საქართველოს მოქალაქე ირაკლი საბანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/3/617 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 3 აპრილი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე - ირაკლი საბანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შენიშვნის 42 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №617) მომართა საქართველოს მოქალაქე - ირაკლი საბანაძემ. №617 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2014 წლის 22 დეკემბერს.
2. №617 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 3 აპრილს.
3. №617 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი; 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შენიშვნის 42 ნაწილით განისაზღვრება იმავე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისთვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ პირისთვის დასარიცხი საურავის ოდენობა, 150 ლარი. საურავის დარიცხვიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულია კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს.
6. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალების მიხედვით, 2014 წლის 26 ივლისს ირაკლი საბანაძეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი სამართალდარღვევის, ამკრძალავი ნიშნის - „გაჩერება აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობის გამო, დაეკისრა იმავე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. 2014 წლის 26 აგვისტოს კი, საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში, ჯარიმის გადაუხდელობის გამო, მოსარჩელეს დაერიცხა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შენიშვნის 42 ნაწილით განსაზღვრული საურავი 150 ლარის ოდენობით.
7. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დადგენილი ჯარიმის ოდენობაა 10 ლარი. იმავე მუხლის შენიშვნის 42 ნაწილით კი, განსაზღვრულია აღნიშნული სამართალდარღვევისთვის დადგენილი ჯარიმის გადაუხდელობის გამო, პირისთვის დასარიცხი საურავის ოდენობა 150 ლარის, ე.ი. ჯარიმის თხუთმეტმაგი ოდენობით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ამავე მუხლით დადგენილი სხვა სამართალდარღვევა, ჯარიმის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო ერიცხებათ საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
8. მოსარჩელის მტკიცებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მცირე მნიშვნელობისაა, თუმცა სადავო ნორმით გათვალისწინებული საურავის ოდენობა არათანაბარ პირობებში აყენებს მოსარჩელეს იმ პირებთან შედარებით, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა, უფრო მძიმე სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო ერიცხებათ საურავი. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს სადავო ნორმის იმგვარი ფორმულირება, რომელიც გამორიცხავს დისკრიმინაციულ მოპყრობას სხვადასხვა სიმძიმის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირების მიმართ.
9. მოსარჩელე მიუთითებს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონზე, რომლის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და დადგინდა, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შენიშვნის 42 ნაწილის უცვლელად დატოვების გამო, ის დისკრიმინაციულ პირობებში იმყოფება ამავე მუხლით გათვალისწინებული სხვა სამართალდარღვევების ჩამდენ პირებთან შედარებით.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შენიშვნის 42 ნაწილი არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. არსებითად განსახილველად მისაღებად კონსტიტუციური სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ამ მოთხოვნათა დარღვევით წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია, რაც იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმას, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
2. კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევის ერთ-ერთი წინა პირობაა, რომ მასში წარმოჩენილი იყოს შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და შესაბამის კონსტიტუციურ უფლებას შორის. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელში მიუთითოს არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩნეს სადავო ნორმის საფუძველზე მისი უფლებრივი მდგომარეობის შეზღუდვას, რომელიც უკავშირდება კონსტიტუციის მითითებული მუხლებით დაცულ სფეროს.
3. მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შენიშვნის 42 ნაწილს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადება არეგულირებს კანონის დროში მოქმედების წესს, განსაზღვრავს, როდის იკრძალება მისი უკუძალით გამოყენება და, ამავე დროს, ადგენს გარკვეულ შემთხვევაში კანონისთვის უკუძალით გამოყენების ვალდებულებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). №617 კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი არც ერთი არგუმენტი სადავო ნორმის კონსტიტუციის დასახელებულ მუხლთან შესაძლო შემხებლობის შესახებ. მოსარჩელე საერთოდ არ მიუთითებს, კანონის უკუძალასთან დაკავშირებით რა წარმოადგენს მის პრობლემას. იგი არ საუბრობს სადავო ნორმის რექტორატიულად გამოყენების შესაძლებლობაზე ან მისთვის უკუძალის მინიჭების აუცილებლობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, №617 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არ მიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
4. მოსარჩელის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა გამოიხატება იმაში, რომ იგი ითვალისწინებს 150 ლარის ოდენობით საურავის დარიცხვას სატრანსპორტო საშუალების დგომა-გაჩერების წესების დარღვევის გამო დანიშნული ჯარიმის ნებაყოფლიბით აღუსრულებლობისათვის, მაშინ, როდესაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა სამართალდარღვევისათვის დანიშნული ჯარიმის ნებაყოფლობით აღუსრულებლობა, საურავის სახით, იწვევს ჯარიმის ორმაგი ოდენობით დარიცხვას, რაც რიგ შემთხვევებში შეიძლება 150 ლარზე ნაკლებიც იყოს.
5. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამგვარად დაყენება უკავშირდება მოსარჩელის მიერ კონსტიტუციის მე-14 მუხლის შინაარსის, მიზნისა და დანიშნულების არასწორ აღქმას. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს ადამიანთა კანონის წინაშე თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ პრინციპს, მისი მიზანია, არ დაუშვას კანონის საფუძველზე არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა ან პირიქით. კონსტიტუციის აღნიშნული მუხლის მიზანია ადამიანთა თანასწორობის დაცვა და არა იმის უზრუნველყოფა, რომ სუბიექტის მიმართ ნეიტრალური კანონი ერთნაირ კვალიფიკაციასა და სამართლებრივ შედეგებს უკავშირებდეს მსგავს ქმედებებს (ან განსხვავებულ შედეგებს განსხვავებულ ქმედებებს). შესაბამისად, ის ფაქტი, რომ თითოეული მოქალაქის მიერ ამა თუ იმ ქმედებას/სამართალდარღვევას განსხვავებული სანქცია მოჰყვება, თავისთავად არ გამოდგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის შეზღუდვის/დარღვევის დასასაბუთებლად. სადავო ნორმის კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ ამ ნორმის საფუძველზე არსებითად თანასწორი პირები არიან ჩაყენებული სხვადასხვა მდგომარეობაში და არა ის, რომ სადავო ნორმა მსგავსი ქმედებებისათვის განსხვავებულ სანქციას ადგენს იმ პირობებში, როდესაც სადავო წესიდან მომდინარე მოპყრობა ერთნაირია ყველასათვის.
6. სადავო ნორმა განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალების დგომა-გაჩერების წესების დარღვევის გამო დანიშნული ჯარიმის ნებაყოფლიბით აღუსრულებლობისათვის დაკისრებული საურავის ოდენობას. ნორმიდან არ იკვეთება, რომ ამ სამართალდარღვევისათვის სხვადასხვა პირების მიმართ კანონი განსხვავებულ მოპყრობას ადგენს. ნებისმიერ პირს, რომელიც ნებაყოფლობით არ აღასრულებს დგომა-გაჩერების წესების დარღვევის გამო დაკისრებულ ჯარიმას, ერთი და იმავე ოდენობის საურავის გადახდა ეკისრება. მოსარჩელე მხოლოდ მიუთითებს, რომ იგი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ექცევა სხვა სამართალდარღვევის ჩამდენი პირების მიმართ, ვინაიდან განსხვავებულია ამ სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის ნებაყოფლობით აღუსრულებლობისთვის დარიცხული საურავის გამოთვლის წესი, და, შესაბამისად, შეიძლება ერთი და იმავე ოდენობის ჯარიმის ან უფრო მცირე ჯარიმის გადაუხდელობისათვის მას მეტი საურავი დაეკისროს სხვა პირებთან შედარებით. სადავო ნორმის საფუძველზე საურავის განსაზღვრის მიზანს დაკისრებული სანქციის სამართალდამრღვევის მიერ ნებაყოფლობით აღსრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ხოლო ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისა და ამ ქმედებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების უმთავრესი ფუნქცია და მიზანი ადამიანთა მიერ სამართალდარღვევისაგან თავის შეკავების სტიმულირებაა. შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე გამოყენებული საურავი, ისევე, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმა, ერთობლივად ემსახურება საგზაო მოძრაობის, კერძოდ კი სატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესრიგის დაცვას. ხოლო არასწორი პარკირება, ისევე როგორც დაკისრებული ჯარიმის ნებაყოფლობით აღუსრულებლობა, ამ წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯარიმის ნებაყოფლობით აღუსრულებლობის, როგორც კანონით დასაძრახი ქმედების ბუნებაზე, თავად ჯარიმის ოდენობასთან ერთად სხვადასხვა ფაქტორებიც ახდენენ გავლენას და მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმის ოდენობაზე მითითება ქმედების ერთნაირობის მტკიცების საკმარის საფუძველს არ ქმნის. შესაბამისად, სარჩელში არ არის დასაბუთებული, თუ რატომ წარმოადგენს სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობა ერთნაირ ქმედებას. ამავე დროს, სადავო ნორმის საფუძველზე განსაზღვრული საურავის დაკისრების წესი ნეიტრალურია პირთა წრის მიმართ, იგი ერთნაირ შედეგებს აყენებს, მიუხედავად იმისა, ქმედება ჩადენილი იქნება მოსარჩელის თუ სხვა პირის მიერ. სარჩელში არ არის დასაბუთებული, რომ მოსარჩელე ერთნაირი ქმედებისათვის განსხვავებულად ისჯება სხვა, არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, №617 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №617 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე - ირაკლი საბანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი