ააიპ „სავაჭრო-კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანება" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/15/1469 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 30 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 მაისი 2020 18:17 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ააიპ „სავაჭრო-კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანება“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოები ... ვალდებული არიან, უზრუნველყონ საკუთარი ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული წესით“, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოებმა უნდა მოამზადონ და სამსახურს უნდა წარუდგინონ მმართველობის ანგარიშგება“, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების: „სამსახური ვალდებულია სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებები (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგებები) და აუდიტორული დასკვნები ... გამოაქვეყნოს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში“, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „აუდიტი შეიძლება ჩატარდეს ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1469) მომართა ააიპ „სავაჭრო-კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანებამ“. №1469 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2019 წლის 20 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 30 აპრილს.
2. №1469 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, 34-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავს ფინანსურ ანგარიშგებას და მისი მომზადებისა და შედგენის ძირითად პრინციპებს, ადგენს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მოთხოვნას, მმართველობის ანგარიშგების მომზადების, წარდგენის, გამოქვეყნებისა და აუდიტის ჩატარების წესს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე“, ხოლო 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადებით დაცულია მეწარმეობის თავისუფლება.
5. №1469 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს წარმოადგენს გაერთიანება, სადაც ერთიანდებიან საწარმოები, რომლებიც ეწევიან ბაზრობის (ვაჭრობის) ორგანიზებას ან იჯარით გასცემენ სავაჭრო ადგილებს. სადავო ნორმები მათ ავალდებულებთ, ჩაატარონ აუდიტორული შემოწმება. მოსარჩელის განმარტებით, აუდიტორული შემოწმება სუბიექტისათვის დამატებით ხარჯს წარმოადგენს. იმავდროულად, აუდიტორული შემოწმება არ ათავისუფლებს მეწარმე სუბიექტს საგადასახადო შემოწმებისაგან, რომელიც ასევე სავალდებულოა და ასეთ შემთხვევაში, სახეზეა შემოწმების გაორმაგება, რადგან ერთსა და იმავე მონაცემებს ამოწმებს როგორც აუდიტის, ასევე საგადასახადო სამსახური. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამგვარი ვალდებულების დაწესებით, სახელმწიფო აუარესებს მათ ფინანსურ მდგომარეობას და გაუმართლებლად ზღუდავს მეწარმეობის თავისუფლებას.
6. მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო ნორმები საწარმოებს ასევე ავალდებულებს, წარადგინონ და გამოაქვეყნონ მმართველობის ანგარიშები, რაც მოიცავს საწარმოს საქმიანობის მიმოხილვას, კორპორაციული მართვისა და არაფინანსურ ანგარიშგებას. სხვა საწარმოებისგან განსხვავებით, აღნიშნული მოთხოვნის ბაზრობის (ვაჭრობის) ორგანიზების განმახორციელებელ სუბიექტებზე გავრცელება გაუმართლებელია, რამდენადაც ეს უკანასკნელი სპეციფიკურ საქმიანობას ახორციელებს, არ აქვს კაპიტალის მოზიდვის ფართო არეალი და მხოლოდ ფართის გაქირავებით იღებს შემოსავალს. ამასთან, მმართველობის ანგარიშის გამოქვეყნებით, მესამე პირისთვის, მათ შორის, მისი კონკურენტისთვის ცნობილი ხდება მისი კომერციული და საგადასახადო საიდუმლოება. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ანგარიშგების მომზადების ვალდებულება, ერთი მხრივ, ზღუდავს ბაზრობის, როგორც მეწარმის ეკონომიკურ თავისუფლებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს უშლის თავისუფალი მეწარმეობის და კონკურენციის განვითარებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმა „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში ”actio popularis” შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდაოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, „იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (სადავო ნორმატიული აქტის მის მიმართ რეალურად გამოყენების ფაქტი), რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა ... იგი არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად, მათი მხრიდან, შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება იმის დასაბუთება, რომ იგი არა სხვისი, არამედ თავისი უფლების დარღვევაზე დავობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად.
2. №1469 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმებს, რომლებიც ზოგიერთი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტებისათვის ადგენს ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებულ რიგ ვალდებულებებს. მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების ბაზრობების მიმართ არაკონსტიტუციურად ცნობას. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები ბაზრობის (ვაჭრობის) ორგანიზების განმხორციელებელი სუბიექტებისთვის ქმნის დამატებით ხარჯებს და იწვევს მათი კომერციული საიდუმლოების გასაჯაროებას, რითაც იზღუდება მეწარმეობის თავისუფლება.
3. მოსარჩელე წარმოადგენს არაკომერციულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელიც არა მხოლოდ არ არის „სავაჭრო-კომერციული ცენტრი“ (ბაზრობა), არამედ ვაჭრობა მის ძირითად საქმიანობას საერთოდ არ წარმოადგენს. კონსტიტუციური სარჩელის სულისკვეთებიდან აშკარად იკითხება, რომ მოსარჩელე სასამართლოს მიმართავს მისი დამფუძნებელი საწარმოების (ბაზრობების) ინტერესების დასაცავად. საკონსტიტუციო სასამართლოში თითოეულმა პირმა შესაძლოა იდავოს მხოლოდ საკუთარი უფლებების დარღვევაზე, იურიდიული პირი სასამართლოს ვერ მიმართავს მისი წევრების ან/და დამფუძნებლების უფლებების დასაცავად (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის №2/6/1381 განჩინება საქმეზე „ააიპ „ვეტერანების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ეროვნულ უმცირესობათა, ლტოლვილთა (იძულებით გადაადგილებულთა) საზოგადოება გუშაგი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №1/9/1336 განჩინება საქმეზე „ააიპ „წყლის მრეწველთა ექსპორტიორ-იმპორტიორთა და ბიზნესოპერატორთა ასოციაცია“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის №1/8/669 განჩინება საქმეზე „ა(ა)იპ „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“). ამდენად, პირი არ არის უფლებამოსილი, საკონსტიტუციო სასამართლოში იდავოს სხვა პირების უფლებების დარღვევაზე, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამ პირთა უფლებების დაცვა იურიდიული პირის ძირითად მიზანს წარმოადგენს.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს არა საკუთარი, არამედ სხვა პირების - სავაჭრო-კომერციული ცენტრების (ბაზრობის ორგანიზების განმახორციელებელი სუბიექტების) უფლებების დასაცავად. შესაბამისად, №1469 კონსტიტუციური სარჩელი არის ”actio popularis“ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1469 კონსტიტუციური სარჩელი („ააიპ „სავაჭრო-კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანება“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი