საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/5/608 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 24 დეკემბერი 2014 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
კონსტანტინე ვარძელაშვილი – წევრი;
ზაზა თავაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლოა, სახეზე იყოს უდანაშაულო პირის მსჯავრდება, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 17 სექტემბერს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №608) მიმართა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები - მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე და გიორგი შავლიაშვილი). კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 24 დეკემბერს.
2. კონსტიტუციურ წარდგინებაში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია: „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განხილვის წესს. აღნიშნული ნორმის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5. კონსტიტუციური წარდგინების მიხედვით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2014 წლის 15 სექტემბერს შეაჩერა საქმის წარმოება მსჯავრდებულ ილია ჯაყელის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით და კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
6. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენით, ილია ჯაყელი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ სასჯელის ნაწილში და მოითხოვა მისი შემსუბუქება. სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 28 თებერვლის განაჩენით, უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულმა ილია ჯაყელმა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
7. კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ ილია ჯაყელი მსჯავრდებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის მოქმედი რედაქციით, აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილი ადგენდა პასუხისმგებლობას ცივი იარაღის ტარებისთვის 21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე, აგრეთვე ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, ხოლო მეორე ნაწილით გათვალისწინებული იყო დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, მოცემული ნორმის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა იმ პირის მიერ, რომელიც ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე დანაშაულისთვის. სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილი 2013 წლის 11 დეკემბრის ცვლილების შედეგად ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს მხოლოდ ცივი იარაღის ტარებისთვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული ან ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რომლის დროსაც მხედველობაში არ მიიღება წარსულში ნასამართლობის ფაქტი. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მოცემული ნორმის სუბიექტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განმარტება გაკეთდა. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, პირის ნასამართლობა არ არის სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ნიშანი, არამედ მისი სავალდებულო წინაპირობაა ცივი იარაღის ტარებისთვის ან ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების ფაქტი.
8. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო ვალდებულია, საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში და ამ პროცესში იგი ვერ გასცდება საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს. მისი მტკიცებით, აღნიშნული მოთხოვნა იმპერატიულია და საქმის განმხილველ მოსამართლეს არ უტოვებს შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივრის განხილვისას მხედველობაში მიიღოს მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევები. შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე, სასამართლო ვერ გასცდება საკასაციო საჩივრის ფარგლებს ისეთ შემთხვევაშიც კი, როდესაც შესაძლებელია, მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.
9. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მტკიცებით, ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსახილველ საქმეში არ იკვეთება ამგვარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, სასამართლო არ უნდა იყოს შეზღუდული მხოლოდ იმ საკითხებით, რომელზეც მხარე აპელირებს, ვინაიდან გაუმართლებლად იზრდება უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკი.
10. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, სადავო ნორმა სისხლის სამართლის პროცესში შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპებს განამტკიცებს. თუმცა, მოქმედი რედაქციის პირობებში, ნორმიდან გადახვევის საგამონაკლისო შესაძლებლობის გარეშე, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურ შინაარსს იძენს, შესაბამისად, აუცილებელია, დაცულ იქნეს ბალანსი შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციასა და ადამიანის (ბრალდებულის) ფუნდამენტურ უფლებებს შორის.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უგულებელყოფს სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლოა სახეზე იყოს უდანაშაულო პირის მსჯავრდება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს.
12. წარდგინების ავტორი საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტებს და სხვა ქვეყნების სასამართლო პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს N608 კონსტიტუციური წარდგინება აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 42-ე მუხლის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება (რეგისტრაციის N608) საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლოა, სახეზე იყოს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.
2. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. საოქმო ჩანაწერის ასლი გაეგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს პარლამენტს.
პლენუმის წევრები:
გიორგი პაპუაშვილი
ქეთევან ერემაძე
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ზაზა თავაძე
მაია კოპალეიშვილი
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი