შპს „ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/5/1475 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, , , |
თარიღი | 30 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 მაისი 2020 18:21 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: შპს „ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლის სიტყვების „სამართალდარღვევის იარაღისა“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1475) მომართა შპს „ბექანასმა“. №1475 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 31 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 30 აპრილს.
2. №1475 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლის თანახმად, წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და სამართალდარღვევის ობიექტის (მყარი სასარგებლო წიაღისეულის) კონფისკაციით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვის წესს.
5. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის მიმართ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლის საფუძველზე შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობის ფაქტზე. თავის მხრივ, მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრატმა სასამართლომ შპს „ბექანასი“ ცნო სამართალდამრღვევად და სახდელის სახით დააკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. იმავე სასამართლომ, გასაჩივრების შედეგად საქმის ხელახალი განხილვის ფარგლებში, 2018 წლის 5 ოქტომბრის N4-ა/148-18 დადგენილებით კონსტიტუციური სარჩელის ავტორს, ადმინისტრაციული სახდელის სახით, ასევე განუსაზღვრა სამართალდარღვევის ჩასადენად გამოყენებული იარაღის - ტრაქტორის კონფისკაცია. მოსარჩელემ ზემოაღნიშნული დადგენილება გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა მისი გაუქმება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის N4ა/688-18 დადგენილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
6. მოსარჩელის პოზიციით, მისთვის, ზოგადად, პრობლემური არ არის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლის საფუძველზე სამართალდამრღვევი პირისათვის სამართალდარღვევის ჩასადენად გამოყენებული იარაღის კონფისკაციის, როგორც სახდელის სახით გამოყენების შესაძლებლობა. საკუთრების კონსტიტუციური უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას იწვევს ის ფაქტი, რომ საქმის განმხილველ მოსამართლეს, ადმინისტრაციული სანქციის სავალდებულო წესით გამოყენების პირობებში, არ ეძლევა შესაძლებლობა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, კერძო და საჯარო ინტერესების ადეკვატური დაბალანსების გზით, განსაზღვროს სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევის კონკრეტული აუცილებლობა და განსხვავებული ფაქტობრივი გარემოების, უმართლობის ხარისხისა თუ სამართალდამრღვევი სუბიექტის გათვალისწინებით მოახდინოს ადმინისტრაციული სახდელის ინდივიდუალიზაცია.
7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სამართალდარღვევის ჩასადენად გამოყენებული იარაღის სავალდებულო და უპირობო კონფისკაციით სახელმწიფო მისდევს სამართალდარღვევის პრევენციისა და მისი ჩადენის შემთხვევაში ეფექტური დევნის ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა აღნიშნული პირობადადებულია თანაზომიერების კონსტიტუციური მოთხოვნით. შესაბამისად, საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას არღვევს ის დადგენილი წესი, რომლის მოქმედების ფარგლებში გამოირიცხება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის განხორციელება ნაკლებად მზღუდავი სახდელის გამოყენებით და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების პროცესში კონსტიტუციური ბალანსის დადგენა კერძო და საჯარო ინტერესს შორის.
8. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1475 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1475 კონსტიტუციური სარჩელი („შპს „ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი