შპს „ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1475 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | შპს "ბექანასი" |
თარიღი | 30 დეკემბერი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იმპერატიულად(სავალდებულოდ) ითვალისწინებს სამართალდამრღვევისთვის, სამართალდარღვევის იარაღის უპირობო კონფისკაციას |
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი: „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იმპერატიულად(სავალდებულოდ) ითვალისწინებს სამართალდამრღვევისთვის, სამართალდარღვევის იარაღის უპირობო კონფისკაციას. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი: „საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
მოსარჩელე არის იურიდიული პირი, რომლის მიმართაც 2018 წლის 16 ივლისს აღმოსავლეთის რეგიონალური სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტორების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, რატი ღონღაძის მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N046265 მასზედ, რომ 2018 წლის 16 ივლისს დუშეთის რაიონის სოფელ ლაფანაანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქე ელგუჯა თანიაშვილმა შპს „ბექანასის“ კუთვნილი ტრაქტორით მოიპოვა 1მ3 ქვიშა/ხრეში ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. (იხილეთ დანართი: მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლო დუშეთის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 27 ივლისის N4-ა/131-18 დადგენილება)
2018 წლის 23 ივლისს დუშეთის მაგისტრატ სასამართლოში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი- ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურიდან გადაიგზავნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები შპს „ბექანასის“ მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის თაობაზე.(იხილეთ დანართი: მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლო დუშეთის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 27 ივლისის N4-ა/131-18 დადგენილება)
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლის მიხედვით: „წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე - გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000-დან 1 500 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და სამართალდარღვევის ობიექტის (მყარი სასარგებლო წიაღისეულის) კონფისკაციით.“
სასამართლომ განიხილა და შეაფასა რა წარმოდგენილი მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნია, რომ დადასტურებულია შპს „ბექანასის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი. მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ შპს „ბექანასს“ შეუფარდა ადმინისტრაციული სახდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლით გათვალისწინებულ სანქციის ფარგლებში 1000 ლარის ოდენობით, ხოლო გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის 201 ლარი. რაც შეეხება სამართალდარღვევის იარაღის- ტრაქტორის კონფისკაციის საკითხს, სასამართლომ განმარტა, რომ ოქმის შემდგენი ორგანოს მიერ არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული ტრაქტორის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად ვერ დადგინდა სამართალდარღვევის იარაღი(ტრაქტორი) იყო თუ არა შპს „ბექანასის“ საკუთრება. ამდენად ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა(იხილეთ დანართი: მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლო დუშეთის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 27 ივლისის N4-ა/131-18 დადგენილება).
ამასთან, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ოქმით დასტურდებოდა, რომ ტრაქტორი ჩამორთმეული იქნა და დაილუქა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ის უნდა დაბრუნებოდა სამარლთალდამრღვევს.(იხილეთ დანართი: მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლო დუშეთის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 27 ივლისის N4-ა/131-18 დადგენილება)
მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლო დუშეთის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 27 ივლისის N4-ა/131-18 დადგენილება გაასაჩივრა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონულმა სამმართველომ, რომელმაც დადგენილების სამართალდარღვევის იარაღისა და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციის ნაწილში გაუქმება და ამ ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.(იხილეთ დანართი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა 2018 წლის 13 სექტემბერის N4/ა-463-18 დადგენილება)
აღნიშნულ საქმეში საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ იქნა 06.08.2018 წლის ამონაწერი pol.ge/icmia/index.php-დან, რომლის თანახმადაც CATERPILLAR-ის მარკის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტრანსპორტის(ტრაქტორი) მესაკუთრეს წარმოადგენდა შპს „ბექანასი“. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში განხილვით უნდა გამოეკვლია ზემოთდასახელებული ამონაწერიც. შესაბამისად, საქმე განსახილველად დაუბრუნა მცხეთის მაგისტრატ სასამართლოს. (იხილეთ დანართი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა 2018 წლის 13 სექტემბერი N4/ა-463-18 დადგენილება)
ამის შემდგომ, 2018 წლის 5 ოქტომბერს მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრატმა სასამართლომ ხელახლა განიხილა აღნიშნული საქმე. სააპელაციო სასამართლოს მითითებისამებრ, სასამართლომ გამოიკვლია სააპელაციო საჩივარზე დართული 06.08.2018 წ. მომზადებული მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი, რითაც დადგინდა, რომ შპს „ბექანასი“ ს/კ 436032026 ფლობდა 1999 წელს გამოშვებულ, ყვითელი ფერის “CATERPILLAR»-ის მარკის ტრაქტორს, რაც გამოყენებული იყო სამართალდარღვევის ჩადენის იარაღად. სასამართლოს გადაწყვეტილებით „ზემოხსენებული მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლის სანქციის იმპერატიული ხასიათის გათვალისწინებით “CATERPILLAR”-ის მარკის M 312 მოდელის ბორბლიანი ექსკავატორი, სახ. ნომერი RR-944(ტრაქტორი) და 1მ3ინერტული მასალა(ქვიშა) უნდა დაექვემდებაროს კონფისკაციას“.(იხილეთ დანართი: მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლო დუშეთის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 5 ოქტომბრის N4-ა/148-18 დადგენილება).
მცხეთის რაიონული სასამართლოს (მაგისტრატი სასამართლო დუშეთის მუნიციპალიტეტში) 2018 წლის 5 ოქტომბერის დადგენილება საჩივრით გაასაჩივრა შპს „ბექანასიმ“, რომელმაც აღნიშნული დადგენილების გაუქმება მოითხოვა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქმეზე არსებული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. პალატა მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში, როდესაც შპს „ბაქანასი“ ცნობილია სამართალდამრღვევად, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლის სანქცია სავალდებულოდ ითვალისწინებს სამართალდამრღვევისთვის, როგორც იარაღის ისე, სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციას, პირველი ინსტანციის სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას სამართალდამრღვევისთვის დაებრუნებინა ჩამორთმეული ტრაქტორი და ინერტული მასალა, რის გამოც საკითხი მის მიერ შეფასებულია არსებითად სწორად, ადგილი არ ჰქონია მნიშვნელოვან საპროცესო დარღვევას და კანონიერად იქნა გადაწყვეტილი დავა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს გასაჩივრებული დადგენილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები“(იხილეთ დანართი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა 2018 წლის 29 ნოემბრის N4ა/688-18 დადგენილება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ბექანასის“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლის საფუძველზე უკვე შეელახა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული კონსტიტუციური უფლება და აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში წარმოადგენს უფლებამოსილ პირს.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1) სადავო ნორმის ანალიზი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლი ჩამოყალიბებულია შემდეგი რედაქციით: წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000-დან 1 500 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და სამართალდარღვევის ობიექტის (მყარი სასარგებლო წიაღისეულის) კონფისკაციით.
მნიშვნელოვანია, რომ სადავო ნორმას სამართალდარღვევის იარაღისა და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაცია, როგორც სახდელის სახე დაემატა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ 2018 წლის 20 აპრილის კანონით. ამავე კანონით გაიზარდა ჯარიმაც.
აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებამდე[20/04/2018] ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლი ჩამოყალიბებული იყო შემდეგნაირად: წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, – გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას ხუთას ლარამდე.
სადავო ნორმის ისტორიული განმარტების მეთოდი ცხადყოფს, რომ კანონმდებელმა მისი შეცვლა გადაწყვიტა გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, გარკვეული მიზნების მისაღწევად. აღნიშნული მიზეზებისა და მიზნების ამოკითხვა კი შეგვიძლია განმარტებით ბარათში.
განმარტებითი ბარათში[1] აღწერილია, რომ არსებული პრაქტიკა აჩვენებს ძველი სანქციის არაეფექტიან ხასიათს, რადგან იგი ვერ უზრუნველყოფდა სამართალდარღვევის შემაკავებელ ეფექტს, რის გამოც საჭირო იყო სანქციის გამკაცრება. მაგალითის სახით მოყვანილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, სადაც არის უამრავი ფაქტი მდინარის კალაპოტიდან ან ნაპირებიდან დიდი ოდენობით ინერტული მასალის(ქვიშა-ხრეშის) ლიცენზიის გარეშე მოპოვებასთან დაკავშირებით. მითითებულ ტერიტორიაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფოს საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილია დიდი რაოდენობითი სამართალდარღვევების ფაქტი. ამასთან, კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დამკვიდრებულ სამწუხარო პრეცედენტზე - ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობა. კერძოდ, სტატისტიკურად ფიქსირდება მოქალაქეთა გარკვეული კატეგორია, რომლებიც ხსენებულ ტერიტორიაზე ახორციელებენ წიაღით უკანონო სარგებლობას. მათ მიერ წლების განმავლობაში, ყოველწლიურად ჩადენილია ათეულობით სამართალდარღვევის ფაქტი(მაგალითად პიროვნებების მიერ ერთი და იგივე სამართალდარღვევის 33-ჯერ ან 48-ჯერ ან 71-ჯერ ჩადენის ფაქტები). სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ რიგი პირებისათვის აღნიშნული უკანონო ქმედება იქცა ყოველდღიურ საქმიანობად და შემოსავლის მიღების არალეგალურ გზად. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებელმა აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად კანონმდებლობით განსაზღვრა ზომები და ჩადენილი ქმედებისთვის მოქალაქეები დაჯარიმებულნი არიან 1000-1500 ლარით, კანონმდებლის აზრით, სახდელის(ჯარიმის) მხოლოდ ეს ფორმა ვერ იძლევა კანონდარღვევისათვის შემაკავებელ ეფექტს, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ზემოთაღნიშნული მოქალაქეები არ იხდიან ჯარიმას ნებაყოფლობით და ასევე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ვერ ახორციელებს შეფარდებული ჯარიმის იძულებით აღსრულებას, ვინაიდან მათ საკუთრებაში არანაირი ქონება არ ირიცხება. გამომდინარე აღნიშნულიდან ამგვარი სახის საქმეები იქცევა აღსრულებული კატეგორიის საქმეებად, ხოლო სამართალდამრღვევებს ეძლევა სტიმული კვლავ განაგრძონ უკანონო წიაღით სარგებლობა იმ საშუალებით/სამართალდარღვევის იარაღით რის ჩამორთმევას/სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევასაც არ ითვალისწინებს დღევანდელი კანონმდებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კანონმდებელი მიზანშეწონილად მიიჩნევს ზემოთხსენებული გადაცდომისთვის გამკაცრდეს კანონის მოთხოვნა და დამატებითი სახდელის სახით გათვალისწინებული იყოს სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული მყარი წიაღისეულის კონფისკაცია.
აღნიშნული განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლში ცვლილებების შეტანის მოტივაცია განპირობებულია სამართალდარღვევის შეკავების არაეფექტური სანქციის არსებობით, რომლის გადაჭრის გზად კანონმდებელმა დაისახა გადაცდომისთვის სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული წიაღისეულის კონფისკაციის სახით.
მას შემდეგ რაც დადგინდა კანონმდებლის მიერ სადავო ნორმის მიღების მიზეზი და მოტივაცია, მნიშვნელოვანია განიმარტოს ისიც, როგორ იყენებენ აღნიშნულ ნორმას საერთო სასამართლოები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის N4ა/688-18 დადგენილებაში ვკითხულობთ „ამ ვითარებაში, როდესაც შპს „ბაქანასი“ ცნობილია სამართალდამრღვევად, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლის სანქცია სავალდებულოდ ითვალისწინებს სამართალდამრღვევისთვის, როგორც იარაღის ისე, სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციას, პირველი ინსტანციის სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას სამართალდამრღვევისთვის დაებრუნებინა ჩამორთმეული ტრაქტორი და ინერტული მასალა, რის გამოც საკითხი მის მიერ შეფასებულია არსებითად სწორად, ადგილი არ ჰქონია მნიშვნელოვან საპროცესო დარღვევას და კანონიერად იქნა გადაწყვეტილი დავა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს გასაჩივრებული დადგენილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები“. როგორც ვხედავთ, მას შემდეგ რაც მოსამართლე დაადგენს, რომ პირი არის სამართალდამრღვევი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლი იმპერატიულად მოითხოვს სამართალდამრღვევისთვის სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევას. ამ პროცესში არ ხდება იმის შეფასება, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სამართალდამრღვევისთვისთვის სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევა რამდენად არის საჯარო ინტერესის საგანი. შესაბამისად, სადავო ნორმის მიხედვით, პირისთვის სახდელის დაკისრება ხდება ფორმალური პროცედურით, რომლის დროსაც პირსის წინაღმდეგ დადგინდეს, რომ ის არის სამართალდამრღვევი, ნორმა სავალდებულოდ ითვალისწინებს მისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევას უპირობოდ(კონფისკაციას).
2) დავის საგანი
მოსარჩელე სადავოდ არ ხდის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლის საფუძველზე სამართალდამრღვევი პირისთვის სახდელის სახით სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევის შესაძლებლობას. მისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევას ითვალისწინებს იმპერატიულად, რითაც ადმინისტრაციულ ორგანოსა და მოსამართლეს საშუალებას არ აძლევს საჯარო და კერძო ინტერესების შეფასების შედეგად ყოველ კონკრეტულ საქმეში დაადგინოს რამდენად არის სამართალდამრღვევისთვის სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევის საჭიროება აუცილებელი და პროპორციული საშუალება.
3) უფლებით დაცული სფერო
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე მსჯელობისას მოსარჩელე დაეყრდნობა საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით. ამასთან, 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი შეესაბამება ახალი რედაქციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტს, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტს შეესაბამება ახალი რედაქციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი, ხოლო 21-ე მუხლის მე-3 პუნქტს მე-19 პუნქტის მე-3 პუნქტი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრების, როგორც ბუნებით უფლებას, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას.[2]
საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით საკუთრების ცნება და შინაარსი თავად კონსტიტუციიდან უნდა წავიკითხოთ, სადაც მოცემულია კერძო და საჯარო ინტერსების თანაფარდობის განსაზღვრის დასაშვები ფარგლები. კანონმდებელი კი ამ სფეროში უფლებამოსილია და ვალდებულიც, იმოქმედოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დადგენილ ჩარჩოებში, რათა არ მოხდეს თავად უფლების ნამდვილი არსის კორექტირება, ხელყოფა.[3]
ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუცია უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართებით უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს. საკუთრებას სოციალურ სახელმწიფოში, მესაკუთრის კერძო ინტერესების დაკმაყოფილების პარალელურად აქვს სოციალური ფუნქცია. ამიტომ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო ერთიანად მოითხოვს როგორც კერძო საკუთრების თავისუფლებას, ისე მისი შეზღუდვის აუცილებლობას საჯარო მიზნებისთვის.[4]
4)უფლებაში ჩარევა
საკონსტიტუციო სასამართლომ 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილებაში ერთმანეთისგან გამიჯნა კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა და მე-3 პუნქტით დაშვებული საკუთრების ჩამორთმევის შემთხვევები. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, „მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა და მე-3 პუნქტით დაშვებული საკუთრების ჩამორთმევა წარმოადგენენ პირველი პუნქტით დადგენილ საკუთრების გარანტიაში ჩარევას, მაგრამ ისინი თავისი შინაარსით პრინციპულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. უმნიშვნელოვანესი სხვაობა ჩარევის ამ ორ ფორმას შორის არის ის, რომ არსებობს განსხვავებული მოთხოვნები მათი კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გამართლებისათვის“.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ „21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევის ინსტიტუტს მკვეთრად გამოხატული ფორმალური ნიშნები ახასიათებს. ამ ცნებაში ვერ თავსდება ნებისმიერი შემთხვევა, რაც პირის მიერ, მისი ნების საწინააღმდეგოდ საკუთრების დაკარგვას გულისხმობს. ასეთად კი ჩაითვლება ორი შემთხვევა:
ა)კონფისკაცია, რომელიც ფორმითა და შინაარსით სრულად დააკმაყოფილებს «აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნებს;
ბ) კონფისკაცია, რომელიც მოიცავს «საზოგადოებრივი საჭიროებისთვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ» საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ჩამორთმევის სხვა შემთხვევებს, რომლებიც თავისი შინაარსით და ჩამორთმევის ფორმით, პროცედურით განსხვავდება ექსპროპრიაციის შემთხვევებისგან.
სასამართლოს განმარტებით, ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების გარდა, არცერთ სხვა შემთხვევა არ შეიძლება იქნეს მიჩნეული ისეთ აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად, როდესაც დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის მნიშვნელობით. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევა კატეგორიულად ემიჯნება ჩამორთმევის იმ შემთხვევებს, რომლებზეც ვრცელდება 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი. მართალია ასეთ შემთხვევებში ქონების ჩამორთმევის საჭიროება გათვალისწინებულია კანონით, თუმცა გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, ანუ ფორმალურ-იურიდიული ნიშნებით არის მსგავსება 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, მაგრამ ეს არ განეკუთვნება ზემოთდასახელებულ შემთხვევებს, რომელზეც ვრცელდება 21-ე მუხლის მე-3 ნაწილი. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევისას ხდება კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში ჩარევა(ახალი რედაქციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი).
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლი სახდელის სახით ითვალისწინებს ქონების, სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევას. შესაბამისად, აღნიშნული შემთხვევა მსგავსია ზემოთ განხილულ გადაწყვეტილებაში დადგენილი სტანდარტისა და 571-ე მუხლის მიხედვით სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევით ხდება კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტში ჩარევა.
ამასთან, ვინაიდან სადავო ნორმა ერევა კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტში, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით ეს ავტომატურად იწვევს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტში ჩარევასაც.
5)შეფასების ტესტი
კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის საკუთრების უფლების, შეზღუდვის შეფასების საზომი, თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.[5]
აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელის პირობებში უნდა შეფასდეს რამდენად არსებობს სადაო ნორმიდან მომდინარე ლეგიტიმური მიზანი, რომელიც იქნება მიზნის მიღწევის გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული საშუალება.
6)ლეგიტიმური მიზანი
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი კანონმდებელს უდგენს ვალდებულებას საკუთრების უფლების შეზღუდვისას იხელმძღვანელოს საჯარო ინტერესის ტესტით და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეზღუდვის მართებულობა დაადგინოს კერძო და საჯარო ინტერესების შეპირისპირების შედეგად. ის თუ რა საჯარო ინტერესი შეიძლება არსებობდეს საკუთრების უფლების შეზღუდვის გამართლებისთვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზეა დამოკიდებული.
სადავო ნორმის განმარტებითი ბარათიდან ვიგებთ, რომ, წარმოდგენილი კანონის მიზანია ადეკვატური და ზომიერი სახდელის დაწესება, რომელიც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღზრდას, კანონების დაცვას, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემას, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის თავიდან აცილებას, რაც გამომდინარეობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში კანონმდებლობის გამკაცრებით.
განმარტებითი ბარათიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სადავო ნორმის დისპოზიციაში დამატებითი სახდელის სახით სამართალდარღვევის იარაღის უპირობო კონფისკაციის მიზანს წარმოადგენს სამართალდარღვევის შემაკავებელი ეფექტის უზრუნველყოფა.
მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სამართალდარღვევის შემაკავებელი ეფექტის უზრუნველყოფა ღირებული საჯარო ინტერესია, რომლის საფუძველზეც შესაძლოა შეიზღუდოს საკუთრების უფლება. თუმცა, ამის მიუხედავად უნდა შემოწმდეს რამდენადაა სადავო ნორმა აღნიშნული მიზნის მიღწევის გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული საშუალება.
7)გამოსადეგობა
თანაზომიერების ტესტის აღნიშნულ ეტაპზე უნდა შეფასდეს რამდენად არის შეზღუდვა მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა ლოგიკური კავშირი მიზანსა და საშუალებას შორის.
სადავო ნორმატიული შინაარსი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ითვალისწინებს სამართალდარღვევის იარაღის იმპერატიულად ჩამორთმევას. კანონმდებელმა სადავო ნორმატიული შინაარსის შექმნით არც ადმინისტრაციულ ორგანოს და არც მოსამართლეს არ დაუტოვა შესაძლებლობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ემსჯელა იმაზე თუ რამდენად არის პირისთვის სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევა საჯარო ინტერესის საგანი. შესაბამისად, უნდა შეფასდეს ის, რომ სადავო ნორმატიული შინაარსი ყოველთვის, იმპერატიულად ითვალისწინებს სამართალდამრღვევის პირისთვის სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევას რამდენად არის გამოსადეგი საშუალება საჯარო ინტერესის მისაღწევად, რაც სამართალდარღვევის შემაკავებელი ეფექტის უზრუნველყოფას გულისხმობს.
კანონმდებელმა, დასახელებული საჯარო ინტერესის მიღწევისთვის, სადავო ნორმატიული შინაარსით, დაადგინა კერძო ინტერესში ჩარევის კონკრეტული ფორმა - სამართალდარღვევის იარაღის უპირობო ჩამორთმევა. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული საშუალება გამოსადეგია, რადგან სახდელის აღნიშნული ფორმა თავისი სიმკაცრით ეფექტურად უზრუნველყოფს სამართალდარღვევის შემაკავებელ ეფექტს. პირი, რომელიც წიაღით სარგებლობს ლიცენზიის პირობებში, ნეგატიური ვალდებულების სიმკაცრით განპირობებული შიშით, რაც გამოიხატება სამართალდარღვევის იარაღის უპირობო ჩამორთმევაში, აღარ შეეცდება უკანონოდ მოიპოვოს წიაღისეული.
მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო ნორმატიული შინაარსი საჯარო ინტერესის მიღწევისთვის გამოსადეგ საშუალებას წარმოადგენს ვერ უზრუნველყოფს მის კონსტიტუციურობას. მნიშვნელოვანია შეფასდეს რამდენადაა აღნიშნული ნორმატიული შინაარსი აუცილებელი და პროპორციული საშუალება.
8) აუცილებლობა
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, უნდა შემოწმდეს რამდენად საჭიროა კონკრეტული მიზნის მისაღწევად უფლების ამგვარი ფორმით შეზღუდვა და ხომ არ შეიძლებოდა იგივე მიზანი იგივე ეფექტურობით მიღწეულიყო ნაკლებად მზღუდავი საშუალებით.
სადავო ნორმის განმარტებითი ბარათიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევებში მოქალაქეები არ იხდიან 571-ე მუხლით გათვალისწინებულ ჯარიმას ნებაყოფლობით და ასევე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ვერ ახორციელებს შეფარდებული ჯარიმის იძულებით აღსრულებას, ვინაიდან სამართალდამრღვევ პირთა საკუთრებაში არ ირიცხება არანაირი ქონება. აღნიშნული სახის საქმეები კი იქცევა აღსრულებული კატეგორიის საქმეებად, ხოლო სამართალდამრღვევებს ეძლევათ სტიმული კვლავ განაგრძონ უკანონო წიაღით სარგებლობა იმ საშუალებით/სამართალდარღვევის იარაღით, რომლითაც ჩაიდინეს სამართალდარღვევა.
განმარტებითი ბარათი ნათელს ხდის, რომ ზოგიერთ 571-ე მუხლით დაწესებული ჯარიმა, ვერ უზრუნველყოფდა სამართალდარღვევის შემაკავებელ ეფექტს. პირიქით, ზოგიერთ რეგიონში, ის სამართალდარღვევის წამახალისებელიც ფაქტორიც კი იყო. კანონმდებელმა სწორედ იმიტომ რომ ლიცენზიის გარეშე წიაღისეულით სარგებლობაზე დაწესებული ჯარიმა ვერ უზრუნველყოფდა სამართალდამრღვევის შეკავების ეფექტიანობას, გადაწყვიტა საკანონმდებლო ცვლილებების გზით სამართალდამრღვევისთვის ჩამოერთმია სამართალდარღვევის იარაღი და ამგვარად მოეხდინა მასზე იძულება შეეწყვიტა უკანონო საქმიანობა.
მოსარჩელე მხარე იაზრებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლის მოქმედ რედაქციამდე არსებული რედაქციის პირობებში სამართალდარღვევაზე ჯარიმის არაეფექტიანობას და მიაჩნია, რომ სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევა კრიტიკული სიტუაციიდან გამოსასვლელად შესაძლოა ერთ-ერთი აუცილებელი საშუალება იყოს. თუმცა, ამის მიუხედავად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს ყოველ ჯერზე სამართალდამრღვევი პირისთვის იმპერატიულად სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევის აუცილებელი საჭიროება. თუკი სადავო ნორმის პირობებში ადმინისტრაციულ ორგანოს/მოსამართლეს ექნებოდა იმის საშუალება ემსჯელა რამდენად იქნებოდა სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევა საჯარო ინტერესის საგანი, ეს იქნებოდა სამართლიანი ბალანსი საჯარო ინტერესსა და კერძო ინტერესებს შორის. აღნიშნული გონივრული ბალანსი კი მიიღწევა 571-ე მუხლიდან სადავო ნორმატიული შინაარსის გამორიცხვით.
საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილებაში მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მეორე ნაწილის სიტყვების „ან კანონიერ მფლობელობაში“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით(ახლანდელი რედაქციის მე-19 მუხლი). კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გახდილი სიტყვები საშუალებას იძლეოდა დამატებითი სასჯელის სახით ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, მსჯავრდებულის კანონიერ მფლობელობაში არსებული დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევის შესაძლებლობას. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთო სასამართლოების მიერ დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევის შეფარდებისთვის აუცილებელ კონსტიტუციურ პირობებზე. კერძოდ, „ეს საჭირო უნდა იყოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ან/და ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. სასამართლომ ზედმიწევნით უნდა გამოიკვლიოს, რეალურად არსებობს თუ არა სასამართლომ ზედმიწევნით უნდა გამოიკვლიოს, რეალურად არსებობს თუ არა ზემოაღნიშნული პირობები. კონკრეტული გარემოებების შესწავლის შედეგად, მან უნდა გაარკვიოს, არის თუ არა რეალური საფრთხე სხვათა უფლებების დარღვევისა, ასევე, რომ გარდაუვალია ამ ქონებით ახალი დანაშაულის ჩადენა და სხვა. ამ დროს სასამართლომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოება: ასეთი ქონების არჩამორთმევით, რეალურად მიადგება თუ არა სახელმწიფოს, საზოგადოებას ან კონკრეტულ ადამიანებს ის ზიანი, რომლის თავიდან ასაცილებლად შემოღებულია ნორმა; ასევე ძალზე ზუსტად უნდა განჭვრიტოს, ქონების ჩამორთმევით მართლაც მიიღწევა თუ არა დასახელებული მიზნები. სასამართლომ უნდა შეისწავლოს საქმის ფაქტობრივი საფუძვლები და დაასაბუთოს ქონების ჩამორთმევის აუცილებლობასთან დაკავშირებით მისი სამართლებრივი პოზიცია. ის არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ფორმალური შემოწმებით, რაც, საბოლოოდ, ღიად დატოვებს საკითხს, არსებობს თუ არა ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში კანონიერი ჩარევის უფლებამოსილებას. ქონების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეებისთვის დასახელებული პირობების დაცვა სავალდებულოა, რათა ქონების ჩამორთმევა არ გადაიქცეს მიზნად.“[6]
როგორც ვხედავთ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19-ე მუხლის მე-2 პუნქტი დამატებითი სასჯელის სახით დანაშაულის საგნის/იარაღის ჩამორთმევის წინაპირობად მკაცრად განსაზღვრულ წინაპირობები უდგენს მოსამართლეს, რომელიც ემყარება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და ბრალდებულის/ეჭვმიტანილისა თუ მსჯავრდებულის ინდივიდუალურ მახასიათებლებს. სწორედ აღნიშნული კრიტერიუმების თანმიმდევრული დაცვით მიიღწევა ბალანსი ურთიერთგანსხვავებულ საჯარო და კერძო ინტერესებს შორის, ხოლო გარე დამკვირვებელს უჩენს სამართლიანობის გრძნობას. მართალია განსახილველ შემთხვევაში საქმე ეხება ადმინისტრაციული სახდელის სახით სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევას, თუმცა მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაშიც, ვინაიდან საბოლოოდ ხდება ქონების უპირობო კონფისკაცია, სადავო ნორმის პირობებში სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევა ზემოთ განხილულ კონსტიტუციურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. სადავო ნორმატიული შინაარსის პირობებში კი აღნიშნული კონსტიტუციური მოთხოვნა ვერ მიიღწევა, რადგან შესაძლოა არსებობდეს შემთხვევები, როდესაც ფაქტობრივი გარემოებების, სამართალდარღვევის ხასიათისა თუ სამართალდამრღვევის ინდივიდუალური ნიშნების გათვალისწინებით სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევა არ იყოს აუცილებლობით განპირობებული საჯარო ინტერესის საგანი.
პოზიციის თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ მოსარჩელის შემთხვევა. 2018 წლის 27 ივლისის მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს დადგენილებით შპს „ბექანასი“ ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 571-ე მუხლის შესაბამისად და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა 1000 ლარის ოდენობით, მასვე დაეკისრა გარემოსთვის მიყენებული ზიანის 201 ლარის გადახდა. 2018 წლის 5 ოქტომბერის მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრატი მოსამართლის დადგენილებაში კი ვკითხულობთ, რომ შპს „ბექანასმა“ გადაიხადა მისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი -ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და გარემოზე მიყენებული ზიანი 201 ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტიც 2018 წლის 7 აგვისტოს წარადგინა სასამართლოში. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შპს „ბექანასი“ სადავო ნორმის პირობებში პირველად იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სუბიექტი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შპს „ბექანასმა“ ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მოიპოვა 1მ3 ქვიშა/ხრეში, რომლის ღირებულებასაც წარმოადგენს 0.2 ლარი. შპს “ბექანასმა“ სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევის შემდეგ შეწყვიტა ლიცენზიის პირობებში საქმიანობა, რის შედეგადაც მას მიადგა ქონებრივი ზარალი. საწარმო ამ ეტაპზეც შეჩერებულია და ვერ ახერხებს საქმიანობის გაგრძელებას. ადმინისტრაციულ ორგანოს ან სასამართლოს რომ ჰქონოდა შეფასების შესაძლებლობა შპს „ბექანასისთვის“ სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევა როგორ ქონებრივ მდგომარეობაში ჩააყენებდა შესაძლოა საჯარო ინტერესს მისი კერძო ინტერესი გადაეწონა და აღარ ჩამოერთვათ სამართალდარღვევის იარაღი. თუმცა, ვინაიდან სადავო ნორმატიული შინაარსი ამის შესაძლებლობას არ იძლევა ვერც ადმინისტრაციულმა ორგანომ და შემდგომში ვერც სასამართლომ ვერ შეძლეს შპს „ბექანასისთვის“ სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევის საკითხი თანაზომიერების ტესტით შეეფასებინათ და ამგვარად დაეკისრებინათ სახდელი.
კონსტიტუციური სარჩელის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია განვიხილოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 აპრილის Nბს-1655-1627(კს-11) საქმე, სადაც სასამართლომ იმსჯელა სახდელის დაკისრების ზოგად მიზნებსა და პირობებზე. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა კონფისკაციის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. კასატორს საზღვრის გადაკვეთისას ავტომანქანაში აღმოაჩნდა არადეკლარირებული საქონელი - 400 კგ. ყურძენი. ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის მიერ მის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე მას ჩამოერთვა ავტომანქანა. სასამართლომ კასატორის მიმართ გამოცემულ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე მსჯელობისას აღნიშნა „იმის გათვალისწინებით, რომ საჯარიმო სანქცია უკავშირდება საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, გამოყენებული სანქცია ყველა შემთხვევაში უნდა პასუხობდეს თანაზომიერების პრინციპს. ჩადენილი სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის გამოყენებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს იურიდიული თანასწორობა, გამოყენებული სანქცია უნდა ითვალისწინებდეს ჩადენილი ქმედების ხასიათს და იყოს თანაზომიერი იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საბაჟო რეჟიმის უზრუნველმყოფი ნორმა, აღნიშნულის გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა შედეგად გამოიღოს ნორმის თვითნებური გამოყენება და განმარტება.“ ამასთან, მნიშვნელოვანია შემდეგი განმარტებაც „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სახდელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება ის ზოგადი საწყისები, რომლებიც განაპირობებს სამართლიანი სახდელის დაკისრებას, პირის დასჯას მის მიერ ჩადენილი ქმედების თანაზომიერად, მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, რაც სანქციის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გატარების აუცილებელი პირობათაგანია.“
უზენაესი სასამართლოს აღნიშნული განმარტებებიდან ნათელია, რომ სახდელის დაკისრების აუცილებელ პირობას წარმოადგენს თანაზომიერება. თავის მხრივ თანაზომიერების შეფასებისთვის აუცილებელია ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართალდამრღვევის პიროვნების შესწავლა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი სახდელის დაკისრების წესი აცდენილია თანაზომიერების აუცილებელ მოთხოვნებს, სახდელის დაკისრებას ეძლევა სადამსჯელო, რეპრესიული ხასიათი და ეწინააღმდეგება სამართლიანობის მოთხოვნებს. შესაბამისად, ვინაიდან სადავო ნორმატიული შინაარსი არ იძლევა იმის შესაძლებლობას ადმინისტრაციულმა ორგანომ და შემდგომში სასამართლომ თანაზომიერების პირობებში შეამოწმოს სამართალდამრღვევი პირისთვის სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევა რამდენად პროპორციული და ლეგიტიმური მიზნის მისაღწევი აუცილებელი საშუალებაა, არღვევს თანაზომიერების კონსტიტუციურ მოთხოვნებს. შესაძლოა არსებობდეს შემთხვევები, როდესაც სახდელის დაკისრებისას თანაზომიერების ტესტით შეფასებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ/სასამართლომ არ ჩათვალოს აუცილებლად პირისთვის სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევის საჭიროება. სადავო ნორმა კი გამორიცხავს იმის პირისთვის სახდელის დაკისრება მოხდეს თანაზომიერების ტესტის შეფასების პირობებში, სადაც დაცული იქნება გონივრული ბალანსი საჯარო და კერძო ინტერესებს შორის.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვინაიდან შესაძლოა სადავო ნორმით დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა ნაკლებად მზღუდავმა სახდელის დაკისრებამ განაპირობოს, ხოლო სადავო ნორმატიული შინაარსი არ იძლევა აღნიშნულის შესაძლებლობას, ის არ არის მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი აუცილებელი საშუალება. ამდენად, ის ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების ტესტს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთან მიმართებით.
[1] https://info.parliament.ge/#law-drafting/13912 [11/21/2019]
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-5.
[3] იქვე, II-7.
[4] იქვე, II-9.
[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60.
[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-22.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა