საქართველოს მოქალაქე ვიტალი ნიშნიანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/6/518 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 28 ნოემბერი 2012 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი _ წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ვიტალი ნიშნიანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №518) მომართა საქართველოს მოქალაქე ვიტალი ნიშნიანიძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2011 წლის 22 აგვისტოს.
2. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2012 წლის 19 ნოემბერს.
3. №518 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, “ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება ან შეძენა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად ან არაერთგზის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
5. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“.
6. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა არ აკონკრეტებს, თუ რა ტიპის საგადასახადო დოკუმენტის გაყალბებისთვის ეკისრება პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. მისი აზრით, სადავო ნორმით განსაზღვრული ტერმინი „სხვა საგადასახო დოკუმენტი“ იმდენად ფართო შინაარსისაა, რომ მასში შეიძლება მოაზრებულ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი. ამასთანავე, ნორმაში არ არის მითითება კონკრეტულ ნორმატიულ აქტზე, სადაც განმარტებული იქნება მოცემული ტერმინის მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დაუშვებელია პირის დასჯა ისეთი ნორმის საფუძველზე, რომელიც ვერ აკმაყოფილებს განსაზღვრულობის კრიტერიუმებს. შესაბამისად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტს.
7. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ, როდესაც მეწარმეს აქვს ურთიერთობა სხვა მეწარმესთან, მას შეუძლია, არ გაითვალისწინოს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობა, ვინაიდან დაუშვებელია პირს მოეთხოვოს ვარაუდი იმისა, რომ ნებისმიერი მეწარმე თაღლითობით არის დაკავებული. აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია გაუფრთხილებლობითაც, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნორმა ამის თაობაზე არაფერს მიუთითებს.
8. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, №518 კონსტიტუციურ სარჩელზე ა.ა.ი.პ ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ წარმოადგინა სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება.
9. სასამართლოს მეგობარი აღნიშნავს, რომ კანონის არაორაზროვნებისა და განსაზღვრულობის პრინციპი კანონმდებლისგან მოითხოვს არაორაზროვანი და კონკრეტული სისხლისსამართლებრივი ნორმების დადგენას, რათა მოქალაქეთათვის შესაძლებელი იყოს ნორმების გაგება და მათი შესაბამისად მოქმედება. სასამართლო მეგობარი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არ აკონკრეტებს, თუ რა სახის საგადასახადო დოკუმენტის გაყალბებას კრძალავს კანონი, იგი ვერ აკმაყოფილებს განსაზღვრულობის კრიტერიუმს, შესაბამისად, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან. სასამართლოს მეგობარი თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, ის აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით მისთვის დადგენილ მოთხოვნებს. კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებთან ერთად, მოსარჩელე ვალდებულია, მიუთითოს იმ მოქმედ ნორმატიულ აქტზე, რომლითაც ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული უშუალოდ მისი უფლებები და თავისუფლებები. ... საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, მოსარჩელის მიერ სადავოდ მითითებული ნორმა წარმოადგენს თუ არა მოქმედ ნორმატიულ აქტს და, შესაბამისად, მის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა მიეკუთვნება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯად საკითხებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის N1/1/521 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ კონსტიტუციური სარჩელი უნდა ეხებოდეს მხოლოდ მოქმედი ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 12 მარტის №2/124/3, 2005 წლის 11 ოქტომბრის №1/17/345, 2008 წლის 4 აპრილის №1/1/426 და 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინებები). შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართვისას მოქმედი ნორმატიული აქტის ის შინაარსი, რომელიც მისი უფლების დარღვევას იწვევს. ნორმატიული აქტი, რომელიც აღარ მოქმედებს, ვერ შეფასდება როგორც ადამიანის უფლების შემზღუდველი ნორმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მხოლოდ მოქმედი ნორმა შეიძლება წარმოშობდეს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევის რისკს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინება №1/494 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9)
3. №518 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი გასაჩივრებულია შემდეგი რედაქციით: „ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილის გასაჩივრებული რედაქცია, შეიცვალა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2010 წლის 16 ივლისის №3446-რს საქართველოს კანონით და, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში №518 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის დროს, 2011 წლის 18 აგვისტოს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილის გასაჩივრებული რედაქცია, გაუქმებული იყო და აღარ მოქმედებდა.
4. საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე და, შესაბამისად, №518 კონსტიტუციური სარჩელის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილის გასაჩივრებული რედაქციის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით. სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი - საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
5. მოსარჩელე ასევე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით. აღნიშნული ნორმა ადგენს დასჯადობას ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების არაერთგზის ან/და ჯგუფურად ჩადენისათვის და განსაზღვრავს შესაბამის სანქციას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მოსარჩელის არგუმენტაცია ეხება მხოლოდ ამ მუხლის პირველ ნაწილს. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ მიუთითებს, რომ რაიმე თვალსაზრისით განსაზღვრულობის პრობლემა შეიძლება ჰქონდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილს. ასევე, კონსტიტუციური სარჩელიდან საერთოდ არ იკვეთება, რომ მოსარჩელე კანონის განსაზღვრულობის კონსტიტუციურ პრინციპთან შეუსაბამოდ მიიჩნევდეს ტერმინებს, „ჯგუფურად“, „არაერთგზის“ ან „ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“. სასარჩელო არგუმენტაციიდან გამომდინარე, განსაზღვრულობის პრობლემა აქვს სიტყვებს „სხვა საგადასახადო დოკუმენტის“ და „რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი“. ხსენებული ტერმინები 210-ე მუხლის პირველ ნაწილშია მოცემული. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არგუმენტაციაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მხოლოდ ამ ნაწილს ეხება.
6. „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინება №2/6/475 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება №2/3/412 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-9, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის განჩინება №2/2/438 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-1).
განსახილველ საქმეში, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელის არგუმენტაცია ნორმის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, შინაარსობრივად არ მიემართება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილს. შესაბამისად, №518 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №518 (საქართველოს მოქალაქე ვიტალი ნიშნიანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი