საქართველოს მოქალაქე – დავით ვეკუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/3/471 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 1 დეკემბერი 2009 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ვახტანგ გვარამია – წევრი;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
ბესარიონ ზოიძე – წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე – დავით ვეკუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის სიტყვების: „საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ“ და „ფ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „პირისათვის ბრალდების წაყენების და პირველი დაკითხვის შემდეგ“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 18-ე მუხლის მე-5 და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე დავით ვეკუას წარმომადგენლები: არჩილ ჩოფიკაშვილი და ანნა თვარაძე.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 26 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №471) მიმართა საქართველოს მოქალაქე დავით ვეკუამ. აღნიშნული სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2008 წლის 29 დეკემბერს.
2. კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-16 მუხლის შესაბამისად.
3. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის საფუძველზე წაუყენეს ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. მოსარჩელის ადვოკატმა მიმართა გამომძიებელს წერილით, რომ მიეცათ სისხლის სამართლის საქმის მასალების ქსეროასლის გადაღების საშუალება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამომძიებელმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიუთითა, რომ ადვოკატს სისხლის სამართლის საქმის მასალათა ქსეროასლების გადაღების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ. გამომძიებელმა აგრეთვე აცნობა ადვოკატს, რომ 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ და „ფ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მას უფლება ჰქონდა ადგილზე გაცნობოდა აღნიშნულ საქმეს.
4. სარჩელის თანახმად, რამდენადაც ადვოკატს არ მიეცა შესაძლებლობა მოსარჩელის ბრალდებულის სახით დაკითხვამდე გაცნობოდა საქმის მთელ მასალას, მან ვერ მოახერხა დაცვის სწორი სტრატეგიის განსაზღვრა და ბრალდების წაყენებისა და დაპატიმრების აცილება. ბრალდების წაყენების შემდეგაც, დამცველს არ მიეცა ქსეროასლების გადაღების უფლება წინასწარი გამოძიების დასრულებამდე, რამაც, მოსარჩელის აზრით, მას ხელი შეუშალა დაცვის სრულყოფილად განხორციელებაში ბრალდების შემსუბუქების ან სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის მიზნით.
5. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სადავო დებულებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის თანახმადაც პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. სადავო ნორმებით იზღუდება აგრეთვე კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებული დაცვის უფლება.
6. მოსარჩელე ეყრდნობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ფირუზ ბერიაშვილი, რამაზ ჯიმშერიშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის განმარტებისას აღნიშნა, რომ დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს სრულფასოვანი დაცვის შესაძლებლობა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დამცველი ვერ მოახერხებს პირის გამამართლებელი გარემოებების გამოვლენას ან მისი პასუხისმგებლობის შემსუბუქებას, თუ არ გააჩნია სრულყოფილი ინფორმაცია ყველა იმ მტკიცებულებების შესახებ, რასაც ფლობს გამოძიება.
7. მოსარჩელის აზრით, კონსტიუციის 18-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დამცველს უპირობო და შეუზღუდავი უფლება უნდა ჰქონდეს, საქმეში ჩართვის მომენტიდანვე გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეს სრულად და მიუხედავად სისხლის სამართალწარმოების სტადიისა, გადაიღოს საქმის მასალის ქსეროასლი. მე-18 მუხლის მე-5 პუნქტთან დაკავშირებით, მოსარჩელე აზუსტებს, რომ დაცვის უფლება გულისხმობს არა მხოლოდ ფორმალურად დამცველის მოწვევას, არამედ რეალური დახმარების გაწევას დაკავებული და დაპატიმრებული პირისთვის.
8. სარჩელში აღნიშნულია, რომ როდესაც ეჭვმიტანილს და ბრალდებულს (დაკითხვამდე) ხელი არ მიუწვდება საქმეზე, ხოლო მეორეს მხრივ, ბრალდების მხარე ფლობს სრულ ინფორმაციას და მტკიცებულებებს, ეჭვმიტანილის და ბრლდებულის დაცვის უფლება სათანადო დაცული ვერ იქნება. ამ მხრივ, მოსარჩელე მიუთითებს სადავო ნორმების წინააღმდეგობაზე კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთანაც, რომელიც ადგენს სამართალწარმოებაში მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპს.
9. მოსარჩელეს მტკიცებულებად მოყავს აგრეთვე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რიგი გადაწყვეტილებები, მათ შორის „მატიჟეკი პოლონეთის წინააღმდეგ“, სადაც ხაზგასმულია, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს საქმის მასალების გადაღებაზე უარის თქმამ, იმ შემთხვევაშიც, როდესაც მხარეს მასალების გაცნობის შესაძლებლობა აქვს.
10. პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით ჩატარდა 2009 წლის 10 ნოემბერს.
11. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი შინაარსობრივად იყო გადმოცემული და არ ემთხვეოდა ნორმის მოქმედ რედაქციას. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო კოლეგიის მოთხოვნით მოსარჩელის წარმომადგენლებმა განმწესრიგებელი სხდომის დროს დააზუსტეს, რომ ისინი მოითხოვენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის სიტყვების: ,,საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ” და „ფ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „პირისათვის ბრალდების წაყენების და პირველი დაკითხვის შემდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 18-ე მუხლის მე-5 პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
II
№471-ე კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის არც ერთი საფუძველი.
III
ხელმძღვანელობს რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 271-ე მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქე დავით ვეკუას კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N471) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის სიტყვების: ,,საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ“ და „ფ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „პირისათვის ბრალდების წაყენების და პირველი დაკითხვის შემდეგ“ კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
2. საქმეს ,,საქართველოს მოქალაქე დავით ვეკუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კ. ვარძელაშვილი
ვ. გვარამია
ქ. ერემაძე
ბ. ზოიძე