საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N3/2/416 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ჯონი ხეცურიანი, ვახტანგ გვარამია, გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, |
თარიღი | 11 ივლისი 2011 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ვახტანგ გვარამია _ წევრი;
ქეთევან ერემაძე _ წევრი;
კონსტანტინე ვარძელაშვილი _ წევრი;
ზაზა თავაძე _ წევრი;
მაია კოპალეიშვილი _ წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
ჯონი ხეცურიანი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის 5¹ ნაწილის „თუ მსჯავრდებული არასრულწლოვანი და გადახდისუუნაროა, სასამართლო მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდას აკისრებს მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან, მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის - საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი თამარ ჭარბაძე; მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ზურაბ დეკანოიძე და თამარ ხინთიბიძე; სპეციალისტი _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ოთარ კახიძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. 2007 წლის 16 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №416) მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2007 წლის 29 მაისის №2/2/416 საოქმო ჩანაწერით საქმე არსებითად განსახილველად იქნა მიღებული.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2009 წლის 15 სექტემბერს საქმეზე ჩაატარა არსებითი განხილვა. მეორე კოლეგიამ მიიჩნია, რომ განსახილველი საქმე წარმოშობს კონსტიტუციის განმარტების იშვიათ და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის თანახმად, 2010 წლის 13 ივლისს კოლეგიამ განჩინებით საქმე გადასცა პლენუმს.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საქმის არსებითად განსახილველად მიღების მიზნით, მიიღო შესაბამისი საოქმო ჩანაწერი 2010 წლის 30 ივნისს. საქმის არსებითი განხილვის სხდომები გაიმართა 2010 წლის 15 და 16 სექტემბერს.
4. №416 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი, აგრეთვე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე - სახალხო დამცველი მოითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის 5¹ ნაწილის შესაბამისობის დადგენას „სასჯელის ინდივიდუალიზაციის“ პრინციპთან მიმართებით, რომელიც, მისი აზრით, მართალია, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის დეკლარირებული, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის თანახმად, გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. აღნიშნული გარემოების გასამყარებლად მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 21 ივლისის №1/51 გადაწყვეტილებაზე. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ „სასჯელის ინდივიდუალიზაცია“ ერთ-ერთ ძირითად პრინციპად მიიჩნია. მოსარჩელის აზრით, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია აყალიბებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მაღალ სტანდარტს, შესაბამისად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიც გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
6. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართალში პირი დამნაშავედ შეიძლება იქნეს ცნობილი მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებლად აფასებს, თუ რა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა პირმა, მოქმედებდა თუ არა იგი ბრალეულად და, შესაბამისად, გამოაქვს განაჩენიც. სახალხო დამცველის განცხადებით, სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ პირის მიმართ, ვინც ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება. სადავო ნორმის თანახმად კი, სასჯელის დაკისრება ხდება არა იმ პირის მიმართ, ვინც იქნა დამნაშავედ ცნობილი, არამედ მისი კანონიერი წარმომადგენლის მიმართ. სწორედ აღნიშნული არღვევს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპს.
7. კონსტიტუციურ სარჩელში დამატებით მტკიცებულებად მოყვანილია ევროპის რიგი სახელმწიფოების სისხლის სამართლის კანონმდებლობის დებულებები, რომლებითაც, მოსარჩელის აზრით, პირდაპირ აღიარებულია სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი. გარდა ამისა, მოსარჩელე მიუთითებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ევროკავშირის სასამართლოსა და გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც, კონსტიტუციური სარჩელის ავტორის აზრით, ადასტურებენ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას.
8. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ჯარიმა, რომელიც სისხლის სამართლის მიზნებისათვის სასჯელს - სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახეს წარმოადგენს, ეკისრება გადახდისუუნარო არასრულწლოვანის მშობელს (მეურვეს, მზრუნველს), ანუ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება გადახდისუუნარო არასრულწლოვნის მშობელს (მეურვეს, მზრუნველს), მაშინ როდესაც სახეზე არ გვაქვს მათი ბრალეული ქმედება. აღნიშნულით კი სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებაში განმტკიცებულ მოთხოვნას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მშობელს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა (ჯარიმა) ეკისრება დანაშაულის ჩადენისა და გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე მხოლოდ იმიტომ, რომ მის არასრულწლოვან შვილს დამოუკიდებელი შემოსავალი არ გააჩნია. რაც, მოსარჩელის აზრით, გულისხმობს სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამით კი სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტს. სახალხო დამცველის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლიდან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადებიდან გამომდინარეობს პრინციპი, რომლის მიხედვითაც, არავის შეიძლება შეეფარდოს სასჯელი, თუ მისი ბრალი არ არის განსაზღვრული კონკრეტულ ქმედებაში. ხოლო სადავო ნორმით კი მშობელს (მეურვეს, მზრუნველს), რომელსაც სასჯელი ეკისრება, არც მართლსაწინააღმდეგო ქმედება აქვს ჩადენილი და არც მსჯავრდებულად არის გამოცხადებული.
9. საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა თამარ ჭარბაძემ თავის ახსნა-განმარტებაში კიდევ ერთხელ დაადასტურა და განმარტა, რომ სადავო ნორმით ადგილი აქვს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის დარღვევას, რომელიც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლით.
10. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი განმარტავს, რომ, ვინაიდან სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპს, ისევე როგორც ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის დაუშვებლობის პრინციპს, საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ არ ითვალისწინებს, ისინი თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის ზოგადი ბუნებიდან. სწორედ კონსტიტუციით აღიარებულ ნორმა-პრინციპებზე ყურადღების გამახვილებას და, ასევე, დამატებით არგუმენტაციის გამყარებას ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის გამოყენება.
11. თამარ ჭარბაძის მტკიცებით, სადავო ნორმით შეუძლებელია იმ მიზნის მიღწევა, რასაც ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
12. მოსარჩელის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნები ყველაზე ეფექტურად უშუალოდ მსჯავრდებულზე ზემოქმედებით მიიღწევა. ხოლო იმ პირობებში, როცა ჯარიმას არასრულწლოვანის ნაცვლად მისი მშობელი იხდის, მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედების ხარისხი დაბალია. მეორე მხრივ, მისი აზრით, ჯარიმამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ოჯახის სხვა წევრების მდგომარეობაზე.
13. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ სასჯელი წარმოადგენს კანონის დაცვით გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ლოგიკურ და სამართლებრივ გაგრძელებას. კონკრეტულ შემთხვევაში კი ჯარიმა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისთვის სასჯელს წარმოადგენს, მშობელს ეკისრება დანაშაულის და გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე მხოლოდ იმიტომ, რომ მის არასრულწლოვან შვილს დამოუკიდებელი შემოსავალი არ გააჩნია. შესაბამისად, სახეზეა მშობლისათვის ჯარიმის დაკისრება ქმედების მიუხედავად, ვინაიდან მშობლის მიერ შვილის მიმართ მოვალეობების შეუსრულებლობა, რამაც დანაშაულის ჩადენა გამოიწვია, მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი არაა.
14. თამარ ჭარბაძემ საქმის განხილვისას განაცხადა, რომ იგი პრინციპულ სხვაობას ვერ ხედავს ჯარიმის დაკისრებასა და დაკისრებული ჯარიმის აღსრულებას შორის, ვინაიდან ჯარიმა, როგორც ქონებრივი სანქცია, მძიმე ტვირთად აწვება არა იმ არასრულწლოვანს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, არამედ მის მშობელს, რომელსაც მისი გადახდა ეკისრება.
15. თამარ ჭარბაძე აღნიშნავს, რომ კანონმდებლობაში დაკონკრეტებული არ არის ჯარიმის გადახდის დაკისრება რა სახის ვალდებულებას შეიძლება წარმოადგენდეს. მისი აზრით, ჯარიმის გადახდა, რომელიც მშობელს ეკისრება, კანონისმიერი ვალდებულებაა, რომლის შეუსრულებლობაც პასუხისმგებლობას იწვევს და სადავო ნორმით ადგილი აქვს წმინდა სისხლისსამართლებრივ ვალდებულებას, რომელსაც სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, კონსტიტუციური საფუძველი არ გააჩნია.
16. მოსარჩელის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ კანონმდებლობა ნათლად არ არეგულირებს ისეთ შემთხვევას, როდესაც მშობელი არ ან ვერ იხდის მისი არასრულწლოვანი შვილისთვის დაკისრებულ ჯარიმას. მშობელი არ არის მსჯავრდებული, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილის გამოყენება შეიძლება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა. შესაბამისად, არსებობს თეორიული შანსი, რომ ეს ნორმა იქნება მშობლის მიმართ გამოყენებული, ვინაიდან მშობელი არ არის მსჯავრდებული, რომლის მიმართაც სასჯელი შეიცვლება. მსგავსი პრობლემის წინაშე დადგომას გამორიცხავდა სისხლის სამართლის კოდექსის 83-ე მუხლის პირვანდელი რედაქცია, რომლის თანახმადაც, არასრულწლოვანს მხოლოდ დამოუკიდებელი შემოსავლის (ან სხვა ქონების) არსებობის შემთხვევაში შეეფარდებოდა ჯარიმა.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის წარმომადგენელი მოითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის 5¹ ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან, მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
18. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან მოსარჩელის მოთხოვნას სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. მოპასუხის წარმომადგენელმა ახსნა-განმარტებაში განაცხადა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა სამართლებრივ კატეგორიად შეიძლება დაკვალიფიცირდეს სადავო ნორმით გაწერილი მშობლის ვალდებულება, გადაიხადოს არასრულწლოვანი შვილისათვის დაკისრებული ჯარიმა. ასევე, არღვევს თუ არა მშობლისთვის ჯარიმის დაკისრება სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპს.
19. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასჯელის სუბიექტი არის არასრულწლოვანი მსჯავრდებული, რომლის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, მოპასუხის წარმომადგენლის აზრით, სისხლისსამართლებრივი სასჯელის, ჯარიმის დაკისრება ხდება მხოლოდ მის მიმართ. კანონმდებელს მშობელი არ შეჰყავს სისხლისსამართლებრივ ურთიერთობაში. სისხლისსამართლებრივი წესით პასუხისმგებელი პირი რჩება არასრულწლოვანი.
20. მოპასუხის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდაზე მშობლის დავალდებულება არ შეიძლება განხილული იქნეს მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომის, სასჯელის დაკისრებად, ვინაიდან მშობლის მიმართ არ ხდება სისხლისსამართლებრივი სასჯელის შეფარდება. იგი პროცესის არც ერთ ეტაპზე არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის სუბიექტი და არც გამამტყუნებელი განაჩენი დგება მის მიმართ. მოპასუხე მხარე სადავო ნორმით დაკისრებულ ვალდებულებას განიხილავს მშობლის ვალდებულებად, რომელიც დაკავშირებულია შვილის ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობასთან. მოპასუხის აზრით, სადავო ნორმით გათვალისწინებული მშობლის ვალდებულება უკავშირდება ჯარიმის, როგორც ფულადი გადასახდელის ბუნებას.
21. მოპასუხის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა არის ფულადი სანქცია, რომელსაც გააჩნია ორმაგი ბუნება. პირველ რიგში, ჯარიმის მეშვეობით ხორციელდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასრულწლოვანზე. კერძოდ, სახელმწიფო გამოხატავს მკვეთრად უარყოფით პოზიციას არასრულწლოვანის ქმედებისათვის. ასევე, ამ ჯარიმას ფსიქოლოგიურად დიდი მნიშვნელობა აქვს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიმართ, ვინაიდან მისი ქმედებიდან წარმოიშობა გარკვეული სახის ფულადი ვალდებულებები. ამასთან, ჯარიმას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, აქვს გარკვეული ფულადი გამოხატულება, რომლის აღსრულებაც ხდება სამართლის სხვა დარგებისათვის დადგენილი აბსოლუტურად იდენტური წესით.
22. მოპასუხე მხარე, თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად, პარალელს ავლებს სამართლის სხვა დარგების საკანონმდებლო აქტებში არსებულ რეგულირებებთან. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 994-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, მშობელს ეკისრება პასუხისმგებლობა შვილის იმ ფინანსური ვალდებულებებისათვის, რომლის შესრულებასაც თავად ვერ ახერხებს.
23. ასევე, მოპასუხე იშველიებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, რომელიც, მისი აზრით, სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის 51 ნაწილის მსგავსი რეგულაციაა და ადგენს მშობლის ვალდებულებას, გადაიხადოს შვილის მიმართ შეფარდებული ჯარიმა, მაშინ როდესაც მშობლის ქმედება არ არის მიჩნეული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და არ ხდება მასზე ადმინისტრაციული სახდელის დადება. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ წვრილმანი ხულიგნობის ჩამდენ თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის პირებს არა აქვთ დამოუკიდებელი შემოსავალი, ჯარიმა გადაეხდევინებათ მშობლებს ან მათ შემცვლელ პირებს.
24. მოპასუხე მხარის განმარტებით, მშობლის ვალდებულების სამართლებრივი ბუნება უკავშირდება არა სამართლის კონკრეტულ დარგებს, არამედ მის სტატუსს, მასსა და შვილს შორის არსებულ სამართლებრივ ვალდებულებას, ვინაიდან, მისი აზრით, ზემოთ დასახელებულ მუხლებსა და სადავო ნორმაში დადგენილ წესს გასდევს ერთი ლაიტმოტივი, შვილის შეუსრულებელ ფინანსურ ვალდებულებებს ასრულებს მშობელი. სამივე შემთხვევაში მშობლის ვალდებულების სიმძიმე ერთნაირია, მას უწევს იმ ვალდებულების შესრულება, რომლის წარმოშობაშიც მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, შეუძლებელია მოხდეს აღნიშნული წესების განხილვა ერთმანეთისგან განსხვავებულად და მათი დაკვალიფიცირება განსხვავებული სამართლებრივი ხასიათის პასუხიმგებლობებად.
25. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი შვილის ფინანსური ვალდებულების მშობლის მიერ შესრულება ვერ გაუთანაბრდება სისხლისსამართლებრივ სასჯელს, ვინაიდან მას არ გააჩნია პირადი ხასიათი. პირადი ხასიათის სასჯელის შემთხვევაში წარმოუდგენელია მასზე დაკისრებული სასჯელის სხვა პირის მიერ შესრულება. შესაბამისად, ფინანსური სანქციის შემთხვევაში ასეთი რამ მიღებულია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჯარიმის, როგორც სანქციის უნივერსალურ და კომპენსირებად ხასიათს.
26. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სადავო ნორმის ჩანაწერის შემოღებით, კანონმდებელს არ მოუხდენია მშობლისათვის რაიმე ახალი ვალდებულების დაწესება, არამედ აქ სახეზეა მშობელთა, მეურვეთა, მზრუნველთა ტრადიციული მოვალეობის ინკორპორირება სისხლის სამართლის კოდექსში. მისი განმარტებით, კანონმდებელმა სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ საჭირო იყო დამატებითი მექანიზმების შემოტანა, რომელიც მიზნად ისახავდა ჯარიმის, როგორც ფულადი სახდელის ეფექტურობის გაზრდას და ასეთი სახის სანქციის გავრცელებას არასრულწლოვანზე, მიუხედავად იმისა, ისინი სრულად იყვნენ გადახდისუნარიანი თუ ნაწილობრივ, რითაც გავლენას მოახდენდა დანაშაულის პრევენციაზე.
27. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმით ადგილი აქვს არა პასუხისმგებლობის დაკისრებას მშობლისათვის, არამედ ვალდებულების შემოღებას, რაც, მოპასუხის აზრით, არ შეიძლება ჩაითვალოს პასუხისმგებლობად. მათი განმარტებით, ვალდებულება და პასუხისმგებლობა განსხვავებული სამართლებრივი კატეგორიებია არა მხოლოდ ტერმინოლოგიური, არამედ შინაარსობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, არც აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
28. მოპასუხე მხარის წარმომადგენლები მოითხოვენ, არ იქნეს დაკმაყოფილებული სახალხო დამცველის მოთხოვნა სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, ვინაიდან, მათი აზრით, სადავო ნორმა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ნორმებთან და პრინციპებთან. კერძოდ, ისინი განმარტავენ, რომ სადავო ნორმა არ განიხილავს მშობელს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი დანაშაულის სუბიექტად და არც მისი ბრალეულობის საკითხს აყენებს. შესაბამისად, მათ წარმოუდგენლად მიაჩნიათ სადავო ნორმების კავშირი ან წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან და მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან.
29. საქმეზე მოწვეული სპეციალისტის ოთარ კახიძის განმარტებით, სადავო ნორმა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებთან. ოთარ კახიძემ საქმის არსებითი განხილვის დროს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში ხაზი გაუსვა მშობლისა და შვილის განსაკუთრებულ ურთიერთობებს. მისი აზრით, მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა არ ამოიწურება მხოლოდ სისხლისმიერი, ბიოლოგიური კავშირით. სრულწლოვანების მიღწევამდე შვილი ინტენსიურ სამართლებრივ კავშირშია მშობელთან და ამ ორ სუბიექტს კანონმდებლობა მკვეთრად არ მიჯნავს ერთმანეთისაგან.
30. როგორც სპეციალისტი განმარტავს, ეს არის უნიკალური სოციალურ-სამართლებრივი ურთიერთობა უფლება-მოვალეობათა განსაკუთრებული ჯაჭვით. მშობელი არ არის „სხვა პირი“, არამედ იგი გვევლინება როგორც შვილის ინტერესების დამცველი, მასზე მზრუნველი, მის აღზრდასა და სხვადასხვა ვალდებულებებზე პასუხისმგებელი ადამიანი.
31. ოთარ კახიძე აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანის არამართლზომიერი ქმედების გამო წარმოშობილ ფინანსურ ვალდებულებებს ასრულებს მშობელი. რაც უნივერსალური პრინციპია და იგი ასახულია საქართველოს კანონმდებლობაშიც.
32. სპეციალისტის განმარტებით, თუ არასრულწლოვანმა ვინმეს მიაყენა ზიანი, ან თუკი მას ადმინისტრაციული გადაცდომისათვის შეეფარდა სახდელი, ან დანაშაულის ჩადენისათვის განესაზღვრა ჯარიმა და არ შეუძლია საკუთარი სახსრებით აღნიშნული ფინანსური ვალდებულების შესრულება, ფინანსური გადასახდელის კომპენსირებადი ბუნებიდან, აგრეთვე მშობელსა და შვილს შორის არსებული სპეციფიკური სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, გადახდევინება დაეკისრება მშობელს.
33. აღნიშნული პრინციპი, სპეციალისტის აზრით, მიზნად ისახავს არასრულწლოვნის არამართლზომიერ ქმედებაზე რეაგირების კონკრეტული მექანიზმის შემოღებას _ უნდა ანაზღაურდეს მესამე პირისათვის მიყენებული ზიანი, აგრეთვე უნდა აღსრულდეს ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი სანქციები. ამ შემთხვევაში მშობელი კანონმდებლის მიერ განიხილება არასრულწლოვნის ფინანსური ვალდებულებების ამნაზღაურებელ პირად.
34. სპეციალისტი სადავო ნორმით მშობლისათვის ჯარიმის დაკისრების მექანიზმის შემოღებას უკავშირებს მშობელსა და შვილს შორის არსებულ უნიკალურ სოციალურ-სამართლებრივ ურთიერთობას, აგრეთვე არასრულწლოვნის პიროვნების ფორმირების საკითხში მშობლის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას.
II
სამოტივაციო ნაწილი
სადავო ნორმის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან
35. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ №416-ე კონსტიტუციურ სარჩელზე დავის ფარგლებში უნდა გადაწყვიტოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის 511 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით. შესაბამისად, უნდა გავარკვიოთ სადავო ნორმის შინაარსი, ლეგიტიმური მიზანი და კონსტიტუციის დასახელებულ ნორმებთან მისი ურთიერთმიმართების საკითხი, რაც საშუალებას მოგვცემს, არსებული დავის ფარგლებში განვსაზღვროთ, კონსტიტუციურია თუ არა სადავო ნორმა, რომლის თანახმად, „თუ მსჯავრდებული არასრულწლოვანი და გადახდისუუნაროა, სასამართლო მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდას აკისრებს მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს“.
36. მოსარჩელე მიუთითებს, ვინაიდან სადავო ნორმა მოქცეულია სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც აწესრიგებს დანაშაულთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, სამართლებრივად და ლოგიკურად არსებობს საფუძველი იმისა, რომ სადავო ნორმით მშობელს (მეურვეს, მზრუნველს) ეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. სასჯელი უნდა შეეფარდოს დანაშაულის ჩამდენ პირს, ხოლო სადავო ნორმით მშობელზე (მეურვეზე, მზრუნველზე) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გადახდისუუნარობა და არა სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული რომელიმე ქმედების განხორციელება. ამდენად, მის მიერ გამოთქმული არგუმენტაციიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არღვევს სისხლის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს „არ არსებობს დანაშაული კანონის გარეშე“ (nullum crimen sine lege), „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege) და „არ არსებობს სასჯელი ბრალის გარეშე“(nulla poena sine culpa).
37. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოცემული დავის ფარგლებში, პირველ რიგში, არკვევს: 1)ადგენს თუ არა სადავო ნორმა გადახდისუუნარო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მშობლის (მეურვის, მზრუნველის) სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან/და 2)სადავო ნორმით ფაქტობრივად ეკისრება თუ არა მშობელს (მეურვეს, მზრუნველს) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ანუ უტოლდება თუ არა სადავო ნორმაში აღნიშნული ჯარიმის მშობლისთვის (მეურვისთვის, მზრუნველისთვის) გადახდის დაკისრება მისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას და შესაბამისად, ეწინააღმდეგება თუ არა სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებას.
38. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა”. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი ადგენს პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძვლებს, განამტკიცებს გარანტიას, რომ ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სისხლის სამართლის კანონში. იგი ემყარება საყოველთაოდ ცნობილ პრინციპებს - „არ არსებობს დანაშაული კანონის გარეშე“ და „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nullum crimen sine lege, nulla poena sine lege). საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება ადგენს გარანტიას, რომ არ მოხდეს სისხლის სამართლის კანონის პირის საზიანოდ ფართოდ განმარტება (ანალოგიით). იგი ასევე ავალდებულებს საქმის განმხილველ სასამართლოს, ნორმა განმარტოს ისე, რომ პირმა ნათლად გაიგოს მისი რომელი მოქმედება ან უმოქმედობა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. გარანტია, რომელიც კონსტიტუციის დასახელებულ დანაწესშია განმტკიცებული, კანონიერების პრინციპის განუყოფელი ელემენტია. კანონიერების პრინციპი პირს იცავს სახელმწიფოს მიერ სისხლისსამართლებრივი იძულების თვითნებური გამოყენებისა და გავრცელებისაგან, იმავდროულად, უზრუნველყოფს შესაძლებლობით, რომ წინასწარ განჭვრიტოს საკუთარ ქმედებაში სისხლისსამართლებრივი წესით აკრძალული ნიშნების არსებობა.
39. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება, №1/1/428,447,459) სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი განამტკიცებს კანონიერების პრინციპს (nullum crimen sine lege). „42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება უზრუნველყოფს პირის შესაძლებლობას, წინასწარ დადგენილი, საჯაროდ ხელმისაწვდომი და არაინდივიდუალიზებული სამართლებრივი წესების შესაბამისად შეძლოს იმის განჭვრეტა, თუ რა ქმედებები წარმოადგენს სამართალდარღვევებს და საკუთარი ქცევის შესაბამისად წარმართვა, რაც უმნიშვნელოვანესი გარანტიაა თვითნებური დევნისა და ბრალდების წინააღმდეგ”.
40. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება: 1)კრძალავს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედობისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სისხლისსამართლებრივ დარღვევად არ ითვლებოდა, 2)ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საფუძვლად აუცილებლად უნდა ედოს ქმედობა (სამართალდარღვევა). „პასუხისმგებლობა, როგორც სამართლის ობიექტური კატეგორია და ნორმატიული სინამდვილე, დაკავშირებულია ქმედებასთან საზოგადოდ“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის № 428,447,459 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”), 3)ადგენს, რომ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის მხოლოდ ის პირი აგებს პასუხს, რომელმაც ასეთი ქმედება ჩაიდინა. შესაბამისად, კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა მოიცავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის პრინციპს (პირადი, პერსონალური პასუხისმგებლობის პრინციპი), რომელზეც ფაქტობრივად მიუთითებდა მოსარჩელე მის მიერ გამოთქმული არგუმენტაციით. პირადი პასუხისმგებლობის პრინციპი ადგენს, რომ ჩადენილი ბრალეული ქმედებისთვის პასუხს აგებს მხოლოდ მისი ჩამდენი პირი და არა სხვა, მესამე პირი, რომელიც კონკრეტული სისხლისსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტი არ არის. არ შეიძლება პირმა აგოს პასუხი იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენაშიც მისი ბრალეულობა არ დგინდება. პირადი პასუხისმგებლობის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს, რომ პირის პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ მაშინ შეიძლება დადგეს, თუ მას ბრალი პირადად, ინდივიდუალურად მიუძღვის მისი მოქმედების ან უმოქმედობისათვის. ამ პრინციპს სისხლის სამართალში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრად პერსონალურია. პირადი პასუხისმგებლობის პრინციპი იცავს პირს იმისგან, რომ მან არ აგოს პასუხი იმ ქმედებისათვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. პირადი პასუხისმგებლობის პრინციპი მოიცავს არა მარტო ფორმალურ სამართლებრივ გარანტიებს, არამედ ვრცელდება მატერიალური სამართლის სხვადასხვა სფეროზე.
41. მოცემული დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, სისხლის სამართლის კოდექსის დებულებათა საფუძველზე გაარკვიოს, რამდენად საფუძვლიანია მოსარჩელის ასეთი მოსაზრება. ასევე უნდა განიმარტოს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მივიჩნიოთ ზემოქმედების ზომა სასჯელად. კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მაშინ არის სისხლისსამართლებრივი ხასიათის, როდესაც მას სისხლის სამართლის კანონმდებლობა ასეთად განსაზღვრავს. იმავდროულად, პასუხისმგებლობა შეიძლება არ იყოს გათვალისწინებული სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, მაგრამ მისი სიმძიმის, გამოწვეული ეფექტის და უფლებების შეზღუდვის ხარისხის გათვალისწინებით, იგი შესაძლოა სასჯელთან გათანაბრდეს, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც პასუხისმგებლობად სასჯელის კლასიკური ფორმები არის გამოყენებული. კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არსის, მისი სამართლებრივი ბუნების განსაზღვრისას მხედველობაშია ასევე მისაღები მიზანი, რომლის მისაღწევადაც გამოიყენება იგი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის ბუნება, ფუნქცია, მიზნები და სხვა ელემენტები განასხვავებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სხვა სახის ზემოქმედების ზომისაგან.
42. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას”. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით „ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს”. მე-7 მუხლის პირველი ნაწილით „სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება...”.
43. როგორც დასახელებული ნორმების შინაარსიდან ჩანს, კანონიერების პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულად ითვლება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. გასათვალისწინებელია, რომ სისხლის სამართალი ქმედების სამართალია, კრიმინალიზაციის ობიექტია არა პიროვნება, არამედ შერაცხადი პირის ქმედება. ეს, თავის მხრივ, მიუთითებს იმაზე, რომ სისხლის სამართლებრივი ქმედების შემადგენლობა არსებითად აღწერილი უნდა იქნეს სისხლის სამართლის კოდექსში. ქმედების არსებითად აღწერის გარეშე შეუძლებელია ქმედების მართლწინააღმდეგობისა და ბრალის დადგენა, რომელთა გარეშე, თავის მხრივ, შეუძლებელია ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია და პირზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება.
44. მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს გადახდისუუნარო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მშობლის (მეურვის, მზრუნველის) მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერას. ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია და, შესაბამისად, პირზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება მას შემდეგ, როდესაც შესაბამისი საპროცესო მოქმედებების შედეგად პირის ქმედებაში (ქცევაში) დადგინდება ქმედების ის შემადგენლობა, რომელიც სისხლის სამართლის კანონითაა გათვალისწინებული. სისხლის სამართლის ნორმები ადამიანის ქმედებისკენაა მიმართული. კანონმდებელი დანაშაულის შემადგენლობის განმახორციელებელს ემუქრება დასჯით. დასჯის გამოყენების წინა პირობაა პირის ბრალეულობის არსებობა, ბრალეული კი მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედება შეიძლება იყოს.
45. სადავო ნორმის შესაბამისად, მსჯავრდებულია, ანუ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩამდენია არა მშობელი (მეურვე, მზრუნველი), არამედ არასრულწლოვანი, სამართლიანი სასჯელი სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილია არა მშობლის (მეურვის, მზრუნველის), არამედ არასრულწლოვანის მიმართ. მშობელი (მეურვე, მზრუნველი) სისხლის სამართლის პროცესის წარმოების არც ერთ ეტაპზე არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის სუბიექტი. სადავო ნორმის მოქმედებით მშობელი (მეურვე, მზრუნველი) არ იქცევა სისხლისსამართლებრივი ურთიერთობის მხარედ. სადავო ნორმის რეგულირებიდან არ იკვეთება, რომ ხდება მშობლის (მეურვის, მზრუნველის) დადანაშაულება რომელიმე სისხლისსამართლებრივად აკრძალული ქმედების ჩადენაში. გარდა ამისა, იურიდიული თვალსაზრისით, დანაშაული ჩადენილია მხოლოდ მაშინ, თუ იგი დადასტურებულია პირის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით (უდანაშაულობის (არაბრალეულობის) პრეზუმფცია). სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი კი გამოტანილია არასრულწლოვნის მიმართ. ამასთან, მშობლის (მეურვის, მზრუნველის) მიმართ არც ის სამართლებრივი შედეგები ვრცელდება, რაც მოჰყვება გამამტყუნებელ განაჩენს (პირის ნასამართლობა, დანაშაულის რეციდივი და სხვ.), და თუ მშობლის (მეურვის, მზრუნველის) მიერ ვერ მოხერხდება ჯარიმის თანხის გადახდა (მიუხედავად მის მიმართ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის ღონისძიებების გამოყენებისა), არასრულწლოვნისათვის დაკისრებული სასჯელი _ ჯარიმა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული წესის საფუძველზე, მსჯავრდებულ არასრულწლოვანს დადგენილი წესით შეეცვლება სხვა სასჯელით _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, გამასწორებელი სამუშაოთი, თავისუფლების შეზღუდვით ან თავისუფლების აღკვეთით.
46. სასჯელი, როგორც სახელმწიფო იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, არის სახელმწიფოს რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. როგორც უკვე აღინიშნა, თუ ქმედებისთვის არ არის გათვალისწინებული დასჯადობა, ეს მიუთითებს, რომ ეს ქმედება არ არის დანაშაული. რადგან სასჯელს აქვს მკაცრად პერსონალური ხასიათი, სასჯელი შეეფარდება მხოლოდ დამნაშავეს და არა სხვა პირს. სადავო ნორმა მკაფიოდ მიუთითებს, რომ სასჯელი (ჯარიმა) ეკისრება გადახდისუუნარო არასრულწლოვან მსჯავრდებულს. შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონის მიზანს არ წარმოადგენს გადახდისუუნარო არასრულწლოვნის მშობელზე (მეურვეზე, მზრუნველზე) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.
47. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მტკიცება იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლის კოდექსში სადავო ნორმის მარტოოდენ არსებობა და სადავო ნორმის ფარგლებში გადახდისუუნარო არასრულწლოვანზე დაკისრებული ჯარიმის მშობელზე (მეურვეზე, მზრუნველზე) გადახდის დაკისრება იმავდროულად წარმოადგენს მშობელზე (მეურვეზე, მზრუნველზე) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას, საფუძველს მოკლებულია.
48. სადავო ნორმის შინაარსის და მიზნების გასარკვევად გასათვალისწინებელია ასევე ჯარიმის, როგორც სისხლისსამართლებრივი სასჯელის, ბუნება. სადავო ნორმა მოცემულია სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლში, რომელიც განსაზღვრავს სისხლისსამართლებრივი სასჯელის - ჯარიმის სამართლებრივ ბუნებას და გამოყენების წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად: ა) ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი. ბ) ის შეიძლება შეეფარდოს მხოლოდ მსჯავრდებულს, ამ უკანასკნელის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით. გ) ჯარიმა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ასეთად გათვალისწინებული არ არის. დ) გადახდისუუნარო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში ჯარიმის გადახდას სასამართლო აკისრებს მშობელს (მეურვეს, მზრუნველს). ე) თუ მსჯავრდებული თავს არიდებს ჯარიმის გადახდას ან გადახდევინება შეუძლებელია, იგი მსჯავრდებულს შეეცვლება სხვა სასჯელით.
49. ისტორიულ-სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული სასჯელი სისხლის სამართალში დამკვიდრდა როგორც კლასიკური სასჯელების (თავისუფლების აღკვეთა, სიკვდილით დასჯა და ა.შ.) ალტერნატივა. ჯარიმის, როგორც სანქციის გამოყენება ასოცირდება პირისთვის გარკვეულ ქონებრივ (ფულად) დანაკარგებთან, რაც პირის მიერ ჩადენილ ქმედებაზე სახელმწიფოს მხრიდან საკმარის და ადეკვატურ პასუხად მიიჩნევა.
50. ჯარიმას განმარტავენ, როგორც ლიბერალური თვალსაზრისით იდეალურ სისხლისსამართლებრივ სანქციას. მას უპირატესობა ენიჭება სანქციის სხვა ფორმებს შორის, ვინაიდან მისი აღსრულება შესაძლებელია სახელმწიფო რესურსების ეკონომიით და სამართალდამრღვევისთვის შედარებით ნაკლები ტკივილის მიყენებით. თუმცა ეს არ აქცევს მას არასრულფასოვან სისხლისსამართლებრივ სანქციად. სისხლის სამართლის მიზნებისთვის გამოყენებული ჯარიმა ინარჩუნებს დამსჯელ ხასიათს და ინდივიდუალიზებულია, ორიენტირებულია ინდივიდუალურ ბრალეულობაზე. ჯარიმა გამოიყენება ინდივიდუალურად სამართალდამრღვევის წინააღმდეგ საკუთრების უფლების შეზღუდვის, საკუთრების (ფულის) ამოღების გზით.
51. ფული, მისი ისტორიულად ჩამოყალიბებული ბუნებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული თავისებურებით ხასიათდება. ის, თავისუფლებისაგან განხვავებით, არ არის ისეთი შეუცვლელი სიკეთე, რომელიც ერთი პირიდან მეორეზე გადასვლისას კარგავს თავის მნიშვნელობას. ჯარიმის სხვა სისხლისსამართლებრივი სანქციებისაგან გამორჩეული ხასიათი ვლინდება სწორედ იმაში, რომ შესაძლებელია, მისი გადახდა განახორციელოს დამნაშავის ნაცვლად სხვა პირმა ისე, რომ მიღწეულად ჩაითვალოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნები და, ამასთან, ეს უკანასკნელი არ იქნეს განხილული პასუხისმგებლობის მატარებელ პირად. ჯარიმას აქვს უნიკალური ხასიათი, რაც მას იმგვარ სისხლისსამართლებრივ სანქციად ხდის, რომლის სამართლებრივი გზით შესრულება დამნაშავის მაგივრად სხვა პირსაც შეუძლია.
52. გადახდისუუნარო არასრულწლოვან მსჯავრდებულზე დაკისრებული ჯარიმის მშობლის (მეურვის, მზრუნველის) მიერ გადახდის დაკისრების ვალდებულება არ შეიძლება გაგებული იქნეს ჯარიმის დაკისრებად, ამისათვის აუცილებელია, სახელმწიფოს ქმედება შეიცავდეს პირზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ელემენტებსა და მიზნებს. აღსანიშნავა, რომ გადახდისუუნარო არასრულწლოვან მსჯავრდებულზე დაკისრებული ჯარიმის მშობელზე (მეურვეზე, მზრუნველზე) გადახდის დაკისრებისას სახელმწიფოს ქმედებაში არ იკვეთება მშობლის (მეურვის, მზრუნველის) მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის - სასჯელის დაკისრების მიზნები: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება (პრევენცია), დამნაშავის რესოციალიზაციის ელემენტები, მას არ უკავშირდება ზემოთ აღნიშნული დამატებითი სამართლებრივი შედეგები.
53. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის 51¹ ნაწილის საფუძველზე გადახდისუუნარო არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის დაკისრებული ჯარიმის მშობლისთვის, მეურვისთვის ან მზრუნველისთვის გადახდის დაკისრება, ვერ იქნება განხილული მათთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებად და, შესაბამისად, სადავო ნორმით არ ირღვევა პირადი პასუხისმგებლობის პრინციპი.
54. ამავე დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს რა მიზანი აქვს კანონმდებელს, როდესაც ადგენს გადახდისუუნარო არასრულწლოვან მსჯავრდებულზე დაკისრებული ჯარიმის მშობლის (მეურვის, მზრუნველის) მიერ გადახდის ვალდებულებას.
55. გასათვალისწინებელია, რომ სადავო ნორმით დადგენილი მშობლის (მეურვის, მზრუნველის) ვალდებულება, გადაიხადოს გადახდისუუნარო არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის დაკისრებული სასჯელის - ჯარიმის თანხა, მომდინარეობს აღნიშნულ პირებს შორის არსებული განსაკუთრებული სამართლებრივი ურთიერთობიდან და უკავშირდება არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მთელ რიგ თავისებურებებს.
56. კანონმდებლობა, პირველ რიგში, ამოდის პირადი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის კონსტიტუციური და საერთაშორისო-სამართლებრივი პრინციპებიდან. კანონმდებლის ამოცანაა ხელი შეუწყოს არასრულწლოვანი პირის საუკეთესო ინტერესების დაცვას, არასრულწლოვანი დამნაშავის სოციალურ რეაბილიტაციას, არ გამოიყენოს სასჯელის მკაცრი ზომა იქ, სადაც ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს. სადავო ნორმის მიზანია არასრულწლოვანი დამნაშავის მიმართ გამოყენებული იქნეს სასჯელის მსუბუქი ზომა - ჯარიმა, როგორც თავისუფლების შეზღუდვის/აღკვეთის ან სხვა, შედარებით მკაცრი სახის სასჯელის ალტერნატივა.
57. კანონმდებლობა შეიძლება ითვალისწინებდეს არასრულწლოვანი დამნაშავის მშობლის (მისი შემცვლელი პირის) დავალდებულებას, განახორციელოს გარკვეული ქმედება, რომელიც არასრულწლოვანის რეაბილიტაციის ინტერესებს შეუწყობს ხელს. მაგალითად, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიება, როგორიცაა მშობლისათვის ან მისი შემცვლელი პირისათვის ანდა სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოსათვის მოვალეობის დაკისრება, რომ მან აღმზრდელობითი ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვანზე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, 93-ე მუხლი). მშობელი, ისევე როგორც მისი არასრულწლოვანი შვილი ვალდებულია, დასახელებულ იძულებით ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა. ასეთი ვალდებულება არ განეკუთვნება სისხლისსამართლებრივ სასჯელთა კატეგორიას, თუმცა გარკვეულ შეზუდვებს აწესებს მშობლის (მისი შემცვლელი პირის ანდა სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს) მიმართ. ასეთი ვალდებულების გაჩენა არ არის შემთხვევითი. ადამიანის ზოგიერთი უფლების წარმოშობა მყარადაა დაკავშირებული შესაბამისი ვალდებულების წარმოშობასთან. მშობლის (მეურვის, მზრუნველის) უფლება იმთავითვე გულისხმობს შესაბამისი სამართლებრივი ვალდებულებების წარმოშობას. ამ შემთხვევაში სახეზეა მშობლის (მეურვის, მზრუნველის) უფლების თავისივე მზრუნველობის ვალდებულებით ბოჭვა.
58. საქართველოს კანონმდებლობა აღიარებს მშობლებსა და შვილებს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთკავშირს, მშობლის უნიკალურ სტატუსს და მათგან გამომდინარე ვალდებულებებს. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები საზოგადოების ღირსეულ წევრებად, იზრუნონ მათ ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ და სოციალურ განვითარებაზე.
59. არასრულწლოვანი, ისევე როგორც სრულწლოვანი, სარგებლობს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით, შესაბამისად, სახელმწიფო მას კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით იცავს. არასრულწლოვნის მენტალური და ფიზიკური შესაძლებლობები განვითარების პროცესშია და მათ განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდებათ. სწორედ ამიტომ კანონმდებელი მშობელს, მეურვესა და მზრუნველს განსაზღვრავს იმ პირებად, რომელთაც ეკისრებათ არასრულწლოვანზე ზრუნვა.
60. ის მოსაზრება, რომ ჯარიმის არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ნაცვლად მშობლის (მეურვის, მზრუნველის) მიერ გადახდისას, მსჯავრდებულ არასრულწლოვანზე სასჯელის ზემოქმედების ხარისხი დაბალია - საფუძველს მოკლებულია იმ არგუმენტით, რომ ჯარიმის აღსრულება დაკავშირებულია ფულთან როგორც გადაცემად საგანთან. ფულის ეს თავისებურება ჯარიმის (ფულის) გადახდას უკარგავს იმ პერსონალურ ხასიათს, რომელიც გააჩნია, მაგალითად, თავისუფლების შეზღუდვის ან აღკვეთის ფორმით სასჯელის მოხდას. ამდენად, თუ, მაგალითად, თავისუფლების შეზღუდვის/აღკვეთის აღსრულებას პერსონალური ხასიათი გააჩნია, ჯარიმის აღსრულების პროცესი გადაცემადი საგნის - ფულის სახელმწიფოსთვის გადაცემაში გამოიხატება. შესაბამისად, დამნაშავეზე სასჯელის პიროვნული ზემოქმედების ეფექტი (და ამ ეფექტის ხარისხი) სააღსრულებო მოქმედებისაგან (ჯარიმის გადახდევინება ან, მაგალითად, პირის მოთავსება პატიმრობის ვადის მოსახდელად) დამოუკიდებლად დგება და ის მხოლოდ დამნაშავის პიროვნებისკენაა მიმართული.
სადავო ნორმის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის პირველ პუნქტთან
61. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად: “ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“.
62. კონსტიტუციის მითითებული ნორმით, ზოგადად რეგლამენტირებულია უდანაშაულობის (არაბრალეულობის) პრეზუმფციის გარანტია. სასამართლო, მოცემული დავის ფარგლებში, არ დგას უდანაშაულობის (არაბრალეულობის) პრეზუმფციის სრულყოფილი განმარტების წინაშე. თუმცა სასამართლო მიუთითებს, რომ უდანაშაულობის (არაბრალეულობის) პრეზუმფცია წარმოადგენს სისხლის სამართლის სახელმძღვანელო პრინციპს, რომელიც მათ შორის გულისხმობს, ყველას მოექცნენ იმ დაშვებით, რომ ის უდანაშუალოა მანამ, ვიდრე ჯეროვანი პროცედურის გავლით, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით არ დამტკიცდება მისი დამნაშავეობა. შესაბამისად, ჯეროვანი პროცედურის გარეშე დაუშვებელია პირის აღიარება დამნაშავედ.
63. იმისთვის რომ დადგინდეს, დარღვეულ იქნა თუ არა კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტი, პირველ რიგში გასარკვევია, ხდება თუ არა მშობლის (მეურვის, მზრუნველის) ბრალეულ პირად, დამნაშავედ აღიარება. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი იმის გარკვევა, ვალდებული იყო თუ არა სახელმწიფო, დაეცვა უდანაშაულობის (არაბრალეულობის) პრეზუმფციის გარანტიები.
64. სადავო ნორმასთან მიმართებით სასამართლომ დაადგინა, რომ მისი მოქმედებით არ ხდება გადახდისუუნარო არასრულწლოვნის მშობლის (მეურვის, მზრუნველის) ბრალეულად, დამნაშავედ მიჩნევა და მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. როგორც უკვე აღინიშნა, ვინაიდან სადავო ნორმა არ ადგენს გადახდისუუნარო არასრულწლოვანი მსჯავრდებული პირის მშობლის (მეურვის, მზრუნველის) სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას რაიმე ქმედებისთვის, იგი სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან.
სადავო ნორმის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან
65. კონსტიტუციის 39-ე მუხლის მიხედვით, “საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან.“
66. დასახელებულ მუხლთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „აღნიშნული კონსტიტუციური ნორმის მიზანია უზრუნველყოს უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციით, მაგრამ გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპებიდან და ადამიანის უფლებების სფეროში სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან ... მოსარჩელეს შეუძლია 39-ე მუხლზე აპელირება იმ შემთხვევაში, როდესაც უფლება არ არის მოცემული საქართველოს კონსტიტუციაში ან კონსტიტუციური უფლების ფარგლები არის უფრო ვიწრო, ვიდრე ეს საერთაშორისო ვალდებულებებით არის გათვალისწინებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისი, განჩინება №1/2/458, „დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“).
67. როგორც უკვე დადგინდა, ის პრინციპები, რომელთა დარღვევაზე თავის არგუმენტაციაში ფაქტობრივად მიუთითებდა მოსარჩელე, დაცულია კონსტიტუციის მე-40 და 42-ე მუხლებით. შესაბამისად, არ არსებობს სადავო ნორმის 39-ე მუხლთან შესაბამისობის შემოწმების საჭიროება.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21¹ მუხლის, 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ქვეპუნქტის, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №416) საქმეზე “საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს მთავრობას.
5. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“15 დღის ვადაში.
პლენუმის წევრები:
გიორგი პაპუაშვილი
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე
კოტე ვარძელაშვილი
ზაზა თავაძე
მაია კოპალეიშვილი
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
ჯონი ხეცურიანი