საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, ზურაბ ჩილინგარაშვილი და სხვები, სულ 35 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/2/602 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 4 ივლისი 2014 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
ზაზა თავაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, ზურაბ ჩილინგარაშვილი და სხვები, სულ 35 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2014 წლის 5 თებერვლის N1971-IIს საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 156-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №602) მიმართეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა: დავით ბაქრაძემ, ზურაბ ჩილინგარაშვილმა, ნუგზარ წიკლაურმა, მიხეილ მაჭავარიანმა, ირმა ნადირაშვილმა, პეტრე ცისკარიშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გიორგი გაბაშვილმა, გიორგი მელაძემ, დავით დარჩიაშვილმა, შოთა მალაშხიამ, გიორგი წერეთელმა, ვახტანგ ლემონჯავამ, გიორგი თარგამაძემ, გიორგი კანდელაკმა, ზურაბ მელიქიშვილმა, ზაზა კედელაშვილმა, გიორგი ოჩიაურმა, აკაკი მინაშვილმა, კახა ბუცხრიკიძემ, ტარიელ ლონდარიძემ, გიორგი თევდორაძემ, გიორგი ღვინიაშვილმა, დავით ჭავჭანიძემ, ომარ მეგრელიძემ, ნაული ჯანაშიამ, ჩიორა თაქთაქიშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, ვაჟა ჩიტაშვილმა, თინათინ ბოკუჩავამ, დავით დარცმელიძემ, ხათუნა გოგორიშვილმა და სერგო რატიანმა. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2014 წლის 4 ივლისს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 25–ე მუხლის მე–5 პუნქტი და 33-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი. ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2014 წლის 5 თებერვლის N1971-IIს საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატა 1344 მუხლი, რომლის თანახმად, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და სამსახურებრივ უფლებამოსილებებს განახორციელებს შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე (შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს 120-ე დღისა). საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 156-ე მუხლი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის განსაზღვრის დროებით წესს, კერძოდ, სადავო ნორმის მიხედვით, გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხებით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობაა არანაკლებ 30 ერთეულისა. ის არ უნდა აღემატებოდეს საჯარო მოსამსახურეთა აღნიშნული მინიმალური რაოდენობის (30 საშტატო ერთეული), შესაბამის საკრებულოში, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისათვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე 1 საშტატო ერთეულის დამატებით მიღებულ ჯამს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის 10 პროცენტს. იმ თვითმმართველ ერთეულებში, სადაც საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის 10 პროცენტი 5 ერთეულზე ნაკლებია, შესაძლებელია შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის 5 ერთეულამდე გაზრდა. გარდა ამისა, გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25 პროცენტს და მოცემული წესი არ ვრცელდება თვითმმართველ ქალაქ თბილისზე, აგრეთვე ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებზე.
4. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია საქართველოს მოქალაქის უფლება, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შრომა თავისუფალია.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ნორმების შემოღებით, ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე განწესების ვადა შეიცვალა. მოსარჩელე მხარე უთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საჯარო მოხელეები თანამდებობაზე განწესებულები არიან განუსაზღვრელი ვადით. ამის საპირისპიროდ, სადავო ნორმები უკუძალით ვრცელდება უკვე დასაქმებულ მოხელეებზე და უვადოდ დანიშნული მოხელის სტატუსს გარდაქმნის ვადიანად, რითაც იზღუდება მათი კონსტიტუციით განმტკიცებული სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და შრომის უფლებები.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცულია პირის უფლება, დაუსაბუთებლად არ გათავისუფლდეს თანამდებობიდან, ხოლო კონსტიტუციის 30-ე მუხლით განმტკიცებულია არა მხოლოდ სამუშაოს არჩევის უფლება, არამედ უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო სამუშაო, დაცული იყო უმუშევრობისგან და ისეთი რეგულირებისგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას.
7. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, კონსტიტუციურ უფლებაში უფლების შემზღუდველი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის არსებობას. თუმცა ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაშიც აუცილებელია, ამ მიზნის მისაღწევად გამოყენებულ იქნეს ვარგისი, აუცილებელი, ყველაზე ნაკლებად მზღუდავი და პროპორციული საშუალება.
8. მოსარჩელე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლით სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს დასაქმებაში, ხოლო სადავო ნორმა კი გვევლინება თვითმმართველობაში დასაქმებული ათასობით მოქალაქის უმუშევრად დარჩენის ხელშემწყობად. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმებს არანაირი ლეგიტიმური მიზანი არ აქვთ და გაუმართლებლად ზღუდავენ დასახელებულ კონსტიტუციურ უფლებებს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და 30-ე მუხლის პირველ პუნქტებს.
10. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
11. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების მოქმედება იწვევს გამოუსწორებელ შედეგებს სარჩელში მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის თვალსაზრისით. შესაბამისად, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, ის აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იღებს გადაწყვეტილებებს კონსტიტუციასთან, კონსტიტუციური შეთანხმების, კანონის, პრეზიდენტის, მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხებზე. ხოლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33–ე მუხლის მიხედვით, შესაბამის სუბიექტებს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების, საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებამდე შესაბამის ორგანოთა მიერ მიღებული/გამოცემული ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ კონსტიტუციური სარჩელი უნდა ეხებოდეს მხოლოდ მოქმედი ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 4 აპრილის N1/1/426 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - თამაზ კილანავა, მადონა ღიბრაძე და სხვები საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, ასევე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N1/494 განჩინებება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამდენად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს მოქმედი ნორმატიული აქტის ის შინაარსი, რომელიც მისი აზრით, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, მოსარჩელის მიერ სადავოდ მითითებული ნორმა წარმოადგენს თუ არა მოქმედ ნორმატიულ აქტს და, შესაბამისად, მის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა მიეკუთვნება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯად საკითხებს.
3. N602 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე ითხოვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის N1971-IIს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას.
4. „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2014 წლის 29 მაისის №2479-IIს კანონით, ცვლილებები შევიდა საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის №1971-IIს „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში, რის შედეგადაც მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ გამხდარი პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნა. „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2014 წლის 29 მაისის №2479-IIს კანონი გამოქვეყნდა და ძალაშია 2014 წლის 2 ივნისიდან, ხოლო კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა 2014 წლის 18 ივნისს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ N602 კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის N1971-IIს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი უკვე აღარ მოქმედებდა.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან N602 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა არ წარმოადგენს მოქმედ ნორმას, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მისი კონსტიტუციურობის თაობაზე. შესაბამისად, N602 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის N1971-IIს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
6. N602 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 156-ე მუხლის კონსტიტუციურობა. აღნიშნული ნორმის შესახებ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ ამ საკანონმდებლო დანაწესს სისრულეში მოჰყავს მეორე სადავო ნორმა - „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის N1971-IIს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებულია 1344 მუხლი.
7. როგორც უკვე აღინიშნა, „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის N1971-IIს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი (რომელიც ამოღებულ იქნა „ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2014 წლის 29 მაისის №2479-IIს კანონით) ითვალისწინებდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 1344 მუხლის დამატებას და ადგენდა, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე უნდა ჩათვლილიყო დროებით მოვალეობის შემსრულებლად. ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 156-ე მუხლი ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის განსაზღვრის დროებით წესს. აღნიშნული სადავო ნორმით გათვალისწინებულია გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის, მუნიციპალიტეტების შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობისა და გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯების განსაზღვრის წესი.
8. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე მხარემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. აღნიშნული ნორმების მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის N2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9).
9. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი დასაბუთება, თუ რატომ წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 156-ე მუხლით დადგენილი საკანონმდებლო დანაწესი „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის N1971-IIს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სისრულეში მომყვან ნორმას.
10. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 156-ე მუხლს აქვს ავტონომიური ნორმატიული რეგულირების სფერო და არ იკვეთება მისი კავშირი „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის N1971-IIს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ წესთან. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შემტანი ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დროებით შემსრულებლებად გამწესების დამდგენი ნორმის სისრულეში მოყვანა ვერ მოხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესით, რომელიც ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობისა და შრომის ანაზღაურების ხარჯების განსაზღვრის წესს. თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობა და შრომის ანაზღაურება პირდაპირ არ არის დამოკიდებული საჯარო მოსამსახურეთა დროებით მოვალეობის შემსრულებლად გამწესებაზე და პირიქით. ამდენად, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი დასაბუთება არ არის გამყარებული საფუძვლიანი არგუმენტაციით და არ იკვეთება ლოგიკური კავშირი მოსარჩელის არგუმენტებსა და სადავო ნორმით დადგენილ ნორმატიულ შინაარსს შორის. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია ემყარება სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას და არ მიემართება ნორმის რეალურ შინაარსს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია ვერ ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას. ამგვარად, N602 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 156-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი #602 (საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, ზურაბ ჩილინგარაშვილი და სხვები, სულ 35 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
პლენუმის წევრები:
გიორგი პაპუაშვილი
ქეთევან ერემაძე
ზაზა თავაძე
მაია კოპალეიშვილი
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი