საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/2/537 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 10 აპრილი 2013 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების “მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხზე სამართალწარმოება სასამართლოებში” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან, კანონის უკუქცევითი ძალით მოქმედების აკრძალვისა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებთან მიმართებით. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების “2007 წლის 1 მარტამდე პერიოდში” და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების “ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის წყდება სარჩოსა და სხვა გასაცემების გაცემის ვალდებულება 2007 წლის 01 მარტიდან” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების “თუ... პირებს მიაჩნიათ, რომ მათ დაუწესდათ ნაკლები ოდენობის სარჩო ან სხვა გასაცემი, ვიდრე უნდა დაწესებოდათ... ითვლება, რომ არ განხორციელებულა მათი გაცემის ვალდებულების დაკისრება” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და კანონთა სამართლიანობისა და შეუქცევადობის პრინციპთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები - თამარ ჭარბაძე და გიორგი მშვენიერაძე. საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი - ფიქრია ზირაქაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 20 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №537) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №537 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 24 ივლისს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2012 წლის 19 დეკემბერს.
3. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუქტი, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი; “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
4. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით ილახება. ერთი მხრივ, სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, ის უფლება, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვა ხდება. მოსარჩელის განცხადებით, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება აბსოლუტური არ არის და შეიძლება შეზღუდვებს დაექვემდებაროს, თუმცა ეს შეზღუდვა გამართლებული უნდა იყოს ლეგიტიმური საჯარო მიზნით. ამ შემთხვევაში კი სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვა დემოკრატიული საზოგადოების ინტერესებს ვერ ემსახურება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ჩანაწერით “მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხზე სამართალწარმოება სასამართლოებში”, გონივრულობას მოკლებული გახდა სასამართლოსათვის უფლების დასაცავად მიმართვა და ასევე იგი უშუალოდ მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება №53 დადგენილების მიღებამდე წარმოეშვათ, მაგრამ დადგენილების მიღების მომენტისათვის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილი არ ჰქონდა.
5. მოსარჩელე მხარის განცხადებით, დაუშვებელია, კანონს მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას. სადავო დადგენილება საწარმოო ტრავმამიღებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს, ვინაიდან გონივრული მოლოდინი იმისა, რომ სახელმწიფო იმოქმედებს სამართლით დადგენილ ფარგლებში, ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ როგორც სისხლისამართლებრივ, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლებრივ ურთიერთოებებშიც.
6. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მან განმარტა, რომ სადავო ნორმების შემოწმებას ითხოვდა არა უკუძალის აკრძალვის კონსტიტუციურ პრინციპთან, არამედ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით, ვინაიდან სადავო ნორმები ამოქმედდა 2007 წლის 24 მარტს, ხოლო მათი შინაარსის გათვალისწინებით, პირებს სარჩოს მიღება შეუწყდათ იმავე წლის 1 მარტიდან. შესაბამისად, პირებმა, რომლებმაც პირველი მარტიდან 24 მარტამდე მიმართეს სასამართლოს სარჩოს დანიშვნის მოთხოვნით, ასევე იმ პირებმა, რომლებმაც ვერ მიმართეს სასამართლოს და შეეძლოთ ამ გზით მიეღოთ სარჩო, მათზე უკუძალით გავრცელდა სადავო ნორმების მოქმედება, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან.
7. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ დამატებით მიუთითა, რომ კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების არც ერთი საფუძველი, კერძოდ, იგი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, გასაჩივრებულია ნორმატიული აქტი, რომელიც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან და აღნიშნული საკითხი არ ყოფილა საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად.
8. მოსარჩელე მხარემ ასევე მიუთითა, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, პირებს შეუწყდათ სარჩოს მიღების უფლება მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს უფლება სასამართლოს გადაწყვეტილების მეშვეობით მოიპოვეს. მოსარჩელის მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ სასამართლოს მიერ და კანონით დადგენილი წესით და ეს კანონი არ შეიძლება ვიწრო წესით იქნეს გაგებული, რაც გულისხმობს იმას, რომ სწორედ კანონმდებელია უფლებამოსილი, დაადგინოს სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის ფორმა და ამ ფორმის მეშვეობით მოხდეს ამ გადაწყვეტილების შეცვლა. შესაბამისად, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
9. მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, პირს საშუალება ექნება, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესით, დელიქტისთვის მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელის აზრით, მთავრობის დადგენილება წარმოადგენს სპეციალურ კანონმდებლობას, რომელიც გამორიცხავს სახელმწიფოს მიერ დელიქტისთვის ერთიანად ზიანის ანაზღაურებას და ითვალისწინებს ბენეფიციარისთვის ყოველთვიური სარჩოს გადახდას. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამოქმედდება დელიქტურ ვალდებულებებთან დაკავშირებული ზოგადი წესები და პირს შესაძლებლობა ექნება, დაიცვას თავისი უფლება სამოქალაქო წესით.
10. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, ვინაიდან მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია მხოლოდ ის, რომ სასამართლოს დავისას არ იქნეს გამოყენებული საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულება, ვინაიდან სადავო დადგენილების ამოქმედებით იგი ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული და მისი გამოყენება ვერ მოხდება სასამართლოს მიერ. აქედან გამომდინარე, სადავო დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის სადავოდ გამხდარ სიტყვებს არა აქვთ მიმართება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
11. მოპასუხე მხარის მტკიცებით, სადავო დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გაუქმდა ყოველთვიური სარჩოს მიღების უფლება, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ შესაბამისი საწარმოს გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, პირს არ ჰქონდეს შესაძლებლობა, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმები არ აუარესებს პირის მდგომარეობას და არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ დებულებებს.
12. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ სადავო დადგენილების მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, მთავრობამ ახლებურად მოაწესრიგა სამართლებრივი ურთიერთობა, შესაბამისად, მიიჩნია, რომ დადგენილების მიღებამდე მოქმედი კანონმდებლობით არსებული სარჩოს გაცემა უნდა მომხდარიყო 2007 წლის 1 მარტამდე, ხოლო სადავო დადგენილებით შეიცვალა მხოლოდ ზიანის ანაზღაურების პროცედურა და ყოველთვიური სარჩოს გაცემის ნაცვლად დადგინდა ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის ვალდებულება. აქედან გამომდინარე, არ ირღვევა მოსარჩელეთა კონსტიტუციური უფლებები.
13. მოპასუხემ დამატებით აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირი თვლის, რომ ძალადაკარგულად გამოცხადებული კანონმდებლობის მიხედვით, მას უკეთესი სამართლებრივი მდგომარეობა ჰქონდა, მან უნდა გაასაჩივროს ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ აქტი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იდავოს ახალი დადგენილების კონსტიტუციურობის თაობაზე.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად არ უნდა იქნეს მიღებული.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციურ სარჩელში სადავო სამართლებრივ აქტად მითითებულია “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების დროს სადავო ნორმები ძალაში იყო და მოქმედებდა. “შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებული ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების საფუძველზე, “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილება, მათ შორის, სადავო ნორმებიც ძალადაკარგულად გამოცხადდა. შესაბამისად, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მომენტისთვის, სადავო ნორმები გაუქმებულია და ძალა აქვს დაკარგული.
2. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
3. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის, მოსარჩელეთა მიერ სადავოდ გამხდარი ნორმები ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით და შეწყვიტოს საქმე №537 კონსტიტუციურ სარჩელზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. შეწყდეს საქმე №537 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი