მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/2/493 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 28 ივნისი 2010 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ვახტანგ გვარამია - წევრი;
ქეთევან ერემაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების: „იმ შემთხვევაში, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა“; „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა“; „გ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ მათი იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა“; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 12 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №493) მიმართეს მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, გადაეცა 2010 წლის 19 აპრილს. განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2010 წლის 28 ივნისს.
2. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს ეკრძალებათ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში, სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ დაკავებული შენობების გამოყენება, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არ შეუძლიათ იმავე პირობებში იმავე ან ანალოგიური შენობების გამოყენება. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გამოყენება, თუ იგივე შესაძლებლობა არ აქვთ სხვა საარჩევნო სუბიექტებს.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც სარგებლობენ სამსახურებრივი ავტომანქანებით, შეუძლიათ მათი გამოყენება მხოლოდ საწვავის ანაზღაურების პირობით.
4. მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომელიც ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს, „განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.“
5. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული თანასწორობის უფლება იურიდიულ პირებზეც ვრცელდება. ამასთან, სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, მოსარჩელეები, როგორც საარჩევნო სუბიექტები (მოსარჩელე პოლიტიკური პარტიები გეგმავდნენ მონაწილეობა მიეღოთ 2010 წლის მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში), შეიძლება აღმოჩნდნენ არათანაბარ მდგომარეობაში სხვა საარჩევნო სუბიექტებთან შედარებით, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ადმინისტრაციულ რესურსზე. შესაბამისად, ისინი უფლებამოსილი სუბიექტები არიან, თანასწორობის უფლების დასაცავად მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს.
6. მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმების საფუძველზე საარჩევნო სუბიექტების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა კარგავს ბლანკეტურ ხასიათს. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დასაშვები ხდება, თუ სხვა სუბიექტებს გააჩნიათ იმავე პირობებით და იმავე რესურსით სარგებლობის შესაძლებლობა. აღნიშნული რეგულირებით, საარჩევნო კოდექსი მიზნად ისახავს თანასწორობის მიღწევას, მაგრამ გამონაკლისის დაშვების გამო, რეალურად საარჩევნო სუბიექტებს შორის თანასწორობა ირღვევა.
7. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ პრაქტიკულად მხოლოდ იმ სუბიექტებისთვის იქნება ადმინისტრაციული რესურსი ხელმისაწვდომი, რომლებიც სარგებლობენ ამ რესურსებით დაკავებული თანამდებობის გამო. არჩევით თანამდებობებზე მყოფ პირებს, რომლებიც საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული, შეუძლიათ სხვა საარჩევნო სუბიექტების მიერ ადმინისტრაციული სიკეთით სარგებლობა აღკვეთონ იმის გამო, რომ ეს რესურსები კონკრეტული დაწესებულების ბალანსზეა და კონკრეტული თანამდებობის პირების სარგებლობაშია გადაცემული. შესაბამისად, დაირღვევა პარტიებსა და კანდიდატებს შორის შესაძლებლობათა თანასწორობის პრინციპი.
8. მოსარჩელეების აზრით, ნორმა რეალურად ვერ უზრუნველყოფს, რომ თანამდებობის პირზე სამსახურებრივად მიმაგრებული ავტომანქანებით ან კომუნიკაციის საშუალებებით ისარგებლონ იმ საარჩევნო სუბიექტებმა, რომლებსაც არ უკავიათ შესაბამის დაწესებულებაში რაიმე თანამდებობა და არ აქვთ მასთან შეხება. შესაბამისად, ადმინისტრაციული რესურსის აკრძალვის ზოგადი წესიდან გადახვევა იწვევს იმას, რომ ამ სიკეთეზე ხელი მიუწვდება საარჩევნო სუბიექტების მხოლოდ მცირე ჯგუფს. ამასთან, სადავო ნორმა უპირატესობას ანიჭებს არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ იმ ოპოზიციურ საარჩევნო სუბიექტებსაც, რომლებსაც წარმომადგენლობა ჰყავთ სახელმწიფო ორგანოებში. შესაბამისად, მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმის საფუძველზე ადგილი აქვს დისკრიმინაციას პოლიტიკური შეხედულების ნიშნით.
9. სარჩელში დამატებით აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა არღვევს საჯარო სამსახურის დეპოლიტიზაციის პრინციპს, რადგან უშვებს შესაძლებლობას, რომ საყოველთაო და საერთო-სახელმწიფოებრივი ამოცანებისთვის განკუთვნილი რესურსები პარტიული მიზნებისთვის იხარჯებოდეს. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვიდან გამონაკლისის დაშვება იწვევს საჯარო სამსახურის ჩაყენებას იმ პოლიტიკური ჯგუფის (ჯგუფების) სამსახურში, რომლის წარმომადგენლებიც სახელმწიფო ორგანოებში კონკრეტულ თანამდებობებზე არიან.
10. სარჩელში მოყვანილია ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიისა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს ერთობლივი მოსაზრება საქართველოს საარჩევნო კოდექსთან და სადავო ნორმებთან დაკავშირებით. მოსარჩელეები აგრეთვე უთითებენ ამავე ორგანიზაციების მიერ მომზადებულ საარჩევნო ნორმათა კოდექსზე, რომელიც დამტკიცებული იქნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის მიერ, სადაც თანასწორობა საერთო ევროპულ საარჩევნო მემკვიდრეობად ცხადდება.
11. სარჩელში მტკიცებულებად მოყვანილია აგრეთვე გერმანიის, თურქეთის და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს (ლიტვის, უნგრეთის, პოლონეთის) კანონმდებლობის კვლევა საარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და შეკრებების გამართვის შეზღუდვებთან დაკავშირებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. 493-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს მე-18 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც მისცემდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 271 მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლით, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების „ახალი მემარჯვენეებისა“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტიის“ კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N493) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების: „იმ შემთხვევაში, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა“, „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა“, „გ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ მათი იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა“, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით;
2. საქმეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კ. ვარძელაშვილი
ვ. გვარამია
ქ. ერემაძე
მ. კოპალეიშვილი
ასლი დედანთან სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი ქეთევან ერემაძე