როინ ჩიხრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/21/1495 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 5 ივნისი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 10 ივნისი 2020 18:26 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წვერი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: როინ ჩიხრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის მე-12 ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ამფეტამინის 0,001035 გრამის ოდენობით და ამავე დანართის 109-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - მეტამფეტამინის (მარილი) 0,00104046 გრამის ოდენობით უკანონო შეძენისა და შენახვისთვის.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 22 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1495) მომართა საქართველოს მოქალაქე როინ ჩიხრაძემ. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2020 წლის 23 აპრილს. №1495 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 5 ივნისს.
2. №1495 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე, მათ შორის ისეთი ქმედებებისთვის, როგორებიცაა – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.
5. №1495 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენით მოსარჩელე ცნობილ იქნა დამნაშავედ, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, 0,001035 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინის და 0,00104046 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის (მარილი), დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისთვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 6 იანვრის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. მოსარჩელის განმარტებით, ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებს, როგორებიცაა – ამფეტამინი და მეტამფეტამინი (მარილი) არ გააჩნიათ მცირე და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები, რის გამოც ამ ნარკოტიკული საშუალებების ნებისმიერი ოდენობა, რომელიც არ აღემატება 1 გრამს, წარმოადგენს დიდ ოდენობას, განურჩევლად იმისა, გამოყენებადია თუ არა იგი მოსახმარად. შესაბამისად, სადავო ნორმა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მათ შორის, მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის.
7. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები – 0,001035 გრამი ამფეტამინი და 0,00104046 გრამი მეტამფეტამინი (მარილი) წარმოადგენს მოსახმარად გამოუსადეგარ ოდენობებს, რაც დასტურდება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს №5007996619 დასკვნით და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №OL-69733/შგ-38452/AMD-12/19 დასკვნით. კერძოდ, ლიტერატურული მონაცემების თანახმად, ამფეტამინისა და მეტამფეტამინის ერთჯერადი მოხმარებისთვის საჭირო მინიმალურ თერაპიულ დოზად განსაზღვრულია 0,005 გრამი, რაც, დაახლოებით, ხუთჯერ აღემატება აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარ ოდენობებს. შესაბამისად, დასახელებული ოდენობების ნარკოტიკული საშუალებები პირისთვის მოხმარების ეფექტის, ეიფორიის მისაღებად გამოუსადეგარია. ისინი წარმოადგენს მის მოსახმარად გამოყენებული შპრიცის და ფლაკონის შიდა კედლებზე შემორჩენილ ანაფხეკებს.
8. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიციით, მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საშიშროების მქონე ქმედებას. დასახელებული ქმედებით საფრთხე არ ექმნება არც მომხმარებლის ჯანმრთელობას და არც მესამე პირებს, რადგან არ არსებობს მისი მოხმარების და ნარკოგენული თრობის გამოწვევის ჰიპოთეტური რისკიც კი. ამგვარი ქმედებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესება ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს. ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და გავრცელების პრევენციის მისაღწევად კანონმდებელი სჯის ისეთ ქმედებას, რომლებიც აღნიშნულ საფრთხეებს არ შეიცავს.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რომლის ერთადერთ მიზანსაც ერთი პირის მკაცრად დასჯის ხარჯზე სხვების დაშინება, მათი ნების დათრგუნვა წარმოადგენს. ასეთ დროს სასჯელი ობიექტურად სცდება თავისსავე მიზნებს და ემსგავსება შურისძიებას, რაც ყოველგვარ რაციონალურ ფონს უკარგავს გამოყენებულ რეპრესიულ მექანიზმს. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დაწესებული სასჯელის სახე – თავისუფლების აღკვეთა ხუთიდან რვა წლამდე, წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.
10. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
11. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას განმწესრიგებელ სხდომაზე მიღებული განჩინებით. მისი პოზიციით, სადავო ნორმა წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას.
12. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საქმის არსებითად განსახილველად მიღების თაობაზე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მისი თქმით, იგი არაკონსტიტუციური ნორმის საფუძველზე იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რის გამოც ყოველდღიურად ირღვევა მისი კონსტიტუციური უფლებები.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „[…] საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1495 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის მე-12 ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ამფეტამინის 0,001035 გრამის ოდენობით და ამავე დანართის 109-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - მეტამფეტამინის (მარილი) 0,00104046 გრამის ოდენობით უკანონო შეძენისა და შენახვისთვის.
3. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქმეზე სადავოდ გამხდარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები არ წარმოადგენენ მოსახმარად გამოსადეგ ოდენობებს. სადავო ნორმა ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, მათ შორის, მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, რაც აშკარად არაპროპორციულ სასჯელს წარმოადგენს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის №1/19/1265,1318 განჩინებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვისათვის. შესაბამისად, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის, ამფეტამინისა და მეტამფეტამინის შეძენა-შენახვისთვის, ძალადაკარგულია.
5. სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა განხორციელდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ №1495 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს იმავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, №1495 კონსტიტუციურ სარჩელზე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა შეწყდეს.
6. ამავე დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს კანონმდებლობის ანალიზზე დაყრდნობით დაადგინა, რომ სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებებისგან შემდგარი ნარევის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება არა თავად ნარევის, არამედ მასში შემავალი იმ ნარკოტიკული საშუალების ოდენობა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია სასჯელის უფრო მკაცრი ზომა. ამასთან, მთელ რიგ ნარკოტიკულ საშუალებებს (მაგ., ამფეტამინს, მეტამფეტამინს) არ გააჩნია მცირე და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები და მათი ნებისმიერი ოდენობა (გარდა განსაკუთრებით დიდი ოდენობისა) წარმოადგენს დიდ ოდენობას. დასახელებული ნარკოტიკული საშუალებების ნარევში აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ქმედების დაკვალიფიცირება მოხდება სწორედ ამ ნარკოტიკული საშუალების ოდენობაზე გადაანგარიშებით (გარდა იმ შემთხვევისა თუ ნარევი შეიცავს სხვა აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერების განსაკუთრებით დიდ ოდენობას), განურჩევლად იმისა, წარმოადგენს თუ არა ამ ცალკე აღებული კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა მოსახმარად, ნარკოგენული ეფექტის მისაღწევად საკმარის ოდენობას. გარდა ამისა, შესაძლოა, დამოუკიდებლად, არც ერთი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ხსნარში არსებული ოდენობა არ იყოს გამოსადეგი ნარკოგენული ეფექტის მისაღწევად, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ხსნარში არსებული ნივთიერებები ზემოქმედებს თავის ტვინის ერთსა და იმავე რეცეპტორებზე, მათი კომბინირებული მიღების შემთხვევაში შესაძლებელი ხდება, მიღწეულ იქნეს ნარკოგენული ეფექტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნარევში არსებული წამყვანი ნარკოტიკული საშუალების გამოუსადეგარი ოდენობა ავტომატურად არ მიანიშნებს ნარევის გამოუსადეგარობაზეც (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის N1/19/1265,1318 განჩინება საქმეზე "ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-18-20).
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ქმედების კვალიფიკაცია 0,001035 გრამი ამფეტამინის ან/და 0,00104046 გრამი მეტამფეტამინის უკანონო შეძენა/შენახვად a priori არ გულისხმობს პასუხისმგებლობის დაწესებას მოსახმარად გამოუსადეგარი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისათვის. შესაძლებელია, ამ ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები აღმოჩენილ იქნეს ხსნარში (მაგ., ეფედრას ვინტში), რომელიც გარდა დასახელებული ოდენობის ნარკოტიკული საშუალებებისა, ასევე შეიცავდეს სხვა ისეთ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, რომელთა ხსნარში არსებული ოდენობა არ წარმოადგენს დიდ ოდენობას და, შესაბამისად, არ ხდება მათი ასახვა ქმედების კვალიფიკაციისას, თუმცა ისინი აძლიერებენ ხსნარის ნარკოგენულ ეფექტუნარიანობას და შესაძლებელს ხდიან მის მოსახმარად გამოსადეგობას.
8. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ №1495 კონსტიტუციურ სარჩელში არ ყოფილა წარმოდგენილი არგუმენტაცია სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დაწესების აშკარად არაპროპორციულ ხასიათთან დაკავშირებით ისეთი მოსახმარად გამოსადეგი ნარევის შეძენა-შენახვისთვის, რომელიც, სხვა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებთან ერთად, ასევე შეიცავს 0,001035 გრამ ამფეტამინს და 0,00104046 გრამ მეტამფეტამინს. შესაბამისად, ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1495 კონსტიტუციური სარჩელი („როინ ჩიხრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას 0,001035 გრამი ამფეტამინის ან/და 0,00104046 გრამი მეტამფეტამინის შემცველი მოსახმარად ვარგისი ნარკოტიკული საშუალებების ნარევის შეძენისა და შენახვისათვის.
2. შეწყდეს საქმე №1495 კონსტიტუციურ სარჩელზე („როინ ჩიხრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი