როინ ჩიხრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 1495 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | როინ ჩიხრაძე |
თარიღი | 22 აპრილი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა.სისხლის სამართლის კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
სისხლის სამართლის კოდესის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც 0,00104046 გრამი მეტამფეტამინისა და 0,001035 გრამი ამფეტამინის შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
მოსარჩელე როინ ჩიხრაძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 06 იანვრის განჩინებით დაუშვებლად იქნება ცნობილი როინ ჩიხრაძის სააპელაციო საჩივარი.
იგი დღემდე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში რჩება და კიდევ დაახლოებით 3 წელი დარჩა მოსახდელი.
იგი სასჯელს იხდის მინის ფლაკონის და ერთჯერადი შპრიცების (ე.წ „ინსულინის“) შიდა კედლებიდან ამოფხეკილი ნაროტიკული ნივთიერებების - მეტამფეტამინისა (0,00104046 გრამი) და ამფეტამინისთვის (0,001035 გრამი), რომელიც ლევან სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ბიუროს დასკვნის (#5007996619) შესაბამისად ვერ იქნება მოხმარებისთვის საკმარისი თერაპიული ოდენობაც კი (მიეკუთვნება მოხმარებისთვის გამოუყენებელ დოზას).
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ამფეტამინისა და მეტამფეტამინის ერთჯერადი მოხმარებისთვის საჭირო მინიმალური თერაპიული დოზა არის 5 მგ. (0,005 გრამი).
ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის 2019 წლის 13 დეკემბრის #OL-69733/შგ-38452/AMD-12/19 დასკვნის შესაბამისად, 0,001 გრამი ამფეტამინი და მეტამფეტამინი ვერ იქნება ერთჯერადი მოხმარებისთვის საჭირო მინიმალური თერაპიული დოზა. აღნიშნული რაოდენობის ეს ნარკოტიკული საშუალება მომხარებელ პირებისთვის მოხმარების ეფექტის/ეიფორიის მისაღებად გამოუსადეგარია.
შესაბამისად, მოსარჩელე როინ ჩიხრაძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ისეთი ნარკოტიკული საშუალებისთვის შეძენა-შენახვისთვის, რომელიც გამოუსადეგარია პირადი მოხმარებისთვისაც კი.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელი წარმოადგენს ჩარევას კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ უფლებაში, რომლის მიხედვითაც აკრძალულია და დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.
კონსტიტუციის აღნიშნული დებულება ამგვარ სასჯელად, მათ შორის, მოიაზრებს პასუხისმგებლობის ისეთ ზომას, რომელიც ახდენს ადამიანის ინსტუმენტალიზაციას. სადავო ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არის ე.წ. ,,სანიმუშო სასჯელი’’, რომელიც ერთადერთ მიზანს, ზოგად პრევენციას ისახავს.
შესაბამისად, უკვე არსებობს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. ხოლო, მოსარჩელე არის უფლებამოსილი სუბიექტი, იდავოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
სარჩელი შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს ამავე კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები
· წარმოდგენილია კანონით დაგენილი ფორმით;
· შემოტანილია უფლებამოსული სუბიექტის მიერ, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული მსჯელობა;
· მასში მითთებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი საკონსტიტუციო სასამართოს შესახებ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამსიად;
· სადავო საკითხები სადავო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართოს მიერ;
· სადავო საკითხს შეეხება კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს და სადავო ნორმებზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე;
· აღნიშნული სარჩელის ტიპზე კანონმდებლობით ვადა არ არის დადგენილი.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
წინამდებარე სარჩელით სადავოდ ვხდით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს ამფეტამინისა (0,001035 გრამი) და მეტამფეტამინის (0,00104046 გრამი), პირადი მოხმარებისთვის უვარგისი ოდენობების შეძენა-შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთას, რადგან შეუსაბამო და აშკარად არაპროპორციულია კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, რომლის მიხედვითაც, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.”
საკონსტიტუციო სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მე-17 მუხლზე (დღეს მოქმედი რედაქციით მე-9 მუხლის) მსჯელობისას უკვე აღნიშნა, რომ „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი #2-ის მე-12 ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრულია ამფეტამინის და 109-ე ჰორინტალური გრაფით - მეტამფეტამინის ოდენობები.
მცირე ოდენობის გრაფაში ამ ნივთიერებებს არ აქვთ განსაზღვრული ოდენობები, რაც ნიშნავს, რომ 1 გრამამდე ნებისმიერი ოდენობა ითვლება დიდ ოდენობად. შესაბამისად, აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებას არ გააჩნია მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები. მეტამფეტამინის და ამფეტამინის ნებისმიერი ოდენობა, რომელიც არ აღემატება ერთ გრამს, წარმოადგენს დიდ ოდენობას, განურჩევლად იმისა, გამოყენებადია თუ არა იგი მოსახმარად.
ამ შემთხვევაში, მეტამფეტამინის და ამფეტამინის ის ოდენობები (0,00104046 და 0,001035 გრამი), რომლის გამოც როინ ჩიხრაძე იქნა დამნაშავედ ცნობილი და დღემდე პატიმრობაში რჩება, არ წარმოადგენს იმ ოდენობას, რომელიც თავისთავად შესაძლოა გულისხმობდეს ფლობას რეალიზაციის მიზნებისთვის; ეს ოდენობები არა თუ რეალიზაციის, არამედ პირადი მოხმარებისთვისაც კი გამოუსადეგარია და მას მნიშვნელოვნად აღემატება ის მინიმალური რაოდენობა, რომელსაც ნარკოტიკული თრობის გამოწვევა შეუძლია.
როინ ჩიხრაძე სასჯელს იხდის მინის ფლაკონის და ერთჯერადი შპრიცების (ე.წ „ინსულინის“) შიდა კედლებიდან ამოფხეკილი ნაროტიკული ნივთიერებების - მეტამფეტამინისა (0,00104046 გრამი) და ამფეტამინისთვის (0,001035 გრამი), რომელიც ლევან სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ბიუროს დასკვნის (#5007996619) შესაბამისად ვერ იქნება მოხმარებისთვის საკმარისი თერაპიული ოდენობაც კი (მიეკუთვნება მოხმარებისთვის გამოუყენებელ დოზას).
ფლაკონის და ნემსის შიდა კედლებიდან ფაქტობრივად ლაქებია გამოცალკევებული, რაც ინტრავენური გზით ნარკოტიკის მოხმარების შემდეგ შეიძლება ნებისმიერ ნემსის შიდა კედელზე დარჩეს.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ამფეტამინისა და მეტამფეტამინის ერთჯერადი მოხმარებისთვის საჭირო მინიმალური თერაპიული დოზა არის 5 მგ. (0,005 გრამი).
ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის 2019 წლის 13 დეკემბრის #OL-69733/შგ-38452/AMD-12/19 დასკვნის შესაბამისად, 0,001 გრამი ამფეტამინი და მეტამფეტამინი ვერ იქნება ერთჯერადი მოხმარებისთვის საჭირო მინიმალური თერაპიული დოზა. აღნიშნული რაოდენობის ეს ნარკოტიკული საშუალება მომხარებელ პირებისთვის მოხმარების ეფექტის/ეიფორიის მისაღებად გამოუსადეგარია.
შესაბამისად, ის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც საჯარო ინტერესის დაცვისკენ შეიძლება იყოს მიმართული, არ არსებობს.
„ამასთან, იმისთვის, რომ დეზომორფინის შეძენამ, შენახვამ ან დამზადებამ დასახელებულ სიკეთეს საფრთხე შეუქმნას, აუცილებელია, რომ სახეზე იყოს მისი ის ოდენობა, რაც გამოყენებადია მოსახმარად. ბუნებრივია, რომ, რაც უფრო მცირეა დეზომორფინის ოდენობა, მით უფრო ნაკლები ეფექტის მოხდენა შეუძლია მას ადამიანის ჯანმრთელობაზე. მართალია, დეზომორფინი წარმოადგენს ძლიერმოქმედ ნარკოტიკულ საშუალებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი ნებისმიერი, მიკროსკოპული ოდენობაც კი ავტომატურად უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას“ (ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პ.11.).
კონკრეტული ნივთიერების/საგნის ფლობა, შეძენა, შენახვა, შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს თავად ნივთიერების/საგნის ბუნებიდან გამომდინარე, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნარკოტიკული საშუალება ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება (ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” №1/8/696, II, 9). საკონსტიტუციო სასამართლოს არერთხელ აღუნიშნავს, რომ ,,...ნარკოტიკული ნივთიერებების ... დამზადების, შეძენის, შენახვის და ა.შ. რეგულირება/აკრძალვა ხდება სწორედ იმ საფრთხეების გამოსარიცხად, რომელიც მათ მოხმარებას, რეალიზაციას უკავშირდება“ (ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-65).
მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ოდენობები ერთის მხრივ არ ქმნის მიზი გასაღების საფრთხეს, მეტიც, ის მოხმარებისთვისაც კი არ არის გამოსადეგი ოდენობა. ის ჰიპოტეტური საფრთხეც კი, რომ შეიძლება ვინმემ მოიხმაროს, არ არსებობს.
ასეთ დროს კი, სახელმწიფო მის ხელთ არსებულ უმკაცრეს ინსტრუმენტს - თავისუფლების აღკვეთას იყენებს, მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოახდინოს კონკრეტული ქმედების დასჯადობა ზოგადი პრევენციის მიზნით. სხვებს აძლევს დასჯის „ნიმუშს“.
კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რომლის ერთადერთი მიზანიც იქნება ერთის მკაცრად დასჯის ხარჯზე სხვების დაშინება, მათი ნების დათრგუნვა. ასეთ დროს სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება და ემსგავსება შურისძიებას, რა დროსაც ყოველგვარი რაციონალური ფონი დაკარგული აქვს გამოყენებულ რეპრესიულ მექანიზმს. ამგვარი სასჯელი არათუ უვარგისი საშუალებაა მისი მიზნების მისაღწევად, არამედ პირიქით, შეიძლება კონტრპროდუქტიულიც იყოს და გამოიწვიოს/აამაღლოს ის რისკები, რომელთა თავიდან ასაცილებლადაც არის შემოღებული. ასეთი მიდგომა ცალსახად არღვევს პროპორციულობის პრინციპს და იწვევს დაუსაბუთებლად მკაცრ დასჯას. ისეთი ქმედებისათვის, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს, თავისუფლების აღკვეთა ცალსახად არაკონსტიტუციურია, რადგან ასეთი სასჯელი იმდენად შეუსაბამოა ჩადენილ ქმედებასთან, რომ ის ცალსახად უტოლდება პატივისა და ღირსების შემლახავ სასჯელს.
ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ამფეტამინისა და მეტამფეტამინის მინიმალური თერაპიული დოზა არის 5 მილიგრამი, მოსარჩელისთვის აღმოჩენილ ოდენობაზე დაახლოებით 5-ჯერ მეტი.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელია დეზომორფინის იმ ოდენობით დამზადება, რაც გამოყენებადია მოხმარებისთვის. 0,00009 გ. დეზომორფინის დამზადება, ერთი მხრივ, მისი დამამზადებლის მხრიდან, წარმოადგენს ალოგიკურ და უმიზნო ქმედებას (სავსებით შესაძლებელია დეზომორფინის ამ ოდენობით დამზადება შეუძლებელიც კი იყოს სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენების გარეშე), ხოლო, მეორე მხრივ, ცხადია, რომ ზემოხსენებული ოდენობით დეზომორფინის დამზადება და შენახვა მისი მოხმარების ან/და გასაღების საფრთხეს არ ქმნის“ (ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პ.17.).
მართალია, სარჩელის მოთხოვნიდან გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ კონკრეტულად დეზომორფინზე ისაუბრა და გადაწყვეტილებაც მას ეხება, მაგრამ იგივე ლოგიკა შეგვიძლია გავავრცელოთ ამფეტამინის და მეტამფეტამინის გამოუსადეგარ ოდენობებზეც. შეუძლებელია, ამფეტამინის ან მეტამფეტამინის გამოუსადეგარი ოდენობების შემთხვევაში იყოს განსხვავებულად და არსებობდეს რეალიზაციის ან/და მოხმარების საფრთხე. ასეთი საფრთხე ფიზიკურად ვერ დადგება.
აშკარაა, რომ სადავო ნორმით კანონმდებელი თავისი მიზნის, ამფეტამინისა და მეტამფეტამინის, შეძენისა და შენახვის პრევენციის მისაღწევად სჯის ისეთ ქმედებას, რომელიც ზემოთ ხსენებულ საფრთხეებს პრაქტიკულად არცკი ქმნის.
ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (პ.19), საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად მიიჩნია თავისუფლების აღკვეთის გამოყენება იმ შემთხვევაში, როდესაც პირი მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებს და ნარკოტიკის გავრცელების ფაქტი ან გავრცელების გარდაუვალი აუცილებლობა არ დასტურდება. მოცემულ შემთხვევაში კი პირი ისჯება ისეთი ქმედებისათვის, რომელიც არ ქმნის არათუ ნარკოტიკული საშუალების გასაღების, არამედ მოხმარების საფრთხესაც კი.
ამდენად, სადავო ნორმით დაწესებული სასჯელი (0,00009 გ. დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის) ემსახურება მხოლოდ დეზომორფინის შეძენის, დამზადებისა და მოხმარების ზოგადი პრევენციის მიზანს.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი, კონსტიტუციური გამაშუალებლის, ანუ პროპორციულობის გარეშე, მიემართება კონკრეტულ ინდივიდს და აქცევს მას ძალაუფლების ობიექტად, რადგან სასჯელი ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან, მას არ ამართლებს პირის ქმედებიდან მომდინარე საშიშროება. ამგვარად, ადამიანი იქცევა ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც გარდაუვლად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-83). სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედებისათვის, თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, სახელმწიფო პირს იყენებს ზოგადი პრევენციის მიზნების მისაღწევად. ამ სიმკაცრის სასჯელის წყარო არის არა პირის მიერ ჩადენილი ქმედება, არამედ ზოგადი პრევენციის მიზნები, ხოლო მსჯავრდებული პირი ზემოხსენებული მიზნების მიღწევის საშუალებაა. „მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
პირადი მოხმარებისთვისაც კი გამოუსადეგარი ოდენობა - 0,001035 გრამი „ამფეტამინი“-სა და 0,00104046 გრამი „მეტამფეტამინი (მარილი)“ შეძენა/შენახვა არ წარმოადგენს ისეთი სერიოზული საზოგადოებრივი საფრთხის შემცველ ქმედებას, რაც გაამართლებდა თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის უმკაცრეს ზომას - თავისუფლების აღკვეთას. მეტიც, არსებობს ისეთი ნარკოტიკული საშუალებებიც, რომლის მცირე ოდენობით ფლობა, რომელიც გამოსადეგია პირადი მოხმარებისთვის ისჯება ადამისტრაციული სასჯელით. კანონმდებლის მიერ ამგვარი რეგულირება ადამიანებს კანონის წინაშე აყენებს არათაბარ მდგომარეობაში.
ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის წინააღმდეგ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ვერ აჩენს სასჯელის ვერც ერთი მიზნის მიღწევის გონივრულ მოლოდინს და გვევლინება ზოგადი პრევენციის მიზნით პირის ინსტრუმენტალიზების საშუალებად, შესაბამისად, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენების აკრძალვასთან.
ღირსების უფლების აბსოლუტური ბუნებიდან გამომდინარე, „არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, დაუძლეველი ინტერესი, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის, რომლის დასაცავადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ უფლებებში ჩარევის გამართლება. .... კონსტიტუციამ პოტენციური კონფლიქტი მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით (დღევანდელი რედაქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი) დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, რომლის დაცვის მუდმივი ვალდებულებაც ქვეყნის ხელისუფლებას აქვს, იმთავითვე და უპირობოდ გადაწყვიტა ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. თუმცა ვერც ერთი სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ და სასტიკ მოპყრობას, პატივისა და ღირსების შემლახველ ქმედებას ან სასჯელს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი #2-ის 12-ე და 109-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკების, სარჩელში მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,001035 გ. ამფეტამინი და 0,0014046 გ. მეტამფეტამინი) შეძენისა და შენახვისთვის, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი