შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/6/623 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 27 მაისი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი (მომხსენებელი მოსამართლე);
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი - დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს“; 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს“; 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 300 ლარს“; 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი1“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს“; 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ბ“, „ბ.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი - ბახვა ღონღაძე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - თამარ მესხია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №623) მომართა შპს „სადაზღვეო კომპანია უნისონმა“. №623 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2015 წლის 30 იანვარს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა №623 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2015 წლის 2 აპრილს.
3. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 45-ე მუხლი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
4. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს“; 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს“; 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 300 ლარს“; 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი1“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს“; 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ბ“, „ბ.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
5. მოსარჩელემ განმწესრიგებელ სხდომაზე თავისი სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა და უარი თქვა იმ ნაწილში, რომელიც ეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი1“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
6. სადავო ნორმები არეგულირებს სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრის საკითხს. აღნიშნული ნორმების მიხედვით, სასარჩელო მოთხოვნისა და ინსტანციების მიხედვით სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის განსხვავებულია, კერძოდ, კანონმდებელი იურიდიული პირებისთვის აწესებს უფრო მაღალ სახელმწიფო ბაჟს.
7. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ ფიზიკური პირებისგან განსხვავებით, იურიდიული პირების მიერ საერთო სასამართლოებისთვის მიმართვის დროს უფრო მაღალი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაწესება იწვევს ამ უკანასკნელთა მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობას.
8. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლზე დაყრდნობით მოსარჩელე აცხადებს, რომ კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული თანასწორობის ნორმა-პრინციპი, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, ვრცელდება იურიდიულ პირებზე, თუ უფლების ბუნებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. მოსარჩელის განმარტებით, სასამართლოსთვის მიმართვის უფლება გააჩნიათ, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, შესაბამისად, ეს უფლება თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა პირისთვის და იურიდიულ პირს არ უნდა ეკისრებოდეს გაზრდილი ბაჟის გადახდის ტვირთი.
9. მოსარჩელის განმარტებით, შედარებად ჯგუფებს - ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით და ისინი წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები დაუსაბუთებლად ახდენს არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირებას, რაც არღვევს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
10. მოსარჩელე მხარე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაციით, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, იურიდიულ პირებს არათანაზომიერად ეზღუდებათ წვდომა სასამართლოზე, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, ვინაიდან სასამართლოსთვის მისამართავად იურიდიულ პირს მეტი ძალისხმევის გაღება უწევს ხარჯის სახით, ვიდრე ფიზიკურ პირს.
11. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ შეეხება სახელმწიფო ბაჟის ოდენობის გონივრულობის შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და კონსტიტუციის აღნიშნულ მუხლთან სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებას ითხოვს იმდენად, რამდენადაც ის ადგენს ბაჟის განსხვავებულ ოდენობას ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.
12. მოსარჩელის აზრით, ბუნდოვანია სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი, რის გამოც იურიდიულ პირებს საერთო სასამართლოებისთვის მიმართვის დროს უწევთ მაღალი სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამასთან, არ არის გამოყენებული უფლების შეზღუდვის თანაზომიერი საშუალება, შესაბამისად, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი კონსტიტუციის 42-ემუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
13. მოსარჩელე მხარე საკუთარი პოზიციის გასამყარებლად უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაზე, აგრეთვე, სხვა სახელმწიფოთა კანონმდებლობებზე.
14. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოსარჩელის არგუმენტაციას. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ განასხვავებს ფიზიკური და იურიდიული პირების სამოქალაქო უფლებებს და მათთვის განსხვავებული ოდენობის ბაჟის დამდგენი ნორმები კავშირშია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, ეს თავისთავად არ გულისხმობს აღნიშნული მუხლის დარღვევას.
15. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევის დასასაბუთებლად მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ დიფერენცირებულ მოპყრობაზე. მოპასუხის აზრით, სარჩელი წარმოებაში შეიძლება იქნეს მიღებული კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, მაგრამ იგი დაუსაბუთებელია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მიზნებისთვის. თავისი პოზიციის გასამყარებლად იგი მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომაზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს ბაჟის დაწესება სარჩელებთან დაკავშირებით არ შეიძლება per se მიჩნეულ იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლების შეუსაბამო შეზღუდვად.
16. ზემოაღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოპასუხე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის მოთხოვნას და არსებითად განსახილველად არ უნდა იქნეს მიღებული.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „მოსარჩელეს უფლება აქვს შეამციროს მოთხოვნის მოცულობა, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა, აგრეთვე საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა“.
2. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, დავის საგანს წარმოადგენს, მათ შორის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი1“ ქვეპუნქტის სიტყვები „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს“. აღნიშნული ნორმა „საქართველოს სამოქალაქო პროცესში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 19 თებერვლის N3096-IIს საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.
3. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ სარჩელის შემოტანის შემდეგ ზემოაღნიშნული სადავო ნორმა ძალადაკარგულად იქნა ცნობილი, ამასთან სამართალურთიერთობა, რისთვისაც იგი სახელმწიფო ბაჟს ადგენდა, აღარ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე ,მოსარჩელე მხარემ უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილზე, რომელიც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი1“ ქვეპუნქტის სიტყვების „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში არსებობს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შეწყვეტის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისთვის „აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებას შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-1). მოსარჩელემ უნდა მოახდინოს კონსტიტუციური უფლებების სწორი იდენტიფიცირება, რომლებთან მიმართებითაც ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.
5. მოსარჩელი სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ბ“, „ბ.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმების მიხედვით, იურიდიული პირების მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი პირველი ინსტანციის, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს, შესაბამისად, 5000, 7000, 8000 ლარს. მოსარჩელე მიჩნევს, რომ სადავო ნორმები განსაზღვრავს ფიზიკური პირისაგან განსხვავებით მისთვის მეტი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებას, რაც კონსტიტუციის საწინააღმდეგოა.
6. ხსენებული სადავო ნორმები ადგენენ იურიდიული პირის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის მაქსიმალურ ოდენობას სასამართლო ინსტანციების მიხედვით. სადავო ნორმები მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ კანონით დადგენილი წესით გამოთვლილი ბაჟი აღემატება ამავე ნორმებით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას. ეს ნორმები საერთოდ არ წარმოადგენს იურიდიული პირის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოთხოვნის საფუძველს, არამედ განსაზღვრავს იმ მაქსიმალურ ოდენობას, რომელსაც არ უნდა აღემატებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სხვა ნორმების საფუძველზე გამოთვლილი სახელმწიფო ბაჟი. ერთადერთი ზეგავლენა, რომელიც შეიძლება მათ მოსარჩელეზე მოახდინონ, არის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით ხსენებული სადავო ნორმები კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით აღმჭურველი ხასიათისაა.
7. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნორმები ასევე არ იწვევს კონსტიტუციის მე-14 მუხლის შეზღუდვას. კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულია კანონის წინაშე თანასწორობის საყოველთაო პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ კანონით დადგენილი მოპყრობა თანასწორი უნდა იყოს არსებითად თანასწორ პირებს შორის და უთანასწორო - არსებითად უთანასწორო პირების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევაზე იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმის საფუძველზე იგი ჩაყენებულია განსხვავებულ, უარეს რეჟიმში არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართება შეიძლება ჰქონდეს ისეთ საკანონმდებლო ნორმას, რომელიც მოსარჩელეს უზღუდავს რაიმეს ან სხვას აღჭურავს მისგან განსხვავებული უფლებით, რის საფუძველზეც, იგი ექცევა უთანასწორო რეჟიმში. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმამ მოსარჩელის მიმართ შეიძლება მხოლოდ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის მოცულობის შემცირება გამოიწვიოს. შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს ნორმას, რომელიც მოსარჩელეს რაიმეს უზღუდავს, რაიმე უფლებას ართმევს. ამავე დროს, აღნიშნული სადავო ნორმები არ ადგენენ ფიზიკური პირების მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის მაქსიმალურ ოდენობას, რომელიც იქნებოდა იურიდიული პირებისთვის განსაზღვრულ ოდენობაზე ნაკლები. შესაბამისად, აღნიშნული სადავო ნორმები არ განაპირობებს მოსარჩელის დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას.
8. უდავოა, რომ სახელმწიფო ბაჟის მაქსიმუმის განსაზღვრის თვალსაზრისით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსხვავებულ უფლებებს ადგენს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, ფიზიკური პირები აღჭურვილი არიან უკეთესი უფლებით, რაც შეიძლება დიფერენცირებულ მდგომარეობადაც იქნეს განხილული, თუმცა კანონის აღნიშნული მოპყრობა დამოუკიდებლად არ გამომდინარეობს სადავო ნორმებიდან. მოსარჩელე მიჩნევს, რომ დიფერენცირება განპირობებულია ფიზიკური პირებისათვის შედარებით დაბალი ზღვრული ოდენობის სახელმწიფო ბაჟის დაწესებით იურიდულ პირებთან შედარებით. მაგალითად, პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს, მაშინ როდესაც იურიდიული პირისათვის დადგენილი ბაჟის ზღვრული ოდენობა 5000 ლარია. იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს აღნიშნული დიფერენცირებული მოპყრობის კონსტიტუციურობის საკითხზე, საჭიროა, მოსარჩელემ სადავოდ გახადოს კანონმდებლობის ის ნორმა, რომელიც დიფერენცირებას განაპირობებს და რომლის არაკონსტიტუციურად ცნობაც მოსარჩელის პრობლემის აღმოფხვრას იწვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სადავოდ უნდა გახადოს ის წესი, რომელიც ფიზიკურ პირებს უკეთეს მდგომარეობაში აყენებს იურიდიულ პირებთან შედარებით და მათთვის სახელმწიფო ბაჟის შედარებით დაბალ ზღვრულ ოდენობას ადგენს. სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში აღარ იარსებებს იურიდიული პირების მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის მაქსიმუმის განმსაზღვრელი ნორმა, რასაც მათი უფლებების თვალსაზრისით მხოლოდ უარყოფითი ეფექტი ექნება და მოსარჩელის მიერ მითითებული დიფერენცირებული მოპყრობის ინტენსივობას მხოლოდ გაზრდის. აშკარაა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ბ“, „ბ.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის მიერ ამ სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას. ხსენებულ ნორმებს მოსარჩელის მიმართ შემზღუდავი ეფექტი არ გააჩნია. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ბ“, „ბ.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
9. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვებს: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს“, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის სიტყვებს: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს“, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 300 ლარს“ შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმები ადგენს გაზრდილ სახელმწიფო ბაჟს იურიდიული პირებისთვის, ამასთან, „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე და 47-ე მუხლებით გათვალისწინებულია მხოლოდ ფიზიკური პირების ბაჟისაგან გათავისუფლების საფუძვლები. მიუხედავად იმისა, რომ 47-ე მუხლს საერთო სასამართლოები ფართოდ განმარტავენ და მოქალაქეში გულისხმობენ იურიდიულ პირებსაც, თუმცა 47-ე მუხლის გამოყენება იურიდიულ პირებთან მიმართებით არასოდეს ხდება და ნებისმიერ შემთხვევაში ისინი სახელმწიფო ბაჟს იხდიან, მოსარჩელის განცხადებით, აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისას იურიდიულ პირს უწევს მეტი ხარჯის გაღება ლეგიტიმური მიზნის გარეშე. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის განსხვავებული სახელმწიფო ბაჟის დადგენა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას განაპირობებს. თუმცა, ამავე დროს, აღნიშნავს, რომ სარჩელში სადავოდ არ ხდის იურიდიული პირებისათვის სადავო ნორმებით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის გონივრულობის საკითხს. მოსარჩელე ასევე არ ასაბუთებს, რატომ ზღუდავს სადავო ნორმების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის დადგენა კონსტიტუციის 42-ე მუხლს, იგი არ მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბაჟის დადგენილი ოდენობა სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზების გაუმართლებელ შეზღუდვას წარმოადგენს ან იმ ტიპის ბარიერია, რომელიც მას უფლების რეალიზებაში გაუმართლებლად უშლის ხელს. კონსტიტუციის 42-ე მუხლთან მიმართებით მოსარჩელის არგუმენტაცია უკავშირდება მხოლოდ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის განსხვავებული ბაჟის დადგენის ფაქტს, რაც სადავო ნორმის კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებას ასაბუთებს და არა კონსტიტუციის 42-ე მუხლთან. სასარჩელო არგუმენტაცია მთლიანად მიმართულია ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობის დასაბუთებისაკენ, მოსარჩელე არ უთითებს არც ერთ არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უშლის ხელს დიფერენცირებული რეჟიმი იურიდული პირების მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებას. სარჩელში არ გვხვდება დასაბუთება იმასთან დაკავშირებით, რომ განხვავებული ოდენობის სახელმწიფო ბაჟის დადგენამ რაიმენაირად შეიძლება გამოიწვიოს იურიდიული პირების მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება და ნაკლებად ეფექტური გახადოს იგი.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი №623, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს“, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს“, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 300 ლარს“ შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს საქმის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სხვა მხრივ, №623 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13, მე–16 და მე–18 მუხლების, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის და 22–ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30–ე და 31–ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №623 კონსტიტუციური სარჩელი (შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებასა ქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს“, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს“, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 300 ლარს“ შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №623 კონსტიტუციური სარჩელი (შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ბ“, „ბ.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
ბ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს“, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს“, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 300 ლარს“ შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. შეწყდეს საქმე №623 კონსტიტუციურ სარჩელზე (შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი1“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს“ შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი