სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/5/552 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 20 სექტემბერი 2013 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
2. ვახტანგ გვარამია – წევრი;
3. მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი:
ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება:
სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 47-ე ნაწილისა და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (დოკუმენტის ნომერი: 6211-რს, 15/05/2012) მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის პირველ მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №552) მიმართა სს „ლიბერთი ბანკმა“. №552 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2013 წლის 4 მარტს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2013 წლის 5 აგვისტოს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 47-ე ნაწილისა და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (დოკუმენტის ნომერი: 6211-რს, 15/05/2012) მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 47-ე ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 122-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადის მოქმედება ვრცელდება 2010 წელს და მის შემდგომ წლებში წარმოქმნილ ზარალზე. საგადასახადო კოდექსის 121-ე მუხლის მე-4 ნაწილი კი ადგენს, რომ იურიდიული პირის მიმართ გამოქვითვების გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე გადაიტანება 5 წლამდე ვადით და დაიფარება მომავალი პერიოდების ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტების ხარჯზე. ამავდროულად, 122-ე მუხლი განსაზღვრავს ზარალის გადატანის 5 წლიანი ვადის ზარალის გადატანის 10 წლიანი ვადით შეცვლის შესაძლებლობას, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის მიმართვის საფუძველზე ხორციელდება.
5. საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (დოკუმენტის ნომერი: 6211-რს, 15/05/2012) მე-2 მუხლის მე-4 ნაწილი განსაზღვრავს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 47-ე ნაწილის 2011 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელების შესაძლებლობას. კერძოდ, აღნიშნული სადავო ნორმის მიხედვით, „ამ კანონის პირველი მუხლის 51-ე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 47-ე ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე“.
6. მოსარჩელე მხარე სარჩელში მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, 2012 წლის მაისში, 2011 წლის პირველი იანვრიდან გადასახადის გადამხდელის უფლება, წარმოშობილი ზარალი გადაიტანოს 10 წლის ვადით, რეტროაქტიულად გაუქმდა. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული დანაწესი აუარესებს გადასახადის გადამხდელის მდგომარეობას, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელს სადავო ნორმების მიღებამდე გამოყენებული ჰქონდა ზემოაღნიშნული უფლება. სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ნორმების რეტროაქტიულად ამოქმედების შედეგად, გადამხდელის კანონის მიღებამდე ჩადენილი კანონიერი ქმედება განიხილება საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე, 272-ე ან/და 291-ე მუხლებით დადგენილი პასუხისმგებლობა.
7. მოსარჩელე მხარის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადება ცალსახად ადგენს, რომ კანონს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოს უკუძალა, თუ იგი ამსუბუქებს ან აუქმებს პასუხისმგებლობას. კანონის უკუძალის აკრძალვით, კონსტიტუცია იძლევა იმის გარანტიას, რომ სამართლის სუბიექტები დაცული იქნებიან კანონის მოქმედების შედეგად გამოწვეული უარყოფითი შედეგებისაგან. ამასთან, მოსარჩელე უთითებს, რომ კანონის უკუძალა ნამდვილია, თუ კანონის მოქმედება ვრცელდება და იწვევს წარსულში მომხდარი სამართლებრივი ურთიერთობების შედეგების შეცვლას. მისი აზრით, სადავო ნორმების საფუძველზე უარესდება გადასახადის გადამხდელთა სამართლებრივი მდგომარეობა წარსულში მომხდარ სამართლებრივ ურთიერთობებთან მიმართებით. ამავე დროს, მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ 2011 წლის მდგომარეობით სს „ლიბერთი ბანკს“ გააჩნდა 5 წელზე მეტი ხნით ადრე წარმოშობილი ზიანი, რომლის გამოქვითვის მიზნით, მან მიმართა საგადასახადო ორგანოს და მოითხოვა ზარალის გადატანის 5 წლიანი ვადის 10 წლიანი ვადით შეცვლა. მისი აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა არც საგადასახადო ორგანოს და არც სასამართლოს მიერ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების უკუძალით გამოყენების შედეგად, მან განიცადა მნიშვნელოვანი ზიანი და ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. `კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის #1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). N552 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 47-ე ნაწილის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ვალდებულია, სარჩელში მიუთითოს სათანადო არგუმენტაცია, რომლის საფუძველზეც დაასაბუთებს, რომ სადავო ნორმით მის მიმართ დადგენილია შეზღუდვა, რომელიც შინაარსით მიემართება კონსტიტუციის ზემოხსენებულ დებულებას.
2. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 47-ე ნაწილის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს ამ ნორმის უკუძალით გამოყენების შესაძლებლობა. კერძოდ, იგი მიუთითებს, რომ კანონის აღნიშნული დებულება აუარესებს, მისი როგორც გადასახადის გადამხდელის მდგომარეობას იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან მიმართებით, რომელიც სადავო ნორმის მიღებამდე განხორციელდა. მოსარჩელე უთითებს, რომ ეს სადავო ნორმა წარმოადგენს მის ამოქმედებამდე განხორციელებული კანონის შესაბამისი ქმედებებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 47-ე ნაწილის თანახმად: „ამ კოდექსის 122-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადის მოქმედება ვრცელდება 2010 წელს და მის შემდგომ წლებში წარმოქმნილ ზარალზე“. აღნიშნული ნორმა, ისევე როგორც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 122-ე მუხლი, არეგულირებს დასაბეგრი მოგების გამოთვლის წესს. სადავო ნორმა აწესებს 2010 წლამდე წარმოშობილი ზარალის გამოქვითვის შეზღუდვას, ამავე დროს მასში არ გვხვდება რაიმე დანაწესი ნორმის მოქმედების წარსულ ურთიერთობებზე გავრცელების შესახებ.
3. დასაბეგრი მოგების გამოთვლა და, შესაბამისად, გადასახადის გადახდა ხდება საანგარიშო წლის დასრულების შემდეგ, მომდევნო წლის პირველ აპრილამდე. საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, 2012 წლის მაისში მიღებული ნორმა უკუძალით გამოყენების შესახებ ამავე კანონში არსებული სპეციალური მითითების გარეშე ვერ მოაწესრიგებს ნორმის ამოქმედებამდე არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი არაორაზროვნად მიუთითებს, რომ „ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით“. შესაბამისად, კანონში არსებული სპეციალური მითითების გარეშე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 47-ე პუნქტი ვერ გავრცელდება 2011 საგადასახადო წლისათვის დასაბეგრი მოგების გამოთვლაზე. ხოლო 2012 წლისათვის დასაბეგრი მოგების გამოთვლა კი უკვე სადავო ნორმის ამოქმედების შემდეგ ხდება, ანუ ისეთ სამართლებრივ ურთიერთობას განეკუთვნება, რომელიც სადავო ნორმის მიღების შემდეგ ხორციელდება.
4. კანონის უკუძალით გამოყენების აკრძალვის კონსტიტუციური დანაწესი არ უკრძალავს კანონმდებელს ამა თუ იმ საკითხის ახლებურად მოწესრიგებას. კანონის ცვლილება ხშირ შემთხვევაში თავის თავში მოიაზრებს სახელმწიფოსა თუ კერძო პირების გარკვეული უფლება-მოვალეობების შეცვლას. ახალი კანონი შეიძლება ადგენდეს პირთა გარკვეულ უფლებებსა თუ კანონიერ ინტერესებს, ისევე როგორც ახდენდეს მათი ქცევის თავისუფლების შეზღუდვას ან/და გარკვეული ვალდებულების დაკისრებას. თითოეული აღნიშნული შემთხვევა, რა თქმა უნდა, ვერ ჩაითვლება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი უფლების შეზღუდვად. კონსტიტუციის მიზნებისათვის კანონის უკუძალით გამოყენება სახეზეა მაშინ, როდესაც ესა თუ ის ნორმა აწესრიგებს ნორმის ამოქმედებამდე არსებულ ურთიერთობებს, ანუ სამართლებრივ შედეგებს აყენებს იმ ქმედებებთან თუ მოვლენებთან მიმართებით, რომლებიც წარსულში განხორციელდა. კანონის უკუძალით გამოყენების აკრძალვის კონსტიტუციური პრინციპი არ ზღუდავს სახელმწიფოს ახალი კანონით მისი ამოქმედების შემდგომი პერიოდისათვის დაადგინოს განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი, რომელმაც შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის სახელწიფოს მიმართ ვალდებულებები გაზარდოს ან შეამციროს.
5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 47-ე ნაწილი არეგულირებს იმ სამართლებრივ ურთიერთობებს, რომლებიც მისი ამოქმედების შემდეგ განვითარდა/განვითარდება და იგი თავის თავში არ მოიაზრებს კანონის უკუძალის გამოყენებას გადასახადის გადამხდელთა საზიანოდ. 2012 წლის მაისში მიღებული კანონის 2011 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობის ურთიერთობებზე გავრცელების საკითხი დადგენილია არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 47-ე ნაწილით, არამედ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (დოკუმენტის ნომერი: 6211-რს, 15/05/2012) მე-2 მუხლის მე-4 ნაწილით. შესაბამისად, მოსარჩელის არგუმენტაცია სადავო ნორმის საფუძველზე, მის ამოქმედებამდე დასრულებული სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების შესახებ გამოსადეგია მხოლოდ აღნიშნული სადავო ნორმის კონსტიტუციის 42-ე მუხლთან მიმართების არსებობის დასასაბუთებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 47-ე ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში სახეზეა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ N552 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლის პირველი პუნტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის და მე-18 მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი N552 (სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (დოკუმენტის ნომერი: 6211-რს, 15/05/2012) მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი N552 (სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 47-ე ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ვახტანგ გვარამია
მაია კოპალეიშვილი