საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/2/519 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 12 აპრილი 2012 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
2. ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
3. მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის სიტყვების ,,დახურული ხასიათის” იმავე ნორმის სიტყვებთან ,,ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება” კავშირში კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან და მე–20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების სიტყვების „თ“ და „ი“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილის წარმომადგენელი –– გიორგი გოცირიძე; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები –– ზურაბ დეკანოიძე და მაია ჯვარშეიშვილი. მოწმეები –– საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს იურისტი გიორგი ჯოხაძე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ–ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი დავით გაბეხაძე.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის #519) მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილმა. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით გადაეცა 2011 წლის 26 სექტემბერს.
2. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2012 წლის 30 მარტს.
3. #519 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე–15 და მე–16 მუხლები.
4. კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე სადავოდ ხდის ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის სიტყვებს – ,,დახურული ხასიათის” იმავე ნორმის სიტყვებთან –,,ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება” კავშირში კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და მე–20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ასევე, ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის სიტყვების ,,თ” და ,,ი” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
5. ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტი განსაზღვრავს ისეთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების სახეს, როგორიცაა ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი. აღნიშნული ღონისძიება გულისხმობს გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვებას და მათში მონაწილეობას, ასევე უკანონო კომპიუტერული მონაცემის მიღების სიტუაციის შექმნას, რომელიც ემსახურება დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენას. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის სადავო სიტყვები ,,თ” და ,,ი”, მიუთითებს იმ ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებებზე, რომელთა ჩატარება მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზეა შესაძლებელი. ხოლო მე–7 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, აღნიშნული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებებები გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, შესაძლებელია, ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას“.
7. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება, აწარმოოს დახურულ ინტერნეტურთიერთობაზე ფარული დაკვირვება. მისი აზრით, დახურული ინტერნეტურთიერთობა გულისხმობს სიტყვისა და აზრის გამოთქმას ვიწრო წრეში (forum internum), სადაც გაერთიანებული არიან ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირები. ისინი აზრის გაცვლას ახდენენ იმ პირობით, რომ გამოხატული აზრი არ გასცდება ვირტუალურ შინაგან სამყაროს და არ მიაღწევს ფართო საზოგადოებამდე. მათ წარმოექმნებათ საკუთარი ვინაობისა და გამოხატული აზრების კონფიდენციალურობის დაცვის გონივრული მოლოდინი. შესაბამისად, სადავო ნორმით განსაზღვრული რეგულირება კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას წარმოადგენს.
8. მოსარჩელის მტკიცებით, პირთა შორის დახურული ინტერნეტურთიერთობა დაცულია ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით. მას სადავო ნორმა პრობლემატურად მიაჩნია იმდენად, რამდენადაც მის საფუძველზე, ოპერატიულ მუშაკს შესაძლებლობა აქვს, ფარულად დააკვირდეს ინტერნეტურთიერთობას იმგვარად, რომ ამის შესახებ ამ ურთიერთობის მონაწილეებისთვის არ იყოს ცნობილი. მოსარჩელე ერთმანეთისგან მიჯნავს ინტერნეტურთიერთობაზე ფარული დაკვირვების სხვადასხვა შემთხვევებს: მისი აზრით, იმ შემთხვევაში, თუ დახურული ინტერნეტურთიერთობის სუბიექტები თანხმობას აცხადებენ ოპერატიული მუშაკის აღნიშნულ ურთიერთობაში ჩართვაზე და ნებაყოფლობით აწვდიან მას დანაშაულის შესახებ ინფორმაციას, არ არის საჭიროება ამ ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიების განხორციელებაზე გავრცელდეს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დადგენილი გარანტიები. ხოლო თუ ურთიერთობის მონაწილეებისთვის ცნობილი არ არის, რომ მათ ურთიერთობას აკვირდებიან, მაშინ ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიება უნდა განხორციელდეს მხოლოდ სასამართლო კონტროლის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში.
9. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ვინაიდან ინტერნეტურთიერთობის მონაწილეებისათვის უცნობია, რომ მათი დახურული კომუნიკაცია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს დაკვირვების საგანს წარმოადგენს, ამიტომ ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, სადავოდ გახადონ ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს წარმომადგენელთა ქმედებების კანონიერების საკითხი. ასეთ შემთხვევაში, გადამწყვეტია მიუკერძოებელი სასამართლოს როლი, რომელიც უნდა იყოს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დაცვის გარანტი. სწორედ სასამართლომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება დახურული ინტერნეტურთიერთობის დაკვირვების თაობაზე.
10. მოსარჩელე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სადავო ნორმების სხვა ნორმებთან წაკითხვის შემთხვევაშიც, შესაძლებელია, დახურულ ინტერნეტურთიერთობაზე ფარული დაკვირვება განხორციელდეს სასამართლოს კონტროლის გარეშე. კონსტიტუციურ სარჩელში მიმოხილულია სადავო ნორმების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI თავთან ურთიერთმიმართების საკითხი. მოსარჩელის აზრით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI თავში არსებული რეგულაციები არ არის სადავო ნორმით განსაზღვრული ურთიერთობის იდენტური. მისი განმარტებით, სადავო ნორმას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის აღნიშნული ნორმებისგან დამოუკიდებელი შინაარსი აქვს, რაც გულისხმობს იმას, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს, სადავო ნორმაზე დაყრდნობით, შეუძლია სასამართლოს ბრძანების გარეშე განახორციელოს დახურულ ინტერნეტურთიერთობაზე დაკვირვება.
11. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა ნორმებთან წაკითხვის შემთხვევაშიც, გამოირიცხება სასამართლო კონტროლის განხორციელება ფარულ ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვებასთან მიმართებით. მისი აზრით, აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული სიტყვები „თ“ და „ი“ გულისხმობს სასამართლოს ბრძანების ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის არსებობას მხოლოდ დასახელებული ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით. ამასთან, ამ მოსაზრების გასამყარებლად იგი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მე–7 მუხლის მე–2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებში პირდაპირ არის ნახსენები მოსამართლის ბრძანება, როგორც ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის ჩატარების აუცილებელი წინაპირობა, რაც სადავო „მ“ ქვეპუნქტში არ გვხვდება. შესაბამისად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში ხსენებული სიტყვების „თ“ და „ი“–ის არსებობა გამორიცხავს სხვა ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებაზე, მათ შორის, დახურულ ინტერნეტურთიერთობაზე სასამართლო კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას. მისი აზრით, მოსამართლე გასცდება თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, მის მიერ მიღებული ბრძანება იქნება უკანონო, თუ ის იმსჯელებს იმ ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებებზე (მათ შორის სადავო ნორმით გათვალისწინებულ ღონისძიებაზეც), რომელიც არ არის გათვალისწინებული ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” და ,,ი” ქვეპუნქტებით. შესაბამისად, სადავო ნორმებში მითითებული სიტყვები „თ“ და „ი“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს.
12. მოსარჩელემ განმწესრიგებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა სარჩელის იმ ნაწილში, რაც შეეხებოდა „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის სიტყვების „დახურული ხასიათის“ იმავე ნორმის სიტყვებთან ,,ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება” კავშირში კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით და ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების სიტყვების – „თ“ და „ი“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
13. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ დამატებით მიუთითა, რომ ნებისმიერი ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიება ტარდება ღიად, ფარულად ან/და კონსპირაციულად. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმით განსაზღვრული ღონისძიება შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ფარული, ასევე კონსპირაციული მეთოდით. კონსპირაციული მეთოდით ამ ღონისძიების ჩატარება სავარაუდოდ ხდება მაშინ, როდესაც ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი პირი გამოიყენებს კონკრეტული ჯგუფის ნდობას და ამ გზით აკვირდება იქ მიმდინარე ინტერნეტურთიერთობას, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს ნორმა სხვაგვარად იქნას განმარტებული, კერძოდ ფარული მეთოდით მოხდეს დახურულ ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით, მათ შორის, ისეთი საშუალებების გამოყენებით, რაც არ არის გათვალისწინებული „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით. ამგვარ საშუალებად მოსარჩელე ასახელებს პაროლის დამზადებას და ამ გზით კომპიუტერულ სისტემაში შეღწევას. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმით გათვალისწინებული დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ფარული მეთოდით და ამისთვის საჭირო არ არის სასამართლო კონტროლის არსებობა, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს.
14. მოსარჩელე მხარემ განწესრიგებელ სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ სადავო ნორმა არ არის განსაზღვრული, იგი იძლევა მისი სხვადასხვა, მათ შორის, კონსტიტუციის საწინააღმდეგო შინაარსით წაკითხვის შესაძლებლობას, რაც ქმნის ადამიანის უფლებაში ჩარევის საფრთხეს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს მიჩნეული.
15. მოსარჩელე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად ასევე იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და აშშ–ს უზენაესი სასამართლოს შესაბამის პრაქტიკას.
16. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმებით განსაზღვრულ დახურულ ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ორ შემთხვევაში, კერძოდ: პირველ შემთხვევაში, ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი პირი თავად ხდება ინტერნეტურთიერთობის მონაწილე, ანუ შესაბამისი დახურული ჯგუფის წევრი ამ ჯგუფის წევრთა თანხმობით და ამის საშუალებით ახორციელებს ფარულ ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვებას; ხოლო მეორე შემთხვევაში, დაკვირვება ხორციელდება „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცედურებით, რისთვისაც აუცილებელია მოსამართლის ბრძანება. შესაბამისად, მოპასუხეს მიაჩნია, რომ დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე ფარული დაკვირვება ტექნიკურად შეუძლებელია სხვაგვარად განხორციელდეს. დახურულ ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვების სხვა კანონიერი საშუალებები რომ ყოფილიყო, შესაძლებელია, სადავო ნორმას კონსტიტუციურობის პრობლემა ჰქონოდა, თუმცა ვინაიდან ამგვარი საშუალებები არ არსებობს, სადავო ნორმის ვერცერთი ინტერპრეტაცია ვერ შექმნის კონსტიტუციური უფლებების ხელყოფის საფრთხეს.
17. მოპასუხემ დამატებით მიუთითა, რომ სადავო ნორმის მიზანია ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელ პირს უფლება ჰქონდეს დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებში უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა, ხოლო სადავო ნორმით განსაზღვრული ტერმინი „დაკვირვება“ მიემართება მხოლოდ ღია ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვებას. ამავდროულად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ თუ ვერ მოხდა დახურულ ჯგუფში ოპერატიული მუშაკის შეღწევა, ჩნდება დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვების საჭიროება, რაც ყველა შემთხვევაში ხორციელდება მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით და გულისხმობს ღონისძიების ჩატარებისთვის მოსამართლის ბრძანების აუცილებლობას.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს.
19. საქმეზე მოწმის სახით მოწვეულმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს იურისტმა გიორგი ჯოხაძემ აღნიშნა, რომ 2009 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ევროკავშირთან და ევროსაბჭოსთან ერთად დაიწყო მუშაობა „კიბერდანაშაულის შესახებ“ ბუდაპეშტის კონვენციის მატერიალური და პროცესუალური დებულებების ქართულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის თაობაზე. სადავო დებულებასთან მიმართებით, მოწმემ მიუთითა, რომ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა მაქსიმალურად უნდა მოახდინონ იმ საპროცესო ნორმების (იგივე გარანტიების, გამოძიების იგივე მექანიზმების) გადატანა ვირტუალურ სივრცეში, რომლებიც აქამდე მოქმედებდა, რამდენადაც ეს არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, ძირითად თავისუფლებებს და კონსტიტუციურ პრინციპებს.
20. მოწმის განმარტებით, სადავო ნორმა წარმოადგენს ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებას, რომლის მიზანია, უზრუნველყოს დახურულ ინტერნეტურთიერთობებში კონფიდენტის ჩანერგვა შესაბამისი დახურული ჯგუფის წევრების ან/და ამ ჯგუფის ადმინისტრატორის თანხმობით. მოწმე მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დახურული ინტერნეტურთიერთობის მონაწილეები თანხმობას არ აცხადებენ ოპერატიული მუშაკისთვის ინფორმაციის ნებაყოფლობით გადაცემაზე, დახურულ ინტერნეტურთიერთობაზე დაკვირვება უნდა განხორციელდეს „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას, ხოლო თუ აღნიშნული ქვეპუნქტის საფუძველზეც ვერ ხორციელდება დაკვირვება, მაშინ ამ საკითხებს სხვა საკანონმდებლო ნორმები უნდა აწესრიგებდნენ. შესაბამისად, მოწმის მტკიცებით, სადავო ნორმის საფუძველზე ვერ განხორციელდება დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობაზე დაკვირვება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაკვირვება ხორციელდება დახურული ინტერნეტურთიერთობის მონაწილე პირების თანხმობის საფუძველზე ოპერატიული მუშაკის(კონფიდენტის) ჩანერგვის მეშვეობით.
21. საქმეზე მოწმის სახით მოწვეული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ–ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორის დავით გაბეხაძის განმარტებით, დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე ფარული დაკვირვება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობის მონაწილეთა წინასწარი თანხმობა ოპერატიული მუშაკის აღნიშნულ ურთიერთობაში მონაწილეობის შესახებ.
სხვა შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოს თანამდებობობის პირი ვალდებულია, გამოიყენოს „ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების შესახებ“ საქართველოს კანონის
მე–7 მუხლის მე–2 პუნქტის , „თ“ ქვეპუნქტი რაც გულისხმობს აღნიშნულ დახურულ ურთიერთობაში შეღწევას ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის მეშვეობით, რაც თავის მხრივ, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
22. მოწმემ განმარტა, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ჯერ ხდება ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია, ხოლო შემდგომ აღნიშნულ ინფორმაციაზე დაკვირვება და მისი შესწავლა. მოწმის აზრით, „თ“ ქვეპუნქტში მითითებული ტექნიკური საშუალებები არის ამომწურავად განსაზღვრული და სწორედ ამ ტექნიკური საშუალებების გამოყენებით არის შესაძლებელი ინტერნეტში მიმდინარე დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე მონიტორინგი. შესაბამისად, მოწმის მტკიცებით, სადავო ნორმაში მითითებული ღონისძიების განხორციელება, რაც არ ითვალისწინებს ოპერატიული მუშაკის დახურულ ინტერნეტურთიერთობაში მონაწილეობას, ყველა შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.
II
1. 519-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს მე-18 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც მისცემდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველს.
III
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 271 მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლით, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის #519) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის სიტყვების ,,დახურული ხასიათის” იმავე ნორმის სიტყვებთან ,,ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება” კავშირში საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
2. საქმეს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კ. ვარძელაშვილი
ქ. ერემაძე
მ. კოპალეიშვილი