საქართველოს მოქალაქე ია დარსაველიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/4/479 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, |
თარიღი | 18 მარტი 2011 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
ჯონი ხეცურიანი _ წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ია დარსაველიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №479) მომართა საქართველოს მოქალაქე ია დარსაველიძემ. №479 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2009 წლის 17 ივლისს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2010 წლის 22 მარტის №2/1/479 საოქმო ჩანაწერით, №479 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად
2. სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
3. სადავო ნორმა არის საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც შემდეგი შინაარსისაა: “შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც, მაგრამ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან არა უმეტეს 3 წლის განმავლობაში”.
4. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე პროფესიით ექიმ-დერმატოლოგია და 2006 წლიდან ის მუშაობდა კლინიკაში “მედი”. 2007 წლის 6 თებერვალს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის 3.2.7 პუნქტში გათვალისწინებული იყო საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაწესებული შეზღუდვა. 2009 წლის 20 მარტს ია დარსაველიძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის დროისათვის იგი მუშაობდა შპს “ესთეტიკ-სერვისში”. 2009 წლის 25 მარტს კლინიკა “მედის” ადმინისტრაციამ წერილით მიმართა ია დარსაველიძეს. ადმინისტრაციამ მიუთითა შრომითი ხელშეკრულების 3.2.7 პუნქტზე და დაიტოვა უფლება, რომ გამოეყენებინა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. მოგვიანებით, კლინიკა “მედიმ” სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და მოითხოვა ია დარსაველიძისათვის მუშაობის აკრძალვა.
5. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს და არღვევს შრომის კონსტიტუციურ უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შრომა თავისუფალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და ყველას შეუძლია მისი შეუზღუდავი განხორციელება. მოსარჩელის აზრით, შრომის თავისუფლება არავის არ უნდა შეეზღუდოს. უფრო მეტიც, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას ყველა ადამიანის შრომის უფლება.
6. მოსარჩელე, თავისი პოზიციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე “საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ” და “ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”. გადაწყვეტილებიდან “საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ” მოსარჩელეს, სხვა ციტატებთან ერთად, მოჰყავს ამონარიდი, რომლის თანახმად, “კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება... დაცული იყო უმუშევრობისაგან და ისეთი რეგულირებისაგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას”. მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმა ცალსახად აძლევს დამსაქმებელს თვითნებობის და უსამართლო მოქმედების შესაძლებლობას. ამდენად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს.
7. გადაწყვეტილებიდან “ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” მოსარჩელეს, სხვებთან ერთად, მოჰყავს შემდეგი ციტატა: “შრომა თავისუფალია ნიშნავს აგრეთვე იმას, რომ სახელმწიფო უკვე აღარ იღებს მოქალაქეთა შრომითი დასაქმების ვალდებულებას. მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ უარი თქვას უკვე დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებების დაცვაზე. ე.ი. სახელმწიფო უარს ამბობს მოქალაქეთა შრომითი დასაქმების ვალდებულებაზე, მაგრამ კისრულობს ვალდებულებას, დაიცვას დასაქმებულ მოქალაქეთა შრომითი უფლებები”. მოსარჩელის აზრით, სადავო აქტით არათუ დაცული, არამედ სრულიად იგნორირებულია დასაქმებულის შრომითი უფლებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებაში.
II
1. №479 კონსტიტუციურ სარჩელში სადავო სამართლებრივ აქტად მითითებულია 2006 წლის 25 მაისის საქართველოს კანონის “საქართველოს შრომის კოდექსის” 46-ე მუხლის მე-3 ნაწილი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების დროს სადავო ნორმები ძალაში იყო და მოქმედებდა.
2010 წლის 17 დეკემბრის საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს შრომის კოდექსის” საფუძველზე, საქართველოს კანონი “საქართველოს შრომის კოდექსი”, მათ შორის სადავო ნორმაც ძალადაკარგულად გამოცხადდა. შესაბამისად, საქმის არსებითად განხილვის დროისთვის, სადავო ნორმა გაუქმებულია და ძალა აქვს დაკარგული.
2. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა ძალადაკარგულია. ამასთან, არ არსებობს საქმის განხილვის გაგრძელების “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით და შეწყვიტოს საქმე №479 კონსტიტუციურ სარჩელზე.
III
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. შეწყდეს საქმე №479 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქე ია დარსაველიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
ჯონი ხეცურიანი