საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 620 |
ავტორ(ებ)ი | ლალი ლაზარაშვილი |
თარიღი | 26 დეკემბერი 2004 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული, საკონსტიტუციო სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების არც ერთი საფუძველი, კერძოდ: ა. სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს; ბ. ვარ სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილი პირი. მე გამაჩნია უშუალო იურიდიული ინტერესი მოცემული სარჩელის აღსაძრავად, რამდენადაც ვარ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი წევრი, რომელსაც მოსამართლის უფლებამოსილება შეუწყდა პირადი განცხადების საფუძველზე და რომელსაც სადავო ნორმა არ მიიჩნევს სახელმწიფო კომპენსაციის სუბიექტად; გ. სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, კერძოდ, მოთხოვნილია საკანონმდებლო აქტის კონკრეტული ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება, რაც წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს; დ. სარჩელში დასმული სადავო საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე. არ არის დარღვეული კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა, რამდენადაც ასეთი მოთხოვნისთვის კანონი არ განსაზღვრავს რაიმე ვადას; ვ. არ არსებობს გასაჩივრებული საკანონმდებლო აქტზე იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი ნორმატიული აქტი, რომლის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოთხოვნა: მოვითხოვ, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის ორგანული კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: „2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე“, კონკრეტულად კი ამ ნორმით დადგენილი მოწესრიგება, რომლის თანახმად, ხელფასის სრული ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციის, ასევე ამ უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ამ კანონის 70-ე მუხლით განსაზღვრული ოდენობით კომპენსაციის სუბიექტი არ არის უზენაესი სასამართლოს ის მოსამართლე, რომელსაც პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე დროის მონაკვეთის გარდა სხვა პერიოდის განმავლობაში. ასევე მოვითხოვ, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა შეამოწმოს ე.წ. „მკაცრი დიფერენცირების ტესტის“ საფუძველზე. როგორც ცნობილია, თანასწორობის უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობის შეფასებისას საკონსტიტუციო სასამართლო იყენებს ორ ტესტს: ე.წ. „მკაცრი შეფასების ტესტს“ და რაციონალური დიფერენცირების ტესტს. “მკაცრი შეფასების ტესტის“ გამოყენება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც დიფერენცირება უკავშირდება კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ ნიშანს ან/და როდესაც დიფერენცირება არის მაღალი ინტენსივობის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის#1/1/477 გადაწყვეტილება, II.პ.76,77). დიფერენცირება თავისთავად მაღალი ინტენსივობისაა ისეთ შემთხვევაში, თუ იგი იწვევს სხვა კონსტიტუციურ სიკეთეში ჩარევას და მის დაღვევას. სადავო ნორმა, გარდა იმისა, რომ არსებათად თანასწორებს შორის უთანასწორო მოპყრობას ადგენს, აღვევს სხვა კონსტიტუციურ სიკეთესაც - საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულ საკუთრების შეძენის ჩემს უფლებას. შესაბამისად, სასამართლომ სადავო ნორმა „მკაცრი ტესტით“უნდა შეამოწმოს. „მკაცრი შეფასების ტესტი“ გულისხმობს ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას თანაზომიერების ტესტის საფუძველზე, იმის გათვალისიწნებით, რომ უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად მხოლოდ „სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესის“ არსებობა გამოდგება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის #1/1/477 გადაწყვეტილება, II.პ.76,77). აქედან გამომდინარე, მივუთითებ, რომ მოცემულ შემთხვევაში დიფერენცირების შეფასებისას, თუ სასამართლოს მიერ გამოყენებული იქნება შემოწმების „მკაცრი ტესტი“, სადავო ნორმის ფარგლებში სრულიად წარმოუდგენელია სახელმწიფოს ჰქონდეს რაიმე ისეთი „დაუძლეველი ინტერესი“, რომლის მიღწევაც შეუძლებელი იქნებოდა სადავო ნორმაში მოცემული დიფერენცირების გარეშე.
მოთხოვნის დასაბუთება: 1. ფაქტები:ვარ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე. ამ თანამდებობაზე არჩეული ვიყავი 10 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 მარტის დადგენილებით. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება შემიწყდა 10-წლიანი ვადის ამოწურვამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით, პირადი განცხადების საფუძველზე. ჩემს მიერ სასამართლო სისტემის დატოვება განპირობებული იყო მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კონსტიტუციური პრინციპების ერთგულებისათვის ჩემს მიმართ სასამართლო სისტემის ხელმძღვანელთა მხრიდან განხორციელებული დევნის შედეგად ჩემი გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენებით და იძულებით, დამეწერა სამსახურიდან წასვლის განცხადება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევისთანავე, 2013 წლის ზაფხულში, განცხადებით მივმართე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჩემთვის მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისა და ამ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ხმათა უმრავლესობით, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივრე სასამართლო წესით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 თებერვლის განჩინებით (მოსამართლე გ. მიქაუტაძე) სარჩელი არ იქნა ცნობილი დასაშვებად და შეწყდა საქმის წარმოება, იმ მოტივით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასაჩივრებული აქტი არ წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნული განჩინება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივნისის განჩინებით (მოსამართლე თ. ძიმისტარაშვილი) და შევიდა კანონიერ ძალაში. ამდენად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს პირადი განცხადების საფუძველზე ჩემთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტს, ძალაშია.
2. სადავო ნორმის მიმართება კონსტიტუციის მე-14 მუხლთან„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა პირადი განცხადების საფუძველზე 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე და დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით იმ ვადით, რა ვადითაც მას უნდა განეხორციელებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება, უნარჩუნდება ეს კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით, უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ცვლილების შესაბამისად. აღნიშნული უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ კომპენსაცია გაიანგარიშება ამ კანონის 70-ე მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობაში მოსაყვანად“. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით“. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხოლოდ ის მოსამართლე, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა პირადი განცხადების საფუძველზე 2005 წელს, ე.ი. იმგვარად, რომ მას კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადა არ ამოუწურავს, არის სახელმწიფო კომპენსაციის სუბიექტი, კერძოდ, უნარჩუნდება ხელფასი მოსამართლის უფლებამოსილების ვადით, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ენიშნება სახელწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით. უზენაესი სასამართლოს იმ წევრის მიმართ, რომელსაც პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა 2005 წლის შემდგომ, როგორც ეს ჩემს შემთხვევაშია, მოქმედი კანონმდებლობა არანაირ სოციალურ გარანტიას არ ითვალისწინებს. აღნიშნული სოციალური გარანტიის მხოლოდ იმ მოსამართლეზე გავრცელებით, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა 2005 წელს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტი გაუმართლებლად ზღუდავს ჩემი, როგორც უზენაესი სასამართლოს ყოფილი წევრის უფლებას, ვისარგებლო უზენაესი სასამართლოს სხვა ყოფილი წევრების თანაბარი სოციალური გარანტიებით და, აქედან გამომდინარე, დისკრიმინაციული ხასიათისაა. სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილია ნიშნები, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია დისკრიმინაცია: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საკონსტიტუციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკის მიხედვით, ეს ნიშნები მე-14 მუხლში ამომწურავი არ არის. მაგალითად, 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაში (საქმე #2/1-392) საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა: „ამ მუხლში არსებული ნიშნების ჩამონათვალი, ერთი შეხედვით, გრამატიკული თვალსაზრისით, ამომწურავია, მაგრამ ნორმის მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვლის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა“. სადავო შემთხვევაში დისკრიმინაციას ადგილი აქვს იმ ნიშნით, რაც მე-14 მუხლში სახელდებით არ არის აღნიშნული, მაგრამ ამ მუხლის შინაარსი მას მოიცავს, კერძოდ, ადგილი აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დისკრიმინაციას დროში უფლებამოსილების შეწყვეტის ნიშნით მის მიმართ სოციალური გარანტიის გაუვრცელებლობის თვალსაზრისით. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით განსაზღვრულია ის კრიტერიუმები, რომელთა შეფასების საფუძველზეც მოწმდება, აქვს თუ არა ადგილი კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევას: ა. დიფერენცირებული დამოკიდებულება ერთნაირი შემთხვევების მიმართ; ბ. გონივრული და ობიექტური საფუძვლების გარეშე; გ. არ არის დაცული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებას შორის. აღნიშნული მიდგომა განმტკიცებულია საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #1/2/213,243, 15 თებერვალი, 2005წ.; საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება #1/3/469, 10 ნოემბერი, 2009წ.).
სადავო შემთხვევაში სახეზეა მე-14 მუხლის დარღვევის ყველა ზემოაღნიშნული კრიტერიუმი, კერძოდ:ა. დიფერენცირებული დამოკიდებულება ერთნაირი შემთხვევების მიმართ.საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზანია, არ დაუშვას არსებითად თანასწორის უთანასწოროდ მოპყრობა ან პირიქით. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევის დასადგენად უპირველეს კრიტერიუმს წარმოადგენს იმის გარკვევა, რამდენად არიან კანონის საფუძველზე დიფერენცირებულ მდგომარეობაში მყოფი პირები არსებითად თანასწორნი, ან თანაბარ სამართლებრივ სიტუაციაში მყოფი პირები რამდენად არიან არსებითად არათანასწორნი კონკრეტულ ურთიერთობაში. ამგვარად, უნდა არსებობდეს დიფერენცირების ფაქტი არსებითად თანასწორ პირებს შორის ან არსებითად არათანასწორ პირებს სახელმწიფო ერთნაირად უნდა ეპყრობოდეს. ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა ერთგვაროვანია. სადავო ნორმის მიხედვით, სახელმწიფო კომპენსაციის სუბიექტია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხოლოდ ის მოსამართლე, რომელსაც პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა უფლებამოსილება 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე. შემდგომ პერიოდში პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლე აღნიშნული სოციალური გარანტიით არ სარგებლობს. ამდენად, სადავო ნორმა არსებითად თანასწორ პირებს (უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, რომლებსაც უფლებამოსილება შეუწყდათ პირადი განცხადების საფუძველზე) უწესებს რადიკალურად განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს (ზოგიერთ მათგანს ცნობს სახელმწიფო კომპენსაციის სუბიექტად, ზოგიერთს - საერთოდ არა). დიფერენცირებული დამოკიდებულება ერთნაირი შემთხვევების მიმართ იმაშიც გამოიხატება, რომ, მოსამართლედ ნამსახურობის ერთი და იგივე ვადის პირობებში, სადავო ნორმით, ერთ შემთხვევაში (2005 წელს უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია, ხოლო მეორე შემთხვევაში (მაგ., ჩემს შემთხვევაში, 2010 წელს უფლებამოსილების შეწყვეტისას) - არა. მსგავს საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებული აქვს: „პენსიაზე უფლების შეზღუდვას მაშინ ექნებოდა ადგილი, თუკი გვეყოლებოდა ისეთი დეპუტატები, რომელთაც ექნებოდათ ნამსახურობის ერთი და იგივე ვადა და ამის მიუხედავად მათ დაენიშნებოდათ სხვადასხვა ოდენობის პენსია“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 15 ოქტომბრის #1/2/174,179 გადაწყვეტილება). სადავო ნორმით კანონმდებელი სახელმწიფო კომპენსაციის სუბიექტად ითვალისწინებს 2005 წელს პირადი განცხდების საფუძველზე გადამდგარ ნებისმიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, მიუხედავად მისი მოსამართლედ ნამსახურობის ვადისა, თუნდაც ეს ვადა შეადგენდეს 1 თვეს. მე მაქვს მოსამართლედ ნამსახურობის 7 წლისა და 4 თვის ვადა (თავდაპირველად მოსამართლედ დავინიშნე თბილისის საოლქო სასამართლოში, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 10 ივლისის #341 ბრძანებულებით, შემდგომ მოხდა ჩემი არჩევა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრად, სადაც ვმუშაობდი 2010 წლის 22 ნოემბრამდე), აქედან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნამსახურობის ვადა შეადგენს 5 წელსა და 8 თვეს. გამოდის, რომ უზენაესი სასამართლოს წევრი, რომელსაც მოსამართლედ ნამსახურობის ვადა აქვს თუნდაც 1 თვე ან 1 წელი და 2005 წელს პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა უფლებამოსილება, სარგებლობს სახელმწიფო კომპენსაციის უფლებით, ხოლო ჩემს შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს წევრი, რომელსაც აქვს მოსამართლედ ნამსახურობის 7 წელზე მეტი ვადა, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის 5 წელზე მეტი ვადა, კანონმდებლის მიერ სახელმწიფო კომპენსაციაზე უფლების მქონე სუბიექტად არ მიიჩნევა. დიფერენცირებული დამოკიდებულება ერთნაირი შემთხვევების მიმართ განსაკუთრებით იმაშიც გამოიხატება, რომ სადავო ნორმით უზენაესი სასამართლოს მოსამართლე დისკრიმინირებულ მდგომარეობაში ექცევა ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლესთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ ორივე სასამართლოს მოსამართლის სამართლებრივი სტატუსი და სოციალური გარანტიები, ყოველ შემთხვევაში, მოცემული დავის საგნის გარდა, სხვა საკითხში თანაბარია. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერ მოსამართლეს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში სულ ცოტა 3 წლის გამწესების შემდეგ პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება, ენიშნება სახელმწიფო კონპენსაცია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შესაბამისი ხელფასის სრული ოდენობით იმ ვადით, რა ვადაშიც უნდა განეხორციელებინათ მოსამართლის უფლებამოსილება, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კომპენსაცია გადაანგარიშდება სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის - 1200 ლარის შესაბამისად. კანონმდებელი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების სოციალურ გარანტიებს არ უკავშირებს დროის განსაზღვრულ მონაკვეთში უფლებამოსილების შეწყვეტის ნიშანს, როგორც ეს სადავო ნორმით რეგულირდება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა 2005 წლის შემდგომ, სრულიად დისკრიმინირებულ მდგომარეობაშია არამარტო მანამდე გადამდგარ უზენაესი სასამართლოს წევრებთან, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებთან მიმართებითაც, სოციალური დაცვის თვალსაზრისით, რაც პირდაპირ არღვევს და ეწინააღმდეგება მე-14 მუხლით განმტკიცებულ თანასწორობის პრინციპს. ამ ორი სასამართლოს მოსამართლეთა სოციალური გარანტიების თანასწორობას და გარანტიების აუცილებლობას ისიც ადასტურებს, რომ მუდმივად ხდება ხელფასის და მისი დანამატის გათანაბრება, რათა ამ თვალსაზრისით წონასწორობა იყოს დაცული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების საქმიანობა ერთიანი კანონის - „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის რეგულირების ქვეშაა მოქცეული, ამ სასამართლოების მოსამართლეთა სოციალური გარანტიები განსხვავებულია და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გარანტიები გათანაბრებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის გარანტიებთან. ასეთია კანონმდებლის მიზანი და შესაბამისად, არ უნდა იყოს დისკრიმინაცია არც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სოციალური დაცვის საკითხში. ბ. დიფერენცირებული დამოკიდებულება გონივრული და ობიექტური საფუძვლების გარეშე.სადავო შემთხვევაში კანონი არამარტო არსებითად თანასწორ პირებს უწესებს რადიკალურად განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს, არამედ ასეთი დიფერენცირებული დამოკიდებულება მოკლებულია ყოველგვარ გონივრულ და ობიექტურ საფუძველს, ლეგიტიმურ მიზანს. კანონმდებელი არ განსაზღვრავს, თუ რატომ ჩამოართვა სოციალური გარანტიები მოსამართლეს, რომელსაც პირადი განცხადებით შეუწყდა უფლებამოსილება არა მაინცდამაინც 2005 წელს. საგულისხმოა, რომ ამგვარი არათანასწორი მოპყრობის „გონივრული და ობიექტური“ საფუძველი არც ობიექტურად არსებობს. ასეთ „გონივრულ და ობიექტურ“ საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული ცვლილება, რაც 2005 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტრუქტურაში განხორციელდა, კერძოდ, როდესაც უზენაეს სასამართლოს ჩამოსცილდა კანონით განსაზღვრული სისხლის სამართლის საქმეების პირველი ინსტანციით განხილვის კომპეტენცია და გაუქმდა სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია (იხ. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი). უზენაეს სასამართლოს დარჩა მხოლოდ კასაციის ფუნქცია, რასაც ახორციელებდნენ უზენაესი სასამართლოს პალატები ((სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატა, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა, ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატა), რომლებიც უცვლელად დარჩა, ასევე უცვლელად დარჩა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა საშტატო რაოდენობაც. მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს სტრუქტურაში გაუქმდა სისხლის სამართლის საქმეთა სამოსამართლო კოლეგია, სადავო ნორმის მიზანი არ ყოფილა სოციალური შეღავათის გავრცელება ამ ფაქტორის გათვალისწინებით და სახელდობრ ამ კოლეგიის მოსამართლეებისათვის. 2005 წელს პირადი განცხადების საფუძველზე უზენაესი სასამართლო დატოვა 13-მა მოსამართლემ (ვ. ხრუსტალი, ვ. მეტრეველი, ნ. კლარჯეიშვილი, გ. ქაჯაია, ი. ლეგაშვილი, მ. ახალაძე, ბ. კობერიძე, მ. გოგელია, ნ.გაბრიჩიძე, ჯ. გახოკიძე, მ. წიქვაძე, ქ. გაბელაია, ლ. გოჩელაშვილი), რომელთაგან არც ერთი არ ყოფილა სისხლის სამართლის საქმეთა სამოსამართლო კოლეგიის მოსამართლე. ამასთან, სოციალური გარანტიის დამდგენი ნორმა თავდაპირველად მიღებულ იქნა 2005 წლის მიწურულს, 23 დეკემბერს (იხ. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ), როდესაც უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატების მოსამართლეებს გადადგომის შესახებ განცხადებები უკვე დაწერილი ჰქონდათ და ამის თაობაზე საკანონმდებლო ორგანოსათვის - საქართველოს პარლამენტისათვის, რომელსაც გააჩნდა მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის კომპეტენცია, ცნობილი იყო. ამდენად, სადავო ნორმა 2005 წელს პირადი განცხადების საფუძველზე გადამდგარი ნებისმიერი საკასაციო პალატის (სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატა, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა, ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატა) მოსამართლის მიმართ ვრცელდება, რომელთაც არანაირი სტრუქტურული ცვლილება და არანაირი შტატების შემცირება არ შეხებია. ამდენად, საღი განსჯის პრინციპზე დამყარებული „გონივრული და ობიექტური“ საფუძველი, კანონმდებლის ლეგიტიმური ინტერესი, რომელიც გაამართლებდა 2005 წელს თანამდებობიდან გადამდგარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას სხვა პერიოდში გადამდგარ მოსამართლეებთან შედარებით და ამ უკანასკნელთათვის სოციალური გარანტიების ჩამორთმევას, არ არსებობს. მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დისკრიმინაცია სოციალური დაცვის გარეშე დატოვებით, ყოველგვარი ლეგიტიმური მიზნის გარეშე. გ. არ არის დაცული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებას შორის.ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, არ დგინდება უზენაესი სასამართლოს წევრთა ვიწრო წრის მიმართ, კერძოდ, იმ მოსამართლეთა მიმართ, რომლებმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის 3 წლის ვადის გასვლის შემდეგ დაწერეს განცხადება გადადგომის შესახებ და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისგან განსხვავებით, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილისგან განსხვავებით, არანაირი სოციალური გარანტიით არ არიან უზრუნველყოფილნი, სადავო ნორმის გაუვრცელებლობის ლეგიტიმური მიზანი. შესაბამისად, არ დგინდება არც პროპორციულობა მიზანსა და გამოყენებულ საშუალებას შორის.
3. სადავო ნორმის მიმართება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთანსადავო ნორმა, გარდა იმისა, რომ არსებითად თანასწორ პირებს შორის უთანასწორო მოპყრობას ადგენს, არღვევს სხვა კონსტიტუციურ სიკეთესაც - საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულ საკუთრების უფლებას. კერძოდ, არათანაბარი მოპყრობის შედეგად იზღუდება ჩემი, კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გარანტირებული, საკუთრების შეძენის უფლება, რომელიც პირდაპირ კავშირშია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისგან განსხვავებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის 3 წლის ვადის გასვლის შემდეგ პირადი განცხადების საფუძველზე გადადგომისას სოციალური გარანტიით სარგებლობის შესაძლებლობის ჩამორთმევასთან. სახელმწიფო კომპენსაციის სოციალური უფლება მის სუბიექტს ანიჭებს შესაძლებლობას, მიიღოს მატერიალური სიკეთე პერიოდული (ყოველთვიური) ფულადი შემოსავლის სახით, რაც სახელმწიფო კომპენსაციის სუბიექტს გადაეცემა საკუთრებაში. სოციალური უფლებების ეკონომიკური ბუნებიდან გამომდინარე მატერიალური სიკეთე დაცულია კონსტიტუციის 21-ე მუხლით, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაც ადასტურებს (მაგ.: საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 29 მარტის #2/7/365,371 განჩინება, სადაც განმარტებულია: „სასამართლო მიუთითებს, რომ საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები სოციალური უფლებების კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით კი აღიარებულია საკუთრების საყოველთაო უფლება, რომელიც ადამიანის პირადი უფლებაა. იმავდროულად, მას აქვს ეკონომიკური მხასიათი, ამიტომ რიგი სოციალური უფლებების ხელყოფაზე, ხელყოფის შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება გავრცელდეს კონსტიტუციის 21-ე მუხლის ფარგლები“...). საქართველოს კონსტიტუცია ერთმანეთისაგან გამოყოფს „საკუთრების“, „საკუთრების შეძენის“, „საკუთრების გასხვისების“ და „მემკვიდრეობის“ უფლებებს. დამატებით განსაზღვრავს, რომ ისინი არიან „აღიარებულნი“ და „ხელშეუვალნი“ და რომ მათი, როგორც „საყოველთაო უფლების“ გაუქმება დაუშვებელია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა ადასტურებს, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცავს არა მხოლოდ უკვე შეძენილ საკუთრებას, არამედ სამომავალო საკუთრების უფლებას ანუ უფლებას მის შეძენაზე. სასამართლოს განცხადებით, უკვე არსებული საკუთრების უფლების დაცვა და საკუთრების შეძენის უფლება განსხვავდებიან ერთმანეთისგან ეტაპების მიხედვით. ერთი არეგულირებს საკუთრების უფლებამდე წარმოშობილ ურთიერთობებს, მეორე - შემდგომს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება,II.პ.35). საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით: „საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითიუფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება,II.პ.33). საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის პირველი პუნქტი შესაძლებლობას იძლევა, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთრებაზე დაწესდეს კონტროლი. შესაბამისად, მეორე პუნქტი სახელმწიფოს ნებას რთავს, კანონის შესაბამისად შეზღუდოს საკუთრების უფლება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ისეთი ნორმის არსებობა, რომელიც ზღუდავს საკუთრების უფლების შეძენას, უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან“. ასეთი კატეგორიის არსებობა კი, საბოლოო ჯამში, წარმოადგენს საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის გამართლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლის აზრით, აღნიშული კატეგორია წარმოადგენს საკუთრების უფლების ყველა შესაძლო გამოვლინების შეზღუდვის საფუძველს და ზღვარს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება,II.პ.8). საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის #2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება, II.პ.14–15) გამომდინარეობს: მოქმედება “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის” არ ნიშნავს, რომ ის არის მიმართული მხოლოდ საზოგადოებისათვის გარკვეული და გარდაუვალი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად. კანონმდებელი ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის“ შეიძლება მოქმედებდეს, როდესაც მას ამოძრავებს საზოგადოებისათვის ან მისი ნაწილისათვის დადებითი შედეგების მომტანი მიზნები.“ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი გაურკვეველი რჩება, თუ რა საზოგადოებრივ საჭიროებას შეიძლება ემსახურებოდეს სადავო ნორმა, საზოგადოებისათვის რომელი გარკვეული და გარდაუვალი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა იგი, ან საზოგადოებისათვის ან მისი ნაწილისათვის რა დადებითი შედეგების მომტანი მიზნები შეიძლება ჰქონდეს მას. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის ზემოაღნიშნულ საფუძველს და მას შესაძლო სახელისუფლებო თვითნებობის პრევენციის საშუალებად განიხილავს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის #1/2/384 გადაწყვეტილება,II.პ.9). სწორედაც რომ აუცილებელი საზოგადოების საჭიროების კატეგორიის უგულებელყოფამ გამოიწვია სადავო ნორმის შექმნა და შესაბამისად, კანონმდებლის თვითნებობა. არც ერთი გონივრული არგუმენტი არ არსებობს იმისათვის, რომ სადავო ნორმა რაიმე გზით ადგენს ისეთ სამართლებრივ ურთიერთობებს, რომელიც ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის” არის საჭირო. შესაბამისად, სადავო ნორმით ირღვევა არამხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, არამედ 21-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიც.
|
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა