საქართველოს მოქალაქე პაატა დობორჯგინიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/3/465 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, |
თარიღი | 18 მარტი 2011 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე-სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა-წევრი;
ლალი ფაფიაშვილი-წევრი;
ჯონი ხეცურიანი-წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე პაატა დობორჯგინიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 11 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის№465) მომართა საქართველოს მოქალაქე პაატა დობორჯგინიძემ. №465 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2008 წლის 3 დეკემბერს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2009 წლის 9 ივნისის №2/6/465 საოქმო ჩანაწერით, №465 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
2. სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახე“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
3. სადავო ნორმა არის საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და 38-ე მუხლის მე-3 ნაწილი. 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „1. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებია: ...დ) შრომითი ხელშეკრულების მოშლა;“. 38-ე მუხლის მე-3 ნაწილი შემდეგი შინაარსისაა: „3. შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება“.
4. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე 2004 წლის 20 დეკემბერს შპს „თბილმეტროპოლიტენის“ გენერალური დირექტორის ბრძანებით დაინიშნა მეტროპოლიტენის სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის ელექტრომექანიკოსად. 2006 წელს იგი გაწევრიანდა მეტროპოლიტენის პროფესიულ გაერთიანებაში, სადაც აირჩიეს გამგეობის წევრად. მოსარჩელე ახორციელებდა აქტიურ პროფკავშირულ მოღვაწეობას – აგროვებდა ხელმოწერებს ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, ითხოვდა ადმინისტრაციისაგან, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი. 2006 წლის 27 ივლისის ბრძანებით, შპს „თბილმეტროპოლიტენის“ გენერალურმა დირექტორმა მოსარჩელე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული ბრძანების გაუქმების მოთხოვნით მოსარჩელის მიერ წარმოებული დავა საერთო სასამართლოებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ჩათვლით, წარუმატებლად დასრულდა.
5. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმიდან გამომდინარე, გათავისუფლება კანონიერია ნებისმიერ შემთხვევაში, რაც გულისხმობს დამსაქმებლის უფლებამოსილებას, გაათავისუფლოს პირი, თუნდაც პროფესიული გაერთიანების დაფუძნების, მასში გაერთიანების ან მის საქმიანობაში მონაწილეობის გამო. სადავო ნორმა, მოსარჩელის მოსაზრებით, ზღუდავს დასაქმებულს დააფუძნოს პროფკავშირი, ხოლო გაწევრიანების შემთხვევაში კი აიძულებს მას გაწევრიანებამდე დაივიწყოს უფლებების დიდი ნაწილი.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი შრომის კოდექსის შესაბამისი დებულებები საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
II
1. №465 კონსტიტუციურ სარჩელში სადავო სამართლებრივ აქტად მითითებულია 2006 წლის 25 მაისის საქართველოს კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და 38-ე მუხლის მე-3 ნაწილი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების დროს სადავო ნორმები ძალაში იყო და მოქმედებდა.
2010 წლის 17 დეკემბრის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის” საფუძველზე, საქართველოს კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მათ შორის სადავო ნორმებიც, ძალადაკარგულად გამოცხადდა. შესაბამისად, საქმის არსებითად განხილვის დროისთვის, სადავო ნორმები გაუქმებულია და ძალა აქვთ დაკარგული.
2. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმები ძალადაკარგულია. ამასთან, არ არსებობს საქმის განხილვის გაგრძელების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით და შეწყვიტოს საქმე №465 კონსტიტუციურ სარჩელზე.
III
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. შეწყდეს საქმე №465 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქე პაატა დობორჯგინიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
ჯონი ხეცურიანი