საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/2/416 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, |
თარიღი | 29 მაისი 2007 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე -სხდომის თავმჯდომარე
ოთარ სიჭინავა - წევრი
ჯონი ხეცურიანი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის 51 ნაწილის -“თუ მსჯავრდებული არასრულწლოვანი და გადახდისუუნაროა, სასამართლო მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდას აკისრებს მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს.“ -კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი ბათარ ჩანქსელიანი
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 16 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №416) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი, „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი, აგრეთვე ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მოითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის 51 ნაწილის შესაბამისობის დადგენას „სასჯელის ინდივიდუალიზაციის“ პრინციპთან, რომელიც, მოსარჩელის აზრით, მართალია საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ არ არის დეკლარირებული, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის თანახმად, გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, №416 კონსტიტუციური სარჩელი წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ, რომელმაც კონსტიტუციური სარჩელისა და 2007 წლის 15 მაისის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელისა და კონსტიტუციურ სარჩელში მოპასუხედ დასახელებული საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების განმარტების საფუძველზე გამოარკვია №416 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებები.
3. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო აქტის თანახმად, თუ არასრულწლოვანი მსჯავრდებული გადახდისუუნაროა, მის ნაცვლად ჯარიმის გადახდა შეიძლება დაეკისროს მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ჯარიმა წარმოადგენს სასჯელის სახეს, რაც შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად.
სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია უდანაშაულობის პრეზუმპცია: „ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“. მოსარჩელე სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართალში პირი დამნაშავედ შეიძლება შეიძლება იქნეს ცნობილი მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთან, სასამართლო, გადაწყვეტილების მიღებისას, აუცილებლად აფასებს, თუ რა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა პირმა, მოქმედებდა თუ არა იგი ბრალეულად და შესაბამისად გამოაქვს განაჩენიც. სახალხო დამცველის განცხადებით, სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ პირის მიმართ, ვინც ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ბრალეულად -აღნიშნული კი, სისხლის სამართალში ცნობილია, როგორც სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განცხადებით, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე თვლის, რომ სასჯელმა ზეგავლენა უნდა იქონიოს უშუალოდ დამნაშავეზე და სასჯელით სხვა პირი არ უნდა დაზარალდეს. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ჯარიმის გადახდის მშობელზე, მეურვესა და მზრუნველზე დაკისრება ვერანაირად ვერ აღადგენს სამართლიანობას, იგი არც ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს და არც დამნაშავის რესოციალიზაციას გამოიწვევს. პირიქით, დაისჯება სხვა პირი, რაც, მოსარჩელის აზრით, ეწინააღმდეგება სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპს.
საქართველოს სახალხო დამცველი, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ მართალია საქართველოს კონსტიტუციაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი დეკლარირებული არ არის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“.
იმ გარემოების გასამყარებლად, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი მართლაც გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებიდან, მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 21 ივლისის №1/51 გადაწყვეტილებაზე. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განცხადების თანახმად, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ „სასჯელის ინდივიდუალიზაცია“ ერთ-ერთ ძირითად პრინციპად მიიჩნია, რის გამოც, მოსარჩელის აზრით, იგი უნდა გამომდინარეობდეს საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
კონსტიტუციურ სარჩელში დამატებით მტკიცებულებებად მოყვანილია ევროპის რიგი სახელმწიფოების სისხლის სამართლის კანონმდებლობის დებულებები, რომლებითაც პირდაპირ აღიარებულია სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი. გარდა ამისა, მოსარჩელე მიუთითებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ევროკავშირის სასამართლოსა და გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სარჩელის ავტორის აზრით ადასტურებენ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას.
2007 წლის 15 მაისის განმწესრიგებელ სხდომაზე საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა. მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის შესაბამისად, „სასჯელის ინდივიდუალიზაციის“ პრინციპი, მართალია პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციაში, მაგრამ, მისი აზრით, იგი გამომდინარეობს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტისა და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების შინაარსიდან და ამ ნორმების დებულებებით აღიარებული პრინციპებიდან. საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული ნორმების გათვალისწინებით, მოსარჩელემ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დააყენა სადავო მუხლის კონსტიტუციურობის საკითხი, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
4. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას, ვინაიდან, მისი აზრით, ამან შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი იქონიოს იმ პირებისათვის, ვის მიმართაც მოხდება სადავო ნორმის გამოყენება. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი, მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს ის იურიდიული მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა სადავო ნორმით უკვე დარღვეული უფლებების აღდგენას.
5. 2007 წლის 15 მაისის განმწესრიგებელ სასამართლო სხდომაზე მოწვეული საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, მართალია, კონსტიტუციის 39-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, მაგრამ მისი აზრით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ამგვარი უფლება და გარანტია გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის 39-ე მუხლს სულ სხვა დატვირთვა გააჩნია. კერძოდ, მის მიზანს, მოპასუხის განცხადებით, არ წარმოადგენს ადამიანის ყველა არსებული უფლებისა და თავისუფლების კონსტიტუციით დეკლარირება. მოპასუხის წარმომადგენლის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მოისურვებს რომელიმე, საქართველოს კონსტიტუციაში გაუთვალისწინებელი უფლების აღიარებას, ამაში მას ხელი არ უნდა შეეშალოს იმით, რომ ეს უფლება არ იყო კონსტიტუციით პირდაპირ დეკლარირებული. მოპასუხე თვლის, რომ სწორედ ეს მოიაზრა კანონმდებელმა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე მიიჩნევს, რომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად, ვინაიდან მასში აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილი არ არის საქართველოს კონსტიტუციით.
II
1. სასამართლო კოლეგია ვერ დაეთანხმება მოპასუხის განცხადებას იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციური სარჩელი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული. საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონსტიტუციურ დებულებაში მოიაზრება ზუსტად ის უფლებები, რომლებიც, მართალია არაპირდაპირ, მაგრამ მაინც გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან, რაც მათ კონსტიტუციურ გადაწყვეტად, ერთგვარ მოწესრიგებად უნდა მივიჩნიოთ. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ, ამავე დროს მოსარჩელემ განმწესრიგებელ სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და დაასახელა კონსტიტუციის ის დებულებები, რომელთა შინაარსიდანაც, მისი აზრით, გამომდინარეობს და, შესაბამისად აღიარებულია „სასჯელის ინდივიდუალიზაციის“ პრინციპი. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნულ დებულებებთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, კონვენციის საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტისა და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების ანალოგიური შინაარსის დებულებები საკმაოდ ფართოდ იქნა განმარტებული და მათში ევროპულმა სასამართლომ, ასევე მოიაზრა „სასჯელის ინდივიდუალიზაციის“ პრინციპიც. ამრიგად, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ მოიყვანა ის მტკიცებულებები, რომლებიც ასაბუთებენ სადავო ნორმის მიმართებას კონსტიტუციის შესაბამის დებულებებთან, რაც საკმარისია სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია თვლის, რომ №416 კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის არცერთი საფუძველი.
2. რაც შეეხება, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების მოთხოვნას, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ იგი არ უდნა დაკმაყოფილდეს. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, ამ ნორმის საფუძველზე დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობას.
III
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 22-ე მუხლის საფუძველზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებული იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №416 (საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის 51 ნაწილის შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან, მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან.
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელეს მოთხოვნა სადავო აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ჯონი ხეცურიანი