საქართველოს მოქალაქე გივი ჯიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/6/599 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 7 ოქტომბერი 2017 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გივი ჯიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №599) მომართა საქართველოს მოქალაქე გივი ჯიაძემ.
2. №599 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2014 წლის 12 ივნისს.
3. №599 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 11 სექტემბერს.
4. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის სამართლებრივ საფუძვლად სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი; 82-ე მუხლის პირველი პუნქტი; 83-ე მუხლის პირველი პუნქტი; 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტები; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 19-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები.
5. გასაჩივრებული ნორმატიული აქტის თანახმად, ცვლილება შევიდა `სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში, რომელიც ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სისტემის ორგანოდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირთათვის კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლებას, რაც კანონში ცვლილების განხორციელებამდე არ იყო შესაძლებელი. გასაჩივრებული ნორმატიული აქტი ასევე ითვალისწინებს, რომ ხსენებული ცვლილება ძალაში შედის 2015 წლის პირველი იანვრიდან, რაც მოსარჩელეს საკუთარი კონსტიტუციური უფლებების დარღვევად მიაჩნია.
6. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ 1980 წლის 16 ოქტომბრიდან მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. 2000 წლის პირველი იანვრიდან ის გადაყვანილ იქნა სასჯელაღსრულების სისტემაში, საიდანაც 2011 წლის პირველ ნოემბერს გათავისუფლდა. საერთო ჯამში მას აქვს ნამსახურობის 41 წელი და 6 თვე.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ძალადაკარგული „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებდა სახელმწიფო კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას სასჯელაღსრულების სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომელთათვის, თუმცა 2010 წელს მიღებულმა „პატიმრობის კოდექსმა“ ანალოგიური შინაარსის რეგულაცია აღარ გაითვალისწინა, რის გამოც, მოსარჩელე, მისივე განმარტებით, აღმოჩნდა მატერიალურად და მორალურად დაზარალებულ მდგომარეობაში, ვინაიდან აღარ მიეცა შესაძლებლობა, მიეღო პენსია იმ დამატებების გათვალისწინებით, რასაც იმსახურებდა.
8. მოსარჩელე უთითებს, რომ, მართალია, სადავო ნორმატიულმა აქტმა გაითვალისწინა კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა, თუმცა მისი ამოქმედება 2015 წლის პირველ იანვრამდე გადადო, რაც კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სხვა პირებთან შედარებით, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. მოსარჩელე მხარის აზრით, საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით, ყველა მოქალაქე სოციალურად უნდა იმყოფებოდეს ერთნაირ მდგომარეობაში და რაიმე განსხვავების დაწესება კანონის მიერ განიხილება კანონით მინიჭებული უფლებების ხელყოფად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით მისთვის გარანტირებული თანასწორობის უფლება.
9. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სოციალურ საკითხებში მოიაზრება პენსიისა და სახელმწიფო კომპენსაციების მიღების უფლებაც, რაც, თავის მხრივ, პიროვნების ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური კუთხით სრულფასოვანი ცხოვრების და განვითარების გარანტიას წარმოადგენს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს თითოეული მოქალაქის სოციალური, კულტურული და ეკონომიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, მისი აზრით, სადავო ნორმით ასევე ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლით განსაზღვრული მისი უფლება.
10. მოსარჩელის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია სიტყვასიტყვით არ მოიხსენიებს სახელმწიფო პენსიის დანიშვნის, სახელმწიფო კომპენსაციის დამსახურებისა და სტაჟის მიხედვით გამოყოფის უფლებას, ის კონსტიტუციის 39-ე მუხლიდან შესაძლებელია ამოვიკითხოთ. შესაბამისად, კანონში შეტანილ ცვლილებათა ძალაში შესვლის თარიღის გადაწევით მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლით გარანტირებული მისი უფლება და მოითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.
11. 2014 წლის 11 სექტემბერს მოსარჩელე გივი ჯიაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა წერილობითი განცხადებით (რეგისტრაციის №01-08-30), რომელშიც მიუთითა, რომ სურდა, შეწყვეტილიყო საკონსტიტუციო სამართალწარმოება მის მიერ შემოტანილ №599 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამავდროულად, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე გივი ჯიაძემ 2014 წლის 11 სექტემბერს განცხადებით უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე.
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი ჯიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №599) უნდა შეწყდეს სამართალწარმოება.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. შეწყდეს საქმე №599 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქე გივი ჯიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი