შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 623 |
ავტორ(ებ)ი | შპს "უნისონი" |
თარიღი | 29 იანვარი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
შპს სადაზღვევო კომპანია ,,უნისონი", როგორც იურიდიული პირი, დაფუძნდა 2011 წელს. შესაბამისად, მას ფიზიკური პირებისგან განსხვავებით გარკვეულ შემთხვევებში სასამართლოსათვის მიმართვის დროს უწევს მეტი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის თანხის გადახდა, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს კომპანიის უფლებებს და ინტერსებს. ამასთან, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არმიღების სხვა საფუძვლები. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმებით იურიდიული პირების მიმართ ფიზიკურ პირებთან მიმართებაში ხდება განსხვავებული მოპყრობა, კერძოდ იურიდიული პირები სადაო ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში იხდიან უფრო მაღალ სახელმწიფო ბაჟს საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის დროს, ვიდრე ფიზიკური პირები, რაც მიგვაჩნია არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის 1-ლ ნაწილთან მიმართებაში. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. უფლებრივი თანასწორობა და სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თანაბრად ხელმისაწვდომი უფლებები უნდა იყოს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისათვის. სადავო ნორმებით არ ხდება აღნიშნული უფლებების ჩამორთმევა იურიდიული პირებისათვის, თუმცა ხდება გაუმართლებელი შეზღუდვა. ზოგადად, დაუშვებელია სახ. ბაჟის გადახდის ვალდებულების დაკისრება ბიუჯეტის შევსების წყარო იყოს. ბაჟის იდეაა, არ დაუშვას უსაფუძვლო სარჩელების ზრდა, ხელი შეუწყოს მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულებას და მოახდინოს მხარეების სტიმულირება მოსარიგებლად. შესაბამისად, თუ კანონმდებლის გათვლა სადავო ნორმების მიღების დროს ის იყო, რომ იურიდიულ პირებს, როგორც მოგებაზე ორიენტირებულ სუბიექტებს, უფრო მაღალი ბიუჯეტი აქვთ, ან უნდა ჰქონდეთ, არასწორია, ვინაიდან სახ. ბაჟის დანიშნულება ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ბიუჯეტის შევსების თვითმიზანი. ამდენად, დიფერენცირებული მოპყრობა ამ მხრივაც პრობლემურია.
სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან:საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის შესაბამისად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. აღნიშნული თანასწორობის ნორმა-პრინციპი შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით ვრცელდება იურიდიულ პირებზე, თუ აღნიშნული უფლება თავისი ბუნებიდან გამომდინარე არ შეიძლება დამახასიათებელი იყოს მხოლოდ ინდივიდისთვის, ადამიანისთვის. სამოქალაქო სამართლისათვის დამახასიათებელია მისი მონაწილეთა სრული თანასწორობა და დამოუკიდებლობა. ურთიერთობის მონაწილეთა სამართლებრივი მდგომარეობის აუცილებელი წანამძღვარია თითოეული მათგანის იურიდიული დამოუკიდებლობა, ავტონომია, რაც ემყარება მათ ქონებრივ განცალკევებულობას. სამართლებრივი თვალსაზრისით, თანასწორნი არიან როგორც ცალკეული ფიზიკური პირები, ისე მათი გაერთიანებები, იურიდიული პირები. სამოქალაქო სამართლებრივი რეგულირების მეთოდი ერთმანეთთან ათანაბრებს იურიდიულად, ეკონომიურად თუ სოციალურად ძლიერ და სუსტ მხარეს. ეს იურიდიული თანასწორობა არ ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ თანაბარი სამოქალაქო უფლებები. ის გულისხმობს, რომ ამ უფლების მატარებელნი თანაბარნი არიან ამ უფლების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტის პროცესში. ისინი თანაბარნი არიან სამოქალაქო კანონმდებლობის, სასამართლოს წინაშე, მიუხედავად იმისა, თუ როგორი მატერიალური ან სოციალური მდგომარეობა აქვთ. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტთა თანასწორობა სამოქალაქო სამართლის წამყვანი პრინციპია. მთლიანობაში სამოქალაქო სამართალი აგებულია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტთა თანასწორობაზე, მიუხედავად იმისა, სუბიექტად გვევლინება ფიზიკური პირი, იურიდიული პირი თუ სახელმწიფო. აღნიშნული პრინციპი თანაბრად უნდა გავრცელდეს როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებზე სახ. ბაჟის განაკვეთების დადგენის დროს. იმის შესაფასებლად, არის თუ არა უფლების შეზღუდვა გამართლებული, უნდა გაირკვეს არის თუ არა შეზღუდვა კანონით განსაზღვრული, ემსახურება თუ არა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას და ამავდროულად არის თუ არა მიზნის მიღწევის ერთადერთი და პროპორციული ზომა. კანონმდებელი უნდა იცავდეს თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს. მის მიერ დასახული მიზნის მიღწევა უნდა მოხდეს ყველაზე უმტკივნეულო, აუცილებელი და სამართლებრივად ვარგისი საშუალებით. ვარგისიანობა და აუცილებლობა განაპირობებს არჩეული საშუალების ნამდვილობას. იურიდიული პირებისადმი დიფერენცირებული მოპყრობის მოტივი სადავო ნორმებიდან გამომდინარე ბუნდოვანია. ბუნდოვანია ასევე კანონმდებლის მიზანი, თუ რა კრიტერიუმით იქნა შერჩეული, რომ მაგ. სარჩელზე ორივე სუბიექტი - როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, იხდის თანაბარ ბაჟს, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფაზე განსხვავებულს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული პირი შესაძლებელია საერთოდ არ იყოს მოგებაზე ორიენტირებული საზოგადოება, მას გააჩნდეს მკაცრად საქველმოქმედო მიზნები და მისი ბიუჯეტი აპრიორულად მაღალი შემოსავლის მქონედ არ შეიძლება ჩაითვალოს. რაც შეეხება მოგებაზე ორიენტირებულ წარმონაქმნებს, როგორიცაა მოსარჩელე, სახელმწიფოს კონსტიტუციურად (კონსტიტუციის 30-ე მუხლი) აქვს აღებული იმის ვალდებულება, რომ ხელი შეუწყოს მეწარმეობას. მაღალი სახ. ბაჟის განაკვეთების დაწესება თავის თავში არ გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელის შეშლას, თუმცა იგი უნდა იყოს გონივრული და დაუშვებელია ამ კუთხით იურიდიული და ფიზიკური პირების დიფერენცირება. ,,მეწარმეთა ბაზრიდან განდევნა საფრთხეს უქმნის სამართლებრივი წესრიგისადმი სანდოობას. რაგინდ კეთილსინდისიერი მიზანიც არ უნდა ამოძრავებდეს სახელმწიფოს საკანონმდებლო ნოვაციების შემოსაღებად, არ უნდა დაირღვეს ნდობის კონსტიტუციური პრინციპი, როგორც სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელიც სამოქალაქო ურთიერთობათა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუცია სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/2/411, II-21). ადამიანის უფლებათა ევროპული კონცენციის მე-14 მუხლი კრძალავს ყოველგვარ დისკრიმინაციას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, ,,მე-14 მუხლის მიზნებისათვის ქმედება დისკრიმინაციულია, თუ მას არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება, არ აქვს ლეგიტიმური მიზანი ან არ არის დაცული გონივრული ბალანსი გამოყენებულ საშუალებას და მისაღწევ მიზანს შორის (სხვა დანარჩენთან ერთად იხ. Karlheinz Schmidt v. Germany, 18 July, 1994, პარ. #32-33). მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია სხვა ქვეყნების კანონმდებლობა აღნიშნული საკითხის რეგულირების კუთხით. აღსანიშნავია, რომ ერთგვაროვანი მიდგომა არ გააჩნიათ სხვადასხვა ქვეყნებს, მაგ. თუ ესპანეთში, ინგლისში და ახალ ზელანდიაში ერთი და იგივე განაკვეთებია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სასამართლოსათვის მისამართად, განსხვავებული ტარიფებია დადგენილი კანადაში, გერმანიაში და რუსეთში. მიუხედავად ამისა, სადავო ნორმები შეფასებადია საქართველოში არსებული სამართლებრივი სისტემიდან, თანასწორობის და სამართლიანი სასამართლოს უფლების გამოყენებიდან გამომდინარე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებული იქნა, რომ: ,,კონსტიტუციის მე-14 მუხლი წარმოადგენს თანასწორობის იდეის ნორმატიულ გამოხატულებას - კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას (2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ,,ახალი მემარჯვენეები და ,,საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). ცხადია, რომ სადავო ნორმების შესაბამისად მოსარჩელეს არ აქვს სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობები ფიზიკურ პირებთან მიმართებაში. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,მოცემული კონსტიტუციური დებულების მიზანია არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა და პირიქით (საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება, II-2). სადავო ნორმებით გათვალისწინებული რეგულირების ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირები უნდა ჩაითვალონ არსებითად თანასწორებად, ვინაიდან სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა სამართლებრივი მდგომარეობის, სტატუსის მიხედვით, დაუშვებელია. შესაბამისად, არ იკვეთება კანონმდებლის დასაშვები და ვარგისი მიზანი დიფერენცირებული რეგულირების შემოსაღებად. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ შემოიფარგლება მხოლოდ მასში არსებული ჩამონათვალით და თვითმიზნურ დიფერენცირებას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მოპყრობის სხვა ფორმის გამოც. ,,კონსტიტუციის აღნიშნული დებულების მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა... მხოლოდ ვიწრო გრამატიკული განმარტება გამოფიტავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და დააკნინებდა მის მნიშვნელობას სამართლებრივ სივრცეში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის #2/1-392 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-2). ,,თანასწორობის უფლების შინაარსის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის კონსტიტუციურობას განსხვავებულად აფასებს. ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას.... სხვა შემთხვევაში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ,,ახალი მემარჯვენეები" და ,,საქართველოს კონსერვატიული პარტია" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-15). შესაბამისად, სასამართლო იყენებს ორგვარ - რაციონალური დიფერენცირებისა და მკაცრი შეფასების ტესტს, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის მიხედვით, მიუხედავად იმისა, კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულია თუ არა შესაბამისი ნიშანი. მოცემულ შემთხვევაში, ჩვენი აზრით, არ არსებობს ლეგიტიმური საჯარო მიზანი, რაც გაამართლებდა ფიზიკური პირისგან განსხვავებით გაზრდილი სახ. ბაჟის თანხის გადახდას. ასევე არ იკვეთება შეზღუდვის საჭიროება ან აუცილებლობა, ამასთან დიფერენცირებული სახ. ბაჟის განაკვეთის დაწესების საჭიროება ან აუცილებლობა არ შეიძლება იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების მოტივი, რადგან თავად სახელმწიფო ბაჟის იურიდიული ბუნება არაა შემხებლობაში ბიუჯეტის შევსებასთან. ასევე მოცემულ შემთხვევაში ჩარევა ინტენსიურია, რადგან იურიდიულ პირებთან მიმართებაში კანონმდებელი სადავო ნორმებით ნებისმიერ შემთხვევაში ფიზიკური პირებისგან განსხვავებით გაზრდილი სახ. ბაჟის გადახდას ითხოვს. ამდენად, სადავო ნორმების შეფასება უნდა მოხდეს მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენებით.
სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ ნაწილთან:,,საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სასამართლო დაცვის ძირითადი უფლება ფორმალურად სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას ნიშნავს, ხოლო შინაარსობრივად - ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას. სრულყოფილი დაცვა კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კანონმდებლის ვალდებულებას, შექმნას ისეთი ნორმატიული წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებას დროულ, სამართლიან და ეფექტიან სასამართლოზე, რათა პირმა სრულყოფილად შეძლოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სასამართლოსადმი მიმართვის გზით (საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბერის გადაწყვეტილება ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. II-4). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ,,უფლება სამართლიან სასამართლოზე არ არის აბსოლუტური. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. ამასთანავე, სამართლიან სასამართლოზე უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა უნდა დაიცვას გონივრული ბალანსი შეზღუდვის გამოყენებულ საშუალებებსა და კანონიერ მიზანს შორის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის N2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). სადავო ნორმების რეგულირების ფარგლებში იურიდიულ პირებს არათანაზომიერად ეზღუდებათ წვდომა სასამართლოზე, ფიზიკურ პირებთან მიმართებაში. ამდენად, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია სამართლიანი სასამართლო უფლების კონტექსტშიც, ვინაიდან სასამართლოსათვის მისამართად იურიდიულ პირს უწევს მეტი ძალისხმევის, ხარჯის სახით, გაღება, ვიდრე ფიზიკურ პირს, ამასთან, აღნიშნულ შეზღუდვას არ აქვს ლეგიტიმური საფუძველი. „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდ 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სამართლიან სასამართლოზე წვდომის შეზღუდვის თანაზომიერი და დასაშვები საშუალება, არ ჩანს კანონმდებლის ის დაუძლეველი და ლეგიტიმური მიზანი, რის გამოც იურიდიულ პირებს უწევთ გაზრდილი სახ. ბაჟის თანხის გადახდა საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის დროს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა