რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/6/540 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 5 ნოემბერი 2013 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის, აგრეთვე 221 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 35-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 6 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №540) მიმართეს რუსეთის მოქალაქეებმა - ოგანეს დარბინიანმა, რუდოლფ დარბინიანმა, სუსანნა ჟამკოციანმა და სომხეთის მოქალაქეებმა - ლენა და მილენა ბარსეღიანმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2012 წლის 9 აგვისტოს.
2. №540 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტი განსაზღვრავს იმ სუბიექტთა წრეს, რომელთა ვაუჩერიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ესენი არიან: საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელთაც სახელმწიფოსთან გაფორმებული აქვთ საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმება და უცხოელები, რომელთა მიმართაც გამოიყენება ნაცვალგების პრინციპი. ამავე კანონის 221 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები განსაზღვრავენ უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ სტანდარტული ვაუჩერის მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურას, რომლის მიხედვითაც, ვაუჩერის მიღების წინა პირობას წარმოადგენს სუბიექტის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე კონკრეტული თანხის შეტანა.
4. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეები არიან რუსეთის და სომხეთის მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ქალაქ ახალქალაქში და როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ მოსთხოვეს სწავლის საფასურის გადახდა, ვინაიდან ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები, რუსეთის და სომხეთის სახელმწიფოსთან კი არ არის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულება/შეთანხმება და ასევე არ მოქმედებს ნაცვალგების პრინციპი. ამასვე მოწმობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მიერ ერთ-ერთი მოსარჩელის მშობლისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც აღნიშნულია, ვინაიდან სუსანნა ჟამკოციანი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, მასზე ვრცელდება “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 221 მუხლი. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ისინი ექცევიან სადავო ნორმების რეგულირების სფეროს ქვეშ, მათი კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
5. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმები დისკრიმინაციული ხასიათისაა და აწესებენ განსხვავებულ მოპყრობას ეროვნული კუთვნილების, წარმოშობის, ენის და სტატუსის ნიშნით. კერძოდ, დისკრიმინაციული რეგულირება, რომლის თანახმადაც, უცხო ქვეყნის მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ, რომელთა სახელმწიფოსთან საქართველოს არ აქვს გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულება/შეთანხმება ან არ ხორციელდება ნაცვალგების პრინციპი, მოქმედებს განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი.
6. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფომ უცხოელების ერთ ჯგუფს დააკისრა ზოგადი განათლების მისაღებად თანხის გადახდის ვალდებულება, მაშინ როდესაც ამგვარი ტვირთი არ ეკისრებათ საქართველოს მოქალაქეებს და უცხოელთა სხვადასხვა კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს, რომლებსაც ასევე სურთ ზოგადი განათლების მიღება, რომელიც მთლიანად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცებით, უცხოელთა ერთი ჯგუფისადმი თანხის გადახდის დაკისრებით სახელმწიფო ახდენს მათ დიფერენცირებას საქართველოს მოქალაქეებისგან და უცხოელთა სხვა ჯგუფისგან. ასევე მოსარჩელე მხარის მტკიცებით, დიფერენციაციის სუბიექტია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე, რომელიც გადის დაწყებით, საბაზო და საშუალო განათლების საფეხურებს. მოსწავლეები სწავლის სახელმწიფო დაფინანსების მიზნებისთვის იყოფიან საქართველოს მოქალაქეებად; ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებად; თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოელებად; უცხოელებად, რომელთა სახელმწიფოებთან მოქმედებს საერთაშორისო ხელშეკრულება ან ნაცვალგება და იმ მოსწავლეებად, რომლებიც ვერც ერთ ზემოთ ხსენებულ კატეგორიაში ვერ ხვდებიან. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს შორის არ არსებობს არანაირი განსხვავება, გარდა სახელმწიფოსთან მოქალაქეობრივი კავშირის (ეროვნული) ნიშნისა. გარდა ამისა, მოსარჩელეები აცხადებენ, რომ სადავო ნორმებით, ეროვნული ნიშანი არ წარმოადგენს აბსოლუტური დიფერენციაციის საფუძველს, ვინაიდან უთანასწორო მდგომარეობაში ექცევა მხოლოდ იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომელთანაც საქართველოს არც საერთაშორისო ხელშეკრულება და არც ნაცვალგება აკავშირებს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ა ეროვნული ნიშნით დიფერენციაციის მდგომარეობა, რადგან სახელმწიფო სწორედ ეროვნული ნიშნით, მხოლოდ განსაზღვრული სახელმწიფოს კუთვნილების გამო წყვეტს ზოგადი განათლების დაფინანსების ან მასზე უარის თქმის საკითხს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმების არსებობით, ადგილი აქვს საქართელოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ისეთი ნიშნით დიფერენციაციას, როგორიც არის ეროვნულობა.
7. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, თანამემამულის სტატუსის მქონე პირი ყოველთვის ისარგებლებს საქართველოში უფასო ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობით, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მისი მოქალაქეობისმქონე პირისთვის იმ სახელმწიფოს ისეთივე დაფინანსების სისტემა, როგორიც საქართველოს. ხოლო იგივე მდგომარეობაში მყოფ სხვა პირს, რომელსაც, მაგალითად, აქვს იმავე სახელმწიფოს მოქალაქეობა, რაც გააჩნია თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოელს, ვერ ისარგებლებს უფასო ზოგადი განათლების უფლებით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ აქვს ასეთი წარმომავლობა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმების არსებობით, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ისეთი ნიშნით დიფერენციაციას, როგორიც არის წარმოშობა. გარდა ამისა, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამემამულის სტატუსის მიღების მეორე პირობას წარმოადგენს ის, რომ აღნიშნული სტატუსის მატარებელი პირის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართულ-კავკასიურ ენებს. შესაბამისად, უცხოელი ბავშვი, რომლის მშობლიური ენაც მიეკუთვნება სხვა ენათა ჯფუფს, მაგრამ იმყოფება ზუსტად იმავე მდგომარეობაში, როგორშიც ქართულ-კავკასიურ ენაზე მოლაპარაკე უცხოელი, ვერ იღებს უფასო განათლებას ენობრივი კუთვნილების გამო. ამგვარად, მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმების მოქმედებით, ადგილი აქვს ადამიანების დიფერენცირებას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ისეთი ნიშნით, როგორიც არის ენობრივი ნიშანი.
8. მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმებით, ადამიანების განსხვავება ხდება კიდევ ერთი ნიშნით. კერძოდ, გასაჩივრებული დებულებებით, განსხვავება ეფუძნება იმას, აქვს თუ არა მას თანამემამულის სტატუსი. შესაბამისად, თუკი პირს ასეთი სტატუსი აქვს, ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, ხოლო თუ არ აქვს, მას ასეთი პრივილეგია არ გააჩნია. ამგვარად, მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმების არსებობით, ადგილი აქვს ადამიანების დიფერენცირებას სტატუსის მიხედვით, რომელიც, მართალია, პირდაპირ მოხსენიებული არ არის კონსტიტუციაში, თუმცა გამომდინარეობს თანასწორობის ძირითადი უფლების სულისკვეთებიდან.
9. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. შესაბამისად, ტერმინი “ყველა” ეხება ყველა ადამიანს, მათი მოქალაქეობრივი კუთვნილებისგან დამოუკიდებლად. ამავე მუხლის მე-3 პუქნტი კი არ აკონკრეტებს იმ სუბიექტთა წრეს, ვინც არის უფასო ზოგადი განათლების მიღების ბენეფიციარი. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ამავე პუნქტის მიხედვით, ამ უფლების სუბიექტებად საქართველოს მოქალაქეები განისაზღვრებიან. მოსარჩელეთა მტკიცებით, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ზოგადი განათლების უფლების სუბიექტის კონტექსტში, აღნიშნული პუნქტი წაკითხული უნდა იქნეს ამ მუხლის პირველ პუნქტთან კავშირში, რაც იმგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, რომ სახელმწიფო სრულად უნდა აფინანსებდეს როგორც საქართველოს მოქალაქის, ისე უცხოელისა და აპატრიდის ზოგად განათლებას. ამგვარად, მათი აზრით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს, ვინაიდან სადავო ნორმებით, უცხოელ მოქალაქეებს უწევთ სტანდარტული ვაუჩერისთვის შესაბამისი თანხის გადახდა.
10. საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად მოსარჩელე მხარე დამატებით იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ამერიკის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
11. №540 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ეთხოვა, წარმოედგინა ინფორმაცია, არსებობს თუ არა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეების ზოგადი განათლების მიღებასაც საქართველოს სახელმწიფო აფინანსებს ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე და არსებობს თუ არა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება ან/და შეთანხმება, რომელიც ავალდებულებს საქართველოს, რაიმე ფორმით დააფინანსოს რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეთათვის საქართველოში ზოგადი განათლების მიღება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 ივნისის №257102 წერილიდან ირკვევა, რომ არ არსებობს იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეების ზოგადი განათლების მიღებას საქართველოს სახელმწიფო აფინანსებს ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე. ამასთანავე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ცნობით, სომხეთთან და რუსეთის ფედერაციასთან არ არის დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება ან/და შეთანხმება, რომელიც ავალდებულებს საქართველოს, რაიმე ფორმით დააფინანსოს რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ზოგადი განათლების მიღება.
12. №540 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2013 წლის 28 ივნისს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №540 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების, 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი (№540 (რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის, აგრეთვე 221 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 35-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი