებელია მისი განსაზღვრა დემონსტრანტების რაოდენობის მიხედვით, რადგან ეს შეუსაბამო იქნებოდა პლურალიზმისა და დემოკრატიული საზოგადოებრივი წყობილების კონსტიტუციურ პრინციპებთან.
111 მუხლის სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობისას, მოსარჩელეებს მტკიცებულებად მოჰყავთ ციტირებები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან საქმეებზე „საქართველოს მოქალაქეები მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ზაალ ტყეშელაშვილი, ნინო ტყეშელაშვილი, მაია შარიქაძე, ნინო ბასიშვილი, ვერა ბასიშვილი და ლელა გურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“ აგრეთვე მოსარჩელეები საკუთარ არგუმენტებს ამყარებენ „სომხეთის რესპუბლიკის მიტინგების, შეკრებების, აქციებისა და დემონტრაციების შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონზე“ ვენეციის კომისიის დასკვნის და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წევრის ფინოლა ფლენეგანის მოსაზრების საფუძველზე. სარჩელში მოხსენიებულია აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგი გადაწყვეტილებები შემდეგ საქმეებზე: „ოია ატამანი თურქეთის წინააღმდეგ“, „ბალჩიკი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ“, „ნურეტტინ ალდემირი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ“, „ბარაკო საფრანგეთის წინააღმდეგ“, „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ.“
28. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლთან დაკავშირებით, მოსარჩელეები აპელირებას ახდენენ მისი გამოყენების პრაქტიკაზე და აღნიშნავენ, რომ ამ მუხლით ხდება იმ პირების ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემა, რომლებიც ახორციელებენ მშვიდობიანი შეკრების უფლებას. მტკიცებულებად სარჩელში მოყვანილია საქართველოს სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის და 2008 წლის პირველი ნახევრის საპარლამენტო მოხსენებებიდან სადავო ნორმის გამოყენების სტატისტიკა. აღნიშნული მოხსენებების საფუძველზე მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ 166-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის შედგენისას „სხვა ამგვარი მოქმედების“ ქვეშ პატრული (სასამართლო) გულისმობს „გამომწვევ“ ან „აგრესიულ“ მოქმედებას, რაც დიდწილად ადამიანის ქცევის სუბიექტურ შეფასებას ეფუძნება და არა მოქმედების ობიექტურ ნიშნებს.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ შეკრება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღების მიქცევას, შესაძლოა იყოს გამომწვევიც, აგრესიულიც და შოკისმომგვრელიც. მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელება შეუძლებელია შეძახილების, ხმის გამაძლიერებლების მეშვეობით სლოგანის წარმოთქმისა და შემაწუხებელი ხმაურის გარეშე, რაც 166-ე მუხლში მოცემული სადავო დებულების გამო, ქმნის ამ ქმედებების წვრილმან ხულიგნობად დაკვალიფიცირების შესაძლებლობას.
მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ „სხვა ამგვარი ქმედება“ რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, განუსაზღვრელი ტერმინია და ხელისუფლებას თვითნებობის საშუალებას აძლევს. სასამართლო პრაქტიკაში მოსამართლეები სადავო ნორმის მოქმედების ქვეშ აქცევენ დემონსტრანტთა აგრესიულ, გამომწვევ ქმედებას, რაც არც ძალადობრივი ხასიათისაა, არც ძალადობისკენ მოწოდებას შეიცავს და არც უხამსია თავისი არსით. სადავო ნორმა განუსაზღვრელი ტერმინის გამო ფართო მოქმედებისაა და არ აკმაყოფილებს სამართლებრივი უსაფრთხოების მოთხოვნებს, რის შედეგადაც კონსტიტუციის მე-19 მუხლით, 24-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით და 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სიკეთეებს ადგება ზიანი. მოსარჩელეებს მტკიცებულებად მოჰყავთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ იმის ხაზგასმისთვის, რომ განსხვავება ნორმის შინაარსსა და მისი გამოყენების პრაქტიკას შორის ნორმის კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების აუცილებლობას ქმნის.
29. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა სასამართლოს წინაშე დააყენეს ერთობლივი შუამდგომლობა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის სადავო სიტყვებთან დაკავშირებით, მოსარჩელეთა მოთხოვნა გადაცემოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რადგან დაკავშირებული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ზაალ ტყეშელაშვილი, ნინო ტყეშელაშვილი, მაია შარიქაძე, ნინო ბასიშვილი, ვერა ბასიშვილი და ლელა გურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ სასამართლოს მიერ გამოხატული სამართლებრივი პოზიციის შეცვლასთან.
30. კოლეგიის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა №482 კონსტიტუციურ სარჩელზე, ლევან ჩხეიძემ სასამართლოს აგრეთვე განუმარტა, რატომ უნდა მიჩნეულიყო იურიდიული პირი - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ სადავო ნორმების სუბიექტად, რომლებიც მათი სანქციის - მართვის უფლების ჩამორთმევის (125-ე მუხლის 61 ნაწილი) და ადმინისტრაციული პატიმრობის (1741 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები) გათვალისწინებით, შეიძლება გავრცელებულიყო მხოლოდ ფიზიკურ პირებზე. მისი აზრით, როდესაც ფიზიკური პირები პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობის დავალებით და სახელით მონაწილეობენ პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ ქმედებაში, თუ ამას მოჰყვება სადავო ნორმებით გათვალისწინებული სანქციები ამ პოლიტიკური პარტიის წევრის მიმართ, ამ შემთხვევაში ეს ზიანს მოუტანს თავად პარტიასაც თავისი მიზნების მიღწევასა და კონსტიტუციური უფლებების რეალიზებაში. ლ. ჩხეიძის მტკიცებით, პარტიის მიერ ორგანიზებულ მიტინგში მონაწილეობისას პარტიის წევრის ან მისი მხარდამჭერის უფლების დარღვევა ავტომატურად გულისხმობს პარტიის უფლების დარღვევასაც და ამდენად, პარტია უფლებამოსილია იდავოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე აღნიშნულ ნორმებთან დაკავშირებით.
31. აღნიშნულისგან განსხვავებით, მოსარჩელეებმა №487 კონსტიტუციურ სარჩელზე მიიჩნიეს, რომ იურიდიული პირი - საქართველოს კონსერვატიული პარტია არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 61 ნაწილის სადავო ნორმის, აგრეთვე 1741 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სადავო ნორმების სუბიექტი, რადგან ის ვერ იქნება პასუხისმგებლობის სუბიექტი მართვის უფლების ჩამორთმევის ან ადმინისტრაციული პატიმრობის დროს. შესაბამისად, აღნიშნული ნორმები წარმოადგენს დავის საგანს მხოლოდ მოსარჩელეების - ზვიად ძიძიგურისა და კახა კუკავას სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.
32. №502 სარჩელის მიხედვით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სადავოდ გამხდარი სიტყვები და საქართველოს კანონის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს, ვინაიდან კონსტიტუციის აღნიშნული დებულება ზუსტად განსაზღვრავს პირთა წრეს, რომელთაც არ შეუძლიათ შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობის მიღება, ხოლო სადავო ნორმის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სპეციალური უფლებამოსილების მქონე მოსამსახურეებზე აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება, შესაბამისად, მათ უნდა ჰქონდეთ შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობის უფლება.
33. სარჩელში აღნიშნულია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ პუნქტის და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის სადავო დებულებები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლთან, ვინაიდან შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზება შესაძლებელია მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის მიერ, მაშინ როცა ფიზიკურ პირსაც შეუძლია იყოს ორგანიზატორი. სადავო ნორმის მიხედვით კი, ფიზიკური პირის მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზების შემთხვევაში, მის მიერ შეტანილი გაფრთხილების განხილვაზე შესაძლებელია თვითმმართველობის ორგანომ უარი თქვას იმ მოტივით, რომ გაფრთხილება შეტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ.
34. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს, ვინაიდან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზების უფლების შეზღუდვა წარმოადგენს ამ პირების კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაცულ სფეროში არათანაზომიერ ჩარევას.
35. მოსარჩელე თვლის, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით დაწესებული 5 დღიანი შეტყობინების ვადა გამორიცხავს სპონტანური ხასიათის შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების შესაძლებლობას, რაც ასევე დაცულია კონსტიტუციის 25-ე მუხლით. მოსარჩელე თავის არგუმენტაციას ამყარებს ვენეციის კომისიის დასკვნით, რომელშიც მითითებულია, რომ აღნიშნული დებულება არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს.
36. მოსარჩელის აზრით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები მანიფესტაციის გამართვის ადგილთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს იმდენად, რამდენადაც მსგავსი სახის აკრძალვა წარმოადგენს შეკრებებისა და მანიფესტაციების გამართვის კონსტიტუციური უფლების არაპროპორციული შეზღუდვის საშუალებას. ასევე, მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული არგუმენტაცია ვრცელდება ასევე აღნიშნული კანონის მე-10 მუხლზეც.
37. კონსტიტუციურ სარჩელში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის 25-ე მუხლი არ ითვალისწინებს ისეთ შეზღუდვას, როგორიცაა ტრანსპორტისათვის დაბრკოლების შექმნის აკრძალვა. ამასთანავე, ამავე კანონის 111 მუხლთან დაკავშირებით მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული დებულება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლთან, ვინაიდან იგი გამორიცხავს ნაკლებად მასშტაბური აქციების ჩატარებისთვის გზისა და ტრანსპორტის მოძრაობის ადგილების გადაკეტვას მაშინ, როდესაც მისი აზრით, შესაძლებელია სწორედ გზის გადაკეტვა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისთვის. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან დაკავშირებით, სარჩელში აღნიშნულია, რომ მსგავსი ფორმით მანიფესტაციის აკრძალვა არ არის უფლების ყველაზე ნაკლებად შემზღუდავი საშუალება და შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის ტესტს. ამავდროულად, მოსარჩელე მიუთითებს ვენეციის კომისიის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, თუ შეკრებისა და მანიფესტაციის მიმდინარეობისას კანონდარღვევა არ ატარებს მასობრივ ხასიათს, მაშინ არ უნდა მოხდეს შეკრებისა და მანიფესტაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
38. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის 21 ნაწილთან დაკავშირებით, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ ირღვევა როგორც საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 25-ე მუხლები, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები, რადგან ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულების აკრძალვა, შესაძლოა გარკვეული ლეგიტიმური მიზნის მატარებელი იყოს. თუმცა დასახელებულ ადგილებში წარწერების და ნახატების შესრულება გამოხატვის და, ამ გზით, გზავნილის მიწოდების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს მიზანი, რომელიც პროპორციულობის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ამავე კანონის 1741 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით სარჩელში აღნიშნულია, რომ იგი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლთან, ვინაიდან აღნიშნული დებულება ბუნდოვანია და ცხად პასუხს არ იძლევა, მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან მისგან 20 მეტრის რადიუსში ნებისმიერი შეკრება იკრძალება, თუ მხოლოდ ის, რომლის ადრესატიც მოსამართლეა.
39. №482, №483 და №487 კონსტიტუციურ სარჩელებთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დაადგინა, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობდა განსახილველი საქმეებიდან, განსხვავდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გატაწყვეტილებაში გამოხატული პოზიციისაგან.
შესაბამისად, 2010 წლის 3 ნოემბრის № 1-1/1/482,483,487 განჩინებით, №482, №483 და №487 კონსტიტუციური სარჩელები გააერთიანა ერთ საქმედ და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 211 მუხლის დაყრდნობით, საქმე გადასცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
40. №502 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დაადგინა, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობდა განსახილველი საქმიდან, განსხვავდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში გამოხატული პოზიციისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 211 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, 2010 წლის 5 ნოემბრის №1-1/2/502 განჩინებით, საქმე გადასცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
41. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა, №482, №483, №487 და №502 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2010 წლის 8 ნოემბერს.
II
1. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში გამოხატული სამართლებრივი პოზიციისგან, იგი უფლებამოსილია, საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე, საქმე დასაბუთებული განჩინებით გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ვალდებულია, განიხილოს აღნიშნული საფუძვლით გადაცემული საქმე. შესაბამისად, №482, №483, №487 და №502 კონსტიტუციური სარჩელები მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „მათი შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე“ და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „მისგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე“ კონსტიტუციურობას, განხილულ უნდა იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ.
2. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქმე, რომელიც მოიცავს როგორც პლენუმის, ისე კოლეგიის განსჯად საკითხებს, განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. კანონის აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, ვინაიდან დადგენილია, რომ განსახილველი საქმეები შეიცავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსაჯად საკითხებს, პლენუმი გადაწყვეტს №482, №483, №487 და №502 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს, მათში დაყენებულ ყველა მოთხოვნასთან დაკავშირებით.
3. №502 კონსტიტუციურ სარჩელში სადავო ნორმად მითითებულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი. აღნიშნული ნორმა უკვე იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი.
2002 წლის 5 ნოემბრის №183 გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ზაალ ტყეშელაშვილი, ნინო ტყეშელაშვილი, მაია შარიქაძე, ნინო ბასიშვილი, ვერა ბასიშვილი და ლელა გურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ შეკრებისა და მანიფესატაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ თვითმმართველობის ორგანოში 5 დღით ადრე გაფრთხილების შეტანის ვალდებულება წარმოადგენდა იმ ოპტიმალურ ვადას, რომლის არსებობაც აუცილებელი იყო სახელმწიფოს მხიდან შეკრების სრულფასოვანი ჩატარების გარანტიების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ცნო კონსტიტუციის შესაბამისად.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელისუფლება უფლებამოსილია, დააწესოს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა პირდაპირ არ ითხოვს წინასწარი გაფრთხილების დაწესებას, ის საგანგებოდ და მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს ასეთი უფლებამოსილება გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას სპონტანური საპროტესტო მანიფესტაციის წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შეუფერხებლად ჩატარების უფლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც აქციის მონაწილენი ახორციელებენ ტრანსპორტისა და ხალხის სამოძრაო ადგილის დაკავებას ან მის გადაკეტვას, აფერხებენ მოძრაობას.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებამდე 5 დღით ადრე სავალდებულო გაფრთხილების დადგენისას, ხელისუფლება მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა.
ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ კანონით დადგენილი წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება არაგონივრული იქნება, თუ ის კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხოციელებას არსებითად შეუძლებელს გახდის, თუ დადგენილი რეგულაცია აშკარად არაგონივრულია ან/და არაპროპორციულია მიზნისა, რომლის მისაღწევადაც ის არის შემოღებული. ამ მხრივ საყურადღებოა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი, რომელიც წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებისაგან ათავისუფლებს ცალკეულ მოქალაქეებს, თუ ისინი საკუთარ შეხედულებებს გამოხატავენ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის გარეშე, ტრანსპორტის და ხალხის მოძრაობის შეუფერხებლად.
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციის 24-ე და 25-ე მუხლებთან შესაბამისობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და ამასთან არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, №502 კონსტიტუციური სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
4. №502 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმას წარმოადგენს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი კრძალავს ამავე პუნქტში მითითებულ შენობებში და მათი შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვას. ხოლო აღნიშული პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს დაწესებულებების იმ ტიპს, რომელთა მიმართებითაც მოქმედებს აღნიშნული შეზღუდვა, კერძოდ, შრომის უსაფრთხოების სპეციალური რეჟიმის ან შეიარაღებული დაცვის მქონე საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.
უნდა აღინიშნოს, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ამავე მუხლში და მათ შორის მისი პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შენობების შესავლელებიდან 20 მეტრის რადიუსში შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების ზოგად აკრძალვას აწესებს, მოსარჩელის მიერ სადავოდ არის მიჩნეული. მიუხედავად ამისა, №502 კონსტიტუციური სარჩელის ავტორს აღნიშნული მუხლის „კ“ ქვეპუნქტი დამოუკიდებელი დავის საგნად აქვს მითითებული. შესაბამისად, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტზე, როგორც დამოუკიდებელ დავის საგანზე მსჯელობა, გამოიწვევს არა მარტო აღნიშნულ ქვეპუნქტში მითითებული ორგანიზაციების კუთვნილი შენობების შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში შეკრების ჩატარების აკრძლვის, არამედ, აგრეთვე, უშუალოდ ამ შენობებში შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების აკრძალვის კონსტიტუციურობის შეფასებას.
იმისათვის, რომ კონსტიტუციური სარჩელი მიღებული იქნეს არსებითად განსახილველად, იგი უნდა აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. კერძოდ, მასში მოყვანილი უნდა იქნეს მტკიცებულებები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, დაასაბუთებს სარჩელის საფუძვლიანობას. №502-ე სარჩელში არ არის მოყვანილი მტკიცებულებები, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტში მითითებული ორგანიზაციების კუთვნილ შენობებში შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების აკრძალვამ როგორ შეიძლება გამოიწვიოს პირის კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებული უფლების დარღვევა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის შესახებ დაუსაბუთებელია და არ აკმაყოფილებს სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
5. №502 კონსტიტუციურ სარჩელში სადავო ნორმად მითითებულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. კანონის აღნიშნული ნორმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორს მისცეს რეკომენდაცია აღნიშნული ღონისძიების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხთან მიმართებით.
მოსარჩელე აღნიშნულ ნორმასთან მოცემულ მსჯელობას მთლიანად უკავშირებს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ აკრძალვას. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, განსხვავებით მე-9 მუხლისაგან, გათვალისწინებულია შეკრების ორგანიზატორი პირისათვის რეკომენდაციის მიცემა. აღნიშნული რეკომენდაცია არ უჩენს შეკრების ორგანიზატორს მისი გათვალისწინების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ატარებს აკრძალვით ხასიათს.
მოსარჩელის მსჯელობა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შინაარსობრივი იდენტურობის შესახებ ეფუძნება სადავო ნორმის შინაარსის მცდარ აღქმას. ზემოაღნიშნული ნორმები შინაარსობრივად აბსოლუტურად განსხვავებული რეგულირებების განსაზღვრას ემსახურებიან. შესაბამისად, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან დაკავშირებული არგუმენტაცია არ არის შემხებლობაში მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან.
მცდარია მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მე-9 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, ავტომატურად დაექვემდებარება არაკონსტიტუციურად ცნობას მე-10 მუხლიც. როგორც უკვე აღინიშნა, მე-10 მუხლი, მიუხედავად იმისა, რომ მის ტექსტში არის მითითება მე-9 მუხლზე, ამ უკანასკნელისაგან განსხვავებულ შინაარსს ადგენს, რომლის კონსტიტუციურობის საკითხი დამოუკიდებელი მსჯელობის საგანია.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობის საკითხი უკვე იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი. 2002 წლის 5 ნოემბრის №183 გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ზაალ ტყეშელაშვილი, ნინო ტყეშელაშვილი, მაია შარიქაძე, ნინო ბასიშვილი, ვერა ბასიშვილი და ლელა გურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ „...რაც შეეხება მე-10 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხს, სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს ამ მოთხოვნას, რადგან აღნიშნული მუხლი არ შეიცავს ამ უფლების განხორციელებაზე შეზღუდვას, მას მიაჩნია, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანო უფლებამოსილია, აქციის წარმომადგენლებს მისცეს რეკომენდაცია მისი ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის შესახებ. თავად რეკომენდაციის დატვირთვიდან გამომდინარე, იგი არ ატარებს სავალდებულო ხასიათს შეკრების მსურველთათვის“.
საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციის 25-ე მუხლთან შესაბამისობის საკითხი, უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და, ამასთან, არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი.
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, №502 კონსტიტუციური სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
6. №487-ე კონსტიტუციურ სარჩელში (მოსარჩელე დაჩი ცაგურიას ნაწილში) სადავოდაა გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის სიტყვები „და სხვა ამგვარი მოქმედება“.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი ადგენს წვრილმანი ხულიგნობის განმარტებას. ასეთ ქმედებად აღნიშნული ნორმა განიხილავს საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებისათვის შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ ქმედებას. ნორმის რედაქციიდან ნათლად ჩანს, რომ „სხვა ამგვარ ქმედებაში“ მოიაზრება ქმედება, რომელიც შინაარსობრივად უკავშირდება ნორმაში მოცემულ 2 ფაქტორს - საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებასა და მოქალაქეებისათვის შეურაცხმყოფელ გადაკიდებას. აღნიშნული დებულების ამ ორი მოცემულობიდან მოწყვეტით განხილვა დაუშვებელია.
მოსარჩელე არ თვლის, რომ საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება და მოქალაქეებისათვის შეურაცხმყოფელი გადაკიდება წარმოადგენს კონსტიტუციის მე-19 მუხლის, 24-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების და 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლების შეზღუდვას. მისთვის პრობლემატურია ის გარემოება, რომ გასაჩივრებულ დებულებაში სამართალშემფარდებელმა შესაძლოა მოიაზროს ისეთი ქმედებები, როგორიცაა შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობის დროს პირის მიერ აგრესიული შეძახილების გაჟღერება და მის მიერ ტრანსპორტისათვის დაბრკოლების შექმნა.
მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი სადავო ნორმა განმარტებული იქნეს მსგავსი შინაარსით. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ უკავშირდება სადავო ნორმის მის მიერ შემოთავაზებული ინტერპრეტაციით განმარტებას. არაგონივრულია შეკრებაში და მანიფესტაციაში მონაწილეობის დროს პირის მიერ გზის სავალი ნაწილის ბლოკირება ან სხვა ამგვარი ქმედება სამართალგამომყენებლის მიერ დაკვალიფიცირებულ იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით განსაზღვრულ ქმედებად, მაშინ როცა ამგვარ ღონისძიებაში მონაწილეობის წესები (მათ შორის გზის სავალი ნაწილის დაკავება) სრულად არის მოწესრიგებული ამავე კოდექსის 1741 მუხლით. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის სიტყვების „და სხვა ამგვარი მოქმედება“ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნობის შესახებ, არ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს და №487 კონსტიტუციური სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული.
7. №482 და №483 კონსტიტუციური სარჩელის ავტორები საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შენიშვნის 21 ნაწილს, ხოლო კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 24-ე მუხლთან შეუსაბამოდ - იმავე კანონის 150-ე მუხლის 22 ნაწილს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შენიშვნის 21 ნაწილი ადგენს იმავე მუხლის 61 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას განსაკუთრებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელის ოდენობის განსაზღვრის წესს; 150-ე მუხლის 22 ნაწილი კი - იმავე მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებითი ჩადენის შემთხვევაში სახდელის ოდენობის განსაზღვრის წესს. სადავო ნორმების შინაარსი, მათში მითითებული ნორმებისგან დამოუკიდებლად, მდგომარეობს იმაში, რომ გარკვეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რეციდივის ან განსაკუთრებულ გარემოებებში ჩადენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სახდელის ზომა იქნება უფრო მკაცრი. კონსტიტუციურ სარჩელებში არ არის დასაბუთებული, რომ სადავო ნორმები შეიცავენ კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 24-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 25-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რისკს, რაც ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შენიშვნის 21 ნაწილსა და 150-ე მუხლის 22 ნაწილთან დაკავშირებით მოყვანილი არგუმენტაცია არ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს და №482 და №483 კონსტიტუციური სარჩელები მოთხოვნის ამ ნაწილში არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული.
8. №482 და №483 კონსტიტუციური სარჩელის ავტორებს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 25-ე მუხლებთან შეუსაბამოდ მიაჩნიათ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 61 ნაწილით, ამავე მუხლის შენიშვნის 21 ნაწილით, 150-ე მუხლის 21 და 22 ნაწილებით და 1741 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელის ოდენობები. მათი აზრით, აღნიშნულ ნორმებში მოცემული სახდელის ოდენობები იწვევენ მოსარჩელეთა კონსტიტუციური უფლებების ზედმეტად მკაცრ შეზღუდვას.
უნდა აღინიშნოს, რომ ქმედების სამართალდარღვევად განსაზღვრა, სახდელის დაწესება და მისი სიმძიმის განსაზღვრა სახელმწიფოს (კანონმდებელის) ექსკლუზიური კომპეტენციას წარმოადგენს. კანონმდებელი უფლებამოსილია განსაზღვროს, თუ რა ურთიერთობასთან მიმართებით უნდა იქნეს გამოყენებული ესა თუ ის ადმინისტრაციული სახდელი და რამდენად ეფექტურად უზრუნველყოფს იგი იმ მიზნის მიღწევას, რაც კანონმდებელს სურს.
ადმინისტრაციული სახდელის დაწესებისას კანონმდებლისთვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების ფარგლები განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შეუძლებელია წინასწარ იმის განსაზღვრა, ყოველი კონკრეტული სამართალდამრღვევისთვის სახდელის რა მოცულობითა და ზომით შეფარდება იქნება ადეკვატური. შესაბამისად, კანონმდებლის მიერ დაწესებული ადმინისტრაციული სახდელის ფორმა, მისი სიმკაცრე საშუალებას აძლევს სამართალშემფარდებელს, დაიცვას სამართლიანი ბალანსი სამართალდამრღვევის უფლებების შეზღუდვასა და სხვათა უფლებების დაცვას შორის.
მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული სახდელის ზომის, მოცულობისა და სიმძიმის დადგენისას კანონმდებელი ფართო მიხედულობით სარგებლობს, მისი დისკრეციული უფლებამოსილება არ არის უსაზღვრო. კონკრეტული სახის ადმინისტრაციული სახდელის განსაზღვრისას, კანონმდებელი ვალდებულია, მოქმედებდეს პროპორციულობის პრინციპის დაცვით. კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას.
მართალია, კანონმდებლის ძალისხმევა ყოველთვის მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ მან ადეკვატურად მიუსადაგოს თითოეული ადმინისტრაციული სახდელი იმ ქმედებას, რაც არღვევს სხვათა უფლებებს და ზიანს აყენებს საზოგადოებას, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის ზომა შეფასების საგანი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება გახდეს.
იმისათვის, რომ ადმინისტრაციული სახდელის დამდგენი ნორმა არსებითად განსახილველად იქნეს მიღებული, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახდელის კონკრეტული ზომა არის იმდენად მკაცრი, რომ ის კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევად შეიძლება დაკვალიფიცირდეს. საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინახავს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან ადმინისტრაციული სახდელის მიმართებას, თუ ეს უკანასკნელი კანონმდებლის მიზნის მიღწევისა და კონსტიტუციური უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის აშკარად არაგონივრულ და არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს.
მოცემული დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მიერ სადავოდ მიჩნეული ადმინისტრაციული სახდელები არ შეიძლება განხილული იქნეს მიზნის მიღწევის აშკარად არაგონივრულ და არაპროპორციულ საშუალებად. ამავე დროს, არ არსებობს სხვა გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ სახდელის კონკრეტული ზომა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
9. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი თვლის, რომ №482, №483, №487 და №502 კონსტიტუციური სარჩელების სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენ ნაწილებში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის არც ერთი საფუძველი.
III
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 211 მუხლის პირველი პუნქტით, 212 მუხლის მე-4 პუნქტით, 271-ე მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 43-ე მუხლის 5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №482) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „მათი შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; იმავე კანონის მე-11 მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 111 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების, მეხუთე პუნქტის მე-2 წინადადების, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგი სიტყვების „აგრეთვე 111 მუხლის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით; იმავე კანონის 111 მუხლის მესამე პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 61 ნაწილის სიტყვების „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, ასევე 25-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით; იმავე კანონის 150-ე მუხლის 21 ნაწილის სიტყვების „სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; 1741 მუხლის მესამე ნაწილის სიტყვების „მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას... ანდა მისგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
2. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად „საქართველოს კონსერვატიული პარტიის“ კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №483) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „მათი შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; იმავე კანონის 111 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით; ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 61 ნაწილის სიტყვების „ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, მოსარჩელეების ზვიად ძიძიგურის და კახა კუკავას სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში; იმავე კანონის 150-ე მუხლის 21 ნაწილის სიტყვების „სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, მოქალაქეების დაჩი ცაგურიას და ჯაბა ჯიშკარიანის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №487) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლისაკენ“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან, 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, ასევე 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით მოსარჩელეების დაჩი ცაგურიასა და ჯაბა ჯიშკარიანის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში; მე-9 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „და მათი შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; იმავე კანონის 111 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-3 პუნქტის პირველი წინადადების და მე-5 პუნქტის სიტყვების „მასში მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე სათანადო მდგომარეობის აღდგენისთანავე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მეორე პუნქტებთან მიმართებით.
4. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №502) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სპეციალური უფლებამოსილების მქონე მოსამსახურეებზე“, მე-3 მუხლის „გ“ პუნქტის და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „პოლიტიკური პარტია, გაერთიანება, საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი“, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები“, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „და მათი შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე“, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 111 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-3 პუნქტის პირველი წინადადების, მე-5 პუნქტის სიტყვების „შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე“, მე-5 პუნქტის სიტყვის „აუცილებლობის“ და ამავე პუნქტის სიტყვების „მასში მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე“, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „აგრეთვე მე-111 მუხლის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში“, რომელიც გრძელდება სიტყვით „დაუყოვნებლივ“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლთან მიმართებით; ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან“ და ამავე პუნქტის სიტყვების „ანდა მისგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლთან მიმართებით; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის 21 ნაწილის სიტყვების „აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 25-ე მუხლებთან მიმართებით; გ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
5. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №482) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 61 ნაწილის სიტყვების „გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 2 წლის ვადით“, 125-ე მუხლის შენიშვნის 21 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 25-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით; იმავე კანონის 150-ე მუხლის 21 ნაწილის სიტყვების „გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით“ 150-ე მუხლის 21 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; 1741 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
6. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს კონსერვატიული პარტიის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №483) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 61 ნაწილის სიტყვების „გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 2 წლის ვადით“ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; 150-ე მუხლის 21 ნაწილის სიტყვების „გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით“, 150-ე მუხლის 22 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით; 1741 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით“, მე-2 ნაწილის სიტყვების „დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით“, მე-3 ნაწილის სიტყვების „პატიმრობას 90 დღემდე ვადით“ და მე-4 ნაწილის სიტყვების „პატიმრობას 90 დღემდე ვადით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
7. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, მოქალაქეების დაჩი ცაგურიას და ჯაბა ჯიშკარიანის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №487) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის სიტყვების „სხვა ამგვარი მოქმედება“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან, 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით მოსარჩელე დაჩი ცაგურიას სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.
8. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №502) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლთან მიმართებით.
9. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
10. №482, №483, №487 და №502 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ.
11. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართვლოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
12. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
13. საოქმო ჩანაწერის ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
ჯონი ხეცურიანი