საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/5/620 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 18 მაისი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე (მომხსენებელი მოსამართლე);
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N620) მომართა საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილმა. N620 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას 2014 წლის 29 დეკემბერს.
2. N620 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2015 წლის 3 აპრილს.
3. N620 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი; 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი; ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი; 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი; ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა პირადი განცხადების საფუძველზე 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე და დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით, იმ ვადით, რა ვადითაც მას უნდა განეხორციელებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება, უნარჩუნდება ეს კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით, უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ცვლილების შესაბამისად. აღნიშნული უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ კომპენსაცია გაიანგარიშება ამ კანონის 70-ე მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობაში მოსაყვანად“. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით“. ამდენად, სადავო ნორმა შეეხება სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის წესს საქართველოს უზენაესი სასამართლოს იმ წევრებისთვის, რომლებსაც უფლებამოსილება შეუწყდათ პირადი განცხადების საფუძველზე 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. მოცემული კონსტიტუციური დებულება კრძალავს დისკრიმინაციას და ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის ნორმა-პრინციპს.
6. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად კი - „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი“. დასახელებული კონსტიტუციური ნორმებით განმტკიცებულია საკუთრების ძირითადი უფლება და განსაზღვრულია მისი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ლალი ლაზარაშვილი არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი წევრი. იგი არჩეულ იქნა ამ თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 მარტის დადგენილებით, ხოლო უფლებამოსილება შეუწყდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით, პირადი განცხადების საფუძველზე. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმა მას არ მიიჩნევს სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტად და არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მის უფლებებს.
8. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციულია და, ამდენად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმით სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეებს, რომლებსაც 2005 წლის პირველი იანვრიდან 2006 წლის პირველ იანვრამდე, პირადი განცხადების საფუძველზე, შეუწყდათ უფლებამოსილება იმ მოსამართლეებისაგან განსხვავებით, რომლებსაც უფლებამოსილება შეუწყდათ 2006 წლის პირველი იანვრის შემდეგ. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დისკრიმინაცია უფლებამოსილების შეწყვეტის დროის ნიშნით, რაც გამოიხატება შესაბამისი სოციალური გარანტიის მოსამართლეთა მხოლოდ ერთი ჯგუფის მიმართ გავრცელებაში.
9. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ არ არსებობს სადავო ნორმით გამოწვეული დიფერენცირებული მოპყრობის გონივრული და ობიექტური საფუძველი. კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რატომ არ მიენიჭა სოციალური გარანტიები საქართველოს უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეებს, რომლებსაც პირადი განცხადებით შეუწყდათ უფლებამოსილება 2006 წლის პირველი იანვრის შემდეგ. მოსარჩელის აზრით, გონივრულ და ობიექტურ საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული ცვლილება, რომლის შედეგად საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩამოსცილდა კანონით განსაზღვრული სისხლის სამართლის საქმეების პირველი ინსტანციით განხილვის კომპეტენცია და გაუქმდა სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია. სადავო ნორმა შეეხება ყველა მოსამართლეს, რომელთაც უფლებამოსილება შეუწყდათ 2005 წლის პირველი იანვრიდან 2006 წლის პირველ იანვრამდე პირადი განცხადების საფუძველზე და არ უკავშირდება სასამართლოში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებს.
10. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა, გარდა იმისა, რომ იწვევს დისკრიმინაციას, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულ საკუთრების უფლებას. სასარჩელო არგუმენტაციის თანახმად, სადავო ნორმით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გარანტირებული საკუთრების შეძენის უფლება, რაც პირდაპირ კავშირშია მოსამართლის სოციალური გარანტიით სარგებლობის უფლების ჩამორთმევასთან. სახელმწიფო კომპენსაცია მის სუბიექტს ანიჭებს შესაძლებლობას, მიიღოს მატერიალური სიკეთე პერიოდული ფულადი შემოსავლის სახით, რაც სახელმწიფო კომპენსაციის სუბიექტს გადაეცემა საკუთრებაში. სოციალური უფლებების ეკონომიკური ბუნებიდან გამომდინარე, მატერიალური სიკეთე დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცავს არა მხოლოდ უკვე შეძენილ საკუთრებას, არამედ სამომავლო საკუთრების უფლებას, ანუ უფლებას მის შეძენაზე.
11. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმა არ ადგენს სამართლებრივი ურთიერთობების ისეთ რეგულაციას, რომელიც აუცილებელია საზოგადოებრივი საჭიროებისათვის და არ არსებობს არც ერთი გონივრული არგუმენტი, რომელიც სადავო ნორმის არსებობას გაამართლებდა. შესაბამისად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
12. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ განაცხადა, რომ არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. მოსარჩელე მხარე ხაზს უსვამს ნორმის ისტორიული ჩამოყალიბების პროცესს. თავდაპირველად “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-7 პუნქტით დადგინდა, რომ მოსამართლეებს, რომლებსაც უფლებამოსილება შეუწყდათ პირადი განცხადების საფუძველზე 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე, დაენიშნებოდათ სახელმწიფო კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით, იმ ვადით, რა ვადითაც მათ უნდა განეხორციელებინათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. მას შემდეგ, რაც გაუქმდა ორგანული კანონი “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ”, მსგავსი შინაარსის ნორმა აისახა “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის პირველ პუნქტში. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა აგრძელებს გაუქმებული კანონის ნორმატიულ შინაარსს, ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას დროში უფლებამოსილების შეწყვეტის ნიშნით და, შესაბამისად, არღვევს მოსარჩელის უფლებას.
13. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ მიუთითა, რომ სურდა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება. სარჩელის თანახმად, გასაჩივრებულია “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები “2005 წლის 1 იანვრიდან, 2006 წლის 1 იანვრამდე”, ხოლო განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული კანონის 77-ე მუხლის 1-ლი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა მთლიანად. ამასთან, მოსარჩელემ დააყენა შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნის გაზრდასთან დაკავშირებით და მოითხოვა “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 76-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა.
14. 2015 წლის 5 მაისს მოსარჩელე მხარემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა წერილობითი განცხადებით (რეგისტრაციის N:01/08-25) და მოითხოვა N620 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმის შეწყვეტა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამავდროულად, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე ლალი ლაზარაშვილმა 2015 წლის 5 მაისს განცხადებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე.
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N620) უნდა შეწყდეს სამართალწარმოება.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. შეწყდეს საქმე N620 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი