საქართველოს მოქალაქე გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | №1/11/657 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 17 ივნისი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 ივნისი 2016 19:10 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 20 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №657) მიმართა საქართველოს მოქალაქე გიორგი ფუტკარაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 21 ივლისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 17 ივნისს.
2. №657 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით“. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განმტკიცებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება, ცენზურის დაუშვებლობა, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის აკრძალვა, ხოლო მე-4 პუნქტში მოცემულია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება ადგენს, რომ „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, პორნოგრაფიული ნაწარმოების ან გამოსახულების უკანონოდ გავრცელებისთვის. 2015 წლის 28 აპრილის პროკურორის დადგენილების თანახმად, მოსარჩელე მის სახელზე რეგისტრირებულ ვებსაიტებზე 2011 წლიდან 2015 წლამდე უკანონოდ ტვირთავდა პორნოგრაფიული ხასიათის მასალას, რაც ხელმისაწვდომი იყო საიტის მომხმარებლებისთვის.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა ბუნდოვანია და ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის პრინციპის მოთხოვნებს. მისი მოსაზრებით, საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს პორნოგრაფიის ცნებას, ხოლო მისი გაიგივების შესაძლებლობას უხამსობასთან, სექსუალურ აქტთან ან რაიმე სხვა ტერმინთან, ბუნდოვანების საფრთხეს უკავშირებს.
7. კონსტიტუციურ სარჩელში ხაზგასმულია ის გარემოება, რომ გასაჩივრებული რეგულაციით დასჯადია პორნოგრაფიული მასალის უკანონოდ დამზადება-გასაღება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა ნათლად არ გაწერს რეგულაციებს იმის შესახებ, თუ რა გზით უნდა განხორციელდეს პორნოგრაფიული ნაწარმოების კანონიერი გზით დამზადება, გავრცელება, რეკლამირება ან სადავო ნორმით დასჯადი სხვა ქმედება.
8. მოსარჩელის განცხადებით, ის, თუ რამდენად აკმაყოფილებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა განჭვრეტადობის მოთხოვნებს, ზოგადად შემოწმებადია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით, თუმცა სადავო ნორმა, ამ კუთხით, აგრეთვე უნდა შემოწმდეს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, რადგან იგი წარმოშობს მსუსხავ ეფექტს. მისი აზრით, ბუნდოვანი რეგულაციით დაწესებული სანქციის შიშმა, შესაძლოა, აიძულოს პირი, თავი შეიკავოს იმგვარი მასალის გავრცელებისგანაც, რომელიც გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში ექცევა.
9. მოსარჩელე სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნად არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ასახელებს. მისი აზრით, ისინი სათანადოდ მომწიფებულნი არ არიან სექსუალური ცხოვრებისათვის და პორნოგრაფიული ხასიათის მასალას შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს მათ განვითარებაზე. ზემოაღნიშნული რეგულაციის კიდევ ერთ მიზნად კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილია იმ სრულწლოვანი ადამიანების ინტერესების დაცვა, რომელთაც არ სურთ, მოულოდნელად, მათი ნებისგან დამოუკიდებლად გახდნენ პორნოგრაფიული მასალის მხილველნი – ე.წ. „დატყვევებული აუდიტორია“.
10. მოსარჩელის განმარტებით, სადავო რეგულაცია დასახელებული მიზნების მიღწევის ვარგის საშუალებად არ გამოდგება. მისივე აზრით, ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევის უფრო ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ბლოკირებისა და ფილტრაციის კომპიუტერული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც არასრულწლოვნებს აღარ ექნებათ პორნოგრაფიულ საიტებზე წვდომის შესაძლებლობა.
11. მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ სადავო რეგულაცია არ წარმოადგენს დასახელებული მიზნის მიღწევის ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას. იგი პარალელს ავლებს ბლოკირებისა და ფილტრაციის კომპიუტერულ პროგრამასთან და აღნიშნავს, რომ ფილტრაციის რეჟიმის პირობებში, ინფორმირებულ სრულწლოვანს შეუძლია კომპიუტერით სარგებლობის დაწყებისთანავე მოახდინოს ფილტრაციის პროგრამის დეაქტივაცია, მოინახულოს სასურველი საიტები, ხოლო კომპიუტერით სარგებლობის დასრულების შემდეგ კვლავ გაააქტიუროს აღნიშნული პროგრამა. ასეთ შემთხვევაში დაცულია როგორც არასრულწლოვანთა ინტერესები, რამდენადაც ისინი ვეღარ შეძლებენ პორნოგრაფიული საიტების მონახულებას, აგრეთვე იმ სრულწლოვან პირთა ინტერესები, რომელთა კონსტიტუციურ უფლებასაც წარმოადგენს ინფორმაციის, მათ შორის პორნოგრაფიული ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა.
12. კონსტიტუციურ სარჩელში განხილულია მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებების ბუნება და მათი სპეციფიკური მახასიათებლები. მოსარჩელის აზრით, რადიოსა და ტელევიზიისგან განსხვავებით, ინტერნეტი გამორიცხავს პორნოგრაფიული შინაარსის მქონე მასალის შემთხვევით გაცნობის შესაძლებლობას. პორნოგრაფიული შინაარსის ინტერნეტგვერდზე მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლის მიერ განხორციელებული აქტიური მოქმედებების შედეგად, რაც შეუძლებელია მოხდეს მისი ნების საწინააღმდეგოდ.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ცნობილი უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
14. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე იშველიებს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
15. მოსარჩელე ასევე ითხოვს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას. იგი მიუთითებს, რომ, ვინაიდან მოსარჩელის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ, ბრალდებულის მიმართ მიმდინარეობს წინასასამართლო სხდომა აღნიშნული სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანის მომენტში, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ იგი მსჯავრდებულ იქნეს სადავო ნორმის საფუძველზე. ამრიგად, შესაძლოა, სადავო ნორმამ შეუქცევადად დაარღვიოს მისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მის საფუძვლიანობას. მსგავს მოთხოვნას შეიცავს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1)
2. №657 კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციის ხსენებული დებულების თანახმად, სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არ აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება. სადავო ნორმა კრძალავს პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებასა და გავრცელებას. მის მიზანს ან მოქმედების სავარაუდო შედეგს მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაცია არ წარმოადგენს. ამასთან, ამ კუთხით, არც მოსარჩელეს წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი ან/და მტკიცებულება, თუ რა თვალსაზრისით არის შესაძლებელი, სადავო ნორმას გააჩნდეს მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის ეფექტი.
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, №657 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. კონსტიტუციური სარჩელი №657 სხვა მხრივ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
5. №657 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე ითხოვს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე. სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და ბრალდებულის მიმართ მიმდინარეობს წინასასამართლო სხდომა. შესაბამისად, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ გიორგი ფუტკარაძე მსჯავრდებული იქნეს სადავო ნორმის საფუძველზე.
6. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სადავო ნორმის მოქმედებით მოსარჩელისათვის გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე.
7. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის №1/6/675 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-3).
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ... არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი“. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში მოსარჩლე უფლებამოსილია, მოითხოვოს მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადახედვა, მათ შორის დამნაშავედ ცნობის ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ მოსარჩელე შეიძლება მსჯავრდებული იქნეს სადავო ნორმის საფუძველზე, ვერ გამოდგება მისგან მომდინარე გამოუსწორებელი შედეგის დადგომის დასასაბუთებლად. აღიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე–5, მე-7 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №657 (საქართველოს მოქალაქე გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №657 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
8. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა