შპს “საყდრიონი” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/8/613 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 9 ივნისი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი (მომხსენებელი მოსამართლე);
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: შპს “საყდრიონი” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილებით დამტკიცებული “მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესები”-ს მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტებისა და აგრეთვე, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე - იოსებ სიმონიშვილი; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები - მალხაზ ძიძიკაშვილი და ირაკლი გორდულაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N613) მომართა შპს “საყდრიონმა”. N613 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას 2014 წლის 20 ნოემბერს.
2. N613 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2015 წლის 12 მარტს.
3. N613 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 83-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი.
4. “მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილება ამტკიცებს მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესებს. აღნიშნული წესები არეგულირებს ურთიერთობას, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს, პირდაპირ მომხმარებელს, წყალმომარაგების ლიცენზიატსა და, მეორე მხრივ, ქსელის მფლობელს შორის. ხსენებული წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოთხოვნის შემთხვევაში ქსელის მფლობელი ვალდებულია, გაატაროს სხვისი კუთვნილი ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი და სასმელი წყალი წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ქსელამდე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქსელის მფლობელთან გატარების ხელშეკრულების დადების და ამ წესების მიხედვით გაანგარიშებული გატარების საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრება განაწილების ან წყალმომარაგების ლიცენზიატს. ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, “განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს, გატარების მომსახურებისათვის ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რაც კომისიის მიერ დადგენილია ამ ლიცენზიატისთვის ანალოგიური მომსახურებისთვის”. გასაჩივრებული წესების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, “გატარების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დადებასთან ან საფასურის გაანგარიშებასთან დაკავშირებული დავები განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით”.
5. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება”. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი”. დასახელებული კონსტიტუციური ნორმებით განმტკიცებულია საკუთრების ძირითადი უფლება და განსაზღვრულია მისი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლები.
6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ შპს “საყდრიონის” საკუთრებაშია 321 მ. სიგრძის საშუალო წნევის გაზის მილსადენი, ხოლო სადავო ნორმები, მისი ნებისგან დამოუკიდებლად აკისრებს ვალდებულებას, უვადოდ გაატაროს სხვისი კუთვნილი ბუნებრივი გაზი წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ქსელამდე. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ “მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესები”- ს მე-4 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები არ აძლევს მას შესაძლებლობას, თავად მონაწილეობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობაში ლიცენზიატთან და შესთავაზოს მისთვის ხელსაყრელი პირობები, მათ შორის, განსაზღვროს გაზის მილსადენით სარგებლობის საფასური, რაც წარმოადგენს საკუთრების ძირითადი უფლების უხეშ დარღვევას. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმებით მისი საკუთრების ძირითად უფლებაში ჩარევა არ არის განპირობებული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით, ვინაიდან ლიცენზიატს გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ გააჩნდეს საკუთარი გაზის მილსადენი.
7. საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და აღნიშნა, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული. კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლების განმარტებით, ის ნორმა, რომელიც მესამე პირს აკისრებს ვალდებულებას, საკუთარ გაზის მილსადენში მოახდინოს სხვისი ბუნებრივი გაზის გატარება, დადგენილია არა სადავო ნორმებით, არამედ “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის 461 მუხლით, რომელიც მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული არ არის. ამასთანავე, მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა განმარტებით, ქსელის მფლობელს რჩება უფლება, თავისი ქსელით სარგებლობისათვის სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს გატარების საფასური ან თმენის კომპენსაციის გადახდა. გარდა ამისა, მოპასუხემ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული წესების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ხელშეკრულების დადების ვალდებულებას აკისრებს მხოლოდ ლიცენზიატს და, ამ მხრივ, გაუგებარია მოსარჩელის აპელირება იმის თაობაზე, რომ კონკრეტული სადავო ნორმა უზღუდავს ამ უკანასკნელს ხელშეკრულების თავისუფლებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სადავო ნორმები არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
8. მოსარჩელის მიერ საკუთარი სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების საჭიროების გამო, საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა გადაიდო.
9. 2015 წლის 27 მაისს მოსარჩელე მხარემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა წერილობითი განცხადებით (რეგისტრაციის N:01/08-32) და მოითხოვა N613 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმის შეწყვეტა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამავდროულად, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა გიორგი გოცირიძემ 2015 წლის 27 მაისს განცხადებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე.
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, საქმეზე შპს “საყდრიონი” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ” (კონსტიტუციური სარჩელი N613) უნდა შეწყდეს სამართალწარმოება.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. შეწყდეს საქმე N613 კონსტიტუციურ სარჩელზე (შპს “საყდრიონი” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ”).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი