საქართველოს მოქალაქეები ტრისტან მამაგულაშვილი და ფირუზ ვანიევი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/2/534 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 4 აპრილი 2013 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
2. ქეთევან ერემაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
3. მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები ტრისტან მამაგულაშვილი და ფირუზ ვანიევი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის სათაურის სიტყვების: “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან”, პრეამბულის შემდეგი სიტყვების: ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან”, ამავე კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან,” ასევე ,,ტერიტორიის ოკუპაციის” და სიტყვის ,,და” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე ტრისტან მამაგულაშვილის წარმომადგენლები - ვახტანგ მენაბდე და ნონა ქურდოვანიძე; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ზურაბ დეკანოიძე და თამარ ხინთიბიძე; მოწმეები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა საკითხების კოორდინაციის ხაზით ზურაბ ბერიკაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსი ლევან ბარდაველიძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 6 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №534) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა ტრისტან მამაგულაშვილმა და ფირუზ ვანიევმა. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2012 წლის 11 ივლისს.
2. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2012 წლის 28 ნოემბერს.
3. №534 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. სადავო კანონის სრული დასახელებაა “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი. ამავე კანონის პრეამბულის თანახმად, “ეს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს”. დასახელებული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად (შემდგომ დევნილი) ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან ამ კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში”.
5. მოსარჩელეები არიან საქართველოს მოქალაქეები. ტრისტან მამაგულაშვილის იურიდიული მისამართია ქარელის რაიონი, სოფელი დვანი, ხოლო ფირუზ ვანიევის - გორის რაიონი, სოფელი ხურვალეთი. მოსარჩელეებმა წარმოადგინეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს 2010 წლის 26 ივლისისა და 2011 წლის 9 მაისის წერილები, საიდანაც ირკვევა, რომ სოფელი დვანი მდებარეობს ქართველი ძალოვანი სტრუქტურების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო სოფელი ხურვალეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე, რომელზეც ქართული მხარის იურისდიქცია არ ვრცელდება.
6. მოსარჩელეთა მტკიცებით, დევნილის სტატუსის მისაღებად საჭიროა, ადამიანმა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დატოვოს ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო. აღნიშნული წინა პირობები კუმულაციური ხასიათისაა და სამივეს ერთდროულად არსებობა წარმოადგენს დევნილის სტატუსის მიღების საფუძველს. შესაბამისად, დევნილის სტატუსით ვერ სარგებლობენ პირები, რომლებმაც იძულებითი მიგრაცია განიცადეს უცხო ქვეყნის მიერ მხოლოდ აგრესიის ან მხოლოდ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან ერთდროულად როგორც აგრესიის, ასევე ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შედეგად. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მათთან მიმართებით ადგილი ჰქონდა აგრესიასა და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევას, მაგრამ ის ტერიტორია, სადაც მდებარეობს მათი საცხოვრებელი ადგილი, არ დაქვემდებარებია ოკუპაციას უცხო სახელმწიფოს მხრიდან. აქედან გამომდინარე, მათ მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმაში ,,და” კავშირი, რომელიც იწვევს პირობათა კუმულაციურად არსებობის აუცილებლობას დევნილის სტატუსის მისაღებად, იმავდროულად იწვევს არაოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით ადგილნაცვალი პირების დიფერენცირებას, განსხვავებულ მოპყრობას ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ პირებთან შედარებით.
7. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად, მათ მოუწიათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვება, სადაც ამ დრომდე ვერ ახერხებენ დაბრუნებას. მოსარჩელეთა აზრით, ისინი არიან არსებითად თანასწორები იმ პირებთან მიმართებით, რომელთა საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულია უცხო ქვეყნის მიერ. ერთადერთი განსხვავება ამ პირთა ჯგუფებს შორის არის ის, რომ ერთ შემთხვევაში, გარკვეული ტერიტორია დაექვემდებარა ოკუპაციას, ხოლო მეორე შემთხვევაში, ეს ტერიტორიები არის უკონტროლო და იქ არ ვრცელდება საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქცია. სადავო კანონმა უპირატესობა მიანიჭა იმ პირთა ჯგუფს, რომლებიც იძულებით გადაადგილდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ხოლო პირები, რომლებმაც იძულებით დატოვეს თავისი საცხოვრებელი ადგილი არაოკუპირებული ტერიტორიებიდან, არ მოექცნენ კანონის რეგულირების სფეროში. ამგვარად, სადავო ნორმები ცხადად ახდენს პირთა ორი კატეგორიის დიფერენცირებას. დიფერენცირების საფუძველია პირთა საცხოვრებელი ადგილი. დევნილის სტატუსი და მისი თანმდევი სოციალური გარანტიები ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს ოკუპირებული ტერიტორიაზე. იმავდროულად, კანონით დაცული სფეროდან გამორიცხული არიან პირები, რომლებმაც, ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი პირების მსგავსად, დატოვეს მათი სახლები და უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო იქ ვერ ბრუნდებიან. ამგვარად, ცალსახაა თანაბარ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ არათანაბარი მოპყრობა.
8. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ არსებითად თანასწორი პირების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის არსებობა თავისთავად არ გულისხმობს დისკრიმინაციას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზნებისთვის. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, რომლის მისაღწევადაც აუცილებელია აღნიშნულ პირთა წრის განსხვავებულ მდგომარეობაში ჩაყენება და მათთვის სამართლებრივი ტვირთის დაკისრება. რის გამოც, სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვა დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
9. განმწესრიგებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე ფირუზ ვანიევი და არც მისი კანონიერი წარმომადგენელი. მოსარჩელე ტრისტან მამაგულაშვილის კანონიერმა წარმომადგენლებმა შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების ,,ტერიტორიის ოკუპაციის” და ამავე პუნქტის სიტყვის ,,და” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
10. მოსარჩელე მხარემ განმწესრიგებელ სხდომაზე აღნიშნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელ წინა პირობად დარჩება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების ფაქტის არსებობა. თავის მხრივ, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია მოცემულია “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის 11 მუხლის “ე” ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, დევნილის საცხოვრებელი ადგილი არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ, ერთი შეხედვით, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, პრობლემა თითქოს ვერ გადაიჭრება და არაოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები ვერ მიიღებენ დევნილის სტატუსს. თუმცა, იმავდროულად, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ კონსტიტუციური კონტროლის ფარგლებში, სასამართლო მსჯელობს არა კონკრეტული სიტყვების ან ფრაზების კონსტიტუციურობაზე, არამედ იმ ნორმატიულ სინამდვილის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, რომლის ფარგლებშიც ისინი იძენენ არაკონსტიტუციურ შინაარსს. შესაბამისად, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა ავტომატურად ნიშნავს, რომ იმავე შინაარსის ნებისმიერი სხვა ნორმა ძალადაკარგულად გამოცხადდება და სამართალშემფარდებელი ვალდებული იქნება, განმარტოს ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმების გაუქმებით, საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს ნორმატიულ შინაარსს, რომელიც, როგორც სადავო კანონის, ასევე ნებისმიერი სხვა საკანონმდებლო აქტის ფარგლებში, მოქმედი შინაარსით ვეღარ განიმარტება და მოსარჩელეს საშუალება მიეცემა, მიიღოს დევნილის სტატუსი.
11. მოსარჩელე მხარემ განმწესრიგებელ სხდომაზე ასევე მიუთითა, რომ სადავო კანონის სათაურისა და პრეამბულის გასაჩივრებული სიტყვები კონსტიტუციასთან პრობლემატურია იმდენად, რამდენადაც ისინი განხილულ უნდა იქნენ ამავე კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის სადავო სიტყვებთან კავშირში. ამასთან, მოსარჩელის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ დევნილის სტატუსის მინიჭების არსებული პროცედურა არის არაკონსტიტუციური, მოსარჩელეს პრობლემა მოეხსნება და ცალკე სათაური ან პრეამბულა ვერ გახდება მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელისთვის საკმარისი იქნება სადავო კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის სადავო სიტყვების არაკონსტიტუციურად ცნობა.
12. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო კანონის მიღების დროისთვის აღნიშნული კანონის რეგულირების ფარგლებში მოექცა ყველა ის ტერიტორია, რომელზეც არ ვრცელდებოდა საქართველოს იურისდიქცია. ამასთანავე, კანონის მიღებისას გარდამავალ დებულებებში დამატებით განისაზღვრა ის ტერიტორიული ერთეულები, რომელზეც გავრცელდა კანონის მოქმედება. მოპასუხე მიიჩნევს, რომ დღესდღეობით მოსარჩელეების მდგომარეობა არ არის იდენტური იმ პირების მდგომარეობისა, რომელთა საცხოვრებელი სახლები მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ოკუპირებულ ტერიტორიებს აკონტროლებენ საოკუპაციო ძალების სასაზღვრო უწყებები და ამ ტერიტორიებზე მოხვედრა დიდი რისკების გადალახვას უკავშირდება. მოპასუხის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, დანარჩენ ტერიტორიებს აკონტროლებენ ქართველი სამართალდამცავები და მათზე ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელეები და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი პირები არ არიან არსებითად თანასწორები.
13. მოპასუხე მხარემ დამატებით მიუთითა, რომ საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების არსებობა უკავშირდება ტერიტორიების ოკუპაციას. შესაბამისად, სადავო კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: “ოკუპაციის, აგრესიის და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო” უკავშირდება თავად ოკუპაციის ფაქტს, ვინაიდან სწორედ ოკუპაციის შედეგია აგრესიაც და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევაც. მოპასუხის აზრით, ოკუპაციის გარეშე ცალკე აღებული რომელიმე პირობა ვერ გახდება დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძველი. ამავდროულად, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ კანონის სათაურის მიმართება მე-14 მუხლთან ლოგიკურია იმდენად, რამდენადაც 2008 წლის მოვლენების შემდეგ სახელმწიფომ მოახდინა ფაქტობრივი მდგომარეობის ლეგალიზება და შემოიტანა ოკუპირებული ტერიტორიის ცნება, რაც სადავო კანონის პოლიტიკურ მიზანს წარმოადგენდა.
14. საქმეზე მოწმის სახით მოწვეულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა საკითხების კოორდინაციის ხაზით, ზურაბ ბერიკაშვილმა განაცხადა, რომ სოფელ დვანსა და სოფელ ხურვალეთში სტაბილური მდგომარეობაა. დვანში იმყოფება შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს დანაყოფი, ხოლო ხურვალეთში პოლიციის განყოფილება. ამ ტერიტორიებზე სრულად ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია. მოწმემ მიუთითა, რომ მისი ინფორმაციით, მოსარჩელე ტრისტან მამაგულაშვილის სახლი მდებარეობს საზღვარზე, რომელიც არის სოფელ დვანის შემდგომი საზღვრისპირა ოსური სოფელი, მას მოსახლეობა ეძახის დვანის ტილიანას. აღნიშნული ტერიტორია არ კონტროლდება არც ერთი მხარის მიერ, იგი წარმოადგენს ე.წ. მწვანე საზღვარს და მისი კოორდინატების განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი გლობალური სისტემის ჯი-პი-ეს მოწყობილობის მეშვეობით. ამავდროულად, მოწმემ აღნიშნა, რომ ტრისტან მამაგულაშვილს აქვს სხვა საცხოვრებელი სახლიც სოფელ დვანში, სადაც იგი ამჟამად ცხოვრობს და ამ ტერიტორიას საფრთხე არ ემუქრება.
15. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელე ფირუზ ვანიევის საცხოვრებელი ადგილი არის საზღვრისპირა ტერიტორიაზე, რომელიც სოფლისგან მოშორებით მდებარეობს. აღნიშნული ტერიტორია კონტროლდება ქართული პოლიციის მიერ და მოსარჩელეს უსაფრთხოდ შეუძლია გადაადგილება.
16. მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ სოფელ დვანიდან და ხურვალეთიდან მოსახლეობის იძულებით გადაადგილება განხორციელდა უშუალოდ 2008 წლის ომის პერიოდში. ამის შემდეგ მოსახლეობა ეტაპობრივად დაუბრუნდა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს და დღესდღეობით მათ საფრთხე არ ემუქრებათ. მოწმეს არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობა იყო აღნიშნულ ტერიტორიებზე 2010 და 2011 წლებში, შესაბამისად, მან ვერ განუმარტა სასამართლოს, ვრცელდებოდა თუ არა საქართველოს იურისდიქცია ამ ტერიტორიებზე იმ მომენტისთვის, როდესაც მოსარჩელეებმა მიიღეს შესაბამისი უწყებიდან ოფიციალური წერილები, რომელთა თანახმად, მათი საცხოვრებელი სახლები იმყოფებოდა საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე.
17. საქმეზე მოწმის სახით მოწვეულმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსმა, ლევან ბარდაველიძემ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ფირუზ ვანიევს თავის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების პრობლემა არა აქვს, ხოლო მოსარჩელე ტრისტან მამაგულაშვილის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით ის ინფორმაციას არ ფლობდა. მოწმემ მიუთითა, რომ 2008 წლის შემდეგ ძალიან ბევრმა ადამიანმა დატოვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მათ შორის, ის სოფლებიც, რომელთა ოკუპაციაც არ განხორციელებულა. დღესდღეობით კი მხოლოდ 20-25 ოჯახია დარჩენილი, რომელიც არ უბრუნდება საცხოვრებელ ადგილს, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ დაბრუნების შემთხვევაში, საფრთხე შეექმნება მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
18. მოწმემ დამატებით მიუთითა, რომ დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ზუსტი სტატისტიკა არა აქვს, თუმცა, პერიოდულად ადამიანები მიმართავდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. მოწმემ აღნიშნა, რომ ამ პირებს მათ მოთხოვნასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ. თავდაპირველად სამინისტროს პოზიცია იყო იმგვარი, რომ შესაძლებლობების ფარგლებში ხერხდებოდა მათი პრობლემის მოგვარება, მაგალითად, მათ მიეცათ საცხოვრებელი კომუნალურ ბინებში, იღებდნენ საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებსა და სურსათ-სანოვაგეს. სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ ამ პირების მიერ საცხოვრებლის დატოვება იყო დროებითი მოვლენა.
19. მოწმის აზრით, არაოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ არ არსებობს იგივე საფრთხეები, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს აქვთ. ვინაიდან ოკუპირებულ ტერიტორიებს აკონტროლებენ რუსული სამხედრო ძალები, ისინი საშუალებას არ აძლევენ სეპარატისტულ ძალებს თამამად იმოქმედონ და საფრთხე შეუქმნან ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას. შესაბამისად, იმ პირებს, რომლებსაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არა აქვთ უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საფრთხე არ ემუქრებათ.
20. განმწესრიგებელი სხდომის შემდეგ, მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებმა სასამართლოს წარმოუდგინეს დამატებითი მტკიცებულებები.
21. მოსარჩელემ წარმოადგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2012 წლის 18 ივლისის წერილი №01/01-25/3546, რომლის მიხედვით, ტრისტან მამაგულაშვილს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე იმ საფუძვლით, რომ მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ მდებარეობს იმ ტერიტორიაზე, რომელიც განსაზღვრულია “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით. ამასთანავე, მოსარჩელემ წარმოადგინა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 2 მარტის №147 წერილი, რომლის მიხედვით, სოფელ დვანში მცხოვრები ტრისტან მამაგულაშვილის სახლი ნამდვილად არის ოკუპანტის კონტროლირებად ტერიტორიაზე და მისი ოჯახი ცხოვრობს მეზობლის ბინაში. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ტრისტან მამაგულაშვილისთვის არაერთხელ იქნა შეთავაზებული საცხოვრებელი სახლი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე, მაგრამ განმცხადებელი უარს აცხადებდა იმ მიზეზით, რომ მას სურვილი ჰქონდა, ბინა მიეღო იმავე სოფელში, რისი ფინანსური შესაძლებლობაც მუნიციპალიტეტს არ გააჩნია. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ წერილს ასევე თან ერთვის 2012 წლის 26 ნოებრით დათარიღებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ ტრისტან მამაგულაშვილის მეუღლეს, ირინე მამაგულაშვილს საკუთრებაში აქვს სასოფლო-სამეურნეო(საკარმიდამო) ნაკვეთი ქარელის რაიონ სოფელ დვანში.
22. მოსარჩელე ფირუზ ვანიევმა დამატებით მტკიცებულებად წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე №3/9545-11), ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2012 წლის 11 ივნისის წერილი №0501-14/1776, რომლის მიხედვით, ფირუზ ვანიევს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ მდებარეობს იმ ტერიტორიაზე, რომელიც განსაზღვრულია “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით. ფირუზ ვანიევმა სასამართლოს მტკიცებულების სახით წარმოუდგინა ვიდეომასალა, რომელშიც აღწერილია სოფელ ხურვალეთში მისი საცხოვრებელი სახლის მდებარეობა და იქ არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა.
23. მოსარჩელე ფირუზ ვანიევმა სრულად დატოვა ძალაში სასარჩელო მოთხოვნა, ამასთან, შუამდგომლობით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის 11 მუხლის “ე” ქვეპუნქტის სიტყვები “საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე”, ვინაიდან აღნიშნულ ნორმას აქვს სადავო ნორმების მსგავსი შინაარსი და არეგულირებს იმავე სფეროს, რასაც სადავო ნორმები. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობით არ ხდება სასარჩელო მოთხოვნის შინაარსობრივი გაზრდა, რადგან, მისი აზრით, საარჩელო მოთხოვნის გაზრდა ნიშნავს სადავო ნორმებისგან არსებითად განსხვავებული საკითხის დაყენებას.
24. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2012 წლის 24 დეკემბრით დათარიღებული წერილი (№1758599) საქართველოს მოქალაქეების ფირუზ ვანიევისა და ტრისტან მამაგულაშვილის საცხოვრებელი სახლების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე. აღნიშნული წერილის თანახმად, 1961 წლის 15 მაისს დაბადებული ტარიელ მამაგულაშვილის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ქარელის რაიონის სოფელ დვანში, ხოლო 1935 წლის 3 ივნისს დაბადებულ ფირუზ ვანიევის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ქ.გორში, მშვიდობის ქუჩა №27- ში და ასევე ქ. გორის №17 ბაგა-ბაღში. ორივე ხსენებულ საცხოვრებელ ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო იურისდიქცია და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს პოლიციის ტერიტორიული დანაყოფები. ქარელის რ-ნის სოფელ დვანში განთავსებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თიღვის რაიონული სამმართველო. წერილში ასევე მითითებულია, რომ ტრისტან მამაგულაშვილისა და ფირუზ ვანიევის ადრინდელი საცხოვრებელი სახლების დადგენასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა.
25. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 2013 წლის 18 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლომ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, ინფორმაციის მოწოდების თაობაზე. სასამართლოს მოთხოვნის საპასუხოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა 2013 წლის 25 თებერვლით დათარიღებული წერილი (№353314). აღნიშნული წერილის მიხედვით, ფირუზ ვანიევის საცხოვრებელი სახლი, წერილის წარმოდგენის პერიოდში არსებული მდგომარეობით, მდებარეობს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამოქმედო ტერიტორიაზე, გორის რ-ნის სოფელ ახალ ხურვალეთში, სადაც ქართული მხარის იურისდიქცია არ ვრცელდება, ვინაიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ძალების მიერ გატარებულ იქნა მავთულხლართი, რის შედეგადაც აღნიშნული პირის საცხოვრებელი სახლი მოექცა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ სახლი ფაქტობრივად მდებარეობს ადმინისტრაციული ზოლის სამხრეთით. ამავე წერილის თანახმად, ტარიელ მამაგულაშვილის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ქარელის რ-ნის სოფელ დვანში, მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თიღვის რაიონული სამმართველო. ხოლო მის საკუთრებაში არსებულ სოფელ დვანის ტილიანაში მდებარე სახლზე არ ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო იურისდიქცია.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №534-ე კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები ითხოვენ “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის სათაურის შემდეგი სიტყვების - “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან” და პრეამბულის შემდეგი სიტყვების - “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან” არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
2. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტისა და “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო ფიზიკური და იურიდიული პირების სარჩელის საფუძველზე, იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაჭრელად სასამართლომ უნდა გამოარკვიოს სადავო დებულების სამართლებრივი ბუნება, კერძოდ, არის თუ არა ის ნორმატიული შინაარსის. “საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს და შეაფასოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკი მხოლოდ უფლების შემზღუდველი ნორმის არსებობის შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციური უფლებების განხორციელებისას ადამიანის თავისუფალი მოქმედების ფარგლების შემცირება ნორმატიული აქტით არის განპირობებული” (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინება №1/494 საქმეზე “საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
3. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის ნორმატიულობას განსაზღვრავს მისი მატერიალური შინაარსი. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში (განჩინებაში) დაადგინა კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრავენ სამართლებრივი აქტის ნორმატიულ ბუნებას და რომელთა საფუძველზეც უნდა გადაწყდეს სადავო ნორმის ნორმატიულ აქტად მიჩნევის საკითხი. საქმეზე “შპს “კავკასუს ონლაინი” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 ნოემბრის №1/7/436 განჩინება) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა: “ ... ნორმატიულ აქტს აქვს საყოველთაობის პრეტენზია, იგი მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი და ასეთად რჩება ამ წრის გვარეობითი ნიშნის იდენტიფიკაციის შემთხვევაშიც... ნორმატიული აქტი თავისი ბუნებით აბსტრაქტულ, საერთო ნორმას წარმოადგენს და დაკავშირებულია არა რაიმე კონკრეტულ მოვლენასთან, არამედ თავის იურიდიულ მნიშვნელობას ინარჩუნებს მთელი რიგი ანალოგიური შემთხვევების მიმართ. მის საფუძველზე შესაძლებელია წარმოიშვას კონკრეტული შემთხვევის განუსაზღვრელი რაოდენობა. სწორედ ამაში მდგომარეობს ნორმატიული აქტის მრავალჯერადი გამოყენების თვისება. ამდენად, ნორმატიული აქტი, როგორც ქცევის ზოგადი წესი, მიმართულია მისი გამოცემის დროს განუსაზღვრელი რაოდენობის მონაწილეებისაკენ...”. ამასთან, “ნორმის ნორმატიული ხასიათი ვლინდება ადამიანთა ქცევის სავალდებულო რეგულირებაში და განსაზღვრავს ამ ქცევათა მოქმედების ფარგლებს. შესაბამისად, სამართლებრივი დებულება მაშინ არის ნორმატიული ხასიათის მატარებელი, თუ იგი ადგენს ქცევის სავალდებულო წესს, რომელიც კონკრეტული პირის ან პირთა წრის მიმართ ადგენს აკრძალვებს ან, პირიქით, ნებას რთავს გარკვეულ ქმედებებთან დაკავშირებით. სამართლებრივი ნორმის სავალდებულო ხასიათი ემსახურება სწორედ ამ ფუნქციების განხორციელებას და მიზნად ისახავს ახალი სამართლებრივი წესრიგის დადგენას მისი მეშვეობით” (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინება №1/494 საქმეზე “საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”).
4. საკონსტიტუციო სასამართლომ, ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ცალ-ცალკე უნდა დაადგინოს, წარმოადგენს თუ არა მატერიალური შინაარსით ნორმატიულ დებულებას “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის სათაურისა და პრეამბულის გასაჩივრებული სიტყვები.
5. კანონის სათაურისა და ტექსტის ურთიერთმიმართების შეფასება, უმეტეს შემთხვევაში, შესაძლოა კანონის საკანონმდებლო ტექნიკის გამართულობის შეფასებას უტოლდებოდეს, თუმცა იმის გამორიცხვაც არ შეიძლება, რომ ცალკეულ შემთხვევაში, ეს შესაძლოა კანონის კონსტიტუციურობის რანგის პრობლემა იყოს და, შესაბამისად, დაექვემდებაროს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას (კონტროლს). მაგრამ ამისათვის პირველი, აუცილებელი და მინიმალური მოთხოვნაა, რომ კანონის სათაური (ან მისი გასაჩივრებული ნაწილი) ნორმატიული შინაარსის იყოს. ამასთან, ამ სავალდებულო პირობის დაკმაყოფილებასთან ერთად, აუცილებელია, კანონის სათაურით/მისი გასაჩივრებული ნაწილით, უფლების დარღვევის რისკების გამოწვევის დემონსტრირება ან/და კანონის სათაურსა და მის ტექსტს შორის ისეთი არსებითი წინააღმდეგობის მტკიცება, რომელიც კონკრეტული პირების უფლებაში (უფლებებში) გაუმართლებელ ჩარევას იწვევს.
6. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარეობს მოთხოვნა, რომ კანონი გასაგები და განჭვრეტადი იყოს საზოგადოებისთვის. ამისათვის ის, მათ შორის, თავისუფალი უნდა იყოს შინაგანი წინააღმდეგობებისაგან. კანონის განჭვრეტადობისათვის, მისი სწორი აღქმისა და გამოყენებისათვის, ამასთან, ეფექტური ქმედითობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს კანონის სათაურისა და ტექსტის ადეკვატურ ურთიერთმიმართებას, შინაარსობრივ ურთიერთგანპირობებულობასა და საგნობრივ თანხვედრას. კანონის სათაურის ძირითადი მიზანია, ერთი შეხედვით ცხადი გახადოს ამ კანონის რეგულირების სფერო, კანონის წამკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია ნორმატიული აქტის ძირითადი არსისა და მისი მოქმედების ფარგლების თაობაზე. სათაური არ უნდა გამორიცხავდეს კანონით გათვალისწინებული (კანონში ასახული) საკითხების მოწესრიგების, შესაძლებლობას. შესაძლოა, სათაური პირდაპირ და უშუალოდ არ მოითხოვდეს ან/და თუნდაც არ იწვევდეს კანონზომიერ მოლოდინს კონკრეტული საკითხების ამ კანონით მოწესრიგების აუცილებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ ის არ უნდა გამორიცხავდეს ამის შესაძლებლობას. თუ ეს მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება, თუ კანონის სათაურსა და კანონით მოწესრიგებულ საკითხებს შორის შეუძლებელი იქნება ორგანული, ლოგიკური და ინსტიტუციური კავშირის დამყარება, სავარაუდოდ, კანონი პრობლემატური იქნება განჭვრეტადობის თვალსაზრისით.
7. იმავდროულად, სათაურმა შესაძლოა სრულად არ/ვერ ასახოს კანონის შინაარსი. როგორც უკვე აღინიშნა, სათაური ემსახურება ძირთადი წარმოდგენის შექმნას, თუ არსებითად რა საკითხის, პრობლემის სამართლებრივ მოწესრიგებას ახდენს კანონი. ამიტომ ამ დროს აუცილებელია, რომ საკითხები არსებითად, გონივრულად, ბუნებრივად და ლეგიტიმურად იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული. მთავარი მოთხოვნაა, რომ სათაურსა და კანონში არ იყოს საუბარი საგნობრივად სხვადასხვა საკითხებზე. მაშასადამე, ყველაფრის მოცვა სათაურით შეუძლებელია, ამიტომ კანონისა და სათაურის ურთიერთმიმართება სავსებით დააკმაყოფილებს განჭვრეტადობის მოთხოვნას, თუ კანონში არსებული საკითხები იმდენად მჭიდროდ უკავშირდება რეგულირების ძირითად საგანს/ობიექტს (რომელიც სათაურშია დაფიქსირებული), რომ არ იყო საჭირო მასზე განსაკუთრებული, საგანგებო მითითება კანონის სათაურში. სულ მცირე, კანონით მოწესრიგებული საკითხები, რომლებიც სათაურში არ არის სახელდებული, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონის რეგულირების ძირითად ობიეტს, რომელიც ასახულია სათაურში და, ამ გაგებით, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს თავად სათაურს.
8. მაშასადამე, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს კანონის სათაურის კონსტიტუციურობის შეფასების შესაძლებლობას, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ შემთხვევები ამ თვალსაზრისით შეიძლება იყოს განსხვავებული, სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საკითხის ინდივიდუალურად შესწავლის შედეგად, ეტაპობრივად დაადგენს კრიტერიუმებს და სტანდარტებს ამ საკითხის სწორად გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად.
9. მოცემულ შემთხვევაში კი ამ საკითხის კონსტიტუციურობის შეფასება შეუძლებელია, რაც განპირობებულია იმით, რომ სათაურის გასაჩივრებული დებულება (ისევე, როგორც მთლიანად სათაური) არ ადგენს ქცევის წესს, რომელიც იმავდროულად იწვევს უფლების დარღვევის საფრთხეს. კერძოდ, ამ შემთხვევაში სათაური ზოგადად მიუთითებს პრობლემაზე, რომლის გადაწყვეტასაც ეთმობა კანონი. ეს საკითხია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების გაჩენა, რაც მათი სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგებისა და სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულებების წარმოშობას გულისხმობს. ანუ როგორც სათაური, ისე მისი გასაჩივრებული დებულება ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ რომელი პრობლემა და რატომ მოექცა ხელისუფლების განსაკუთრებული ინტერესის, ზრუნვის ქვეშ, რის გამოც, ის სავალდებულოდ მიიჩნევს საკითხის კანონით მოწესრიგებას. არც სათაური მთლიანობაში და არც, მით უფრო, მისი გასაჩივრებული დებულება არ ეთმობა უშუალოდ დევნილის სტატუსის მინიჭების, წარმოშობის საფუძვლების რეგლამენტირებას, არ ადგენს შემზღუდველი ან აღმჭურველი ხასიათის ქცევის წესს.
10. მოსარჩელეები ასევე ასაჩივრებენ სადავო კანონის პრეამბულის შემდეგ სიტყვებს: “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან”. გასაჩივრებული კანონის პრეამბულის თანახმად: “ეს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს”.
11. პრეამბულას ნორმატიული აქტისთვის უდავოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. მასში გადმოცემულია ნორმატიული აქტის დანიშნულება, მიზნები, ამასთან, ის პრინციპები და ღირებულებები, რომლებსაც კანონი ეფუძნება და რომლებზე დაყრდნობითაც უზრუნველყოფს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირებას, განვითარებას. იმავდროულად, პრეამბულა ყოველთვის მხოლოდ დეკლარაციული დატვირთვის არ არის. არ შეიძლება მისი სამართლებრივი ღირებულების იგნორირება.
12. კანონის პრეამბულის პრაქტიკული გამოყენებადობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს ქვეყნის ძირითადი კანონის - კონსტიტუციის პრეამბულის გამოყენების რესურსი. მას აქვს როგორც დეკლარაციული, ისე სამართლებრივი, პრაქტიკული მნიშვნელობა. ის ასახავს რა ქვეყნისა და მისი მოქალაქეების სულისკვეთებას, სწრაფვას, სურვილებს, მიზნებს, იმავდროულად, აღიარებს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს - მაშასადამე ადგენს კონსტიტუციურ ღირებულებათა სისტემას, რომელსაც ეფუძნება მთლიანად კონსტიტუცია და რომლის შესაბამისადაც განვითარების ვალდებულებას ქვეყნის მოქალაქეები საჯაროდ აცხადებენ. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარ გადაწყვეტილებებში მკაფიოდ დააფიქსირა კონსტიტუციის ძირითადი პრინციპებისა და, აქედან გამომდინარე, კონსტიტუციის პრეამბულის პრაქტიკული მნიშვნელობა და გამოყენების რესურსი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონკრეტული კონსტიტუციური უფლებების განმარტებისას ეყრდნობა არა მხოლოდ ამ უფლებების მარეგლამენტირებელ ნორმებს, არამედ კონსტიტუციის ძირითად პრინციპებსა და, ზოგადად, კონსტიტუციაში განმტკიცებულ ღირებულებებს. კერძოდ: “კონკრეტული დავების გადაწყვეტისას საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, როგორც კონსტიტუციის შესაბამისი დებულება, ისე სადავო ნორმა გააანალიზოს და შეაფასოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების კონტექსტში, რათა ეს ნორმები განმარტების შედეგად არ დასცილდნენ მთლიანად კონსტიტუციაში გათვალისწინებულ ღირებულებათა წესრიგს. მხოლოდ ასე მიიღწევა კონსტიტუციის ნორმის სრული განმარტება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს კონკრეტული სადავო ნორმის კონსტიტუციურობის სწორ შეფასებას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II, 1).
13. რაც შეეხება სხვა ნორმატიული აქტების პრეამბულას, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: “ნორმატიულ აქტს შეიძლება ჰქონდეს პრეამბულა. მასში გადმოიცემა ამ ნორმატიული აქტის დანიშნულება და პრინციპები, რომლებიც მას უდევს საფუძვლად”. მიუხედავად რეგულირების განსხვავებული მასშტაბისა, როგორც კონსტიტუციის, ისე დანარჩენი ნორმატიული აქტების პრეამბულის ძირითადი თვისება იდენტურია. ის, განსაზღვრავს კანონის სულს, ძირითად მიზანს და დანიშნულებას.
14. პრეამბულას შეიძლება ჰქონდეს ისტორიულ-ინფორმაციული, სიმბოლური, პოლიტიკური ფუნქცია, თუმცა, იმავდროულად, შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივ-ნორმატიული ფუნქციაც. პრეამბულა მიმართულია, კონკრეტიზაციის გარეშე, კანონის იდეის და მიზნების დეკლარირებაზე, ამიტომაც გამოიყენება კანონის ინტერპრეტაციისათვის, მისი განმარტება შესაძლებელია კომპლექსურად კანონის ნორმებთან ერთად. პრეამბულა წარმოადგენს მექანიზმს, საშუალებას იმისა, რომ სამართლებრივი ძალა მიეცეს იმ იდეას, ლოგიკას, რომელსაც ეფუძნება კონკრეტული სამართლებირვი აქტი.
15. თუმცა, მიუხედავად პრეამბულის ასეთი მნიშვნელობისა, მისი კონსტიტუციურობის შეფასებისთვის, ნორმატიული აქტის სათაურის მსგავსად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ის უშუალოდ ადგენდეს სავალდებულო ხასიათის ქცევის წესს, განაპირობებდეს პირთა წრეზე კონკრეტული ურთიერთობების გარდაუვლად გავრცელებას, იწვევდეს შესაბამისი უფლებების ან/და ვალდებულებების გაჩენას. ამასთან, არსებითად განსახილველად მიღებისთვის, ის, იმავდროულად, უფლებაშემზღუდველი უნდა იყოს.
16. მაშასადამე, არ უნდა გამოირიცხოს, რომ პრეამბულას ჰქონდეს როგორც კანონის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის, ისე ზოგადი ქცევის წესის დამდგენი ფუნქცია. არასწორი იქნება იმის ცალსახად მტკიცება, რომ, ზოგადად, კანონის პრეამბულას (მთლიანად ან ნაწილობრივ) არასოდეს შეიძლება ჰქონდეს ნორმატიული შინაარსი. ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასებისა და შესწავლის გზით გადაწყვეტას მოითხოვს. მოცემულ შემთხვევაში, პრეამბულას ზოგადი ხასიათი და კანონის მიზნის, მისი ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის ფუნქცია აქვს. გასაჩივრებული კანონის პრეამბულა, ერთი მხრივ, ზოგადი კონსტიტუციური ვალდებულებიდან გამომდინარე ახდენს იმის რეგლამენტირებას, რომ კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, იმავდროულად, ზოგადად აღწერს, ჩამოთვლის იმ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაზეც არის ორიენტირებული კანონი. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ტერმინის შემოტანით, სახელმწიფომ მიუთითა ზოგადად ამ კანონის მიღების მიზანზე, დანიშნულებაზე, პასუხი გასცა კითხვას, რატომ მიიღო ეს კანონი, რამ წარმოქმნა დევნილის სტატუსის განსაზღვრის საჭიროება. ამ შემთხვევაში პრეამბულა არის საკითხის ღირებულებითი გადაწყვეტის გამომხატველი და ის არ წარმოადგენს კონკრეტული ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმას. სათაურის მსგავსად, პრეამბულაც არ ეთმობა უშუალოდ დევნილის სტატუსის მინიჭების, წარმოშობის საფუძვლების რეგლამენტირებას.
17. იმავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ პრეამბულის გასაჩივრებული დებულება პრეამბულისავე დანარჩენ დებულებებთან კავშირში ერთიანად გააზრებით, არ წარმოშობს ხელისუფლების ვალდებულებას, მკაცრად შემოიფარგლოს მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრითა და მხოლოდ მათთვის შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიების შექმნით. ცხადია, რომ, ამ შემთხვევაშიც, პრეამბულა შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც კანონის ნორმების, მათ შორის, სადავო ნორმების ინტერპრეტაციის საშუალება და იქცეს დამატებით არგუმენტად სამართალშემფარდებლისთვის სადავო ნორმების გამოყენებისას, თუმცა ეს არ არის საკმარისი პრეამბულის კონსტიტუციურობის დამოუკიდებლად შეფასებისთვის. ამისათვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას უნდა ჰქონდეს ნორმატიული შინაარსი და იმავდროულად დამოუკიდებლად უნდა იყოს უფლების დარღვევის საფრთხის მატარებელი.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, არც პრეამბულა და არც სათაური არ შეიცავს ნორმატიულ შინაარსს, არ ადგენს სავალდებულოდ შესასრულებელ ქცევის წესს. გასაჩივრებულ დებულებებს არ აქვს შემზღუდველი ან აღმჭურველი ხასიათი არც სათაურის და არც პრეამბულის კონტექტსში. ამდენად, შეუძლებელია საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს მათი კონსტიტუციურობის თაობაზე. ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ,,კონსტიტუციური სარჩელი ... განსახილველად არ მიიღება, თუ ... მასში მითითებული ... სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი”.
19. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელე ფირუზ ვანიევის სასარჩელო მოთხოვნას იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების “ტერიტორიის ოკუპაციის”, ასევე სიტყვის “და” არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი იძლევა დევნილის განმარტებას ამ კანონის მიზნებისათვის. კერძოდ, პირის დევნილად მიჩნევისთვის აუცილებელია რამდენიმე პირობის არსებობა: პირი მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი) უნდა იყოს იძულებით გადაადგილებული; ამასთან, მისი იძულებით გადაადგილების მიზეზს უნდა წარმოადგენდეს მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან თავისუფლებისათვის საფრთხის შექმნა უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
20. ცხადია, ამ კანონის მიზანია არა ზოგადად იძულებით გადაადგილებულ პირთა სამართლებრივი სტატუსისა და გარანტიების რეგლამენტირება, არამედ მხოლოდ ქვეყნის ოკუპაციის ფაქტისა და მისი შედეგებით გამოწვეული იძულებით გადაადგილებული პირების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება. ამ თვალსაზრისით, “და” კავშირის არაკონსტიტუციურად ცნობა მოსარჩელის პრობლემას ვერ მოხსნის და ვერც მისი მიზნების მიღწევას ვერ მოემსახურება. მაგალითად, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა არაერთი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. მოსარჩელის მიზანი არის არა დევნილად მიჩნევის მიზეზების, საფუძვლების გაფართოება და ამ თვალსაზრისით, კანონისათვის მიზნის შეცვლა, არამედ იგივე საფუძვლებითა და მიზეზებით გამოწვეული იდენტური საფრთხეების და შედეგების პირისპირ მყოფი პირების, როგორსაც თავადაც წარმოადგენს, დაცვა. ანალოგიურად, სიტყვების: “ტერიტორიის ოკუპაციის” არაკონსტიტუციურად ცნობა ვერ გააბათილებს მოსარჩელის პრობლემას, რადგან ამ სიტყვების არსებობა მოსარჩელის პრობლემის წყაროს არც წარმოადგენს. პირიქით, ზუსტად ტერიტორიის ოკუპაციის და აგრესიის შედეგად მისი უფლებების დარღვევა არის რეალობა და პრობლემა, რომელზეც, მოსარჩელის აზრით, კანონმდებელი არ რეაგირებს, რადგან ასეთი კატეგორიის ადამიანთაგან დევნილებს უწოდებს მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს.
21. შესაბამისად, მოსარჩელე ვანიევის სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნაა, შესაბამისი მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ, რომ მოსარჩელის უფლების სავარაუდო დარღვევა ზუსტად სადავო ნორმით არის განპირობებული. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს “მტკიცებულებანი, რომლებიც ... ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას”, ხოლო ამავე კანონის მე-18 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ “ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს”.
22. ასევე ვერ დაკმაყოფილდება მოსარჩელე ფირუზ ვანიევის შუამდგომლობა “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის 11 მუხლის “ე” ქვეპუნქტის სიტყვების: “საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე” არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო: “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი მოსარჩელეს ანიჭებს მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის შემცირების ან მასზე უარის თქმის უფლებას. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციური დავა შემოიფარგლება სარჩელით გათვალისწინებული სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენით. ამ გარემოებაზე სასამართლომ არაერთ საქმეზე მიუთითა (მაგალითად, 2009 წლის 10 ნოემბრის საოქმო ჩანაწერი №1/2/468 საქმეზე “საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”; 2008 წლის 23 ივნისის განჩინება №2/5/433 საქმეზე “საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”). ამასათან, უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსახილველად მიღებული ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას, მსჯელობს ზოგადად კონკრეტული საკითხის ნორმატიულ შინაარსზე და შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას გასაჩივრებული დებულებით განპირობებული სავარაუდო პრობლემის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე.
23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №534 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 და მე-18 მუხლების, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების - ტრისტან მამაგულაშვილისა და ფირუზ ვანიევის კონსტიტუციური სარჩელი №534 საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების - ტრისტან მამაგულაშვილისა და ფირუზ ვანიევის კონსტიტუციური სარჩელი №534 საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის სათაურის სიტყვების: “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან” და პრეამბულის შემდეგი სიტყვების: “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან” არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
3. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქის - ფირუზ ვანიევის სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: “ტერიტორიის ოკუპაციის”, ასევე სიტყვის “და” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
4. შეწყდეს სამართალწარმოება №534 კონსტიტუციურ სარჩელზე მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: “ტერიტორიის ოკუპაციის”, ასევე სიტყვის “და” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
8. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოთ მხარეებს.
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი