საქათველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/2/468 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 10 ნოემბერი 2009 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ვახტანგ გვარამია – წევრი;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
ბესარიონ ზოიძე – წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ტ” ქვეპუნქტის სიტყვების “ლიცენზიის მფლობელი”, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების “თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების, საკაბელო ქსელის”, 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების “აგრეთვე ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით”, 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 41-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების, 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების “ლიცენზიის მფლობელები” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები _ ვახტანგ მენაბდე და თამარ ჭარბაძე; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები _ ბათარ ჩანქსელიანი და მარინე რობაქიძე.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №468) მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით გადაეცა 2008 წლის 10 დეკემბერს.
2. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ინფორმაციის მიღების და გავრცელების პოზიტიური უფლება, რომელიც შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კონსტიტუციის ამავე მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი პირობების არსებობისას. ინფორმაციის მიღების და გავრცელების თავისუფლების განმტკიცებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მედიას, რომელიც დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. შესაბამისად, ხელისუფლება ცდილობს იურიდიული დაბრკოლებების შექმნას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის.
4. მოსარჩელე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ სახელმწიფო უფლებამოსილია, განახორციელოს მაუწყებელთა მიმართ კონტროლი ლიცენზირების საშუალებით, მაგრამ სალიცენზიო ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ საჯარო მიზანს, რაც გაამართლებდა ამგვარ შეზღუდვას. სარჩელში აღნიშნულია, რომ მედიის ლიცენზირება გამართლებულია მხოლოდ იმ ტელე- და რადიომაუწყებელთა მიმართ, რომლებიც მაუწყებლობენ სიხშირის გამოყენებით. აღნიშნული რესურსი ბუნებაში შეზღუდული სახით არსებობს და, შესაბამისად, განსაკუთრებულ საზოგადოებრივ სიკეთეს წარმოადგენს. ამ რესურსის მეშვეობით მაუწყებლობისას თანაბრად უნდა იქნეს ასახული საზოგადოებაში არსებული განსხვავებული მოთხოვნილებები და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ხარისხიანი მაუწყებლობა. ამდენად, სახელმწიფოს, სიხშირული სპექტრის გადანაწილებასთან დაკავშირებით, აქტიური რეგულირების ფუნცია ეკისრება.
5. სიხშირის გამოყენებით მაუწყებლობისგან განსხვავებით, საკაბელო ქსელის ან თანამგზავრის მეშვეობით მაუწყებლობა არ წარმოადგენს შეზღუდულ რესურსს და აღნიშნულ ბაზარზე ნებისმიერ სუბიექტს შეუძლია შესვლა რომელიმე სოციალური ჯგუფის ან ფენის ინტერესის შელახვის გარეშე. მოსარჩელე განმარტავს, რომ სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს, რამდენად შეესაბამება ამ მაუწყებლების საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ვინაიდან საკაბელო ქსელის ან თანამგზავრის მეშვეობით განხორციელებულმა მაუწყებლობამაც შეიძლება შელახოს საზოგადოების დაუცველი წევრების, მაგალითად, არასრულწლოვნების ან უმცირესობის უფლებები. თუმცა კონსტიტუციურ სარჩელში ხაზგასმულია, რომ მაუწყებლების საქმიანობის კონტროლისგან განსხვავებით, სახელმწიფოს რეგულირების სფეროდან უნდა იქნეს ამოღებული საკაბელო და თანამგზავრული მაუწყებლების მიერ საქმიანობის დაწყებასთან, მაუწყებლობის სახეობის, კონცეფციის და პოტენციური აუდიტორიის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხები, ვინაიდან არ არსებობს ამ საკითხებში სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის აუცილებლობა. საკაბელო და თანამგზავრულ მაუწყებლებს აგრეთვე არ უნდა ევალებოდეთ მაუწყებლობის სახეობის და კონცეფციის შეცვლისა და საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში ლიცენზიის თაობაზე სახელმწიფოსთვის მიმართვა. ამგვარი შეზღუდვა, მოსარჩელის აზრით, არ ემსახურება არც ერთ იმ ლეგიტიმურ მიზანს, რაც საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტშია ჩამოთვლილი და, შესაბამისად, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
6. 2009 წლის 6 ოქტომბერს ჩატარდა განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით.
7. მოსარჩელის წარმომადგენელმა ვახტანგ მენაბდემ განმწესრიგებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და აღარ ხდის სადავოდ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების “ლიცენზიის მფლობელები”-ს კონსტიტუციურობას.
8. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენელმა სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს აგრეთვე “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შემდეგი ნორმების კონსტიტიციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით: “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტის სიტყვა “ლიცენზიით”, “ე” ქვეპუნქტის სიტყვა “ლიცენზიის”,მ“ვ” ქვეპუნქტის სიტყვა “ლიცენზიის”, “პ” ქვეპუნქტის სიტყვები “ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ავტორიზაციას და რომელშიც”, “ჩ” ქვეპუნქტის სიტყვები “ლიცენზიით ნებადართული”, “ჰ5” ქვეპუნქტის სიტყვები “ლიცენზიის მფლობელის”,მმე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ი” ქვეპუნქტის სიტყვა “ლიცენზიის”, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება, მეორე წინადადების სიტყვები “ლიცენზიის მფლობელის მიერ”, მესამე წინადადების სიტყვები “ლიცენზიის მფლობელის”, მე-4 წინადადების სიტყვები “ლიცენზიის მფლობელები”, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები “ლიცენზიის მფლობელის მიერ”, მე-5 პუნქტის სიტყვა “ლიცენზიის”, მე-6 პუნქტის სიტყვები “ლიცენზიის მფლობელის მიმართ”, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის სიტყვები “ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე”, “დ” ქვეპუნქტის სიტყვები “ლიცენზირების სფეროში”, მე-2 პუნქტის პირველი წინადადების სიტყვები “აუცილებელ ტექნიკურ რეგულაციასთან და” და მე-2 წინადადება, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები “მაუწყებლობის სფეროში” და მე-4 პუნქტის სიტყვები “საეთერო მაუწყებლობის”, 49-ე მუხლის სიტყვის “ლიცენზიების”, 50-ე მუხლის სიტყვები “ლიცენზიის მფლობელებთან და”, 51-ე მუხლის სიტყვები “ლიცენზიების” და “ლიცენზიის მფლობელის”, 511 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები “ლიცენზიების მფლობელთა” და “ლიცენზიების მფლობელთა”, 52-ე მუხლის სიტყვა “ლიცენზიების”, 53-ე მუხლის სიტყვა “ლიცენზიების”, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვა “ლიცენზიების” და მე-2 პუნქტის სიტყვა “ლიცენზიების”, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვა “ლიცენზიის” და მე-2 პუნქტის სიტყვა “ლიცენზიის”, 56-ე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვა “ლიცენზიის”, 57-ე მუხლის სიტყვა “ლიცენზიების”, 61-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები “სფეროში ლიცენზიის”, 61-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის სიტყვები “სფეროში ლიცენზიის”, “ბ” ქვეპუნქტის სიტყვები “სფეროში ლიცენზიის”, “გ” ქვეპუნქტის სიტყვა “სხვა”, 61 “დ” ქვეპუნქტის სიტყვა “სხვა”, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები “სფეროში ლიცენზიის”, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის სიტყვა “სხვა”, 62-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები “ლიცენზიის” და “ლიცენზიის მფლობელი”, 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვა “ლიცენზიის”, 65-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები “სფეროში ლიცენზიის”, 66-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები “საერთო”, “ლიცენზიის”, “აგრეთვე მაუწყებლობის სფეროში” და “სხვა ლიცენზიის მფლობელი”, 69-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები “სფეროში ლიცენზიის მფლობელის”, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები “ლიცენზიის მფლობელის და საზოგადოებრივი”, მე-3 პუნქტის სიტყვები “ლიცენზიის”, მე-5 პუნქტის სიტყვები “ლიცენზიის მფლობელისაგან”, “მის მიერ”, მე-7 პუნქტის სიტყვები “ლიცენზიის მფლობელმა და საზოგადოებრივმა”, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები “ლიცენზიის მფლობელის ან/და საზოგადოებრივი” და “ლიცენზიის მფლობელი ან/და საზოგადოებრივი”, მე-2 პუნქტის სიტყვები “ლიცენზიის მფლობელს ან/და საზოგადოებრივ”, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები “ლიცენზიის მფლობელს ან/და საზოგადოებრივ”, მე-2 პუნქტის სიტყვები “ლიცენზიის მფლობელის ან/და საზოგადოებრივი”, მე-3 პუნქტის სიტყვები “ლიცენზიის მფლობელს ან/და საზოგადოებრივ”, 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვები “ლიცენზიის მფლობელისათვის ან/და საზოგადოებრივი”, მე-5 პუნქტის სიტყვები “ლიცენზიის მფლობელის ან/და საზოგადოებრივი”, 76-ე მუხლის მე-15 პუნქტის სიტყვები “ლიცენზიის მფლობელთა”, 76-ე მუხლის 25-ე პუნქტის სიტყვები “ლიცენზიის”.
10. მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცებით, შუამდგომლობაში ჩამოთვლილ ნორმებს აქვთ სასარჩელო მოთხოვნის მსგავსი შინაარსი და არეგულირებენ იმავე სფეროს, რომელსაც სადავო ნორმები. შესაბამისად, არ ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დაყენებული მოთხოვნის შინაარსობრივი გაზრდა. მისი აზრით, სასარჩელო მოთხოვნის გაზრდა ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებითად სხვა საკითხის დაყენებას.
11. მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ მოსარჩელის შუამდგომლობით ხდება სასარჩელო მოთხოვნის გაზრდა. მისი განცხადებით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება არ აქვს, გასცდეს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შეფასებას.
12. მოპასუხის წარმომადგენელმა მარინე ბაქრაძემ განმწესრიგებელ სხდომაზე დაადასტურა სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართების არსებობა. თუმცა, მისი აზრით, ინფორმაციის თავისუფლებაში ასეთი ჩარევა გამართლებულად უნდა ჩაითვალოს და აქედან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია.
II
1. მოსარჩელის მიერ დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი მოსარჩელეს ანიჭებს მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის შემცირების ან მასზე უარის თქმის უფლებას. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციური დავა შემოიფარგლება სარჩელით გათვალისწინებული სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენით. ამდენად, მოსარჩელის შუამდგომლობა ვერ იქნება დაკმაყოფილებული.
2. სხვა მხრივ №468-ე კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის არც ერთი საფუძველი.
III
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 271 მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლით და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №468) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ტ” ქვეპუნქტის სიტყვების “ლიცენზიის მფლობელი”, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების “თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების, საკაბელო ქსელის”, 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების “აგრეთვე ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით”, 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 41-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით;
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
კ. ვარძელაშვილი
ვ. გვარამია
ქ. ერემაძე
ბ. ზოიძე
ასლი დედანთან სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი ქეთევან ერემაძე