საქართველოს მოქალაქე ია დარსაველიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | №2/1/479 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, |
თარიღი | 22 მარტი 2010 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე _ სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა _ წევრი;
ლალი ფაფიაშვილი _ წევრი;
ჯონი ხეცურიანი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ია დარსაველიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2009 წლის 10 ივლისს 479-ე ნომრით დარეგისტრირდა საქართველოს მოქალაქე ია დარსაველიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2009 წლის 17 ივლისის რეზოლუციით №479 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას.
2. სადავო ნორმა, საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილი, შემდეგი შინაარსისაა: „შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც, მაგრამ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან არა უმეტეს 3 წლის განმავლობაში.“
3. მოსარჩელე პროფესიით ექიმ-დერმატოლოგია. 2006 წლიდან ის მუშაობდა კლინიკა „მედი“-ში. 2007 წლის 6 თებერვალს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის 3.2.7 პუნქტში გათვალისწინებული იყო საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაწესებული შეზღუდვა. 2009 წლის 20 მარტს ია დარსაველიძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის დროისათვის იგი მუშაობდა შპს „ესთეტიკ-სერვის“-ში. 2009 წლის 25 მარტს კლინიკა „მედი“-ს ადმინისტრაციამ წერილით მიმართა ია დარსაველიძეს. ადმინისტრაციამ მიუთითა შრომითი ხელშეკრულების 3.2.7 პუნქტზე და დაიტოვა უფლება, რომ გამოეყენებინა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. მოგვიანებით, კლინიკა „მედი“-მ სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და მოითხოვა ია დარსაველიძისათვის მუშაობის აკრძალვა.
4. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს და არღვევს შრომის კონსტიტუციურ უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შრომა თავისუფალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და ყველას შეუძლია მისი შეუზღუდავი განხორციელება. მოსარჩელის აზრით, შრომის თავისუფლება არავის არ უნდა შეეზღუდოს. უფრო მეტიც, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას ყველა ადამიანის შრომის უფლება.
5. მოსარჩელე, თავისი პოზიციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ და „ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. გადაწყვეტილებიდან „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ მოსარჩელეს, სხვა ციტატებთან ერთად, მოჰყავს ამონარიდი, რომლის თანახმად, „კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება... დაცული იყო უმუშევრობისაგან და ისეთი რეგულირებისაგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას“. მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმა ცალსახად აძლევს დამსაქმებელს თვითნებობის და უსამართლო მოქმედების შესაძლებლობას. ამდენად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს.
6. გადაწყვეტილებიდან „ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მოსარჩელეს, სხვებთან ერთად, მოჰყავს შემდეგი ციტატა: „შრომა თავისუფალია ნიშნავს აგრეთვე იმას, რომ სახელმწიფო უკვე აღარ იღებს მოქალაქეთა შრომითი დასაქმების ვალდებულებას. მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ უარი თქვას უკვე დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებების დაცვაზე. ე.ი. სახელმწიფო უარს ამბობს მოქალაქეთა შრომითი დასაქმების ვალდებულებაზე, მაგრამ კისრულობს ვალდებულებას, დაიცვას დასაქმებულ მოქალაქეთა შრომითი უფლებები.“ მოსარჩელის აზრით, სადავო აქტით არათუ დაცული, არამედ სრულიად იგნორირებულია დასაქმებულის შრომითი უფლებები.
7. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის და მე-16 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე მოითხოვს: 1) კონსტიტუციური სარჩელის მიღებას და განხილვას; 2) საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებაში; 3) სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
8. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ №479 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე 2009 წლის 8 დეკემბერს.
II
1. მოსარჩელე მოითხოვს, რომ “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩეროს სადავო ნორმის მოქმედება. კოლეგიისათვის არ იქნა წარდგენილი რაიმე არგუმენტი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ სადავო ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები მოსარჩელე მხარისათვის. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №479 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების თვალსაზრისით, აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
ხელმძღვანელობს რა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით და მე-18 მუხლის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. მიღებული იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №479 (საქართველოს მოქალაქე ია დარსაველიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), რომელიც შეეხება საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა სადავო აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
ჯონი ხეცურიანი