საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/4/461 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, |
თარიღი | 5 მაისი 2009 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ჯონი ხეცურიანი – წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე
საქმის დასახელება: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 25 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით მომართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. კონსტიტუციური სარჩელი დარეგისტრირდა 461-ე ნომრით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ №461 კონსტიტუციური სარჩელი 2008 წლის 29 აგვისტოს არსებითად განსახილველად მიღების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის გადმოსცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას.
2. სადავო ნორმა არის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის შინაარსი შემდეგია: „სასამართლო არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა“.
3. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე და 42-ე მუხლების პირველ პუნქტებს. 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას“. 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.
4. მოსარჩელის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმა მიზნად ისახავს ადმინისტრაციული ორგანოსადმი არსებული მოთხოვნის განხილვის სწრაფი და ეფექტური მექანიზმის შემოღებას, რეალურად ეს ასე არ არის. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სადავო ნორმით სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის მიზანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოების ეფექტურობის გაზრდა და სასამართლოს გადატვირთულობის თავიდან აცილება, მაგრამ მოსარჩელის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულია.
5. მართალია, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის, მაგრამ ის ისე არ უნდა შეიზღუდოს, რომ უფლების არსმა აზრი დაკარგოს. მოსარჩელე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე საქმეზე „ოსმანი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ“ და აღნიშნავს, რომ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვასა და იმ მიზანს შორის, რომელსაც ის ემსახურება უნდა არსებობდეს გონივრული თანაფარდობა.
6. მოსარჩელე, ასევე, აპელირებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საქმეზე „შპს „უნისერვისი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. ამ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ხასიათის სირთულეები არ შეიძლება გახდეს სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის საფუძველი.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სასამართლოსათვის მიმართვის უფლებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტესტი დაადგინა საქმეზე „მოქალაქე ავთანდილ რიჟამაძე და მოქალაქე ნელი მუმლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არა მარტო უნდა არსებობდეს, არამედ პრაქტიკულად რეალიზებადი უნდა იყოს“. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ასკვნის, რომ ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია მისი პრაქტიკულად რეალიზების შესაძლებლობების შესწავლა. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ განაცხადა: „სასამართლომ რეალისტურად უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ ფორმალური საშუალებების არსებობა... არამედ ზოგადი სამართლებრივი და პილიტიკური კონტექსტი, რომელშიც ისინი მოქმედებენ“.
8. იმის დასამტკიცებლად, რომ სადავო აქტით დადგენილი წესი უარყოფითად აისახება სასამართლოს მეშვეობით საკუთარი ინტერესების დაცვისა და დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობაზე, მოსარჩელეს მოჰყავს კონკრეტული მაგალითები. მას მიაჩნია, რომ პერსონალური მონაცემების უკანონოდ გავრცელების ან სხვა პირისათვის გადაცემის, ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში, სადავო ნორმის მოქმედება ლახავს სასამართლოსათვის მიმართვის უფლების არსს და პირი ვერ ახდენს თავისი უფლებებისა და ინტერესების სათანადო დაცვას.
9. მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო ნორმა არა მხოლოდ სასამართლოსათვის მიმართვის პროცესუალურ უფლებას ზღუდავს, არამედ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მატერიალურ უფლებებსაც. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას გასაჩივრებული ნორმის საფუძველზე შეეზღუდა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული ინფორმაციის თავისუფლების უფლება.
10. 2008 წლის 4 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ანტიკორუფციული მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საჯარო ინფორმაცია მოითხოვა 100 ადმინისტრაციული ორგანოდან. 83 შემთხვევაში ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რის თაობაზეც შესაბამის დაწესებულებებში წარდგენილ იქნა 83 ადმინისტრაციული საჩივარი. ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ 26 ადმინისტრაციულ საჩივარზე, 52 საჩივარი დარჩა რეაგირების გარეშე, 3 არ იქნა მიღებული განსახილველად, ხოლო 2 საჩივარზე თავად ასოციაციამ განაცხადა უარი. ზეპირი მოსმენა გაიმართა 15 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, დანარჩენი საჩივრები კი კანონდარღვევით იქნა განხილული. მოსარჩელის აზრით, ამით ცალსახად დასტურდება, რომ სადავო ნორმატიული აქტით შეიზღუდა მისი როგორც სასამართლოსათვის მიმართვის უფლება, ასევე, ინფორმაციის თავისუფლების უფლებაც.
11. მოსარჩელე, ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტს, მე-15 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, მე-16 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, მოითხოვს: არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
12. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ №425 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, 2009 წლის 18 მარტს.
II
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავის პრაქტიკაში არაერთხელ მიუთითა აუცილებლობაზე, რომ კონსტიტუციურ სარჩელში გამოკვეთილი უნდა იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან მიმართებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. თუ მოსარჩელე ვერ შესძლებს სადავო ნორმასა და კონსტიტუციის ნორმას შორის შინაარსობრივი ურთიერთმიმართების დასაბუთებას, იქმნება პრობლემები „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით – ე.ი. სარჩელის დასაბუთებულობისა და მოთხოვნის საფუძვლიანობის თვალსაზრისით. (განჩინება №1/6/462; II-1; განჩინება №1/4/445, II-4; განჩინება №2/15/398, II-1; განჩინება №2/16/404, II-1; განჩინება №2/1/410, II-2; განჩინება №2/2/438, II-3).
2. იმდენად, რამდენადაც საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ნორმის კონსტიტუციურობა, მას უნდა ჰქონდეს ობიექტური შესაძლებლობა, რომ სადავო ნორმა იყოს შეფასებადი მოსარჩელის მიერ მითითებულ კონსტიტუციის ნორმასთან მიმართებით. სადავო ნორმის შინაარსი უნდა იძლეოდეს კონსტიტუციური ნორმის მიერ დადგენილი კონსტიტუციურსამართლებრივი მასშტაბების მიხედვით ანალიზის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, თუ არ იქნა შინაარსობრივი ურთიერთმიმართება სადავო და კონსტიტუციურ ნორმებს შორის, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებული იქნება შესაძლებლობას იმსჯელოს სადავო ნორმის შესაბამისობაზე კონსტიტუციურ ნორმასთან.
3. საკონსტიტუციო სასამართლო ახდენს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმებას და მისი შემოწმების დამოუკიდებელ ობიექტს არ წარმოადგენს ამ აქტის მოქმედების შედეგად წარმოქმნილი კონკრეტული სიტუაცია თანმდევი შედეგებით. სადავო ნორმის პრაქტიკულ შედეგებს მნიშვნელობა ენიჭება ნორმატიული აქტის კონსტიტუციურსამართლებრივი შემოწმების პროცესში. ამაზე მეტყველებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის შესაბამისად, ნორმის გამოყენების პრაქტიკას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს ნორმატიული აქტის შემოწმებისას.
4. ნორმის გამოყენების პრაქტიკასთან დაკავშირებით, ზემოაღნიშნულის მსგავსი პოზიცია დაფიქსირდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომაშიც: „რამდენად სწორია ნორმის გამოყენების პრაქტიკა, თავისთავად, ამ საკითხზე მსჯელობა სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს, თუმცა როგორი პრაქტიკის შესაძლებლობას იძლევა ნორმა მისი სწორად წაკითხვისას, ბუნებრივია, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისთვის“. (გადაწყვეტილება №1/3/407, II-28).
5. კოლეგია თვლის, რომ №461 კონსტიტუციურ სარჩელში არ იკვეთება სადავო ნორმის შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან. სადავო ნორმა აწესრიგებს სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ სარჩელის მიღება-არმიღების შემთხვევას. რაც შეეხება კონსტიტუციის 41-ე მუხლს, ის არეგულირებს ოფიციალურ დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის მიღების საკითხებს. სადავო ნორმა ვერ შეფასდება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კონსტიტუციურსამართლებრივი მასშტაბების მიხედვით შინაარსობრივი ურთიერთმიმართების აშკარა არარსებობის გამო.
6. მოსარჩელის მიერ აღწერილი პრაქტიკული სიტუაცია, როგორც უკვე აღინიშნა, ვერ გახდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების დამოუკიდებელი ობიექტი, თუმცა მას ექნება მნიშვნელობა სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმების დროს. განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე კონსტიტუციური სარჩელის ამ ნაწილს კოლეგიისათვის ის დატვირთვა აქვს, რომ ნათელი ხდება მოსარჩელის სამართალსუბიექტობა და მისი უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს მომართოს სადავო ნორმისა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შეუსაბამობის საკითხებზე.
7. კოლეგია თვლის, რომ სხვა მხრივ, №461 კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს, მე-18 მუხლით გათვალისწინებული, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის არც ერთი საფუძველი.
III
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და 22-ე მუხლით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №461 (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის არაკონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №461 (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის არაკონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ჯონი ხეცურიანი