ააიპ „სავაჭრო-კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანება" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1469 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ააიპ „სავაჭრო-კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანება" |
თარიღი | 20 დეკემბერი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი“ ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ნორმატიული შინაარსი -„სუბიექტი ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს სულ მცირე წელიწადში ერთხელ“ არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ავალდებულებს სუბიქტებს, მათ შორის, ბაზრობებს სულ მცირე წელიწადში ერთხელ მომაზადონ ფინანსური ანგარიშგება; |
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტი „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია“ საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მეორე პუნქტი „სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე“. |
მე-6 მუხლის პირველი პუნქტის - სიტყვების ნორმატიული შინაარსი „პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოები ვალდებული არიან, უზრუნველყონ საკუთარი ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული წესით“ არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ავალდებულებს სუბიქტებს, მათ შორის, ბაზრობებს საკუთარი ფინანსური ანგარიშგების, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტს; |
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტი „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია“ საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მეორე პუნქტი „სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე“. |
მე-15 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების ნორმატიული შინაარსი - „აუდიტი შეიძლება ჩატარდეს ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით“; |
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტი „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია“ საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მეორე პუნქტი „სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე“. |
მე-7 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებაში სიტყვების ნორმატიული შინაარსი - „ ... და პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებმა უნდა მოამზადონ და სამსახურს წარუდგინონ მმართველობის ანგარიშგება“ არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ავალდებულებს სუბიქტებს, მათ შორის, ბაზრობებს მმართველობის ანგარიშგების მომზადებას და წარდგენას სამსახურისთვის; მე-9 მუხლის მეორე პუნქტის ნორმატიული შინაარსი „სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიერ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყონებლივ, ან არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა წარუდგინოს სამსახურსმის მიერ დადგენილი წესით“ - არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ავალდებულებს სუბიქტებს, მათ შორის, ბაზრობებს ხსენებული მოთხოვნის შესრულებას; მე-9 მუხლის მესამე პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების ნორმატიული შინაარსი - „სამსახური ვალდებულია სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებები (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგებები) და აუდიტორული დასკვნები გამოაქვეყნოს მათი წარდგენიდან ერთი თვის ვადაში“ - არაკონსტიტუციურად ცნობას იმ ნაწილში, რომლითაც ნორმა ავალდებულებს სამსახურს, სუბიექტების, მათ შორის, ბაზრობების მიერ წარდგენილი ანგარიშგებები და აუდიტორული დასკვნები გამოაქვეყნოს და გახადოს საჯარო. |
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტი „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია“ საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მეორე პუნქტი „სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი; საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტი; "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი; "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 31-ე და 31 პრიმა მუხლები.
საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი; „ნორმატიული აქტების“ შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი;
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის არსებითად განსახილველად არ მიღების საფუძველი, რადგან სარჩელი აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ:
სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მოთხოვნებს - სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული, შესაბამისი სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. სარჩელი ხელმოწერილია მოსარჩელეთა მიერ და გათვალისწინებულია 31-ე მუხლის მოთხოვნები.
სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, რადგან „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შესაძლებლობას იურიდიული პირებისათვის. მოსარჩელე წარმოადგენს იურიდიულ პირს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული თავისუფალი მეწარმეობის და კომერციული საიდუმლოს უფლება.
სადავო საკითხი განსჯადია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რადგან „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით: „საკონსტიტუციო სასამართლო... უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს... საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი“.
საკონსტიტუციო სარჩელში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
სარჩელში მითითებული ყველა სადავო საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით, რადგან სადავო ნორმები გასაჩივრებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის კონკრეტულ მუხლებთან მიმართებით.
სადავო აქტი საკანონმდებლო აქტია და მის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოსარჩელე მხარე ვითხოვთ, ბაზრობების მიმართ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც სუბიექტს ავალდებულებს ფინანსურ ანგარიშგების მომზადებას სულ მცირე წელიწადში ერთხელ“.
მოსარჩელე მხარე ვითხოვთ, ბაზრობების მიმართ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ავალდებულებს პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებს უზრუნველყონ საკუთარი ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი“
მოსარჩელე მხარე ვითხოვთ, ბაზრობების მიმართ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებს ავალდებულებს მომაზადონ და სამსახურს წარუდგინონ მმართველობის ანგარიშგება.
მოსარჩელე მხარე ვითხოვთ, ბაზრობების მიმართ “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ავალდებულებს სუბიექტს (გარდა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირისა) მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება(მათ შორის კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიერ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყონებლივ, ან არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა წარუდგინოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს (შემდგომში სამსახური).
მოსარჩელე მხარე ვითხოვთ, ბაზრობების მიმართ “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მესამე ნაწილის პირველი წინადადების ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ავალდებულებს სუბიექტს სამსახურს სუბიექტის მიერ წარდგენილი ანგარიშგებები (მათ შორის კონსოლიდირებული ანგარიშგებები) და აუდიტორული დასკვნები გამოაქვეყნოს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში.
მოსარჩელე მხარე ვითხოვთ, ბაზრობების მიმართ “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის ჩანაწერის „აუდიტი შეიძლება ჩატარდეს ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით“ ნორმატული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ავალდებულებს პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებს საკუთარი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარებას.
საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, რომელიც მიღებულია 2016 წლის 24 ივნისს, მასში 2017 წელს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ საბოლოო რედაქციით დადგენილი რეგულაციებით არეგულირებს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ფინანსური ანგარიშგების, მმართველობის ანგარიშგების, სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების მომზადების და წარდგენის სამართლებრივ საფუძვლებს, აღნიშნული კანონის მიზანია, როგორც ეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონის მეორე მუხლშია მითითებული „ფინანსური გამჭვირვალობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა სუბიექტთა ანგარიშგებისა და აუდიტის მარეგულირებელი შესაბამისი ევროკავშირის დირქტივების მოთხოვნებთან მიახლოებით“.
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით ფინანსური ანგარიშგება არის „ გასული საანგარიშო პერიოდის ფინანსური ინფორმაცია, რომელშიც წარდგენის შესაფერისი საფუძვლების შესაბამისად სტრუქტურულად არის მოცემული სუბიექტის ფინანსური მდგომარეობა, საქმიანობის შედეგები, ფულადი სახსრებისა და კაპიტალის მოძრაობა, სააღრიცხვო პოლიტიკა და განმარტებითი შენიშვნები“. ანუ ფინანსური ანგარიშგება მოიცავს: ინფორმაციას საწარმოს აქტივებზე, ვალდებულებებზე, საწარმოს კაპიტალზე, რა შემოსავალი მიიღო მან, რა ხარჯი გასწია და რა მოგება აქვს ანუ მოიცავს უფრო ფართო და სრულ ინფორმაციას, ვინემ ანგარიშგების ძველი სტანდარტები(ფასს), რა დროსაც ხდებოდა მოგების დეკლარაციის წარდგენა.
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონის მეშვიდე მუხლის მეორე ნაწილით მმართველობის ანგარიშგება მოიცავს საქმიანობის მიმოხილვას, კორპორაციული მართვის ანგარიშგებას და არაფინანსურ ანგარიშგებას. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საქმიანობის მიმოხილვას ამზადებენ სდპ, პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოები. ამ მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად საქმიანობის მიმოხილვა, საქმიანობის მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით, ასახავს სუბიექტის საქმიანობის განვითარების, შედეგებისა და მდგომარეობის, სუბიექტის წინაშე არსებული ძირითადი რისკებისა და გაურკვევლობების ამომწურავ ანალიზს. იგი საქმიანობის სრულად გაგებისათვის, საჭიროების შემთხვევაში დამატებით უნდა მოიცავდეს აუცილებებლ ძირითად ფინანსურ და არაფინანსურ მაჩვენებლებს, არაფინანსურ ინდიკატორებს, რომლებიც დაკავშირებულია სუბიექტის საქმიანობასთან, მათ შორის დასაქმების და გარემოს დაცვის საკითხებთან, აგრეთვე წლიურ ფინნსურ ანგარიშგებაში ასახული თანხების შესახებ დამატებით განმარტებებს. საქმიანობის მიმოხილვა ასევე უნდა მოიცავდეს: სუბიექტის განვითარების გეგმებს, სუბიექტის მიერ წარმოებული კვლევების და მისი განვითარების მიმოხილვას, ინფორმაციას სუბიექტის ფილიალების საქმიანობის შესახებ; სუბიექტის საკრედიტო, საბაზრო, ლიკვიდობის და ფულადი ნაკადების რისკების მიმოხილვას და ინფორმაციას ამ რისკების მართვის მექანიზმების შესახებ; საკუთარი აქციების შეძენის შესახებ ინფორმაციას, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: საანგარიშგებო პერიოდში აქციების შეძენის მიზეზს; საანგარიშგებო პერიოდში შეძენილი და გასხვისებული აქციების რაოდენობას და ნომინალური ღირებულებას, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – საბალანსო ღირებულებას და განთავსებულ კაპიტალში აქციების წილობრივი მაჩვენებელს; აქციების შეძენისათვის ან გასხვისებისათვის განხორციელებული საპასუხო შესრულებას; საანგარიშგებო პერიოდში შეძენილი და საკუთრებაში დატოვებული აქციების რაოდენობას და ნომინალური ღირებულება, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – საბალანსო ღირებულებას და განთავსებულ კაპიტალში აქციების წილობრივი მაჩვენებელი; ინფორმაციას ფინანსური რისკების მართვასთან დაკავშირებით სუბიექტის მიზნებისა და პოლიტიკის შესახებ. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება მხოლოდ საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ საბიუჯეტო ორგანიზაციებზე გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევისა.
უშუალო ზედამხედველობას აღნიშნული კანონის შესრულებაზე ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური(შმდგომში სამსახური), რომელიც აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, მათ შორის შესაბამისი სანქციების გამოყენების უფლებით.
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „ტ-ქ“ ქვეპუნქტებით განმარტებულია მეოთხე, მესამე, მეორე და პირველი კატეგორიის საწარმოები. საწარმოსათვის კატეგორიიის მინიჭების ძირითადი კრიტერიუმებია: საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული აქტივების ჯამური ღირებულების, შემოსავლების და დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის მონაცემები. ამ მონაცემების მიხედვით „ბაზრობებიც“ არიან, როგორც მეოთხე, მესამე, ასევე მეორე და პირველი კატეგორიის საწარმოები. ამდენად „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები თანაბრად ვრცელდება მათზეც. ანუ „ბაზრობები“ ვალდებულნი არიან „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სულ მცირე წელიწადში ერთხელ მომაზადონ ფინანსური ანგარიშგება; მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებმა უზრუნველყონ საკუთარი ფინანსური ანგარიშგების/ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი; კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანხმად პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებმა მომაზადონ და სამსახურს წარუდგინონ მმართველობის ანგარიშგება, კანონის მე-9 მუხლის მერე ნაწილის თანახმად სამსახურს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშგება, მმართველობის ანგარიშგება, სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება(პირველი კატეგორიის საწარმოებმა), აუდიტორული დასკვნა დაუყონებლივ, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის პირველ ოქტომბრამდე. კანონის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად სამსახური ვალდებულია გამოაქვეყნოს ისინი მათი წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
მოსარჩელეები ვართ საწარმოები, რომლებიც ვეწვით ბაზრობის (ვაჭრობის) ორგანიზებას (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ბაზრობის ორგანიზებისა) და ჩვენი საქმიანობის სფერო არის მხოლოდ სავაჭრო ობიექტის ან სავაჭრო ადგილის იჯარით გადაცემა. კანონის შესწავლის, პრაქტიკაში მისი დანერგვის საფუძველზე, მივიჩნევთ, რომ საქართველოს კანონით „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ „ბაზრობებისათვის“ ზემოთ ხსენებული ვალდებულებების დაკისრება ეწინააღმდეგება „საქართველოს კონსტიტუციას“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“, „ საქართველოს საგადსახადო კოდექსს“, საქართველოს კანონს „კონკურენციის შესახებ“, საქართველოს კანონს „თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის შესახებ“ და სხვა კანონებს. ბაზრობების გათანაბრება და ვალდებულებების თანაბრად დაკისრება ე.წ. სდპ პირებთან, ასევე სხვა ისეთი კატეგორიის საწარმოებთან, რომლებსაც თავიანთი საქმიანობით უწევთ საფონდო ბირჟაზე გასვლა, საქმიანობენ მოზიდული თანხებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტალურ პრინციპებს, როგორიცაა, თავისუფალი მეწარმეობის და კონკურენციის განვითარება, თავისფალი მეწარმოების უზრუნველყოფა და კომერციული საიდუმლოების დაცვის გარანტია.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მეოთხე ნაწილის პირველი წინადადებით „უზრუნველყოფილია მეწარმეობის თავისუფლება“. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მეორე პუნქტი - „სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე“.
კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი მოიცავს წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელთან უშუალო შემხებლობაში მყოფ წინადადებას, რომლითაც დადგენილია სახელმწიფოს ვალდებულება, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. ამ ნორმაში გამოყენებული ტერმინი „მეწარმეობა“ (თავისუფალი მეწარმეობა), შინაარსობრივად იგივეა, რაც „სამეწარმეო“ საქმიანობა. სწორედ ამ ტერმინს იყენებს და მის განმარტებას იძლევა საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“. ამ კანონის პირველი მუხლის, მეორე პუნქტის მიხედვით, „სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად“. სამეწარმეო საქმიანობის (იგივე მეწარმეობის) მონაწილე კი არის მეწარმე, რაც დადასტურებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით.
რაც შეეხება ტერმინს „კონკურენცია“, ქართული ენის განმარტებითი და უცხო სიტყვათა ლექსიკონების მიხედვით ზოგადად გამოხატავს მეტოქეობას, ბრძოლას, უპირატესობის მოპოვებას რაიმე ასპარეზზე. ბუნებრივია, კონსტიტუციაში აღნიშნული ტერმინი უფრო კონკრეტული შინაარსისაა და მასში იგულისხმება ეკონომიკური კონკურენცია, რაც „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონის მეორე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით არის „მეტოქეობა, რომლის დროსაც ეკონომიკური აგენტები ცდილობენ თავიანთი სამეწარმეო საქმიანობა კონკურენტებზე უფრო წარმატებით განახორციელონ, სთავაზობენ რა მომხმარებელს უკეთეს პირობებს ფასებთან, ხარისხთან, შეფუთვასთან, მომსახურების სტანდარტებთან და სხვა ეკონომიკურ მახასიათებლებთან დაკვშირებით“.
კონსტიტუციის მე-6 მუხლის, მე-2 პუნქტის პირველი წინადადებით დადგენილია სახელმწიფოს ვალდებულება, რომ ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. სამეწარმეო საქმიანობისა და კონკურენციის მხარდაჭერის კონსტიტუციური ნორმა თვალნათლივაა განვრცობილი კანონში „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“. აღნიშნული კანონის 1-3-ე თავებში, გათვალისწინებულია კონკურენციის შეზღუდვის ადმინისტრაციული და დისკრიმინაციული ბარიერების აკრძალვა. კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ძალიან კატეგორიულია სახელმწიფოს მიმართ. ნორმაში მკვეთრად არის გამოხატული სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულება. აღნიშნული ნორმის განმარტება გულისხმობს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციისათვის ხელის შეწყობას და ბაზარზე ზემოქმედების თანაბარი უფლებების დადგენას. თვით სახელმწიფოსაც არა აქვს უფლება ამ სფეროში რაიმე პრივილეგია დაიდგინოს ამ ურთიერთობის სხვა, კერძო სუბიექტებთან. მეწარმეობის თავისუფლება საქმიანობის საყოველთაო თავისუფლების გამოხატულება, შრომის თავისუფლებისა და ეკონომიკური თავისუფლების ერთ-ერთი გამოვლინებაა. მისმა მონაწილემ თავისუფლად უნდა გამოიყენოს თავისი პიროვნული და ქონებრივი შესაძლებლობები. კონკურენცია ორგანულად უკავშირდება მეწარმოებას, მეწარმეობის თავისუფლებას და წარმოადგენს საბაზრო მეურნეობის საძირკველს. აღსანიშნავია ისიც, რომ არაჯანსაღ კონკურენციად მიიჩნევა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და კომერციული საიდუმლოების ან კომპანიისათვის ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება, რომელმაც შესაძლოა მისი დაზიანება გამოიწვიოს.
სახელმწიფოს მიერ თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციისათვის ხელშეწყობა გამოიხატება იმაში, რომ სახელმწიფომ პირდაპირი თუ არაპირდაპირი ქმედებებით ხელი შეუწყოს ბაზარზე საწარმოს დაშვებას. სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი ეკონომიკური გარემო, რაც საშუალებას მისცემს საწარმოს, შეუფერხებლად, ყოველგვარი ზედმეტი ადმინისტრაციული ბარიერების გარეშე, განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა.
მეწარმეობის თავისუფლება კი წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნიშვნელოვან გამოვლინებას, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობების საფუძველს. აღნიშნული ვალდებულებებით სახელმწიფო მხარს უჭერს თავისუფალი ეკონომიკის პრინციპს, რომელშიც არა მარტო მეწარმეობის ასპარეზია თავისუფალი ნებისმიერი ქმედუნარიანი სუბიექტისათვის, არამედ თავად მეწარმეობაა თავისუფალი. მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობის დროსაა შესაძლებელი, მეწარმე სუბიექტი გახდეს კომერციული ურთიერთობის სრულფასოვანი თანამონაწილე და შეძლოს თავისი საქმიანი უნარ-ჩვევების სრულყოფილი გამოვლინება. კონსტიტუციის დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ყველას აქვს უფლება, თავისუფლად შეარჩიოს სამეწარმეო საქმიანობის ესა თუ ის სახე და თავისუფლად და დაუბრკოლებლად განახორციელოს იგი.
ხელშეკრულების, საკუთრებისა და მეწარმეობის თავისუფლება წარმოადგენს იმ ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებულ პრინციპულ ფასეულობებს, რაც დამახასიათებელია საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისათვის. ისევე, როგორც საკუთრების უფლება წარმოადგენს საკუთრებითი წესრიგის გამოვლინებას, თავისუფალი მეწარმეობაც შესაძლებელია მხოლოდ სამეწარმეო წესრიგის ფარგლებში. სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს ისეთი ეკონომიკური წესრიგის ჩამოყალიბებას, რომელიც თავისუფალ მეწარმეობასაც ხელს შეუწყობს და ეკონომიკური უსაფრთხოებაც იქნება გარანტირებული.
ფასეულობებისადმი ასეთი დამოკიდებულებით, სახელმწიფო ახდენს კერძო და საჯარო ინტერესების ერთმანეთისაგან არა გაუცხოებას, არამედ უზრუნველყოფს მათ შორის სამართლიანი ბალანსისა და მშვიდობის დამყარებას. ამით სახელმწიფო ქმნის ისეთ ეკონომიკურ მართლწესრიგს, რომელშიც მეწარმის ინტერესები არა თუ წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოების სამართლებრივად ანგარიშგასაწევ ინტერესებთან, არამედ მათ ემსახურება.
კონკურენტული ბაზრის პირობებში თავად ბაზრის კანონებია სამეწარმეო წესრიგის საფუძველი და ზედმეტი ხდება სახელმწიფოს მხრიდან მეურვეობა რეგულირების გზით. კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიზანმიმართულებაა თავისუფალი, კონკურენტული ბაზარი. მხოლოდ ასეთი ბაზრის პირობებში შეიძლება ავლენდეს სუბიექტი მეწარმისათვის დამახასიათებელ ყველა ნიშან-თვისებას. მხოლოდ კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი სუბიექტის თავისუფალი წარმოშობა, საქმიანობა და არსებობის შეწყვეტა. კონკურენციისადმი ხელის შეწყობით სახელმწიფო ახალისებს ბაზარზე სიცოცხლისუნარიანი სუბიექტების საქმიანობას. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ჯანსაღი სამოქალაქო ბრუნვის ჩამოყალიბებას. კონკურენციის არსებობისა და განვითარების სამართლებრივი გარანტიები გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ისეთი სამართლებრივი ნორმებისა და ინსტიტუტების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობენ მეწარმოების თავისუფლების განვითარებას, ქონებრივი ურთიერთობების მონაწილეთა ფორმალურ თანასწორობას, კერძო საკუთრების დაცვას, შეთანხმების თავისუფლებას, დარღვეული უფლებების დაცვის უზრუნველყოფას, მეწარმე სუბიექტების მიერ კონკურენციული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობის აღიარებას და, სახელმწიფოს მხრიდან, კონკურენციისადმი სხვა დახმარებებს. სწორედ ამ პრინციპებზეა დაფუძნებული სამოქალაქო და სავაჭრო სამართლის სისტემები იმ ქვეყნებში, რომლებიც ორიენტირებული არიან საბაზრო პრიორიტეტებზე ეკონომიკის რეგულირებაში. კანონმდებლის ჩარევის ფარგლები მთავრდება იქ, სადაც ბაზრის ბუნებრივი კანონებით წესრიგდება ესა თუ ის ურთიერთობა.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მეწარმის საქმიანობა არ შეიძლება იმაზე მეტად შეიზღუდოს საჯარო ინტერესებით, რაც აუცილებელია კერძო ინტერესების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მეწარმეებს უნდა შეექმნათ სამართლებრივი გარანტიები იმისათვის, რომ მათ ეფექტიანად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა სამოქმედო ტერიტორიის მიუხედავად, იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორია მათი საქმიანობის ეკონომიკური დანახარჯები და მომგებიანობა. ნებისმიერი ნორმატიული ჩარევა, რომელიც გაუცხოვდება და დაუპირისპირდება ბაზრის ბუნებრივ კანონებს, ხელოვნურად თავსმოხვეული და არაეფექტიანი იქნება.
სადავო ნორმები „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე ნაწილი „სუბიექტი ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს სულ მცირე წელიწადში ერთხელ და მე-6 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „ პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოები ვალდებული არიან უზრუნველყონ საკუთარი ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი“ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მეოთხე ნაწილის პირველ წინადადებასთან „უზრუნველყოფილია მეწარმეობის თავისუფლება“. ამ ნორმის პრაქტიკაში დანერგვა ფინანსურად აზარალებს ბაზრობებს, ვინაიდან მათ მოუწევს ხარჯის გაღება. განსხვავებით რეგულირებად ვაჭრობაში მონაწილე კომპანიებისგან, საკრედიტო დაწესებულებებისაგან, სადაზღვევო კომპანიებისაგან, რომელთაც აქვთ ----- ბაზრობების შემოსავალი ძირითადში არის მხოლოდ სავაჭრო ფართების იჯარის გაცემის შედეგად მიღბული თანხები, რის შედეგადაც ბაზრობები აღმოჩნდებიან ფინანსურად წამგებ სიტუაციაში, რაც გაუმართლებლად ზღუდავს მეწარმეობის თავისუფლებას და ბაზრობების მიმართებაში იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
ახალი კანონის შემოღებამდე მოქმედებდა საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა 2016 წლის 08 ივნისიდან. ხსენებული კანონის მე-7 მუხლის მეოთხე ნაწილით, აუდიტის ჩატარება სავალდებულო იყო არა ყველა საწარმოსათვის, არამედ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტებისათვის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტებისათვის, იმ საწარმოებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. აღვნიშნავთ, რომ ამ ჩამონათვალში არ იყვნენ ბაზრობები და შესაბამისად არ ექვემდებარებოდნენ სავალდებულო აუდიტის ჩატარებას.
განვმარტავთ, რომ კანონი ღიად ტოვებს საკითხს, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს აუდიტორული კომპანიების ანაზღაურების საკითხი. ანაზღაურების საკითხის მოწესრიგების გარეშე კი აღნიშნული კანონი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენებს ბაზრობებს. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული გამოიწვევს აუდიტორული კომპანიების მიერ ფასების ხელოვნურად გაზრდას, რაც ბუნებრივია ხელს შეუშლის ბაზრობების გამართულად ფუნქციონირებას. თავის მხრივ ფასების ხელოვნურად ზრდა აზარალებს მომხმარებელსაც. ამასთან, ახალი კანონის შემოღებით საწარმოებს დაუწესდათ ახალი მოთხოვნები ვინაიდან მოგების გადსახადის დეკლარაცია პრინციპულად განსხვავდება ფინანსური ანგარიშგებისაგან, ჯერ ერთი ესტონური მოდელით მომუშავე ორგანიზაციები მოგების გადასახადის დეკლარაციას ყოველ თვეში აბარებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, ხოლო ფინანსური ანგარიშგება წელიწადში ერთხელ უნდა მომზადდეს. თანაც ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას საწარმოს აქტივებზე, ვალდებულებებზე, საწარმოს კაპიტალზე, რა შემოსავალი მიიღო საწარმომ, რა მოგება აქვს ანუ ეს მოიცავს უფრო ფართო ინფორმაციას.
გარდა ამისა, განვმარტავთ, რომ აუდიტორული შემოწმება არ ათავისუფლებს მეწარმე სუბიექტს საგადასახადო შემოწმებისაგან, რომელიც ასევე არის სავალდებულო და საგადასახადო შემოწმების ჩანაცვლება აუდიტორული შემოწმებით არ ხდება. ასეთ შემთხვევაში სახეზეა შემოწმების გაორმაგება, რადგან ერთსა და იმავე მონაცემებს ცალკე აუდიტის და ცალკე საგადსახადო სამსახური ამოწმებს. ეს თავის მხრივ იწვევს მეწარმე სუბიექტების ხარჯების უსაფუძვლო ზრდას. ეს ყველაფერი კი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზანს სცდება და სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს თავისუფალი მეწარმეობის განვითარების გარანტიას.
სადავო ნორმა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, „პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებმა უნდა მოამზადონ და სამსახურს წარუდგინონ მმართველობის ანგარიშგება“ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მეორე პუნქტთან „სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე“.
როგორც წესი თავისუფალი მეწარმეობის უზრუნველყოფას სახელმწიფო ახორციელებს მეწარმეობის ხელშემწყობი კანმომდებლობის მოწესრიგებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „მეწარმეობისადმი სახელმწიფოს მხარდაჭერა არ გულისხმობს მარტო ინსტიტუციურად ამ საქმიანობის ნაორმატიულ აღიარებას. მნიშვნელოვანია მისი მთავარი მოთამაშის, კერძოდ მეწარმისადმი შეთავაზებული გარანტიები. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს, იზრუნებს მათი გაჯანსაღებისათვის“(2008 წელი. 19 დეკემბერი საქმე N1/2/411.
მმართველობის ანგარიშგება ეს არის საწარმოს ხელმძღვანელის ხედვა არა მარტო რაც მოხდა საწარმოში, არამედ თუ რატომ მოხდა და რა გავლენა ექნება მომხდარს სუბიექტის სამომავლო საქმიანობაში (განმარტება მმართველობის ანგარიშგების იხილეთ ზემოთ), მმართველობითი ანგარიშგება მართალია არაფინანსური ნაწილია, მაგრამ იგი განიხილავს ფინანსურ ნაწილში ასახულ მონაცემებსაც და დამატებით ინფორმაციას იძლევა. ამასთანავე, მენეჯმენტმა ამ ანგარიშში უნდა განიხილოს კომპანიის წინაშე არსებული რისკები, ამ რისკების მართვის მიზნები და მეთოდები, პროცედურები. მიგვაჩნია, რომ მმართველობის ანგარიშგების მომზადება ზღუდავს, სუბიექტის-ბაზრობების როგორც მეწარმის ეკონომიკურ თავისუფლებას. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ბაზრობები არ წარმოადგენენ სოციალური პასუხისმგებლობის საწარმოებს, არც მაღალი რისკ-ჯგუფის საწარმოები არიან და არც დეველეპორული სექტორის წარმომადგენლები. მათი რისკების გათვალისწინებით მმართველობის ანგარიშგების მომზადება და სამსახურისთვის წარდგენა აზარალებს თავად ბაზრობებს. მმართველობითი ანგარიშგების მომზადება და წარდგენა სამსახურისათვის არაფერი სიკეთის და სარგებლის მომტანი არ იქნებ ბაზრობებისათვის. პირიქით ხელს შეუშლის თავისფალი მეწარმოების და კონკურენციის განვითარებას. მეწარმეს ესაჭიროება ეკონომიკური თავისუფლება ამიტომ სახელმწიფომ ნაკლები რეგულაციები უნდა დაუწესოს ბიზნესს, მიგვაჩნია, რომ სადაო ნორმა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება ცნობილი უნდა იქნას არაკონსტიტუციურად. სადავო კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მეორე ნაწილი სუბისქტებისათვის, მათ შორის „ბაზრობებისათვის“ სავალდებულოდ ხდის ფინანსური ანგარიშგების (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგების (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების წარდგენას, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნასთან ერთად“. მოსარჩელეები მივიჩნევთ, რომ ნორმის ეს მოთხოვნის გავრცელება „ბაზრობების“ მიმართ არის ანტიკონსტიტუციური და დისკრიმინაციული და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მეოთხე ნაწილის პირველი წინადადების შინაარს „უზრუნველყოფილია მეწარმეობის თავისუფლება“ და საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მეორე პუნქტი „ სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე“ შინაარს.
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ხსენებული ანგარიშგების წარდგენა წნეხის ქვეშ აქცევს ე.წ. „ბაზრობებს“და რატომ? ბაზრობებს გააჩნიათ საქმიანობის სხვა მექანიზმი, ვიწრო მიმართულება, რითაც ისინი განსხვავდებიან რეგულირებად ვაჭრობაში მონაწილე კომპანიებისგან, საკრედიტო დაწესებულებებისაგან, სადაზღვევო კომპანიებისაგან და მათი ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე, არ არიან საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინტერესის სფერო. „ბაზრობები“, როგორც კერძო სამართლის იურიდიული სუბიექტები, არ ახორციელებენ კაპიტალის მოზიდვას, არ გასცემენ საბანკო გარანტიებს, ვერ იღებენ ვალდებულებას აანაზღაურონ სადაზღვევო შემთხვევები, არ აქვთ განხორციელებული აქციების ფინანსური საჯარო შეთავაზება, საქმიანობას არ და ვერ ეწევიან წინასწარ მოზიდული თანხებით და ა. შ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „ბაზრობების“ ანუ მეწარმე სუბიექტების საქმიანობის ფორმა არის მხოლოდ ფართების გაქირავება. აქედან გამომდინარე, „ბაზრობების მიმართ“, კერძო სამართლის იურიდიული პირების მიმართ ინვესტორის დაინტერესება და მოზიდვა ნაკლებად პერსპექტიულია. მაგალითისათვის აღვნიშნავთ, რომ სადავო ნორმის ამოქმედებიდან განვლილ პერიოდში „ბაზრობებთან მიმართებაში“ ადგილი არ ქონია რაიმე პოზიტიურ დინამიკას, არ ყოფილა არანაირი შეთავაზება ინვესტორებისაგან. აღნიშვნის ღირსია რომ, კანონის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად სამსახურს წარედგინება არა მიმდინარე, არამედ გასული საანგარიშო პერიოდის ფინანსური ინფორმაცია, რომელშიც წარდგენის შესაფერისი საფუძვლების შესაბამისად სტრუქტურულად არის მოცემული სუბიექტის ფინანსური მდგომარეობა, საქმიანობის შედეგები, ფულადი სახსრებისა და კაპიტალის მოძრაობა, სააღრიცხვო პოლიტიკა და განმარტებითი შენიშვნები. ინვესტორი, რომელიც იჩენს ინტერესს კონკრეტული ბიზნესით, როგორც წესი მოითხოვს მიმდინარე საფინანსო მდგომარეობას, იმის მიუხედვად თუ როგორი მიმზიდველი იყო გასული წლის ფინანსური მდგომარეობა და ამასთან აუცილებლად თავად ჩაატარებს აუდიტს. ამდენად, მოსაზრება, რომ საფინანსო ანგარიშგების, მმართველობის ანგარიშგების წარდგენა და შემდგომში სამსახურის მიერ მისი გამოქვეყნება მიმზიდველი იქნება ინვესტორისათვის აღვნიშნავ, რომ „ბაზრობებთან“ მიმართებაში არის მიზანს აცდენილი. ამდენად, სადაო ნორმის შინაარსის გავრცელება „ბაზრობების“ მიმართ ცნობილი უნდა იქნას არაკონსტიტუციურად.
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მესამე ნაწილის პირველი წინადადება ავალდებულებს სამსახურს, სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებები, მათ შორის კონსოლიდირებული ანგარიშგებები და აუდიტორული დასკვნები გამოაქვეყნოს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში. აღნიშნული ნორმის ეს შინაარსი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მეორე და მესამე ნაწილების პირველი წინადადების შინაარსთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27/2 მუხლის პირველ ნაწილთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლთან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადებით გარანტირებულია, რომ „ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას“, ხოლო მესამე ნაწილის პირველი წინადადებით ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27/2 მუხლის პირველი ნაწილით „კომერციული საიდუმლოება არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
საქართველოს საგადსახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება, გარდა გადასახადის გადამხდელის სტატუსისა, სახელწოდებისა, მისამართისა, საიდენტიფიკაციო ნომრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაციისა”. აღვნიშნავთ, რომ „ბაზრობები“ არ საჭიროებენ საჯარო ფინანსებზე გასვლას და ბირჟაზე ფულის მოძიებას, რადგან მათ ყოფნის შემოსავალი და, უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლებელია საბანკო სესხით სარგებლობა. ანგარიშგება, რომელიც გამოქვეყნდება სავალდებულო წესით ხელმისწვდომი გახდებ ფართო საზოგადოებისათვის და ეჭვსგარეშეა, რომ დარტყმის ქვეშ დადგება კომერციული და საგადსახადო საიდუმლოება. თუ აქამდე ფინანსური ანგარიში ძირითადად შიდა სამზარეულოს ნაწილი იყო, მას ეცნობოდა მენეჯმენტის მხოლოდ ვიწრო წრე და ფართო საზოგადოებას მასზე ხელი არ მიუწვდებოდა. სადაო კანონის ამოქმედებით მეწარმე სუბიექტის, მათ შორის „ბაზრობების“ ფინანსური ანგარიშგება-ინფორმაცია, რომელიც სავალდებულო წესით უნდა აიტვირთოს საჯაროდ, სრულად მოიცავს მონაცემებს მისი შემოსავლების შესახებ, მონაცემებს სრული ფინანსურ მდგომარეობასა და კაპიტალის მოძრაობაზე, მის სამომავლო გეგმებზე, რისკებზე და ა.შ. ცალსახად ხვდება დარყმის ქვეშ. ანგარიშგების გამოქვეყნებით სხვა მესამე პირისთვის, მათ შორის მისი კონკურენტისთვის ცნობილი გახდება მისი კომერციული და საგდასახადო საიდუმლოება. მოსარჩელეებს მიგვაჩნია, რომ სადაო კანონით „ბაზრობები“, რომლებსაც მხოლოდ საქმიანობის ერთი მიმართულება აქვთ ვერ შეძლებენ თავიანთი კომერციული თუ საგადსახადო საიდუმლოების დაცვას და მოსალოდნელია ამან ხელი შეუწ,ყოს კონკურენციას, მონოპოლიზაციას და გარკვეული სუბიექტები გაქრნენ კიდეც ბაზრიდან.
როგორც ზემოთ აღინიშნა სადავო კანონის ამოქმედებიდან განვლილ პერიოდში „ბაზრობების“ კუთხით ადგილი არ ქონია რაიმე პოზიტიურ დინამიკას, არ ყოფილა არანაირი შეთავაზება ინვესტორებისაგან, ამ კანონის შემოღებით სარგებელი ნახა მხოლოდ აუდიტორულმა სამსახურებმა.
კონსტიტუციის მე-18 მუხლის მესამე პუნქტის სიტყვები „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია --- ფინანსებთან ----- არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად.
იმ ტიპის ისტიტუტებზე, რომელთაც აქვთ კაპიტალის მოზიდვის ფართო არეალი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელება-ფინანსური გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ფინანსური ანგარიშგების გასაჯაროების თაობაზე სავსებით ლოგიკურია და თანაც უკვე არაერთი წელია მათი ფინანსური ანგარიშგება საჯაროა და აქ კანონის მიზანი, როგორც ეს მეორე მუხლშია აღნიშნული „ფინანსური გამჭვირვალობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა“ გამართლებულია. რაც შეეხება კანონის ამ მოთხოვნების გავრცელებსა ბაზრობებისთის არის დამღუპველი. გაუგებარია რატომ უნდა ხდებოდეს მესამე პირების ინფორმირება ჩვენი შემოსავლების და სხვა გარემოებების შესახებ, ამით ხომ ირღვევა, საგადასახადო საიდუმლოების და კომერციული საიდუმლოების დაცვის პრინციპები, ამ პრინციპების დაუცველობით მოსალოდნელია ბაზრობების საქმიანობა წავიდეს ზარალზე, მით უფრო რომ ბაზრობების საქმიანობა სპეციფიურია და მისი შემოსაავალი მხოლოდ ფართების გაქირავებაა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. ფინანსური აღრიცხვის ინფორმაცია მომხმარებლებისათვის გასაცნობად პერიოდულად ქვეყნდება, მაშინ, როცა მმართველობითი აღრიცხვის მონაცემებს უშუალო კავშირი აქვს საწარმოს რენტაბელობასთან და განკუთვნილია მხოლოდ ადმინისტრაციისათვის. ამგვარი ინფორმაციის გაჟონვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ბაზარზე კონკურენციულ ბრძოლას, ამიტომ იგი კომერციულ საიდუმლოებად ითვლება და გამჟღავნებას არ უნდა დაექვემდებაროს.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ მითითებული ნორმების გავრცელება ბაზრობების მიმართ ცნოთ არაკონსტიტუციურად
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა