საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/597 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 22 იანვარი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე–14 მუხლის "ვ" ქვეპუნქტის პირველი წინადადების ("ჰქონდეთ კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკურ ხაზებთან და მათ შემაერთებლებთან, მაილსერვერებთან, ბაზებთან, კავშირგაბმულობის ქსელებთან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებთან მუდმივი მიერთების, აგრეთვე სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსება-მონტაჟის შესაძლებლობა.), ამავე ქვეპუნქტის მეორე წინადადების სიტყვების "აღნიშნული მიერთების შედეგად" და ამავე კანონის მე–14 მუხლის "ზ" ქვეპუნქტის პირველი წინადადების ("ტექნიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, ახორციელებდნენ კავშირგაბმულობის არხში არსებულ მონაცემთა ბანკების კოპირებას".) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 2 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №597) მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2014 წლის 3 ივნისს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 22 იანვარს.
3. №597 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტი, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტი, "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის "ი" ქვეპუნქტი.
4. „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე–14 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანათა შესასრულებლად უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ, ჰქონდეთ კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკურ ხაზებთან და მათ შემაერთებლებთან, მაილსერვერებთან, ბაზებთან, კავშირგაბმულობის ქსელებთან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებთან მუდმივი მიერთების, აგრეთვე სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსება-მონტაჟის შესაძლებლობა. აღნიშნული მიერთების შედეგად ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიული ღონისძიებები უფლებამოსილმა ოპერატიულმა თანამშრომელმა უნდა განახორციელოს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანათა შესასრულებლად უფლებამოსილი ორგანოები, ტექნიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, ახორციელებდნენ კავშირგაბმულობის არხში არსებულ მონაცემთა ბანკების კოპირებას. ასეთ შემთხვევაში კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის ოპერატიული ღონისძიებები ხორციელდება აღნიშნული კოპირებული მონაცემების ბანკებიდან ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3, 31 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ „ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც , კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას“.
7. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში განმარტავს, რომ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი მე–14 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს გააჩნიათ უფლება კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკურ ხაზებთან და მათ შემაერთებლებთან, მაილსერვერებთან, ბაზებთან, კავშირგაბმულობის ქსელებთან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებთან ჰქონდეთ ე.წ. „მუდმივი მიერთების“, ანუ მუდმივი წვდომის რეჟიმში ყოფნის შესაძლებლობა. მოსარჩელის მითითებით, კანონი ცალკე, დამოუკიდებლად არ განმარტავს, თუ რა უნდა ვიგულისხმოთ ე.წ. „მუდმივი მიერთების“ შესაძლებლობაში. თუმცა „ვ“ ქვეპუნქტის მეორე წინადადებაში მითითებულია, რომ „აღნიშნული მიერთების შედეგად ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიული ღონისძიებები უფლებამოსილმა ოპერატიულმა თანამშრომელმა უნდა განახორციელოს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად“. აღნიშნული კი, მოსარჩელის აზრით, იმას ნიშნავს, რომ დასახელებული მიერთება უფლებამოსილ ორგანოებს აძლევს შესაძლებლობას, განახორციელონ მე–7 მუხლის მე–2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.
8. სახალხო დამცველი უთითებს, რომ „ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–7 მუხლის მე–2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა სახეს განეკუთვნება „მოსამართლის ბრძანებით სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა; ინფორმაცის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურო აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია; საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთა (გარდა დიპლომატიური ფოსტისა) კონტროლი“. ამრიგად, მოსარჩელის მტკიცებით, შინაარსობრივი თვალსაზრისით, ზემოაღნიშნული ნორმა შეიცავს სამ მოქმედებას, კერძოდ, ა) სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა; ბ) ინფორმაცის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურო აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია; გ) საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი.
9. მოსარჩელის განმარტებით, მე–7 მუხლის მე–2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მეორე წინადადებაში საუბარია კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურე აპარატურასთან მიერთებით, ანუ მიერთების შედეგად, ინფორმაციის მოხსნასა და ფიქსაციაზე, როგორც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ერთ-ერთ სახეზე. ამრიგად, მე–14 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია მე–7 მუხლის ზემოაღნიშნული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიება, რომელიც ძირითადად უკავშირდება ელექტრონული კომუნიკაციების მონიტორინგს და მათგან შესაბამისი ინფორმაციის მოხსნასა და შენახვას.
10. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ 2010 წლის პირველ ოქტომბრამდე, ანუ სანამ სადავო ნორმები იქნებოდა მიღებული, „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებდა მხოლოდ კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურო აპარატურასთან არა მუდმივ, არამედ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე მიერთებას და მის შედეგად ინფორმაციის მოხსნასა და ფიქსაციას. 2010 წლის პირველი ოქტომბრიდან კი, მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა შესაბამისი ცვლილებები, „ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტმა შემოიღო ე.წ. „მუდმივი მიერთების“ ცნება, რამაც ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებათა მწარმოებელ ორგანოს მისცა უფლება, ამჯერად უკვე სასამართლოს სანქციის გარეშე, განახორციელოს არა მხოლოდ მიერთება, არამედ ე.წ. „მუდმივი მიერთება“. ამრიგად, მოსარჩელის აზრით, კანონმდებელმა სასამართლო კონტროლის სფეროდან გამოიყვანა ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიების ისეთი ფორმა, როგორიც არის შესაბამის ხაზებზე, მაილსერვერებზე, ბაზებზე და ა.შ. სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების „მუდმივი მიერთება“, ანუ მუდმივი წვდომა.
11. მოსარჩელის განმარტებით, ე.წ. „მუდმივი მიერთება“, რის შედეგადაც ხდება ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია, ტექნიკურად მთლიანად სახელმწიფო ორგანოების ხელშია. შესაბამისად, რთულია იმის განსაზღვრა, რომ, თუნდაც ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ყოველთვის აუცილებლად სასამართლოს სანქციით განხორციელდება. ყოველ შემთხვევაში, კანონი არ შეიცავს ამ ე.წ. „მუდმივი მიერთების“ შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად გამოყენების შემაკავებელ ან მაკონტროლებელ რამენაირ მექანიზმს. მოსარჩელე ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადება, ე.წ. „მუდმივი მიერთების“ პარალელურად, სასამართლო ნებართვის გარეშე ითვალისწინებს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკურ ხაზებთან და მათ შემაერთებლებთან, მაილსერვერებთან, ბაზებთან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებთან, აგრეთვე სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსება-მონტაჟის შესაძლებლობას.
12. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ მე–14 მუხლი განსაზღვრავს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების, ერთი შეხედვით, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ უფლებებს, მე–14 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი უნდა იქნეს განხილული „ვ“ ქვეპუნქტთან ერთობლიობაში, რათა თვალნათელი იყოს ის უფლება, რომელიც მიენიჭა შესაბამის ორგანოებს 2010–2011 წლებში განხორციელებული ცვლილებებით. კერძოდ, მე–14 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნულია, რომ შესაბამის ორგანოებს უფლება აქვთ, „ტექნიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, ახორციელებდნენ კავშირგაბმულობის არხში არსებულ მონაცემთა ბანკების კოპირებას. ასეთ შემთხვევაში კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის ოპერატიული ღონისძიებები ხორციელდება აღნიშნული კოპირებული მონაცემთა ბანკებიდან, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3, 31 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად“. მოსარჩელის აზრით, ზემოაღნიშნული უნდა გავიგოთ როგორც „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ე.წ. „მუდმივი მიერთების“, აგრეთვე შესაბამისი აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებათა დაყენება–მონტაჟის შემდგომი ეტაპი, როდესაც განხორციელებული მოქმედებების შედეგად ოპერატიული ორგანოები ახდენენ კავშირგაბმულობის არხში არსებულ მონაცემთა ბანკების, ანუ საინფორმაციო ბაზების ერთობლიობის კოპირებას. მხოლოდ აღნიშნული კოპირების შემდეგ, უკვე სასამართლოს ნებართვით არის შესაძლებელი კოპირებული მონაცემთა ბანკებიდან შესაბამისი ინფორმაციის ე.წ. მოხსნა და ფიქსაცია.
13. ამდენად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მე–14 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შედეგად, სახელმწიფოს ოპერატიული ორგანოები უშუალოდ კავშირგაბმულობის არხებში არსებული ინფორმაციის ჩაწერას ახორციელებენ ყოველგვარი სასამართლო ან სხვა სახის კონტროლის გარეშე, რომლის დროსაც არ არსებობს არანაირი დაცვის მექანიზმი ან გარანტია, რომ სახელმწიფოს ეს უფლებამოსილება არ იქნება გამოყენებული არაკეთილსინდისიერად და, მათ შორის, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია, აუცილებლად განხორციელდება სასამართლოს ნებართვით.
14. მოსარჩელის განმარტებით, „ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის როგორც „ვ“, ისე „ზ“ ქვეპუნქტები უშუალოდ უკავშირდებიან იმგვარი ტექნიკური მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ პირდაპირ წვდომას კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ხაზებთან და მათ შემაერთებლებთან, მაილსერვერებთან (ანუ, ე.წ. საფოსტო სერვერებთან – კომპიუტერულ პროგრამასთან, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონული ფოსტის გადატანას ერთი კომპიუტერიდან მეორეში (მაგ. ე.წ. „outlook“–ის პროგრამა)), ბაზებთან, კავშირგაბმულობის ქსელებთან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებთან, აგრეთვე სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების დაყენება–მონტაჟს, კავშირგაბმულობის არხში არსებული მონაცემთა ბანკების – ანუ საინფორმაციო ბაზების კოპირებას.
15. გარდა ამისა, თითოეულ ზემოაღნიშნულ მოქმედებას „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები პირდაპირ უკავშირებენ მე–7 მუხლის მე–2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ისეთ მოქმედებებს, რომლებიც წარმოადგენენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის იმგვარ ფორმებს, როგორებიცაა: სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან, კომპიუტერული სისტემიდან, ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, კინო და ფოტოგადაღება, ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით და ა.შ.
16. მოსარჩელის აზრით, თითქმის ყველა ზემოაღნიშნული მოქმედება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფეროს შეზღუდვას. მოსარჩელე უთითებს, რომ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება არ არის აბსოლუტური. შესაბამისად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოცემული კონსტიტუციური დავის ფარგლებში, მნიშვნელოვანია იმის გასაზღვრა, თუ რამდენად შეესაბამება კანონის მე–14 მუხლის სადავო დებულებები ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებათა განხორციელების ამოცანებსა და საფუძვლებს, რომლებიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებებით, წარმოადგენენ კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტის შეზღუდვის საპირწონე საჯარო ინტერესს.
17. მოსარჩელის მტკიცებით, იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის შინაარსისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, უნდა არსებობდეს კერძო ინტერესის საპირწონე საჯარო ინტერესი, რომელიც დადასტურებული იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება უნდა ხორციელდებოდეს გადაუდებელი აუცილებლობის რეჟიმში, ყოველივე ამას კი გასაჩივრებული ნორმები სრულებით გამორიცხავენ. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, „ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით სახელმწიფო ორგანოებს მინიჭებული აქვთ უფლება, შესაბამისი პირის უფლება შეზღუდონ შეზღუდვისათვის ყოველგვარი საპირწონე საჯარო ინტერესების მიღწევის მიზნის გარეშე.
18. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის გასაჩივრებული დებულებებიდან ირკვევა, რომ ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიების ისეთი ფორმები, როგორებიცაა კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკურ ხაზებთან და მათ შემაერთებლებთან, მაილსერვერებთან, ბაზებთან, კავშირგაბმულობის ქსელებთან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებთან, აგრეთვე სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებათა განთავსება–მონტაჟის შესაძლებლობა, ისევე, როგორც კავშირგაბმულობის არხში არსებულ მონაცემთა ბანკების კოპირება, კანონის შესაბამისად, არ საჭიროებს სასამართლოს სანქციას. კანონი ასევე არ უთითებს ოპერატიული ორგანოების ზემოაღნიშნული უფლებამოსილებების მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის რეჟიმში გამოყენების თაობაზე, რაც, მოსარჩელეთა აზრით, წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველ პუნქტთან.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადება და მეორე წინადადების სიტყვები – „აღნიშნული მიერთების შედეგად...“, ასევე „ზ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადება საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
20. მოსარჩელე მხარე, თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად, დამატებით იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №597 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე–14 მუხლის "ვ" ქვეპუნქტის პირველი წინადადების, ამავე ქვეპუნქტის მეორე წინადადების სიტყვების "აღნიშნული მიერთების შედეგად" და ამავე კანონის მე–14 მუხლის "ზ" ქვეპუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. 2014 წლის პირველ აგვისტოს მიღებული №2635-რს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონით ამოღებულ იქნა „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე–14 მუხლის "ვ" და "ზ" ქვეპუნქტები.
3. დასახელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, №597 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მომენტისათვის, სადავო ნორმამ იურიდიული ძალა დაკარგა. საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკის მიხედვით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
4. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმაში ცვლილება განხორციელდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და რაც ასევე გამორიცხავს ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველს (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/3/559 საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ.“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/1/520 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბენიამინ აბრამიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/537 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის №2/4/526 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ ჯავახაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N2/6/496 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე – მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“);
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №597 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება №597 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი