საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/6/609 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 24 დეკემბერი 2014 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
კონსტანტინე ვარძელაშვილი – წევრი;
ზაზა თავაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს სააპელაციო საჩივრის ფარგლებს იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ერთი და იმავე დანაშაულისთვის განმეორებით მსჯავრდება, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 17 სექტემბერს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №609) მიმართა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე და გიორგი შავლიაშვილი). კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 24 დეკემბერს.
2. კონსტიტუციურ წარდგინებაში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია: „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის განხილვის წესს. აღნიშნული ნორმის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისთვის.
5. კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ 2014 წლის 15 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა საქმის წარმოება პროკურორის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით და კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
6. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 დეკემბრის განაჩენით, ბექა ავაქიშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულმა გაასაჩივრა სასჯელის ნაწილში და მოითხოვა თავისუფლების აღკვეთის ჯარიმით შეცვლა, ასევე - განაჩენთა ერთობლიობისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენება. რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 10 თებერვლის განაჩენით გაუქმდა. ამასთან, განაჩენის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, მართალია, გასცდა საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ ამით მან თავიდან აიცილა ერთი და იმავე დანაშაულისთვის პირის განმეორებით მსჯავრდება. აღნიშნული განაჩენი პროკურორმა საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 დეკემბრის განაჩენით ბექა ავაქიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრული დანაშაულისთვის, კერძოდ - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ. იმავდროულად, რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 5 ნოემბრის განაჩენით ბექა ავაქიშვილი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის. ორივე შემთხვევაში მსჯავრდების საფუძველი გახდა 2012 წლის 26 დეკემბრის დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ერთი და იმავე სამართლებრივი საფუძვლით პირის მიმართ ორი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა წარმოადგენს ერთი და იმავე დანაშაულისთვის განმეორებითი მსჯავრის დადებას.
8. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების მატერიალური მხარის შეფასებამდე, ვალდებულია, შეამოწმოს მისი მიღების ფორმალური საფუძვლები, რომლის მიხედვითაც უნდა შეფასდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის გამოყენება და, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ხდება სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი.
9. წარდგინების ავტორის მტკიცებით, სადავო ნორმების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და ამ პროცესში იგი ვერ გასცდება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიუთითებს, რომ აღნიშნული მოთხოვნა იმპერატიულია და საქმის განმხილველ მოსამართლეს არ უტოვებს შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივრის განხილვისას მხედველობაში მიიღოს მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევები.
10. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, სასამართლო ვერ გასცდება სააპელაციო საჩივრის ფარგლებს ისეთ შემთხვევაშიც კი, როდესაც ხდება პირის ორჯერ მსჯავრდება ერთი და იმავე დანაშაულის გამო, შესაბამისად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტს, რომელიც კრძალავს პირის მსჯავრდებას ერთი და იმავე დანაშაულის გამო.
11. კონსტიტუციური წარდგინების მიხედვით, სადავო ნორმა სისხლის სამართლის პროცესში შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპებს განამტკიცებს. თუმცა, მოქმედი რედაქციის პირობებში, ნორმიდან გადახვევის საგამონაკლისო შესაძლებლობის გარეშე სადავო ნორმა იძენს არაკონსტიტუციურ შინაარსს და აუცილებელია, დაცულ იქნეს ბალანსი შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციასა და ადამიანის (ბრალდებულის) ფუნდამენტურ უფლებას შორის, არ იქნეს განმეორებით მსჯავრდებული ერთი და იმავე დანაშაულის გამო.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ზღუდავს სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს სააპელაციო საჩივრის ფარგლებს იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ერთი და იმავე დანაშაულისთვის განმეორებით მსჯავრდება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტს.
13. წარდგინების ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, დამატებით იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტებს და სხვა ქვეყნების სასამართლო პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს N609 კონსტიტუციური წარდგინება აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 42-ე მუხლის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1.მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება (რეგისტრაციის N609) საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს სააპელაციო საჩივრის ფარგლებს იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ერთი და იმავე დანაშაულისთვის განმეორებით მსჯავრდება.
2. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. საოქმო ჩანაწერის ასლი გაეგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს პარლამენტს.
პლენუმის წევრები:
გიორგი პაპუაშვილი
ქეთევან ერემაძე
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ზაზა თავაძე
მაია კოპალეიშვილი
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი