საქართველოს მოქალაქე შალვა ნათელაშვილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/3/606 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 14 მაისი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე,
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე შალვა ნათელაშვილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის „მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ №01-53/ნ ბრძანებისა და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15, მე-17, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 22 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №606) მიმართა საქართველოს მოქალაქე შალვა ნათელაშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2014 წლის 25 აგვისტოს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 4 დეკემბერს.
3. №606 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
4. მოსარჩელე მხარე გასაჩივრებულ ბრძანებას სრულად ხდის სადავოდ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის „მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ №01-53/ნ ბრძანებით დამტკიცდა მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესი, ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმა და ძალდაკარგულად გამოცხადდა „ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) გამოწერის ინსტრუქციისა და რეცეპტის (ფორმა №3) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №01-9/ნ ბრძანება.
5. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „აკრძალულია ამ კანონის 112 მუხლის მიხედვით პირველი და მეორე ჯგუფებისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების არასრულწლოვანთათვის მიყიდვა“, ხოლო ამავე კანონის მე-10 პუნქტის მიხედვით, აკრძალულია პირველი და მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ურეცეპტოდ გაყიდვა.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის თანახმად, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და სიკვდილით დასჯა აკრძალულია. მე-17 მუხლის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება, ასევე დაუშვებელია დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას, სამკურნალო საშუალებათა წარმოებას და ამ საშუალებებით ვაჭრობას“, 39-ე მუხლის მიხედვით კი, „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან.“
7. მოსარჩელის განცხადებით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს. სახელმწიფო კი არაეფექტურად ახორციელებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულების საქმიანობას, სამკურნალო საშუალებათა წარმოებას და ამ საშუალებებით ვაჭრობას. კანონის სადავო მუხლები ზიანის მომტანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან მათ საფუძველზე მედიკამენტების მნიშვნელოვანი ნაწილის რეცეპტის გარეშე გაყიდვა იკრძალება, რაც გამოიწვევს გაუმართლებელ ხარჯებს.
8. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმების მოქმედების ფარგლებში ადამიანებს საათობით მოუწევთ ოჯახის ექიმებთან რიგში დგომა, შესაბამისად, სავარაუდოდ, ტკივილის მოთმენა, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლის დანაწესს, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა. მოსარჩელეს თავისი არგუმენტის გასამყარებლად მოჰყავს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის- თომას ჰამერბერგის მოსაზრება, რომლის თანახმადაც, მედიკამენტების დროულად არმიწოდება უტოლდება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას.
9. მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-15, მე-17, 37-ე და 39-ე მუხლებს ასევე ლახავს, ის ფაქტი, რომ არასრულწლოვანი, თუნდაც მას ჰქონდეს წამლის შესაძენად საჭირო რეცეპტი, ვერ შეიძენს მედიკამენტებს. მისივე განცხადებით თუკი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, გამონაკლის შემთხვევებში ნებადართულია 18 წლამდე მიუღწეველი პირის ქორწინება და სქესობრივი კავშირი, გაუმართლებელია შეზღუდული იყოს მისთვის მედიკამენტის რეცეპტით შეძენის უფლება. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 379 მუხლის თანახმად, „ამ კანონის 112 მუხლის მიხედვით პირველი ან მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის არასრულწლოვნისათვის მიყიდვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით“. მოსარჩელის აზრით, 18 წლამდე მიუღწეველ პირს შესაძლოა, ავადმყოფი ელოდებოდეს სახლში, მაგრამ აღნიშნული დანაწესი ავადმყოფ ადამიანს იძულებულს ხდის პირადად წავიდეს ჯერ ექიმთან და შემდეგ აფთიაქში.
10. მოსარჩელე აცხადებს, რომ დარღვეულია კანონის ხელმისაწვდომობის მოთხოვნა, რადგან მოსახლეობის ინფორმირებულობა ბრძანებისა და კანონის შინაარსზე თითქმის ნულის ტოლია.
11. მოსარჩელე მოითხოვს სადავო საკითხის განხილვამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას, რადგან მისი აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილს მნიშვნელოვანი მორალური და მატერიალური ზიანი მიადგება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. №606 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის „მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ №01-53/ნ ბრძანების და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15, მე-17, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 სექტემბრის „მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის №01-53/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ №01-59/ნ ბრძანებით „მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ №01-53/ნ ბრძანების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-3, მე-5, მე-7 პუნქტები, მე-4 მუხლის პირველი პუნქტი და №2 დანართი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებულმა სადავო ნორმებმა იურიდიული ძალა დაკარგეს. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმებში ცვლილებები განხორციელდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №606 კონსტიტუციურ სარჩელზე სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის „მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ №01-53/ნ ბრძანების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-3, მე-5, მე-7 პუნქტების, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის და №2 დანართის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15, მე-17, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
5. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევის ერთ-ერთი წინა პირობაა, რომ მასში წარმოჩენილი იყოს შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და შესაბამის კონსტიტუციურ უფლებას შორის. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელში მიუთითოს არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენს სადავო ნორმის საფუძველზე მისი უფლებრივი მდგომარეობის შეზღუდვას და უკავშირდება კონსტიტუციის მითითებული მუხლებით დაცულ სფეროს.
6. №606 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის „მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ №01-53/ნ ბრძანების პრეამბულის (გამოცემის საფუძვლის), პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, №1 დანართის პირველი და მე-2 მუხლების, მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-6, 8-21 პუნქტების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის და №1.1 დანართის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15, მე-17, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით. მინისტრის აღნიშნული ბრძანება განსაზღვრავს რეცეპტის გაცემის წესსა და ფორმას. იგი ადგენს ექიმისათვის სახელმძღვანელო მითითებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს რეცეპტის შედგენა. სასარჩელო არგუმენტნაციიდან გამომდინარე, მოსარჩელის პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ზოგიერთი სამკურნალო საშუალების შეძენა არ დაიშვება რეცეპტის წარდგენის გარეშე. სარჩელში არ არის მითითებული არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ წარმოადგენს მოსარჩელის უფლების დარღვევას თავად რეცეპტის შედგენის წესი. მოსარჩელე საერთოდ არ უთითებს არგუმენტაციას ექიმის მიერ რეცეპტში მისათითებელი ინფორმაციის განმსაზღვრელ ნორმებსა და მის კონსტიტუციურ უფლებას შორის კავშირის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის „მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ №01-53/ნ ბრძანების პრეამბულის (გამოცემის საფუძვლის), პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, №1 დანართის პირველი და მე-2 მუხლების, მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-6, 8-21 პუნქტების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის და №1.1 დანართის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15, მე-17, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით N606 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძველი.
7. №606 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15, მე-17, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით. აღნიშნული ნორმები კრძალავს პირველ და მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ურეცეპტოდ ან არასრულწლოვანისათვის მიყიდვას. მოსარჩელე პრობლემატურად მიიჩნევს ორივე აკრძალვას.
8. არასრულწოვანისათვის ფარმაცევტული პროდუქტების მიყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ №606 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ მითითებულია შალვა ნათელაშვილი, რომელიც წარმოადგენს სრულწლოვან პირს. აღნიშნული სადავო ნორმა არ ზღუდავს მოსარჩელის შესაძლებლობას შეიძინოს მედიკამენტები, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით მოსარჩელე სხვისი უფლების დასაცავად მიმართავს სასამართლოს.
9. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განისაზღვრება იმ სუბიექტთა წრე, რომელთაც საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ. აღნიშნული ნორმა უფლებამოსილ პირებად განიხილავს „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. კანონის აღნიშნული დებულება „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში ე.წ. „actio popularis“ შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-3). აღნიშნულიდან გამომდინარე, პირს აქვს შესაძლებლობა, იდავოს მხოლოდ უშუალოდ საკუთარი უფლებების დარღვევაზე და არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად.
10. ამასთან, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგლამენტირებელი კანონმდებლობა ერთმანეთისგან არ განასხვავებს სრულწლოვან და არასრულწლოვან პირებს სასამართლოსთვის მიმართვის თვალსაზრისით. არასრულწლოვანი პირი, უფლების დარღვევის შემთხვევაში, უფლებამოსილია, თავად იდავოს საკუთარ დარღვეულ უფლებაზე. შესაბამისად, მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დავობს არა საკუთარი, არამედ - სხვა, 18 წელს მიუღწეველი პირების ინტერესების დასაცავად, რომელთაც საკუთარი დარღვეული უფლების დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობის თანახმად, დამოუკიდებლად შეუძლიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე არასრულწლოვანი პირის უფლების დარღვევაზე აპელირების ნაწილში N606 კონსტიტუციური სარჩელი „actio popularis” წარმოადგენს და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
11. მოსარჩელის მტკიცებით, გასაჩივრებული ნორმები საქართველოს კონსტიტუციის სხვა დებულებებთან ერთად, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლით დაცულ ადამიანის სიცოცხლის უფლებას. მოსარჩელე მხარე საერთოდ არ ასაბუთებს, კონკრეტულად რა კავშირი არსებობს ფარმაცევტული პროდუქტის ურეცეპტოდ გაყიდვის აკრძალვასა და სიცოცხლის უფლებას შორის. სადავო ნორმები ახდენს გარკვეული მედიკამენტების ექიმის დანიშნულების გარეშე შეძენის შეზღუდვას, სწორედ ამას მიიჩნევს პრობლემატურად მოსარჩელე. თუმცა სასარჩელო არგუმენტაციიდან გამომდინარე, გაუგებარია რატომ უნდა იყოს გარკვეულ შემთხვევაში ადამიანის მკურნალობის პროცესში ექიმის მონაწილეობა სიცოცხლის უფლების საწინააღმდეგოდ მიჩნეული. აღნიშნულიდან გამომდიანრე, N606 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.
12. მოსარჩელე სადავო ნორმებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ სადავო ნორმების მოქმედების პირობებში შესაძლოა, ადამიანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში იძულებული იყოს, ოჯახის ექიმთან იდგეს რიგში და შესაბამისად, ითმინოს ტკივილი, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე ნებისმიერი დისკომფორტი, რომელიც შეიძლება ადამიანს შეექმნას, საქართველოს კოსნტიტუციის მე-17 მუხლით აკრძალულ მოპყრობას არ წარმოადგენს. „მოპყრობამ განსაზღვრულ სიმძიმეს უნდა მიაღწიოს იმისათვის, რომ იგი შეფასდეს როგორც არაჰუმანური მოპყრობა. მოპყრობის სიმძიმე უნდა განისაზღვროს ინდივიდუალური შემთხვევებიდან გამომდინარე. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოპყრობის ხასიათი და კონტექსტი, მისი განხორციელების მეთოდები, ხანგრძლივობა, ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტი პირზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-180). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია მიემართება იმ დისკომფორტს, რომელიც შესაძლოა, თან ახლდეს ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტის საშუალებით შეძენას. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს ფინანსურ ხარჯებსა და რეცეპტის მიღების პროცესის ხანგრძლივობაზე. ექიმისათვის მიმართვა და თუმდაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში რიგში დგომა არ წარმოადგენს ადამიანის ისეთ მდგომარეობაში ჩაყენებას, რომელიც მისი ღირსების საწინააღმდეგოა.
13. მოსარჩელე ასევე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას, სამკურნალო საშუალებათა წარმოებას და ამ საშუალებებით ვაჭრობას. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია, განახორციელოს გარკვეული კონტროლი ჯანდაცვის სფეროში, მათ შორის სამკურნალო საშუალებების კონტროლი. ანუ აღნიშნული კონსტიტუციური ნორმის დანიშნულებას არ წარმოადგენს სახელმწიფოს დავალდებულება, თავი შეიკავოს გარკვეული სფეროს დარეგულირებისაგან. იგი არ წარმოადგენს პირის ნეგატიურ უფლებას, რომლის საფუძველზეც მან შეიძლება მოითხოვოს ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებისას სახელმწიფოს მიერ ლიბერალური პოლიტიკის განხორციელება, გარკვეული ფარმაცევტული საშუალების თავისუფალ გაყიდვაში დაშვება და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის აღნიშნულ დებულებაზე დაყრდნობით, მოსარჩელე ვერ იდავებს გარკვეული ფარმაცევტული საშუალებების ურეცეპტოდ მიღების უფლების არსებობაზე. ამ სფეროში სახელმწიფო კონტროლის გაუქმების ან შემცირების მოთხოვნა სცდება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროს. ამგვარად, მოსარჩელის არგუმენტაცია სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულირების და განსახორციელებელი ქმედებების ინტენსიურობასთან დაკავშირებით სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართების დასასაბუთებლად ვერ გამოდგება.
14. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს. კონსტიტუციის აღნიშნული დებულების თანახმად, „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არ არის არც ერთი არგუმენტი სადავო ნორმების კონსტიტუციის დასახელებულ მუხლთან შემხებლობის შესახებ. მოსარჩელე არ უთითებს იმას, თუ რატომ არის სადავო ნორმები არაკონსტიტუციური კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით ან აღნიშნული მუხლით დაცულ რომელ უფლებრივ ასპექტს ეწინააღმდეგება იგი. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №606 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-10 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15, მე-17, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №606 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე შალვა ნათელაშვილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის „მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ №01-53/ნ ბრძანების პრეამბულის, პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, №1 დანართის პირველი და მე-2 მუხლების, მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-6, 8-21 პუნქტების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, №1.1 დანართის და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15, მე-17, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
2. შეწყდეს საქმე №606 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქე შალვა ნათელაშვილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის „მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ №01-53/ნ ბრძანების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-3, მე-5, მე-7 პუნქტების, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის და №2 დანართის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15, მე-17, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით .
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი