მადონა ძიძიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/13/1468 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 11 დეკემბერი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 26 დეკემბერი 2020 19:30 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: მადონა ძიძიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1468) მომართა მადონა ძიძიშვილმა. №1468 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 18 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 11 დეკემბერს.
2. №1468 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება. გამომძიებლის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი გამოძიების არდაწყების შემთხვევაში პროკურორის, გამომძიებლის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას. შესაბამისად, არ არსებობს გამოძიების დაწყების ვალდებულების სასამართლოს კონტროლის შესაძლებლობა. მოსარჩელე მხარის მითითებით, გამოძიების დაწყება არ წარმოადგენს უფლებამოსილი პირის თავისუფალი მიხედულების ფარგლებით გადასაწყვეტ საკითხს. დანაშაულის შესახებ ინფორმაციის არსებობისას პროკურორი, გამომძიებელი ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება.
6. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სასამართლოსთვის მიმართვით დასაცავ ინტერესს გამოძიების დაწყების შედეგად დაზარალებულის სტატუსის მოპოვება და მისთვის მინიჭებული უფლებებით სარგებლობა წარმოადგენს. იმავდროულად, მოსარჩელე უთითებს, რომ გამოძიების არდაწყებით, პირს ერთმევა საშუალება, მოიპოვოს დაზარალებულის სტატუსი. მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო ნორმა ვერ პასუხობს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნას, რამდენადაც სისხლის სამართლებრივი გამოძიების საკითხის შეფასება არ გამოიწვევს სასამართლოთა მნიშვნელოვან გადატვირთვას და, შესაბამისად, აღნიშნული ლეგიტიმური მიზანი ვერ გადაწონის გამოძიების დაწყების მიმართ არსებულ ინტერესებს.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.
8. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად №1468 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1468 კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არგუმენტაციის თანახმად, სადავო ნორმა არ ითვალისწინებს გამომძიებლის, პროკურორის გადაწყვეტილების - არ დაიწყონ გამოძიება - გასაჩივრების შესაძლებლობას, რის შედეგადაც ირღვევა შესაძლო დაზარალებული პირის სამართლიანი სასამართლოს უფლება. მოსარჩელე განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ ადგენს გამოძიების არდაწყებაზე მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლის შესაძლებლობას და, შესაბამისად, გამოირიცხება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება.
3. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირველ რიგში, ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების (ქმედების) სასამართლოში გასაჩივრებას და სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). შესაბამისად, სასამართლოს გზით უფლების დაცვა ის არსებითი მექანიზმია, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს უფლებაშემზღუდველ ქმედებათა კონტროლს.
4. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება და განსაზღვრულია სასამართლო ხელისუფლების არქიტექტურა, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული უფლების დაცვას. საკონსტიტუციო სასამრთლოს განმარტებით, „უფლება სამართლიან სასამართლოზე არ არის აბსტრაქტული და მოიაზრებს უფლების დაცვის შესაძლებლობას კონსტიტუციის ინსტიტუციური სისტემით განსაზღვრული სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მეშვეობით, კონსტიტუციაში მოცემული ინსტიტუციური მოთხოვნების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) და საქართველოს მოქალაქეები ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-68).
5. საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები“, ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები კი სასამართლო ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილებას გამიჯნავს და საკონსტიტუციო კონტროლის უფლებამოსილებას ანიჭებს საკონსტიტუციო სასამართლოს, მართლმსაჯულების განხორციელებას კი საერთო სასამართლოებს. ამავდროულად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „მართლმსაჯულება არის სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს საერთო სასამართლოების ზოგადი კომპეტენცია, განახორციელონ მართლმსაჯულება და მათი განსჯადი საქმეების ფარგლებში გადაწყვიტონ კანონიერების საკითხები, მათ შორის, შეაფასონ სახელმწიფო მოხელეთა და ორგანოების ქმედებების (აქტების) კანონიერება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/10/1378 განჩინება საქმეზე „ზვიად დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
6. ამგვარად, საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა ქმედების კანონიერების შემოწმების მიზნით განსაზღვრავს საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის ზოგად შესაძლებლობას. ამავე დროს, სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსი და ფარგლები თავად კონსტიტუციითვეა განსაზღვრული და მისით სარგებლობა შესაძლებელია გასაჩივრების შესაძლებლობის საკანონმდებლო აქტით მოწესრიგების გარეშეც. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცული შემზღუდველი ღონისძიების სასამართლოში გასაჩივრების უფლებასთან შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ უფლებაშემზღუდველ ნორმატიულ აქტზე, რომელიც მას ართმევს შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს მის მიმართ გამოყენებული შემზღუდველი ღონისძიების კანონიერების შესამოწმებლად. ამგვარი ნორმატიული აქტის არარსებობის პირობებში პირს შესაძლებლობა აქვს, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის №2/10/1264 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის N3/24/1459 საოქმო ჩანაწერი საქმეზე "საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-18). შესაბამისად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, წარმოაჩინოს, რომ სწორედ სადავო ნორმით დადგენილი ამკრძალავი წესის საფუძველზე ეზღუდება სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა.
7. როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი ნორმა ადგენს პროკურორის, გამომძიებლის ვალდებულებას, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაიწყონ გამოძიება. შესაბამისად, აღნიშნული წესი არათუ არ აწესებს აკრძალვებს პროკურორის, გამომძიებლის გადაწყვეტილების სასამართლოს გზით გასაჩივრების შესახებ, არამედ საერთოდ არ ადგენს სამართლიანი სასამართლოს გამოყენების პროცესუალურ წესრიგს.
8. ამასთან, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ საერთო სასამართლოები სადავო ნორმის საფუძველზე, უარს ამბობენ პროკურორის, გამომძიებლის მიერ გამოძიების დაწყების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებაზე. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ, მათ შორის, ბრალდების მხარისათვის გამოძიების დაწყების დავალების მოთხოვნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რაზედაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწემ უპასუხა, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, პროკურატურას დაავალოს გამოძიების დაწყება. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულ პასუხში საერთოდ არაა მითითებული სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამორიცხავს პროკურორის/გამომძიებლის უმოქმედობის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისთვის ცალსახა და არაორაზროვანია, რომ მარტოოდენ მოსამართლეა უფლებამოსილი, განახორციელოს მართლმსაჯულება. როგორც უკვე განიმარტა, საკუთარი უფლებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა კონსტიტუციით გარანტირებული პირდაპირ მოქმედი უფლებაა. შესაბამისად, პირის მიერ სასამართლოსათვის სარჩელით/საჩივრით მიმართვის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, განიხილოს იგი ან/და განუმარტოს მოსარჩელეს საჩივრის/სარჩელის განხილვაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
9. აღნიშნულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ საქმეზე არ არის წარმოდგენილი დასაბუთება, რომელიც წარმოაჩენდა, რომ სადავო ნორმა კრძალავს გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. ამდენად, ცალსახაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამ ფორმით დაყენება გამოწვეულია მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორი აღქმით და კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს. შესაბამისად, №1468 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1468 კონსტიტუციური სარჩელი („მადონა ძიძიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი