ფრიდონ ბასილაია და აკაკი თოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/8/1470 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 4 ნოემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 16 ნოემბერი 2022 19:36 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ფრიდონ ბასილაია და აკაკი თოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებასთან და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1470) მომართეს ფრიდონ ბასილაიამ და აკაკი თოიძემ. №1470 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2019 წლის 24 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 4 ნოემბერს.
2. №1470 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლი ადგენს იმ მოთხოვნებს, რომლებიც წაეყენება მოსამართლეობის კანდიდატს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება საქართველოს საერთო სასამართლოების ყოფილი მოსამართლე სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წლის გასვლამდე.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას, ხოლო კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება იცავს საქართველოს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს საჯარო თანამდებობა. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება.
5. განსახილველ საქმეზე მოსარჩელეები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ რეგულაციას, რომელიც მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან ათავისუფლებს საქართველოს საერთო სასამართლოების ყოფილ მოსამართლეს სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წლის გასვლამდე. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმა არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს, ერთი მხრივ, პირველი და მე-2 ინსტანციის, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. მოსარჩელეების განმარტებით, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები მოსამართლეობის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღებისას თავისუფლდებიან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისა და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვისგან, ხოლო პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე, კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან მხოლოდ 10 წლის გასვლამდე. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლო ხელისუფლების განმახორციელებელი მოსამართლეები წარმოადგენენ თანასწორ სუბიექტებს და ხსენებულ შესადარებელ ჯგუფებთან მიმართებით, სადავო ნორმებით დადგენილ დიფერენცირებას არ აქვს ლეგიტიმური მიზანი.
6. მოსარჩელეთა მითითებით, საერთო სასამართლოების ყოფილ მოსამართლეებს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეთ კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების გათვალისწინებით და არა იმის მიხედვით, თუ რა დროა გასული მათი სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან.
7. №1470 კონსტიტუციურ სარჩელში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება, მოსარჩელეთა მიერ მოსამართლეობის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე მხარე ითხოვს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმის მოქმედების შედეგად, პირველი და მე-2 ინსტანციის საერთო სასამართლოების მოსამართლეები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან ჩაყენებული საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეებთან მიმართებით. მოსარჩელეების პოზიციით, დისკრიმინაციას იწვევს ის ფაქტი, რომ კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს ყოფილ და მოქმედ წევრებს სრულად ათავისუფლებს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან მაშინ, როდესაც პირველი და მე-2 ინსტანციის საერთო სასამართლოების მოსამართლეები საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წლის გასვლამდე.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება, რაც გულისხმობს, რომ კანონით დადგენილი მოპყრობა თანასწორი უნდა იყოს არსებითად თანასწორ პირებს შორის და უთანასწორო – არსებითად უთანასწორო პირების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე უფლებამოსილია, იდავოს თანასწორობის უფლების დარღვევაზე იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმის საფუძველზე, იგი ჩაყენებულია განსხვავებულ, უარეს უფლებრივ რეჟიმში არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართება შეიძლება ჰქონდეს ისეთ საკანონმდებლო ნორმას, რომელიც მოსარჩელეს უზღუდავს რაიმე უფლებას ან სხვას აღჭურავს მისგან განსხვავებული უფლებით, რის საფუძველზეც, იგი ექცევა უთანასწორო მდგომარეობაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის №2/6/623 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამდენად, სადავო ნორმის საფუძველზე, დიფერენცირების არსებობის დასაბუთებისათვის მოსარჩელე მხარე ვალდებულია წარმოაჩინოს, რომ მის მიერ იდენტიფიცირებულ პირთა ჯგუფების მიმართ განსხვავებული მოპყრობა სწორედ სადავო ნორმებიდან მომდინარეობს.
4. როგორც უკვე აღინიშნა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან ათავისუფლებს საქართველოს საერთო სასამართლოების ყოფილ მოსამართლეს სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წლის გასვლამდე. სადავო ნორმა არ არეგულირებს საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთათვის პრივილეგიების მინიჭების საკითხს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს როგორც მოქმედი, ისე ყოფილი წევრების საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან გათავისუფლების საკითხი დადგენილია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტით, რაც განსახილველი დავის ფარგლებში, მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. ამავდროულად, სადავო ნორმა არ ადგენს მოსარჩელეებისათვის რაიმე უფლების შემზღუდველ წესს. მოთხოვნა, რომ მოსარჩელეს ჩაბარებული ჰქონდეს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამომდინარეობს ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტიდან. ამდენად, აშკარაა, რომ სადავოდ გამხდარი ნორმა არ განაპირობებს საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეთათვის მოსარჩელეებისაგან განსხვავებული პირობების შექმნას.
5. მოსარჩელე მხარე ასევე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დაცულ საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა არ ადგენს მოსამართლის თანამდებობის დაკავების წინაპირობებსა თუ მოთხოვნებს და, შესაბამისად, არ აწესებს შეზღუდვებს მოსარჩელეებისათვის. მოსარჩელეების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა, რომ სამოსამართლეო გამოცდილების მქონე პირები დამატებით არ უნდა საჭიროებდნენ გამოცდის ჩაბარებას, მომდინარეობს იმ ნორმიდან, რომელიც განსაზღვრავს მოსამართლეობის კანდიდატთათვის წაყენებულ მოთხოვნებს და არა იმ წესიდან, რომელიც შესაბამისი წინაპირობის არსებობისას პირებს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან ათავისუფლებს.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1470 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
7. №1470 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
8. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნაა, რომ ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის უზრუნველყოფის ზოგად პრინციპებს და არა რომელიმე კონკრეტულ კონსტიტუციურ უფლებას, ცალკეული უფლების ნორმატიულ შინაარსსა თუ ფარგლებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60). იმავდროულად, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-15). შესაბამისად, სასამართლო თითოეული საქმის ფარგლებში აფასებს ლეგიტიმური მიზნის არსებობასა და მის შესაბამისობას თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებთან.
9. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო პრაქტიკის თანახმად, 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნით, ბოჭვის ვალდებულება, თავისთავად, მომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით დაცული თითოეული უფლებიდან და წარმოადგენს უფლებათა დაცვის თვითმყოფად საშუალებას. შესაბამისად, აღნიშნული კონსტიტუციური ჩანაწერი წარმოადგენს უფლების დაცვის ძირითად მსაზღვრელ პრინციპს და არა თავად უფლებას, რომელთან მიმართებითაც საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებდა სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს.
10. ზემოთქმულიდან გამომდინარე, №1470 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1470 კონსტიტუციური სარჩელი („ფრიდონ ბასილაია და აკაკი თოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში