ფრიდონ ბასილაია და აკაკი თოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1470 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | ფრიდონ ბასილაია, აკაკი თოიძე |
თარიღი | 23 დეკემბერი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტი |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11-ე მუხლის 1 პუნქტი, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის მიღების დამაბრკოლებელი არცერთი გარემოება.კერძოდ, ა) წინამდებარე სარჩელი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება ამ კანონის 311 -ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) იგი შეტანილია უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ საქართთველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად; გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, „ საქართთველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით; დ) სარჩელში მითითებული საკითხი მოსამართლეობის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში საერთო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის მონაწილეობასთან დაკავშირებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი გადაწყვეტილი არის საქართველოს კონსტიტუციით; ვ) დარღვეული არ არის სარჩელის შეტანის ვადა; ზ) სარჩელი არ გამომდინარეობს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტიდან. იგი ეხება საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას. სარჩელით მოთხოვნილია მხოლოდ ერთი საკითხის გადაწყვეტა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით.
1.ფრიდონ ბასილაია - საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 7 მაისის N 253 ბრძანებულებით, დავინიშნე ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოსამართლედ 10 წლის ვადით. ამავე ბრძანებულებით უფლებამოსილების განხორციელებას შევუდექი 1999 წლის 15 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 31 ოქტომბრის N887 ბრძანებულებით, 2005 წლის 1 ნოემბრიდან გავთავისუფლდი ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის 1-ი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და 54-ე პრიმა მუხლის 1-ი პუნქტის შესაბამისად და ამავე ბრძანებულების შესაბამისად დამეკისრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება ჩემი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 2009 წლის 1 ოქტომბრის N 1/254 გადაწყვეტილებით საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 54-ე მუხლის 1-ი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გავთავისუფლდი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან, მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო.
2. აკაკი თოიძე - 1994 წლის 10 ნოემბერს, იმ დროს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურის #229-ე განკარგულებით დავინიშნე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ, 10 წლის ვადით. 1999 წლის 15 მაისიდან ახალი სასამართლო სისტემის, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოს ამოქმედებასთან დაკავშირებით, 1997 წლის 13 ივნისს მიღებული იქნა საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ,“ რომლის 86-ე პრიმა მუხლის მოთხოვნის თანახმად, ის მოქმედი მოსამართლეები, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში არ გაივლიდნენ სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაციას, დათხოვნილი იქნებოდნენ თანამდებობიდან ვადაზე ადრე, ანუ 1999 წლის 1 მაისიდან. 1999 წლის თებერვლის თვეში ჩავაბარე მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები საერთო სპეციალიზაციით და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 11 მაისის N383-ე განკარგულებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქ. ორგანული კანონის 85-ე პრიმა მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გამწესებული ვიქენი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ ადრე დანიშნული ვადის ფარგლებში. 2004 წლის ნოემბრის თვეში გამივიდა რა, სამოსამართლო უფლებამოსილების ათწლიანი საკონსტიტუციო ვადა, საქართველოს პრეზიდენტის იმავე წლის 22 დეკემბრის #606-ე ბრძანებულებით გავთავისუფლდი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან საქ. ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ“ 54-ე მუხლის I-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ანუ სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო. 2007 წლის ივლისიდან ვარ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტი.
კონსტიტუციის მე-11 და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული დებულებები უზრუნველყოფს საქართველოს ყველა მოქალაქის თანასწორობასა და მათ თანასწორ უფლება-მოვალეობებს. საქართველოს ყოველ მოქალაქეს საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად უნდა შეეძლოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობის დაკავება. სახელმწიფო თანამდებობის დაკავების თანასწორობის პრინციპი გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო სამსახურის პირობები და მოთხოვნები უნდა დადგინდეს მხოლოდ ამ თანასწორობის კრიტერიუმის საფუძველზე. სახელმწიფო სამსახურის მსურველ პირთა დიფერენცირება უნდა მოხდეს საკუთარი უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების კრიტერიუმებით. საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მეხუთე პუნქტით დარღვეულია თანასწორობის პრინციპი იმ თვალსაზრისით, რომ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მეექვსე პუნქტით საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებს, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად აქვთ უფრო ხელსაყრელი პირობები, ვიდრე რაიონული (საქალაქო),მაგისტრატ და სააპელაციო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეებს. კერძოდ,საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისგან თავისუფლდებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლე. ხსენებული კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება საქართველოს საერთო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წლის გასვლამდე. საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსამართლეობის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც პასუხობენ 34-ე მუხლის პირველი -მესამე პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ჩვენი პიროვნება, როგორც საქართველოს მოქალაქე პასუხობს ამ მოთხოვნებს. ამასთან საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მეექვსე პუნქტი დამატებით ხელსაყრელ პირობას უქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებს, აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეებს, რადგან ამ ნორმით ეს პირები თავისუფლდებიან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისა და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან, ხოლო ჩვენ, როგორც პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები, ასეთი უფლებით ვერ ვსარგებლობთ. ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, მოსამართლეობის უფლებამოსილების გასვლიდან მხოლოდ 10 წლის განმავლობაში ვთავისუფლდებოდით მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან. ამიტომ, აღნიშნული 34-ე მუხლის მე-5 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტს და 25-ე მუხლის პირველი პუნქტს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
„კანონის წინაშე თანასწორობა უწინარესად ყველასთვის თანაბარი უფლებებით, პრივილეგიებითა თუ იმუნიტეტებით სარგებლობის უფლებას გულისხმობს, რომლებიც თანაბრადაა დაცული კანონის საფუძველზე და, რომლებიც ასეთივე თანაბარ მოვალეობებს უკავშირდება“ (საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი. თავი მეორე. საქართველოს მოქალაქეობა,ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი. 2013. გვ.59).
საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს ყველა მოქალაქეს საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად უნდა შეეძლოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობის დაკავება. სახელმწიფო თანამდებობის დაკავების თანასწორობის პრინციპი გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო სამსახურის პირობები და მოთხოვნები უნდა დადგინდეს მხოლოდ ამ თანასწორობის კრიტერიუმის საფუძველზე. სახელმწიფო სამსახურის მსურველ პირთა დიფერენცირება უნდა მოხდეს საკუთარი უნარჩვევებისა და შესაძლებლობების კრიტერიუმებით. ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტით დარღვეულია თანასწორობის პრინციპი საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებთან მიმართებაში. ორგანული კანონის 34-ე მუხლის 1-მე-3 პუნქტებით განსაზღვრულია კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებისას პირს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში. ამ კრიტერიუმებს პასუხობენ მოსარჩელეები. ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტი დამატებით ხელსაყრელ პირობებს უქმნის საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდა სახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირველი მუხლის მიხედვით, ყველა ადამიანი თავისუფალი და ღირსებებითა და უფლებებით თანასწორი იბადება.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-2 მუხლის მიხედვით, ყოველი ადამიანი განურჩევლად ყოველგვარი განსხვავებისა,- რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისა, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობისა, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა,- უნდა ფლობდეს ამ დეკლარაციით გამოცხადებულ ყველა უფლებასა და თავისუფლებას. ამასთანავე მნიშვნელობა არ უნდა მიეცეს რაიმე განსხვავებას იმ ქვეყნისა თუ ტერიტორიის პოლიტიკურ, სამართლებრივ ან საერთაშორისო სტატუსებში განსხვავებას, რომელსაც ეკუთვნის ადამიანი, და არც იმას, დამოუკიდებელია ეს ტერიტორია, სამეურვეოა, არათვითმმართველია თუ სხვაგვარად შეზღუდულია თავის სუვეერენიტეტში.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-7 მუხლის მიხედვით ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და ყველას, ყოველგვარი განსხვავების მიუხედავად კანონის თანაბრად დაცვის უფლება აქვს. ყველა ადამიანს უფლება აქვს, ყველა ადამიანს თანაბრად აქვს უფლებათავი დაიცვას ნებისმიერი დისკრიმინაციისაგან,რომელიც არღვევს ამ დეკლარაციას, და ასეთი დისკრიმინაციის წაქეზებისაგან.
„კანონის წინაშე თანასწორობა მოითხოვს, რომ არცერთ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს არ შეიძლება უარი ეთქვას უფლებებთან მიმართებაში კანონით უზრუნველყოფილ ისეთივე დაცვაზე, რითაც სარგებლობენ სხვები მსგავს პირობებსა და გარემოებებში“ (საქართველოს კონსტიტუციიის კომენტარი. თავი მეორე. საქართველოს მოქალაქეობა, ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი. 2013. გვ.59-60).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის მიხედვით, ამ კონვენციაში ჩამოთვლილი უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობა შეუძლია ყველას ყოველგვარი სახის- სქესობრივი, რასობრივი, კანის ფერის, ენის, რელიგიური, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების ან სხვა გარემოების გამო დისკრიმინაციის გარეშე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის N12ოქმის შესავლის პირველი აბზაცის მიხედვით ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და უფლება აქვს, თანაბრად იქნეს კანონით დაცული.
ამავე ოქმის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის,რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმრავლესობისადმი კუთვნილების, ქონების, დაბადების ან სხვ ნიშნისა.
ამ მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით კი,დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია 1-ლ პუნქტში აღნიშნულ რომელიმე საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში “ საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტით საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები სხვა ნიშნით არიან გამოყოფილნი და უპირატესობა აქვთ მინიჭებული საერთო სასამართლოების დანარჩენ ყოფილ მოსამართლეებთან შედარებით.
საქმეში მარქსი ბელგიის წინააღმდეგ 1979 წელს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს მიერ მსგავს სიტუაციებში სხვადასხვა ფიზიკური პირების მიმართ დაწესებულ განსხვავებულ რეჟიმს უნდა ჰქონდეს ობიექტური და გონივრული გამართლება (დონა გონიემი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოკლე მეგზური; თბ.2000.გვ. 189-190).
ევროპულმა სასამართლომ იგივე პრინციპი გამოიყენა საქმეში ინცე ავსტრიის წინააღმდეგ 1987 წელს (იხილე იგივე წიგნი გვ. 190)
საქმეში აბდულაზიზი, კაპალესი და ბალკანდალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ 1985 წელს ევროპულმა სასამართლომ დაადგინა: „ მე-14 მუხლით ნაგულისხმევი დისკრიმინაციის ცნება ზოგადად მოიცავს შემთხვევას, რომელშიც ცალკეული პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ დაწესებული რეჟიმი სათანადო გამართლების გარეშე ნაკლებად ხელსაყრელია, ვიდრე სხვა პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ დაწესებული რეჟიმი, მიუხედავად იმისა, რომ კონვენციით შეიძლება არც მოითხოვებოდეს უფრო მეტად ხელსაყრელი რეჟიმის უზრუნველყოფა“ (იგივე წიგნი გვ.190-191)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N 1/2/174, 199, 2002 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „ დაუშვებელია ერთი კატეგორიის სუბიექტების სოციალური უფლებისადმი პრინციპულად განსხვავებული მიდგომა“ (ლევან იზორია, კონსტანტინე კორკელია, კონსტანტინე კუბლაშვილი, გიორგი ხუბუა, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები. თბ. 2005. გვ.31)
საკონსტიტუციო სასამართლოს N2/7/219, 2003 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „ სოციალურ, სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონმდებლის მიერ მოქალაქეთა საერთო მასიდან გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის განსხვავებული, შედარებით არახელსაყრელი სამართლებრივი რეგულირების განსაზღვრა განპირობებული უნდა იყოს არსებითი, გონივრული და ობიექტური მიზეზებით. კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბრად აღიარებას და დაცვას, რომელიც იმყოფება თანაბარ პირობებში და კანონით განსაზღვრული საკითხის მიმართ აქვს ადეკვატური დამოკიდებულება. აღნიშნული პრინციპი მოიცავს ხელისუფლების საკანონმდებლო საქმიანობის სპექტრს, რათა მოხდეს თანაბარ პირობებსა და გარემოებებში მყოფი ინდივიდებისათვის თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება“. (იხილე იგივე კომენტარი, თბ. 2005.გვ.31-32)
საკონსტიტუციო სასამართლოს N1/2/213,243,2005 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებების თანაბრად აღიარებას და დაცვას, რომლებიც იმყოფებიან ერთსა და იმავე პირობებში და განსაზღვრული საკითხისადმი აქვთ ერთნაირი დამოკიდებულება აღნიშნული პრინციპი მოიცავს ხელისუფლების საკანონმდებლო საქმიანობის სპექტრს, რათა მოხდეს თანაბარ პირობებსა და გარემოებებში მყოფი ინდივიდებისათვის თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. გადაწყვტილებები. თბ. 2005 წ. გვ.25-35)
თანასწორობის პრინციპთან დაკავშირებით მითითებულია აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს 3/1/659. 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებაში.(ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ)
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით უზრუნველყოფილია, რომ ყველა ადამიანი თანასწორია სამართლის წინაშე. ამ კონსტიტუციურ პრინციპს აშკარად არ შეესაბამება და პირდაპირ არღვევს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტი. ეს ნორმა უთანაბრო და არა ხელსაყრელ პირობებს უქმნის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, ყოფილ მაგისტრატ მოსამართლეს, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებთან შედარებით, რომლებიც მოსამართლეობის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღებისას თავისუფლდებიან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისა და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვისაგან, ხოლო პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს სამოსამართლო უფლება მოსილების შეწყვეტიდან მხოლოდ 10 წლის გასვლამდე. ნორმა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, მაგისტრატ მოსამართლეს და სააპელაციო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოქმედ და ყოფილ წევრებთან შედარებით,რომლებიც თავისუფლდებიან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან,ხოლო საერთო სასამართლოების ყოფილი მოსამართლე მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წლის გასვლამდე.
სადავო ნორმიდან არ ჩანს საფუძვლიანი მიზეზი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ასეთი მიდგომის დასაბუთება. კანონმდებლის მიერ საერთო სასამართლოების ყოფილი მოსამართლეების გამოყოფა საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს ასევე მოქმედი და ყოფილი წევრებისაგან და შედარებით არახელსაყრელი სამართლებრივი რეგულირების განსაზღვრა არ არის განპირობებული გონივრული და ობიექტური მიზეზებით. საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტით კანონმდებელი არათანასწორად ეპყრობა პირველი და სააპელაციო ინსტანციის ყოფილ მოსამართლეებს ამავე მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულ საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან შედარებით.
საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: „ ადამიანის უფლებები ერთნაირად არის თითოეული ადამიანის კუთვნილება, ამიტომ მათ უნდა ჰქონდეთ ერთნაირი ხელმისაწვდომობა მათზე (უფლებებით სარგებლობაზე) ... თანასწორობის პრინციპი მოითხოვს თანაბარ მოპყრობას ადამიანის უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით დაცულ ყველა სფეროში“ (კონსტანტინე კუბლაშვილი, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. მეხუთე გამოცემა, გამომცემლობა „იურისტების სამყარო“. თბ. 2019 გვ. 310-311).
საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები. დასახელებული ნორმის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს და ყველა ინსტანციის სასამართლოს აქვს ერთი ფუნქცია- სასამართლო ხელისუფლების განხორციელება. საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მსგავსად საერთო სასამართლოების ყოფილ მოსამართლეებს აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და სამოსამართლო გამოცდილება. ისინიც საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მსგავსად ახორციელებდნენ მართლმსაჯულებას.
საქმეზე „ საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 2011 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა: „ კონსტიტუცია კრძალავს კანონის წინაშე არსებითად თანასწორთა უთანასწოროდ ( ან პირიქით) გონივრული და ობიექტური დასაბუთების გარეშე მოპყრობის ნებისმიერ შემთხვევას... თანასწორობის პრინციპი ავალდებულებს სახელმწიფოს სამართლიანობის დაცვას და თვითნებობის აკრძალვას სახელმწიფოს საქმიანობის ყველა სფეროში, მეორე მხრივ კი... მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობებისათვის არსებითად თანასწორთ შუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს“. (კონსტანტინე კუბლაშვილი, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. მეხუთე გამოცემა, გამომცემლობა „იურისტების სამყარო“. თბ. 2019 გვ. 312-313).
საერთო სასამართლოების ყოფილ მოსამართლეებს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეთ კონპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების გათვალისწინებით და არა ვადის მიხედვით.
საქმეში „ნაჩოვა და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2005 წლის 06 ივლისს განმარტა: „ დისკრიმინაცია არის ერთ მდგომარეობაში მყოფ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული მიზეზის გარეშე“ ( ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენთა კრებული. წიგნი IV. ევროპის საბჭო. 2006 წლის ოქტომბერი. გვ.283-328.იხ. გვ. 316. პუნქტი145)
თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფის საშუალებად განიხილება შესაძლებლობათა თანასწორობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შანსი. თანასწორობის პრინციპი სახელმწიფოს ავალდებულებს შექმნას თანაბარი კონკურენტული გარემო სამსახურში მიღების დროს.
კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და შეიცავს „ სხვა ნიშნით“ დისკრიმინაციის აკრძალვაზეც. მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს მონაწილეობა მიიღონ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში, ხოლო პირველი და სააპელაციო ინსტანციის ყოფილ მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობის უფლება შემოსაზღვრულია 10 წლიანი ვადით, როცა აღნიშნული პირები საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მსგავსად ახორციელებდნენ სასამართლო ხელისუფლებას. მოსამართლეთა შერჩევა უნდა მოხდეს კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებით და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობის მსგავსად პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებშიც არ უნდა იყოს შეზღუდული არანაირი ვადით.
კონსტიტუციით მხოლოდ კონკრეტული უფლებებია შეზღუდული: მიმოსვლის თავისუფლება, (მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი), რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები (მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი), აზრის, ინფორმაციის,მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები (მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი), საკუთრების უფლება (მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი). ნებისმიერი საჯარო თანამდებობის დაკავების გარანტირებული უფლების შეზღუდვას კი კონსტიტუციის 25-ე მუხლი არ ითვალისწინებს. იგი მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს საჯარო თანამდებობა, თუ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული მოცემულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 1-3 პუნქტებით. ამიტომ, ამავე კანონის 34-ე მუხლის მე- 5 პუნქტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე- 3 პუნქტს, რომლის მიხედვით, ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. საერთო სასამართლოების ყოფილ მოსამართლეთა შეზღუდვა 10 წლის ვადით მოსამართლეობის ვაკანტურ თანამდებობაზე დაკავებისათვის გამოცხადებულ კონკურსში არავითარ ლეგიტიმურ მიზანს არ ემსახურება.
ამდენად, სახეზეა ობიექტური და გონივრული გამართლების გარეშე განსხვავებული მოპყრობა მსგავს ვითარებაში მყოფი ადამიანების მიმართ. მხოლოდ ვადით ამ პირთა განსხვავებული მოპყრობა არ ემსახურება თანასწორობის უზრუნველყოფას. განსხვავებული მიდგომა კი დასაშვებია იქ, სადაც არსებობს ფაქტობრივი უთანასწორობა ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს შორის და ამიტომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებს უნდა დაუწესდეთ ისეთი შეღავათი, რომელიც გაათანაბრებს ამ პირებს ფაქტობრივად უპირატესობაში მყოფ ადამიანებთან.
მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო უფრო უარესად ეპყრობა პირველი და სააპელციო ინსტანციის ყოფილ მოსამართლეებს, ვიდრე მსგავს ვითარებაში მყოფ საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებს, რადგან არ უზრუნველყოფს, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის ყოფილმა მოსამართლეებმა ისარგებლონ ისეთივე შეღავათით, როგორითაც სარგებლობენ საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობისას.
სახელმწიფოს ფუნქცია და ამოცანა ისაა, რომ კანონი, როგორც ქცევის საერთო ზოგადი წესი, ერთმანეთის მსგავს მოცემულობებზე გაავრცელოს. თანასწორობის მოთხოვნა ირღვევა, როდესაც მსგავსი, ერთგვაროვანი შემთხვევები განსხვავებულად განიხილება, თუკი მათ შორის არსებული მცირედი განსხვავება არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აზრით, პირდაპირი დისკრიმინაციაა, როცა აღინიშნება ანალოგიურ ან შედარებით მსგავს სიტუაციებში პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა ( სახელმძღვანელო დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სამართლის შესახებ. ევროპის საბჭო. 2013.გვ. 26).
დაწესებული ათწლიანი შეზღუდვა არ წარმოადგენს გამოსადეგ, აუცილებელ და თანაზომიერ საშუალებას. არ არსებობს შესაბამისობა მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებას შორის, კერძოდ, თავად საჯარო ინტერესის მოთხოვნას წარმოადგენს, მეტ-ნაკლებად თანასწორად იყვნენ დაცული მოსამართლეები, როგორც მოსამართლეობის ვადის განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგაც. სადავო ნორმის საფუძველზე გაუმართლებელი დიფერენცირება ხდება საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ. სახეზეა სადავო ნორმით დადგენილი არსებითად თანასწორ პირთა შორის დიფერენცირებული მოპყრობა. არ არსებობს არც ერთი იმგვარი გარემოება, რომელიც ლოგიკურად და რაციონალურად ახსნიდა, თუ რა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება. ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში კი ნებისმიერი სახის შეზღუდვა წარმოადგენს გაუმართლებელ და თვითმიზნურ შეზღუდვას, რომელიც, იმავდროულად, არაკონსტიტუციურია. „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24). არსებული რეგულირება ერთმანეთისგან განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს ადგენს და ითვალისწინებს დიფერენცირებულ მიდგომას არსებითად თანასწორი პირების მიმართ. ამასთან, კანონმდებლის მხრიდან დიფერენცირებულ მიდგომას არ გააჩნია ის საჯარო ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა არსებითად თანასწორი პირების ამგვარ განსხვავებას, რის გამოც სადავო რეგულაცია თვითმიზნურად ზღუდავს არსებითად თანასწორი პირების კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას.
საკონსტიტუციო სასამართლო ემსახურება „ადამიანის უფლებების დაცვას ხელისუფლების მხრიდან „არათანაზომიერი ჩარევისაგან (უფლების დარღვევისაგან)“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება N1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-18). „სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობა ... კონსტიტუციის უპირობოდ დაცვის უზრუნველყოფას ემსახურება და ზუსტად იმის დემონსტრირებაა, რომ ხელისუფლების არც ერთი შტო არ არის უფლებამოსილი, დაადგინოს კონსტიტუციით გათვალისწინებული წესრიგის საწინააღმდეგო წესები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი(დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები - ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები - ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). მიუხედავად იმისა რომ საკანონმდებლო ორგანოს გააჩნია ფართო დისკრეცია, აღნიშნული არ ანიჭებს სახელმწიფო ორგანოებს დისკრიმინაციული მიდგომის უფლებას. ეს დისკრეცია უნდა განხორციელდეს მხოლოდ სათანადო ლეგიტიმური მიზნის საფუძველზე და არა თვითმიზნურად. არსებითად თანასწორ პირთა შორის დიფერენცირების მიზნებისათვის დროითი ზღვარის შემოღება a priori არ გულისხმობს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული უფლების ხელყოფას. ცალკეულ შემთხვევებში ის შესაძლებელია გამართლებული და საჭიროც იყო, როდესაც ემსახურება ლეგიტიმურ საჯარო მიზანს, არის თანაზომიერი და აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დადგენილ წინაპირობებს. აუცილებელია საჯარო ლეგიტიმური მიზნის არსებობა, რომელიც ამგვარ მოპყრობას და კანონის წინაშე თანასწორობის საყოველთაო უფლებაში ჩარევას გაამართლებდა. „დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3; საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწტვეტილება №1/4/535 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ღირებული ლეგიტიმური მიზანი, რომელიც არსებითად თანასწორ პირთა შორის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მეხუთე პუნქტით დადგენილ დიფერენცირებას გაამართლებდა, ამ უკანასკნელს არ გააჩნია. ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში კი ნებისმიერი შეზღუდვა ატარებს თვითმიზნურ და დაუსაბუთებელ ხასიათს.
მართალია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ინსტანციურად მაღალ საფეხურზე არიან პირველი და სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეებზე , მაგრამ აღნიშნული ინსტანციურობა არ არის მათი დიფერანციაციის ლეგიტიმური მიზანი. ისტანციურობა მხოლოდ სამ საფეხურიანი სასამართლო სისტემითაა განპირობებული. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი მოსამართლეობის შერჩევისა და დანიშვნის მხოლოდ ორ კრიტერიუმს ადგენს: კომპეტენტურობასა და კეთილსინდისიერებას. ამიტომ, ინსტანციურობა და ვადა არ წარმოადგნს კანონმდებლის ლეგიტიმურ მიზანს. პირიქით, იგი ადამიანის თანასწორობის უფლებაში თვითნებური ჩარევაა. იგივე ითქმის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე, რომლებიც საერთო სასამართლოს სისტემაში მოსამართლედ დანიშვნისას შეირჩევიან კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით და არა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობისა და გამოცდილების კრიტერიუმით. მოსამართლეთა შერჩევის ასეთი კრიტერიუმები არაა გათვალისწინებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონით. თანასწორობის პრინციპი სახელმწიფოს ავალდებულებს შექმნას თანაბარი კონკურენტული გარემო. ამ პრინციპს ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების გამოყოფა და მათთვის უფრო ხელსაყრელი პირობების დაწესება, რითაც მათი კონკურენტული არეალი მნიშვნელოვნად საგრძნობლად შემცირდა. საყურადღებოა ისიც, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობა არაა შემოსაზღვრული რაიმე ვადით. ასეთ შემთხვევაში ყოვლად გაუმართლებელია პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის შემოფარგვლა რაიმე ვადით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, არაკონსტიტუციურად ცნოთ „ საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტი
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა