საქართველოს მოქალაქე თამაზ გოგალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/1/624 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 22 სექტემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 სექტემბერი 2016 16:04 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: „საქართველოს მოქალაქე - თამაზ გოგალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე - მოსარჩელის წარმომადგენელი გულიკო გოგალაძე; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი თამარ მესხია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 30 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №624) მომართა საქართველოს მოქალაქე თამაზ გოგალაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2015 წლის 2 თებერვალს. №624 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 3 აპრილს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2015 წლის 3 აპრილის №2/1/624 საოქმო ჩანაწერით №624 კონსტიტუციური სარჩელი მიიღო არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. საქმის არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა 2016 წლის 9 მარტს.
3. №624 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. „სახელწმიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს 2014 წლის 19 მარტის (N2112-IIს) კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ა“, „თ“ ან „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისას პროკურატურის მუშაკთათვის კომპენსაციის დანიშვნის საჭირო მოთხოვნებსა და კომპენსაციის გაანგარიშების წესს. კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისთვის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის სადავო მეორე წინადადების თანახმად, „კომპენსაციის ოდენობაა დათხოვნის მომენტისათვის პროკურატურის მუშაკის თანამდებობრივი სარგოს 1,5%-ისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში მუშაობის სტაჟის ნამრავლის 80%“.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს პროკურატურის ყოფილ მუშაკს, რომელიც 2004 წლის 11 ივნისს პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა საქართველოს გენერალური პროკურატურის აპარატის კანცელარიის უფროსის თანამდებობიდან. გათავისუფლების დროისათვის მისი მუშაობის სტაჟმა შეადგინა 23 წელი.
7. მოსარჩელის მითითებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართეველოს კანონში 2014 წლის 22 აპრილს კანონში შესული ცვლილების შედეგად, მე-9 მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ა“, „თ“ ან „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისას პროკურატურის მუშაკთათვის კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო მოთხოვნები და კომპენსაციის გაანგარიშების წესი.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ 2014 წლის მაისის თვეში სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს. მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა, თუმცა, რადგან სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშება ხდება დათხოვნის მომენტისათვის პროკურატურის მუშაკის თანამდებობრივი სარგოს მიხედვით, მოსარჩელის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობამ შეადგინა 142 ლარი, რაც ნაკლებია სახელმწიფო პენსიაზე.
9. მოსარჩელის განმარტებით, სადავო წესის დისკრიმინაციულობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ კომპენსაციის გამოთვლა ხდება პროკურატურის მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების დროს არსებულ თანამდებობრივ სარგოზე დაყრდნობით. იგი უთითებს, რომ დათხოვნის მომენტისათვის მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 520 ლარს, რაც ბევრად ჩამორჩება ანალოგიურ თანამდებობაზე დღეს არსებულ თანამდებობრივ სარგოს. შესაბამისად, მნიშვნელოვნად განსხვავებულია თითოეულის კუთვნილი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობაც, რაც იწვევს ერთსა და იმავე თანამდებობაზე მყოფ, მაგრამ სხვადასხვა დროს დათხოვნილ პროკურატურის მუშაკთა გაუმართლებელ დიფერენცირებას.
10. მოსარჩელის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით იმპერატიულადაა აღიარებული და დაცული ყველა ადამიანის თავისუფლება და კანონის წინაშე თანასწორობა. უფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხაზს უსვამს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, მათ შორის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი.
11. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის თავად „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულ სამართლიანობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპთან.
12. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის დამატებით არგუმენტად წარმოადგინა 2015 წლის 27 ნოემბრის საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აღნიშნული ცვლილებით დადგინდა კომპენსაციის ოდენობის გამოთვლის ახალი წესი. მოსარჩელე მხარემ განაცხადა, რომ მოქმედ ნორმასთან არაკონსტიტუციურობის პრობლემა არ გააჩნდა.
13. მოპასუხე მხარის მითითებით, სადავო ნორმა შეიცვალა და ახლებურად ჩამოყალიბდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ 2015 წლის 27 ნოემბრის (N 4579-Iს) საქართველოს კანონით. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის მე–3 პუნქტის მოქმედი რედაქციის მიხედვით, „„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ა“, „თ“ ან „ი“ (მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში არჩევის ან დანიშვნის დროს) ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პროკურატურიდან დათხოვნილ პროკურატურის მუშაკს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში/ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში – არანაკლებ 4 წლის სტაჟი). ამ კომპენსაციის ოდენობა არის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი კომპენსაციის 80%“. შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციის გამოთვლა აღარ არის დამოკიდებული არც დათხოვნის მომენტისთვის პროკურატურის მუშაკის თანამდებობრივი სარგოს ოდენობაზე, არც მოქმედი პროკურატურის მუშაკის თანამდებობრივი სარგოს ოდენობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის აზრით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა შეწყდეს სამართალწარმოება №624 კონსტიტუციურ სარჩელზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე სადავოდ ხდის „სახელწმიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმა ადგენს პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისას პროკურატურის მუშაკთათვის კომპენსაციის ოდენობის გამოთვლის წესს.
2. მოსარჩელე აღნიშნულ ნორმას ასაჩივრებს, რადგან მიიჩნევს, რომ ის იწვევს ერთსა და იმავე თანამდებობაზე მყოფ, მაგრამ სხვადასხვა დროს დათხოვნილ პროკურატურის მუშაკთა გაუმართლებელ დიფერენცირებას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის დისკრიმინაციულობას განაპირობებს კომპენსაციის გამოთვლა პროკურატურის მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების დროს არსებულ თანამდებობრივ სარგოზე დაყრდნობით.
3. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდგომ „სახელწმიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს 2014 წლის 19 მარტის (N2112-IIს) კანონი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ 2015 წლის 27 ნოემბრის (N 4579-Iს) საქართველოს კანონით ცვლილების შეტანის თაობაზე. აღნიშნული ცვლილებით დადგინდა კომპენსაციის ოდენობის გამოთვლის ახალი წესი. კერძოდ, „ამ კომპენსაციის ოდენობა არის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი კომპენსაციის 80%“. პირველი მუხლის თანახმად კი, ამ კომპენსაციის ოდენობა არის უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 20%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი; უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 15%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი; საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 10%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი.
4. ხსენებულიდან გამომდინარე, კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად კომპენსაციის გამოთვლა აღარ არის დამოკიდებული პროკურატურის მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების დროს არსებულ თანამდებობრივი სარგოს ოდენობაზე და არც მოქმედი პროკურატურის მუშაკის თანამდებობრივი სარგოს ოდენობაზე. შესაბამისად, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელსაც მოსარჩელე პრობლემურად მიიჩნევდა აღარ არსებობს, იგი ერთნაირი წოდების მქონე პირთათვის არ აწესებს განსხვავებულ საკომპენსაციო თანხას.
5. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. ამავდროულად, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად.
6. ვინაიდან სახელწმიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების სადავო შინაარსი ძალადაკარგულია სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმეობა, განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ „მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“. მოცემულ შემთხვევაში არსებითად შეიცვალა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმის შინაარსი. კანონმდებლობა აღარ შეიცავს იმგვარ შეზღუდვას, რომელიც, მოსარჩელის აზრით, განაპირობებდა მასა და მის მდგომარეობაში მყოფ პირთა შორის დისკრიმინაციულ მოპყრობას. კომპენსაციის განსხვავებული თანხის ოდენობის მიღების საკანონმდებლო წყარო აღარ არსებობს და მოსარჩელის მოთხოვნა დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე უზრუნველყოფილია მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისად, არ არსებობს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასების ისეთი ინტერესი, რომელიც „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში სამართალწარმოების გასაგრძელებლად. შესაბამისად, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №624 კონსტიტუციურ სარჩლზე საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის,39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, 45-ე მუხლის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. შეწყდეს საქმე №624 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქე თამაზ გოგალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3.განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი