საქართველოს მოქალაქე – დავით ვეკუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/2/471 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 3 დეკემბერი 2010 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი _ სხდომის თავმჯდომარე,
მომხსენებელი მოსამართლე;
ვახტანგ გვარამია _ წევრი;
ქეთევან ერემაძე _ წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე – დავით ვეკუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ო” ქვეპუნქტის სიტყვების: „საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ” და „ფ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „პირისათვის ბრალდების წაყენების და პირველი დაკითხვის შემდეგ” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 26 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №471) მიმართა საქართველოს მოქალაქე დავით ვეკუამ. აღნიშნული სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2008 წლის 29 დეკემბერს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2009 წლის 1 დეკემბრის საოქმო ჩანაწერით, №471 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
2. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის საფუძველზე წაუყენეს ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. მოსარჩელის ადვოკატმა მიმართა გამომძიებელს წერილით, რომ მიეცათ სისხლის სამართლის საქმის მასალების ქსეროასლის გადაღების საშუალება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ო” ქვეპუნქტის საფუძველზე გამომძიებელმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიუთითა, რომ ადვოკატს სისხლის სამართლის საქმის მასალათა ქსეროასლების გადაღების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ. გამომძიებელმა აგრეთვე აცნობა ადვოკატს, რომ 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ლ” და ფ” ქვეპუნქტების შესაბამისად, მას უფლება ჰქონდა, ადგილზე გაცნობოდა აღნიშნულ საქმეს.
3. სარჩელის თანახმად, რამდენადაც ადვოკატს არ მიეცა შესაძლებლობა, მოსარჩელის ბრალდებულის სახით დაკითხვამდე გაცნობოდა საქმის მთელ მასალას, მან ვერ მოახერხა დაცვის სწორი სტრატეგიის განსაზღვრა და ბრალდების წაყენებისა და დაპატიმრების აცილება. ბრალდების წაყენების შემდეგაც, დამცველს არ მიეცა ქსეროასლების გადაღების უფლება წინასწარი გამოძიების დასრულებამდე, რამაც, მოსარჩელის აზრით, მას ხელი შეუშალა დაცვის სრულყოფილად განხორციელებაში ბრალდების შემსუბუქების ან სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის მიზნით.
4. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სადავო დებულებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის თანახმადაც პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. სადავო ნორმებით იზღუდება აგრეთვე კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებული დაცვის უფლება.
5. მოსარჩელე ეყრდნობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ფირუზ ბერიაშვილი, რამაზ ჯიმშერიშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის განმარტებისას აღნიშნა, რომ დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს სრულფასოვანი დაცვის შესაძლებლობა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დამცველი ვერ მოახერხებს პირის გამამართლებელი გარემოებების გამოვლენას ან მისი პასუხისმგებლობის შემსუბუქებას, თუ არ გააჩნია სრულყოფილი ინფორმაცია ყველა იმ მტკიცებულებების შესახებ, რასაც ფლობს გამოძიება.
6. მოსარჩელის აზრით, კონსტიუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დამცველს უპირობო და შეუზღუდავი უფლება უნდა ჰქონდეს, საქმეში ჩართვის მომენტიდანვე გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეს სრულად, სისხლის სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე, გადაიღოს საქმის მასალის ქსეროასლი. მე-18 მუხლის მე-5 პუნქტთან დაკავშირებით, მოსარჩელე აზუსტებს, რომ დაცვის უფლება გულისხმობს არა მხოლოდ ფორმალურად დამცველის მოწვევას, არამედ რეალური დახმარების გაწევას დაკავებული და დაპატიმრებული პირისთვის.
7. სარჩელში აღნიშნულია, რომ როდესაც ეჭვმიტანილს და ბრალდებულს (დაკითხვამდე) ხელი არ მიუწვდება საქმეზე, ხოლო, მეორეს მხრივ, ბრალდების მხარე ფლობს სრულ ინფორმაციას და მტკიცებულებებს, ეჭვმიტანილის და ბრლდებულის დაცვის უფლება სათანადო დაცული ვერ იქნება. ამ მხრივ, მოსარჩელე მიუთითებს სადავო ნორმების წინააღმდეგობაზე კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთანაც, რომელიც ადგენს სამართალწარმოებაში მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპს.
8. მოსარჩელეს მტკიცებულებად მოჰყავს აგრეთვე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რიგი გადაწყვეტილებები, მათ შორის „მატიჟეკი პოლონეთის წინააღმდეგ“, სადაც ხაზგასმულია, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს საქმის მასალების გადაღებაზე უარის თქმამ, იმ შემთხვევაშიც, როდესაც მხარეს მასალების გაცნობის შესაძლებლობა აქვს.
II
1. №471 კონსტიტუციურ სარჩელში სადავო აქტს წარმოადგენს 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს კანონის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ო” ქვეპუნქტის სიტყვები: ,,საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ” და “ფ” ქვეპუნქტის სიტყვები: “პირისათვის ბრალდების წაყენების და პირველი დაკითხვის შემდეგ”. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების დროს, სადავო ნორმები ძალაში იყო და მოქმედებდა.
1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მათ შორის, მოსარჩელის მიერ სადავოდ მიჩნეული ნორმები 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს კანონის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდა 2010 წლის პირველი ოქტომბრიდან.
შესაბამისად, საქმის არსებითად განხილვის დროისთვის, სადავო ნორმები გაუქმებულია და ძალა აქვთ დაკარგული.
2. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვლისწინებული შემთხვევებისა, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმები ძალადაკარგულია. ამასთან, არ არსებობს საქმის განხილვის გაგრძელების “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუქტით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით და შეწყვიტოს საქმე №471 კონსტიტუციურ სარჩელზე.
III
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. შეწყდეს საქმე №471 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქე – დავით ვეკუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე