საქართველოს მოქალაქე პაატა დობორჯგინიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/6/465 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, |
თარიღი | 9 ივნისი 2009 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე _ სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა _ წევრი;
ლალი ფაფიაშვილი _ წევრი;
ჯონი ხეცურიანი _ წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე პაატა დობორჯგინიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, 33-ე მუხლთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 11 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №465) მომართა საქართველოს მოქალაქე პაატა დობორჯგინიძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2008 წლის 3 დეკემბრის რეზოლუციით, არსებითად განსახილველად მიღებისა და №456 კონსტიტუციურ სარჩელთან გაერთიანების საკითხის გადასაწყვეტად კონსტიტუციური სარჩელი გადმოეცა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას.
2. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის და მე-16 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე მოითხოვს: 1) კონსტიტუციური სარჩელის წარმოებაში მიღებას და განხილვას და 2) საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, 33-ე მუხლთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
3. სადავო ნორმა არის საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და 38-ე მუხლის მე-3 ნაწილი. 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „1. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებია: ...დ) შრომითი ხელშეკრულების მოშლა“;. 38-ე მუხლის მე-3 ნაწილი შემდეგი შინაარსისაა: „3. შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება“.
4. მოსარჩელე 2004 წლის 20 დეკემბერს შპს „თბილმეტროპოლიტენის“ გენერალური დირექტორის ბრძანებით დაინიშნა მეტროპოლიტენის სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის ელექტრომექანიკოსად. 2006 წელს იგი გაწევრიანდა მეტროპოლიტენის პროფესიულ გაერთიანებაში, სადაც აირჩიეს გამგეობის წევრად. მოსარჩელე ახორციელებდა აქტიურ პროფკავშირულ მოღვაწეობას – აგროვებდა ხელმოწერებს ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, ითხოვდა ადმინისტრაციისაგან, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი. 2006 წლის 27 ივლისის ბრძანებით, შპს „თბილმეტროპოლიტენის“ გენერალურმა დირექტორმა მოსარჩელე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული ბრძანების გაუქმების მოთხოვნით მოსარჩელის მიერ წარმართულ დავას საერთო სასამართლოებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ჩათვლით, წარმატება არ მოჰყოლია.
5. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის, 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, 33-ე მუხლისა და 39-ე მუხლის მოთხოვნებს. სადავო ნორმით პირის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, დამსაქმებელი არ არის შებოჭილი ვალდებულებით სასამართლოს წარუდგინოს არგუმენტები თავისი ქმედების მართლზომიერების თაობაზე. მას ეძლევა საშუალება თვითნებურად გაათავისუფლოს პირი, რაც არაკონსტიტუციურია.
6. მეტროპოლიტენის ადმინისტრაციამ მოსარჩელის გათავისუფლებით იგი ჩააყენა „შედარებით არახელსაყრელ“ პირობებში სხვა, თანაბარ პირობებსა და გარემოებებში მყოფი ინდივიდებისაგან განსხვავებით. ადმინისტრაციამ ვერ განმარტა ამ გადაწყვეტილების გონივრულობა, ობიექტურობა და მიზანშეწონილობა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აშკარაა თანასწორუფლებიანობის დარღვევის ფაქტი. სადავო ნორმის პირობებში ადმინისტრაციას სრული თავისუფლება აქვს, რომ პირი სამსახურიდან გაათავისუფლოს წარმომავლობის, პოლიტიკური შეხედულებების თუ სხვა მიზეზის გამო, რასაც კრძალავს კონსტიტუციის მე-14 მუხლი.
7. მოსარჩელის აზრით, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ღირსების ერთერთი კომპონენტი თანასწორობაა. სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლება, როგორც თანასწორობის პრინციპის დარღვევის სპეციფიური გამოვლინება, ეწინააღმდეგება ადამიანურობის საზრისს და ხელჰყოფს საქართველოს კონსტიტუციის 17-ე მუხლის მოთხოვნებს.
8. სადავო ნორმიდან გამომდინარე, გათავისუფლება კანონიერია ნებისმიერ შემთხვევაში, რაც გულისხმობს დამსაქმებლის უფლებამოსილებას გაათავისუფლოს პირი, თუნდაც, პროფესიული გაერთიანების დაფუძნების, მასში გაერთიანების ან მის საქმიანობაში მონაწილეობის გამო. სადავო ნორმა, მოსარჩელის მოსაზრებით, ზღუდავს დასაქმებულს დააფუძნოს პროფკავშირი, ხოლო გაწევრიანების შემთხვევაში კი აიძულებს მას გაწევრიანებამდე დაივიწყოს უფლებების დიდი ნაწილი.
9. სადავო ნორმის პირობებში, პროფკავშირის წევრის სურვილი, რომ თავისი აზრი საწარმოს ხელმძღვანელთან, სხვა პირებთან ან აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მიაწვდინოს საზოგადოებას, მცდელობა, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ნებისმიერი ინფორმაცია, შესაძლოა დამთავრდეს მისი გათავისუფლებით დაკავებული თანამდებობიდან. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე თვლის, რომ შეზღუდულია აზრისა და ინფორმაციის თავისუფლება და არ არსებობს პატივსადები მიზეზი ამგვარი შეზღუდვისათვის.
10. სადავო ნორმა, მოსარჩელის პოზიციით, აზრს უკარგავს გაფიცვის უფლებას. საგაფიცვო მოქმედებები ხანგრძლივ პროცედურებს გულისხმობს. ამ პირობებში ადმინისტრაციისათვის სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უფლების მინიჭება გამორიცხავს გაფიცვის უფლების რეალიზაციას. დაუსაბუთებელი გათავისუფლება ნებისმიერ პირს გადააფიქრებინებს გაფიცვის კანონიერ ჩანაფიქრს.
11. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი ავალებს საკონსტიტუციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით და კონსტიტუციის 39-ე მუხლის თანახმად, დაიცვას ის უფლებებიც, რომლებიც არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციით, მაგრამ გამომდინარეობს მისი სულისკვეთებიდან. სადავო ნორმა ეწინააღმდეგება ევროპის სოციალური ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის თანახმად, სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარ მიღების უფლება.
12. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლის პირველის პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ №465 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე 2009 წლის 4 მაისს.
II
1. საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რამდენად არსებობს შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის იმ ნორმას შორის, რომელთან მიმართებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას (განჩინება №1/6/462; II-1; განჩინება №1/4/445, II-4; განჩინება №2/15/398, II-1; განჩინება №2/16/404, II-1; განჩინება №2/1/410, II-2; განჩინება №2/2/438, II-3; საოქმო ჩანაწერი №2/4/461, II-1). საკონსტიტუციო სასამართლომ გარკვევით მიუთითა, რომ „სადავო ნორმის შინაარსი უნდა იძლეოდეს კონსტიტუციური ნორმის მიერ დადგენილი კონსტიტუციურსამართლებრივი მასშტაბების მიხედვით ანალიზის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, თუ არ იქნა შინაარსობრივი ურთიერთმიმართება სადავო და კონსტიტუციურ ნორმებს შორის, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებული იქნება შესაძლებლობას იმსჯელოს სადავო ნორმის შესაბამისობაზე კონსტიტუციურ ნორმასთან“. (საოქმო ჩანაწერი №2/4/461, II-1).
2. მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატება სადავო ნორმებით საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევა, ანუ არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ ან არსებითად უთანასწოროს განხილვა თანასწორად. სადავო ნორები არ გამოჰყოფს რაიმე ჯგუფს დასაქმებულთა კატეგორიიდან და განსხვავებულად არ აწესრიგებს მათ სამართლებრივ მდგომარეობას. მათი რეგულირების საგანს სხვა რამე წარმოადგენს და ისინი შინაარსობრივადაც არ უკავშირდებიან საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
3. სადავო ნორმები, ასევე, არ აწესრიგებენ სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების, ინფორმაციის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლებისა და გაფიცვის უფლების საკითხებს. აქედან გამომდინარე, არ არსებობს შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, 24-ე მუხლის პირველ პუნქტს, 26-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 33-ე მუხლს შორის.
4. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნულ ნორმებთან სადავო ნორმების შეუსაბამობას მოსარჩელე ასაბუთებს მათი გამოყენების შესაძლო არაკონსტიტუციურ პრაქტიკაზე აპელირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო ახდენს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმებას და მისი შემოწმების დამოუკიდებელ ობიექტს არ წარმოადგენს ამ აქტის მოქმედების შედეგად წარმოქმნილი კონკრეტული სიტუაცია თანმდევი შედეგებით. სადავო ნორმის პრაქტიკულ შედეგებს მნიშვნელობა ენიჭება ნორმატიული აქტის კონსტიტუციურსამართლებრივი შემოწმების პროცესში. ამაზე მეტყველებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის შესაბამისად, ნორმის გამოყენების პრაქტიკას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს ნორმატიული აქტის შემოწმებისას“. (საოქმო ჩანაწერი №2/4/461, II-2).
5. მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან მიმართებით ასაბუთებს იმით, რომ დარღვეულია თანასწორობის პრინციპი, როგორც ღირსების ერთერთი კომპონენტი. სხვა არგუმენტი №465 კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი. როგორც ზემოთ აღინიშნა, არ არსებობს სადავო ნორმების შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან. გარდა ამისა, მოსარჩელის მოთხოვნა ამ მუხლთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია. აქედან გამომდინარე, კოლეგია ვერ ჩათვლის არგუმენტირებულად მოსარჩელის პოზიციას სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან დაკავშირებით.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს №465 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 33-ე მუხლთან მიმართებით.
7. მოსარჩელე, მიუთითებს რა საქართველოს კონსტიტუციის მე-7 და 39-ე მუხლებზე, ხაზს უსვამს საკონსტიტუციო სასამართლოს ვალდებულებას, იხელმძღვანელოს საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით. საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა: „ეს [მე-7] მუხლი არც ცალკე აღებული და არც მე-6 მუხლთან კავშირში, რომელსაც საქართველოს ნორმატიულ სივრცეში შემოჰყავს საერთაშორისო ხელშეკრულებები, არ იძლევა საშუალებას, რომ ფართოდ იქნეს გაგებული საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია და სადავო ნორმები გადამოწმდეს საერთაშორისო აქტებთან მიმართებით. №389 კონსტიტუციური სარჩელი განიხილება კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც სპეციალური ნორმაა და არ ითვალისწინებს ნორმატიული აქტების საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობის დადგენას. ერთადერთი აქტი, რომლითაც ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობს საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებისას, არის საქართველოს კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლოს ამოცანაა მოახდინოს კონსტიტუციის და არა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების განმარტება“. (გადაწყვეტილება №2/2-389, II-5).
8. ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი პოზიცია გამოხატა, ასევე, საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“: „ამათუიმ საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს საერთაშორისო სამართლის, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მოთხოვნათა მაქსიმალური რესპექტირებით, მდიდარი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, რასაც არაერთხელ ჰქონდა ადგილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში. თუმცა, ეს იმას არ გულისხმობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რომელიმე საერთაშორისო შეთანხმება ან ხელშეკრულება აიყვანოს კონსტიტუციურ რანგში და თავის მსჯელობებში კონსტიტუციური ნორმები ჩაანაცვლოს საერთაშორისო სამართლის ნორმებით“. ნათელია, რომ ამ თემაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ნათლად აქვს ჩამოყალიბებული თავისი მიდგომა და კოლეგიას არ აქვს საფუძველი, ეჭვი შეიტანოს ამ პოზიციის სისწორეში. არსებობს ამ ნაწილში №465 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
9. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი არ არის სადავო ნორმების შესაბამისობა რომელიმე საერთაშორისო აქტთან. ამდენად, გარდა „დ“ ქვეპუნქტისა, ასევე, სახეზეა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №465 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
ხელმძღვანელობს რა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და მე-18 მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებული იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №465 (საქართველოს მოქალაქე პაატა დობორჯგინიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №465 (საქართველოს მოქალაქე პაატა დობორჯგინიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 33-ე მუხლთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
ჯონი ხეცურიანი