მადონა ძიძიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1468 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | მადონა ძიძიშვილი |
თარიღი | 17 დეკემბერი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილი: „დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება. გამომძიებლის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.“ | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი;
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
სარჩელს თან ერთვის საქართველოს მთავარი პროკურატურის #13/48888 წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ მოსარჩელის „საჩივარ/განცხადების და გამოთხოვილი დოკუმენტაციის კომპლექსური შესწავლის შედეგად არ იკვეთება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველი.“ მოსარჩელემ ასევე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა პროკურატურისათვის გამოძიების დაწყების დავალების მიცემა. ამ განცხადება-საჩივართან დაკავშირებით მოსარჩელეს 2019 წლის 22 ოქტომბერს გაეგზავნა #412/22217-19 წერილი, სადაც აღნიშნულია: „სასამართლოს მოკლებულია შესაძლებლობას, დაავალოს საგამოძიებო ორგანოს დაიწყოს გამოძიება ამა თუ იმ საქმეზე, ვინაიდან გამოძიების დაწყების საფუძველი პირდაპირ არის გაწერილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში...“ ამგვარად, მოსარჩელეს შეეზღუდა უფლება, პროკურატურის უარი, დაეწყო გამოძიება სავარაუდო დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით, გაესაჩივრებინა სასამართლოში. ამით, კი შეიზღუდა მოსარჩელის შესაძლებლობა თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიემართა სასამართლოსათვის. ეს უფლება კი გარანტირებულია კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. სადავო ნორმის არსი
სადავო ნორმა არის შემდეგი შინაარსის: „დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება.“ ეს ნორმა მისი სიტყვა-სიტყვითი განმარტებით არ კრძალავს სასამართლოსათვის მიმართვას. ამ ნორმის შინაარსი არის იმგვარი, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში პროკურორი იწყებს გამოძიებას. იმავდროულად, სადავო ნორმით გამოძიების დაწყების უფლებამოსილების დელეგირება ექსკლუზიურად პროკურორისა და გამომძიებლისათვის, რაც გამორიცხავს სხვა სახელმწიფო ორგანოს - მათ შორის სასამართლოს შესაძლებლობას, შეაფასოს რამდენად საფუძვლიანი იყო პროკურორისა და გამომძიებლის უარი, დაეწყო გამოძიება. აღსანიშნავია, რომ ეს ნორმა სწორედ ისე განმარტა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის ეკატერინე კულუღაშვილის თანაშემწემ თავის 2019 წლის 22 აგვისტოს #412/22217-19 წერილში, რომ გამოძიების დაწყებაზე გადაწყვეტილებას იღებს გამომძიებელი და პროკურორი და სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დავალება მისცეს პროკურორს, დაიწყოს გამოძიება. ამგვარად, სადავო ნორმა ერთი მხრივ, პროკურორსა და გამომძიებელს ანიჭებს გამოძიების დაწყების უფლებას, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოს და სხვა სახელმწიფო ორგანოს შესაძლებლობას, რაიმე სახის გავლენა მოახდინოს პროკურორისა და გამომძიებლის გადაწყვეტილებაზე, არ დაიწყოს გამოძიება.
საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა ემსჯელა საქმეზე მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ამ საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტი და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სადავო სიტყვები, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თანამდებობაზე დანიშნოს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეები. აღნიშნულ საქმეზე მიღებულ საოქმო ჩანაწერის პირველი პუნქტის მე-7 აღნიშნულია: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის არც ერთი ნორმა და მათ შორის სადავო ნორმები სიტყვასიტყვით არ გამორიცხავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეების არდანიშვნაზე მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლს, მაგრამ არსებული საკანონმდებლო რეგულირების პირობებში სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია მსჯელობა, რომ მოსარჩელეებს კონსტიტუციაზე, როგორც უშუალოდ მოქმედ სამართალზე დაყრდნობით, შეუძლიათ სასამართლო წესით დაიცვან თავიანთი უფლებები, ვინაიდან გაურკვეველია, თუ რომელ სასამართლოს უნდა მიმართონ და რა პროცედურებით უნდა იხელმძღვანელოს საქმის განმხილველმა სასამართლომ.“ ამავე საოქმო ჩანაწერის მე-8 პუნქტში აღნიშნულია: „მოსარჩელეთა აზრით, კანონმდებლობის ერთობლიობაში წაკითხვის შემთხვევაში სადავო ნორმები იძენს შემზღუდველ ხასიათს და გამორიცხავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, ამიტომ მოსარჩელეები სადავოდ ხდიან მთლიანად ინსტიტუტის (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება, დანიშნოს პირველი და მე-2 ინსტანციის მოსამართლეები) კონსტიტუციურობას სასამართლო კონტროლის და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულების არ არსებობის გამო.“ საოქმო ჩანაწერის მეორე თავის პირველ პუნქტში აღნიშნულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №717 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.“
ამ საქმეშიც დავის საგანს წარმოადგენს ნორმა, რომელიც პროკურორსა და გამომძიებელს ანიჭებს დანაშაულის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაიწყოს გამოძიება. არსებული საკანონმდებლო რეგულირების პირობებში სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია მსჯელობა, რომ შესაძლოა გამომძიებლის ან პროკურორის მიერ გამოძიების არდაწყება გასაჩივრდეს სასამართლოში. ასევე არ არსებობს ნორმა, რომელიც მოაწესრიგებს სასამართლოში ასეთი საჩივრის განხილვის წესებს. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაშიც მიგვაჩნია, რომ გამომძიებლისა და პროკურორის მიერ გამოძიების დაწყების უფლებამოსილება იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს სასამართლო კონტროლის შესაძლებლობა, მთლიანად ინსტიტუტს (დანაშაულის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში გამომძიებლის და პროკურორის ვალდებულებას, დაიწყოს გამოძიება) ხდის არაკონსტიტუციურს.
საქმეზე მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. №3/2/717ამის მიზეზად მითითებულია ის, რომ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის არსებობდა ნორმა, რაც ითვალისწინებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უარის, მოსამართლის თანამდებობაზე დაენიშნა კონკრეტული პირი, გასაჩივრებას უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში. თუკი ამ სარჩელის განხილვის მომენტისათვის პარლამენტი დაადგენს, პროკურორისა და გამომძიებლის უარის, დაიწყოს გამოძიება სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა, იქნება საფუძველი ეს სარჩელი ან არსებითად განსახილველად არ იქნეს მიღებული ან არ დაკმაყოფილდეს დღეისათვის კი ვინაიდან, ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა არ არსებობს, მოსარჩელე მხარე ასაჩივრებს პროკურორისა და გამომძიებლის უფლებამოსილებას არ დაიწყოს გამოძიება, ვინაიდან არ არსებობს სასამართლო კონტროლი იმ საკითხის გასარკვევად, რამდენად კანონიერად თქვა გამომძიებელმა და პროკურორმა უარი გამოძიების დაწყებაზე. პირის მიერ წარდგენილი ინფორმაცია ხომ არ მიუთითებდა დანაშაულზე და ამის მიუხედავად, თვითნებურად ხომ არ განაცხადა პროკურორმა და გამომძიებელმა უარი გამოძიების დაწყებაზე.
2. სადავო ნორმის შესაბამისობა კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტთან
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში ხვიჩა ყირმიზაშვილი, გია ფაცურია და გვანცა გაგნიაშვილი და „შპს ნიკანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-9 პუნქტში აღნიშნულია: „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ინსტრუმენტული ხასიათის არის და იცავს ნებისმიერი სიკეთის, მათ შორის, კანონით მინიჭებული უფლებების დაცვის შესაძლებლობას.“ პირი, რომელსაც პროკურორი და გამომძიებელი უარს ეუბნება გამოძიების დაწყებაზე, გამოძიების შემთხვევაში, შეიძლება ისარგებლოს დაზარალებულის სტატუსით. ამიტომ ასეთი პირი დაინტერესებულია პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლის მეშვეობით დაადგინოს, მიუთითებს თუ არა მის მიერ გამომძიებლისა და პროკურორისათვის მიწოდებული ინფორმაცია დანაშაულის ჩადენაზე, დადებითი პასუხის შემთხვევაში რამდენად კანონიერად უთხრეს მას უარი გამოძიების დაწყებაზე. გამოძიების დაწყების შედეგი არის ის, რომ ინფორმაციის მიმწოდებელი შესაძლოა ცნობილი იქნეს დაზარალებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, დაზარალებული არის სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად. აღნიშნული კოდექსის 56-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დანაშაულის მომზადების ან მცდელობის შემთხვევაში დაზარალებულია სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეიძლება მისდგომოდა ზიანი. ამავე კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაზარალებულს უფლება აქვს: იცოდეს ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების არსი; მიიღოს ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საპროცესო მოქმედებების შესახებ; სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას და სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომაზე მისცეს ჩვენება იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა ან წერილობით წარუდგინოს სასამართლოს აღნიშნული ინფორმაცია; უფასოდ მიიღოს გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი; მიიღოს პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება; დაიბრუნოს გამოძიებისას და სასამართლო განხილვისას საქმის საჭიროებისათვის დროებით ჩამორთმეული მისი კუთვნილი ქონება; მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება, თუ საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავის ან ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და საკუთრებას; მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს; მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს ინფორმაცია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების თაობაზე და ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შესახებ, თუ ამით ბრალდებულს/მსჯავრდებულს რეალური საფრთხე არ ემუქრება; წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 10 დღისა გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს; მიმართოს ბრალდების მხარეს ამ კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ შუამდგომლობის დაყენების მოთხოვნით; მიიღოს განმარტება თავისი უფლება-მოვალეობების შესახებ; ისარგებლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის მიხედვით, პროკურორმა დაზარალებულს, მოთხოვნის შემთხვევაში, წინასწარ უნდა შეატყობინოს რიგი საპროცესო მოქმედებების ჩატარების დრო და ადგილი.
ამგვარად, გამოძიების არდაწყების შედეგი არის ის, რომ პირი ვერ იღებს დაზარალებულის სტატუსს. გამომძიებლის და პროკურორის უარით, დაიწყოს გამოძიება, პირს ესპობა დაზარალებულის სტატუსის მიღების და აქედან გამომდინარე, დაზარალებულის უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა. „ამრიგად, სახეზეა ინტერესი, რომლის დასაცავადაც პირს სურს, მიმართოს სასამართლოს და ღონისძიება, რომელიც მას ართმევს ამის შესაძლებლობას.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის №2/12/1229, 1242, 1247, 1299 გადაწყვეტილება საქმეზე ხვიჩა ყირმიზაშვილი, გია ფაცურია და გვანცა გაგნიაშვილი და „შპს ნიკანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის მე-9 პუნქტი).
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში სამართლიანი სასამართლოს უფლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იგი არ არის აბსოლუტური და „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
„უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა შეამოწმოს ის ლეგიტიმური მიზანი, რომლის მისაღწევადაც კანონმდებელმა მიიღო სადავო აქტი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის №2/12/1229, 1242, 1247, 1299 გადაწყვეტილება საქმეზე ხვიჩა ყირმიზაშვილი, გია ფაცურია და გვანცა გაგნიაშვილი და „შპს ნიკანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის მე-13 პუნქტი).
სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად შესაძლოა დასახელდეს პროცესის ეკონომიურობა და სასამართლოს დაცვა გადატვირთვისგან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, კანონმდებლის მხრიდან მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ უფლებაში ჩარევა გამართლებულია. შეზღუდვის თანაზომიერებისათვის ასევე აუცილებელია, დაკმაყოფილდეს გამოსადეგობის მოთხოვნაც. თავის მხრივ, ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის N3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48). განსახილველ შემთხვევაში, პროკურორისა და გამომძიებლის უარის, დაიწყოს გამოძიება, ამცირებს სასამართლოს მიერ განსახილველი საქმეების რაოდენობას. ამიტომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალებაა.
გამოსადეგობასთან ერთად, უფლების შემზღუდველი ღონისძიება უნდა იყოს შეზღუდვის აუცილებელი (ყველაზე ნაკლებად მზღუდველი) საშუალება. უფრო კონკრეტულად, „საშუალების აუცილებლობას ობიექტური გარემოებები იწვევს და მას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. საშუალებისადმი ასეთი მიდგომა გამორიცხავს შეზღუდვის ხელოვნურობას. აუცილებლობით გამოწვეული შეზღუდვა აუცილებელი საშუალების გამოყენებით გამართლდება. მხოლოდ ასეთი შეზღუდვა შეიძლება პასუხობდეს პრაქტიკული გონიერების მოთხოვნებს და სუბიექტის მზაობას, უფლების შეზღუდვა მიიჩნიოს, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-30).
აუცილებლობის შემოწმებისას სასამართლო აფასებს ხომ არ არსებობს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალება. განსახილველ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნის მიღწევას - სასამართლოს გადატვირთვისაგან დაცვას უზრუნველყოფს პირებისათვის გასაჩივრების უფლების აკრძალვა. ამავდროულად, არ იკვეთება სხვა, ნაკლებად მზღუდავი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც იმავე ეფექტიანობით უზრუნველყოფდა სასამართლოს განტვირთვას, როგორც ამას პროკურორის უარის, დაიწყოს გამოძიება, სასამართლოში გასაჩივრების აკრძალვაა.
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე უნდა შეაფასოს სადავო ნორმების პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu). თანაზომიერების პრინციპის აღნიშნული ელემენტის მოთხოვნაა, რომ „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43). სადავო ნორმით დადგენილი ბალანსის სამართლიანობის შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რომელი კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსება ხდება სადავო ღონისძიებით. განსახილველ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, სასამართლოს ეფექტიანი ფუნქციონირების, მისი გადატვირთვისგან დაცვის საზოგადო ინტერესი და, მეორე მხრივ, პირის ინტერესი, სასამართლოში გაასაჩივროს პროკურორის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს პროკურორისა და გამომძიებლის უარი იმ საქმეზე, სადაც განცხადების ავტორი საკუთარ თავს დაზარალებულად მიიჩნევს.
სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შეფასებისას მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული იმ უფლებისა თუ სიკეთის მნიშვნელობა, რომლის დასაცავადაც პირს სურს, მიმართოს სასამართლოს. ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რა უფლებრივ სიკეთეს მიემართება სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვა და ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რამდენად დიდია ამ ურთიერთობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების გზით დაშვებული შეცდომის პრევენციისა და გამოსწორების ინტერესი.
„პირის ინტერესია მის მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული იქნეს გამოძიებული, რეალური დამნაშავე იდენტიფიცირებული, დანაშაული სწორად დაკვალიფიცირებული და, საბოლოოდ, საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. ეს, ერთი მხრივ, ხელს უწყობს კონკრეტული დანაშულის შედეგად მიყენებული ზიანის ეფექტურ, ადეკვატურ ანაზღაურებას, ხოლო, მეორე მხრივ, სამართლიანობის განცდის დაკმაყოფილებას იმ გაგებით, რომ მის მიმართ ჩადენილი დანაშული არ დარჩება რეაგირების გარეშე, რომ სახელმწიფო არ არის გულგრილი და ინდიფერენტული მისი პრობლემის მიმართ და რომ სწორედ სახელმწიფო წარმოადგენს გარანტიას მისი ინტერესების დაცვისთვის და უფლებების დარღვევის პრევენციისთვის. ადამიანს არ უნდა დარჩეს დაუცველობის განცდა ან შეგრძნება, რომ სახელმწიფო არ არის მონდომებული, მოტივირებული და ეფექტური ადამიანის უფლებების დაცვისა და უფლებების დარღვევის თავიდან აცილების უმთავრესი ფუნქციის შესრულებისას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/8/594 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10)
რეალური დამნაშავე ვერ იქნება იდენტიფიცირებული, დანაშაული სწორად ვერ დაკვალიფიცირდება, საბოლოოდ სამართლიანი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, თუ გამოძიება არ ჩატარდება. სადავო ნორმა სწორედ გამოძიების დაწყების მოთხოვნის შესაძლებლობას ართმევს იმ პირს, რომელიც მოგვიანებით შესაძლოა დაზარალებულად იყოს ცნობილი. გასაჩივრების უფლების შეზღუდვის გზით სასამართლოს გადატვირთვისაგან დაცვის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმეთა განხილვის სირთულე და სიმრავლე, რათა მაქსიმალურად ზუსტად განისაზღვროს, როგორია ამ კატეგორიის საქმეებით სასამართლოს გადატვირთვის საფრთხე. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს სადავო ურთიერთობის სპეციფიკა, პროკურორის მიერ გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების და მისი გასაჩივრების სპეციფიკა.
როგორც სადავო ნორმიდან ირკვევა, გამოძიების დაწყების საფუძველია პირის განცხადებაში დანაშაულზე მითითება. პირის განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას დანაშაულის შემადგენლობის ობიექტური მხარის თაობაზე. თუკი პირის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ მიუთითებს დანაშაულის ობიექტურ მხარეზე, გამოძიება არ იწყება. თუკი ინფორმაცია სათანადოდ მიუთითებს იმაზე, რომ მოხდა დანაშაული (დანაშაულის შემადგენლობის ობიექტური მხარე), ასეთ შემთხვევაში გამოძიება უნდა დაიწყოს. ამ საკითხის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოს მხოლოდ ის, უნდა შეემოწმებინა, მომჩივანის წარდგენილი ინფორმაცია მიუთითებს თუ არა დანაშაულზე და აქედან გამომდინარე, იყო თუ არა ვალდებული გამომძიებელი და პროკურორის დაეწყო გამოძიება. მოსამართლის მიერ პირის მიერ გამომძიებლისა და პროკურორისათვის წარდგენილი ინფორმაციის შეფასება და იმის დადგენა, შეიცავს თუ არა ეს ინფორმაცია დანაშაულის ნიშნებს, არ ხასიათდება იმგვარი კომპლექსურობით ან სირთულით, რომ მან სასამართლოს გადატვირთულობა გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში შესაფასებელი იქნება თავად მომჩივანის მიერ პროკურორისათვის წარდგენილი განცხადება და მასზე დართული მტკიცებულებები და ამის საფუძველზე, გასაცემი იქნება კითხვაზე პასუხი, რამდენად მიუთითებენ ეს დოკუმენტები დანაშაულის ჩადენაზე. თუკი სასამართლო წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დარწმუნდება, რომ წარდგენილი ინფორმაცია არ მიუთითებს დანაშაულის ჩადენაზე, პროკურორის გადაწყვეტილება ძალაში დარჩება. თუკი იმავე მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე, რაც თავდაპირველად გამომძიებელმა და პროკურორმა გამოიკვლიეს, მოსამართლის დარწმუნდება იმაში, რომ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უნდა დაწყებულიყო გამოძიება, მაშინ უნდა არსებობდეს გამოძიების დაწყების მითითებით საქმის პროკურორისათვის დაბრუნების შესაძლებლობა.
ვინაიდან ფასდება მხოლოდ მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, ჩვეულებრივ ეს ინფორმაცია არ არის იმდენად მოცულობითი, როგორც თუნდაც ბრალის წარდგენის, ჩხრეკის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემისას ან დაკანონებისას. შესაბამისად, სასამართლოსთვის არ იქნება შრომატევადი და დროში გაწელილი იმ დოკუმენტების გაცნობა, რაც გამოძიებას და პროკურატურას მომჩივანმა წარუდგინა. ეს კი ვერ ჩაითვლება ისეთ ტვირთად, რომლის აწევაც სასამართლო სისტემას შეიძლება გაუჭირდეს.
ამგვარი გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლო ამოწმებს პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას. გამოძიების დაწყება არ არის პროკურორის თავისუფალი მიხედულების ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხი. ინფორმაციაში დანაშაულის ნიშნების არსებობისას პროკურორი ვალდებულია დაიწყოს გამოძიება. პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლო ამოწმებს პროკურორის გადაწყვეტილების სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობების სისწორეს და არ იჭრება მის დისკრეციულ უფლებამოსილებაში (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის №2/12/1229, 1242, 1247, 1299 გადაწყვეტილება საქმეზე ხვიჩა ყირმიზაშვილი, გია ფაცურია და გვანცა გაგნიაშვილი და „შპს ნიკანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის 28-ე პუნქტი).
ამგვარად, სამართლიანი სასამართლოს უფლებების გათვალისწინებით, გამოძიების დაწყებაზე უარის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მართალია, იზრდება სასამართლოს მიერ განსახილველი საქმეების რაოდენობა, ამის მიუხედავად, საკითხი იმის თაობაზე, შეიცავს თუ არა კონკრეტული ინფორმაცია დანაშაულზე მითითებას, იმდენად მარტივია, რომ სასამართლოების მიერ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, არ გამოიწვევს სასამართლოების იმგვარ გადატვირთვას, რაც შეუძლებელს გახდის სხვა საკითხზე მართლმსაჯულების განხორციელებას.
ამგვარად, სადავო ნორმით ირღვევა კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და ვითხოვთ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა