საქართველოს მოქალაქე გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/657 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 2 ივნისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 1 ივნისი 2017 15:45 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე - გიორგი ფუტკარაძე და მისი წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე; მოპასუხის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი თამარ მესხია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 20 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №657) მიმართა საქართველოს მოქალაქე გიორგი ფუტკარაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 21 ივლისს. 2016 წლის 17 ივნისის №1/11/657 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. №657 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის სხდომა გაიმართა 2016 წლის 25 ნოემბერს.
2. №657 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით“. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განმტკიცებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება, ცენზურის დაუშვებლობა, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის აკრძალვა, ხოლო მე-4 პუნქტში მოცემულია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება ადგენს, რომ „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, პორნოგრაფიული ნაწარმოების ან გამოსახულების უკანონოდ გავრცელებისთვის. 2015 წლის 28 აპრილის პროკურორის დადგენილების თანახმად, მოსარჩელე მის სახელზე რეგისტრირებულ ვებსაიტებზე 2011 წლიდან 2015 წლამდე უკანონოდ ტვირთავდა პორნოგრაფიული ხასიათის მასალას, რაც ხელმისაწვდომი იყო საიტის მომხმარებლებისთვის.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა ბუნდოვანია და ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის პრინციპის მოთხოვნებს. მისი მოსაზრებით, საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს პორნოგრაფიის ცნებას, ხოლო მისი გაიგივების შესაძლებლობას უხამსობასთან, სექსუალურ აქტთან ან რაიმე სხვა ტერმინთან ბუნდოვანების საფრთხეს უკავშირებს.
7. კონსტიტუციურ სარჩელში ხაზგასმულია ის გარემოება, რომ გასაჩივრებული რეგულაციით დასჯადია პორნოგრაფიული მასალის უკანონოდ დამზადება-გასაღება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა ნათლად არ გაწერს რეგულაციებს იმის შესახებ, თუ რა გზით უნდა განხორციელდეს პორნოგრაფიული ნაწარმოების კანონიერი გზით დამზადება, გავრცელება, რეკლამირება ან სადავო ნორმით დასჯადი სხვა ქმედება.
8. მოსარჩელის განცხადებით, ის, თუ რამდენად აკმაყოფილებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა განჭვრეტადობის მოთხოვნებს, ზოგადად, ექვემდებარება შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით, თუმცა სადავო ნორმა, ამ კუთხით, აგრეთვე უნდა შემოწმდეს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, რადგან იგი წარმოშობს მსუსხავ ეფექტს. მისი აზრით, ბუნდოვანი რეგულაციით დაწესებული სანქციის შიშმა შესაძლოა, აიძულოს პირი, თავი შეიკავოს იმგვარი მასალის გავრცელებისგანაც, რომელიც გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში ექცევა.
9. მოსარჩელე სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნად არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ასახელებს. მისი აზრით, ისინი სათანადოდ მომწიფებულნი არ არიან სექსუალური ცხოვრებისათვის და პორნოგრაფიული ხასიათის მასალას შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს მათ განვითარებაზე. ზემოაღნიშნული რეგულაციის კიდევ ერთ მიზნად კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილია იმ სრულწლოვანი ადამიანების ინტერესების დაცვა, რომელთაც არ სურთ, მოულოდნელად, მათი ნებისგან დამოუკიდებლად გახდნენ პორნოგრაფიული მასალის მხილველნი – ე.წ. „დატყვევებული აუდიტორია“.
10. მოსარჩელის განმარტებით, სადავო რეგულაცია დასახელებული მიზნების მიღწევის ვარგის საშუალებად არ გამოდგება. მისივე აზრით, ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევის უფრო ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ბლოკირებისა და ფილტრაციის კომპიუტერული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც არასრულწლოვნებს აღარ ექნებათ პორნოგრაფიულ საიტებზე წვდომის შესაძლებლობა.
11. მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ სადავო რეგულაცია არ წარმოადგენს დასახელებული მიზნის მიღწევის ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას. იგი პარალელს ავლებს ბლოკირებისა და ფილტრაციის კომპიუტერულ პროგრამასთან და აღნიშნავს, რომ ფილტრაციის რეჟიმის პირობებში ინფორმირებულ სრულწლოვანს შეუძლია, კომპიუტერით სარგებლობის დაწყებისთანავე მოახდინოს ფილტრაციის პროგრამის დეაქტივაცია, მოინახულოს სასურველი საიტები, ხოლო კომპიუტერით სარგებლობის დასრულების შემდეგ კვლავ გაააქტიუროს აღნიშნული პროგრამა. ასეთ შემთხვევაში დაცულია როგორც არასრულწლოვანთა ინტერესები, რამდენადაც ისინი ვეღარ შეძლებენ პორნოგრაფიული საიტების მონახულებას, აგრეთვე იმ სრულწლოვან პირთა ინტერესები, რომელთა კონსტიტუციურ უფლებასაც წარმოადგენს ინფორმაციის, მათ შორის პორნოგრაფიული ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა.
12. კონსტიტუციურ სარჩელში განხილულია მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებების ბუნება და მათი სპეციფიკური მახასიათებლები. მოსარჩელის აზრით, რადიოსა და ტელევიზიისგან განსხვავებით, ინტერნეტი გამორიცხავს პორნოგრაფიული შინაარსის მქონე მასალის შემთხვევით გაცნობის შესაძლებლობას. პორნოგრაფიული შინაარსის ინტერნეტგვერდზე მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლის მიერ განხორციელებული აქტიური მოქმედებების შედეგად, რაც შეუძლებელია მოხდეს მისი ნების საწინააღმდეგოდ.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ცნობილი უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
14. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე იშველიებს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
15. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ ყურადღება გაამახვილა სადავო ნორმაში მოცემული ტერმინების - „პორნოგრაფიისა“ და „უკანონოს“ - ბუნდოვანებაზე და მიუთითა, რომ სადავო რეგულაცია არ იძლევა ნორმის ერთგვაროვანი წაკითხვის შესაძლებლობას, რითაც არღვევს განსაზღვრულობის კონსტიტუციურ პრინციპს. ხსენებული პრინციპი, მოსარჩელის აზრით, დაცულია კონსტიტუციის როგორც 24-ე მუხლით, ისე 42-ე მუხლის მე-5 პუქტით. მოსარჩელემ ასევე ისაუბრა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინტენსივობაზე და აღნიშნა, რომ სადავო ნორმა არათანაზომიერია და მისი მოქმედება გამოხატვის თავისუფლების „მსუსხავ ეფექტს“ იწვევს.
16. მოპასუხე მხარემ არ მიიჩნია სისხლის სამართლის 255-ე მუხლის პირველი ნაწილი არაგანჭვრეტად ნორმად, არამედ მიუთითა, რომ სისტემური განმარტების პირობებში ნათელია როგორც პორნოგრაფიის ცნება, ასევე მისი უკანონო და კანონიერი გავრცელების შემთხვევები. მოპასუხის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა მხოლოდ იმ ნაწილში უნდა შეაფასოს, რომელიც პორნოგრაფიული ხასიათის ნაწარმოების გავრცელებას უკავშირდება. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის მოსაზრებით, მოსარჩელის პრობლემას სწორედ პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონო გავრცელება წარმოადგენს, ამგვარად, მისი პოზიციით, საკონსტიტუციო სასამართლომ შეფასების მიღმა უნდა დატოვოს სადავო რეგულაციაში მოცემული ქმედების შემადგენლობის სხვა ელემენტები.
17. ამასთანავე, მოპასუხე მხარემ კონსტიტუციით დაცული გამოხატვის თავისუფლების ლეგიტიმურ მიზნად საზოგადებრივი ზნეობა დაასახელა. მისი განმარტებით, სადავო ნორმა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას თანაზომიერი საშუალებით უზრუნველყოფს, რითაც იცავს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მოითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილოს №657 კონსტიტუციური სარჩელი.
18. წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის განხილვის პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება წარუდგინეს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა. „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრების ავტორებს წარმოადგენენ: ელენე სამადბეგიშვილი, ნინო კოტიშაძე, მარიტა მაზანიშვილი, გიორგი გვიმრაძე, ლადო ბატიაშვილი, ანა ჯაბაური, ქეთევან ურუშაძე, ელენე გარდავა, დემეტრე ქარდავა და მარიამ კილაძე.
19. „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული უფლების შეზღუდვის საფუძველი არ შეიძლება გახდეს საზოგადოებრივი მორალის დაცვის მიზანი, ვინაიდან კონსტიტუცია არ ამართლებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას აღნიშნული ღირებულების დაცვის მოტივით. მოსაზრებაში დამატებით ვკითხულობთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ პორნოგრაფიაზე საერთოდ არ უნდა ხდებოდეს, რადგან ამგვარი ჩარევა, თავისთავად, არაპროპორციული იქნება იმდენად, რამდენადაც მსგავსი მასშტაბური ღონისძიებების განხორციელება ყოველთვის შეზღუდავს სხვა პირთა გამოხატვის თავისუფლებას, რომლებიც ვერ იქნებიან სადავო ნორმის დაცვის ობიექტები. „სასამართლოს მეგობარი“ ასკვნის, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 24-ე მუხლის მოთხოვნებს და მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით, საზოგადოებრივი დისკუსიის წამახალისებელ გამოხატვასთან ერთად, ასევე დაცულია ის გამოხატვა, რომელიც, მართალია, არ წარმოშობს საზოგადოებრივ დებატს და შესაძლოა არ უწყობდეს ხელს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, მაგრამ, სხვა მხრივ, არ არსებობდეს მისი შეზღუდვის კონსტიტუციური საფუძველი.
20. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტზე მსჯელობისას „სასამართლოს მეგობარი“ მიმოიხილავს განსაზღვრულობის კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს და მიიჩნევს, რომ სადავო რეგულაცია არ აკმაყოფილებს კანონის ხარისხობრივ მოთხოვნებს, რითაც არღვევს კონსტიტუციას.
21. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებაში განხილულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს, გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს, კანადის უზენაესი სასამართლოსა და ისრაელის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
22. 2017 წლის 28 მარტს, მოსარჩელის წარმომადგენელმა გიორგი გოცირიძემ სასამართლოს აცნობა მოსარჩელის გარდაცვალების შესახებ და წარმოადგინა გარდაცვალების მოწმობა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. წინამდებარე საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ N657 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ გარდაიცვალა მოსარჩელე გიორგი ფუტკარაძე.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა არ არსებობს კონკრეტული სუბიექტის გარეშე, შესაბამისად, მოსარჩელის გარდაცვალებით, საფუძველი ეცლება მისი სასარჩელო მოთხოვნის განხილვას, რაც იწვევს საქმეზე საკონსტიტუციო სამართალწარმოების შეწყვეტას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის N1/1/437 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ ხუნდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის N1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის N2/5/584 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზაალ გველესიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“).
3. სადავო სამართალურთიერთობის არსისა და სასარჩელო მოთხოვნის სპეციფიკის გათვალისწინებით, მოსარჩელის გარდაცვალებამ შესაძლებელია ცალკეულ შემთხვევებში არ გამოაცალოს არსი სასარჩელო მოთხოვნას და არ ჩაითვალოს საქმის შეწყვეტის საფუძვლად, როდესაც საქმის გაგრძელება ემსახურება უშუალოდ გარდაცვლილი პირის უფლებებისა და მათი დაცვის კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტების დადგენას. აქედან გამომდინარე, ასეთ შემთხვევაში სასამართლომ შესაძლებელია, არ შეწყვიტოს სამართალწარმოება თუ სამართალურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით საქმის შეწყვეტა თავად კონსტიტუციური დავის მიზნებთან მოვა წინააღმდეგობაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N1/6/561,568 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
4. მოცემული დავის ფარგლებში არ იკვეთება ამგვარი გამონაკლისი შემთხვევის არსებობა. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არ არსებობს კონკრეტული სუბიექტის გარეშე, მოსარჩელე გიორგი ფუტკარაძის გარდაცვალებით საფუძველი გამოეცალა მის სასარჩელო მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, №657 კონსტიტუციურ სარჩელზე სამართალწარმოება უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება №657 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქე გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მერაბ ტურავა